fbpx

შემოდგომის წიგნები – მრავალფეროვანი ამბები წელიწადის მრავალფეროვანი დროისთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

ანა კორძაია-სამადაშვილის რომანში „ვინ მოკლა ჩაიკა?“ ვკითხულობთ: „მერე ზაფხული მიიწურა, მერე შემოდგომა დადგა…“  ზაფხულის მშვიდ დასვენების დღეებთან შელევა იოლი საქმე სულაც არაა. ადამიანები შემოდგომაზე ჩვეულ სამუშაო, ხშირად სტრესულ რუტინას უბრუნდებიან და პატარ-პატარა დასვენების დღეების მოწყობა სჭირდებათ, რისთვისაც კარგი ლიტერატურული ნაწარმოები ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარეა. 

 

„პატრიარქის შემოდგომა“ – გაბრიელ გარსია მარკესი

შემოდგომაზე წასაკითხ წიგნებზე საუბარი გაბრიელ გარსია მარკესის გარეშე წარმოუდგენელია. ეს საშუალო ზომის რომანი კოლუმბიელი კლასიკოსის ერთ-ერთი შედევრია. ავტორი მაგიური რეალიზმის პრინციპებს არც ამ რომანში ღალატობს და გასაოცარი შთამბეჭდავი თხრობის ხერხებით სიუჟეტს დაუვიწყარს ხდის. გარსია მარკესი აერთიანებს მეოცე საუკუნის ყველა დიქტატორს და აღწერს იმ ტრაგიზმს, რომელიც დიქტატორებმა ჯერ ხალხს და ქვეყანას, ხოლო ბოლოს კი საკუთარ თავებს არგუნეს. წიგნი გასულ წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. ნაწარმოები ელზა ახვლედიანმა თარგმნა, რაც ნამდვილად უდიდესი მოტივაციაა მარკესის შედევრის წასაკითხად. 

 

„ფოთოლცვენა“ – გაბრიელ გარსია მარკესი

„ფოთოლცვენა“ მწერლის პირველი რომანია. გამომცემლობებში მოსიარულე მარკესს ბევრი კრიტიკა შეხვდა, ზოგმა გამომცემელმა დასცინა კიდეც და, შესაბამისად, უარი უთხრა გამოცემაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, რომანი შეუმჩნეველი არ დარჩა, არაერთ ქვეყანაში დაიბეჭდა და დღეს გაბოს სადებიუტო შედევრი ქართველ მკითხველამდე გამომცემლობა „ინტელექტის“ დახმარებითა და თეა გვასალიას ბრწყინვალე თარგმანის მეშვეობით მოვიდა. ეს არის ისტორია მაკონდოში გამოტანილ მკაცრ განაჩენზე – მიცვალებულს არ მარხავენ და ცხედარს მიწის ზემოთ გახრწნისთვის სწირავენ. სოფლის ამ გადაწყვეტილებას ერთი ოჯახი უმხედრდება. ამ დაპირისპირების ფონზე კი ნათლად წარმოჩნდება სისასტიკე და უდიდესი ტრაგედია. ნაწარმოების სიუჟეტი ანტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრსაც მოგვაგონებს, უამრავ ალუზიასა და მხატვრულ სახესთან ერთად კი მკითხველმა, რა თქმა უნდა, თავად ავტორი უნდა ამოიცნოს, რაც კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის მარკესის პირველ, მცირე ზომის ძალიან ლამაზ ტექსტს. 

 

„პოლკოვნიკის მიმწუხრი“ – მაჰმუდ დოულათაბადი

დღეს, როცა სამყაროს უდიდესი ნაწილის ყურადღება ირანში განვითარებული მოვლენებისკენაა მიმართული, ვფიქრობ, ირანული კულტურის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. ირანული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის, მაჰმუდ დოულათაბადის რომანი „პოლკოვნიკის მიმწუხრი“, რომელიც სპარსულიდან თეა შურღაიამ თარგმნა, გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა. რომანში მოქმედება XX საუკუნის 80-იან წლებში, ისლამური რევოლუციის გარიჟრაჟსა და ირან-ერაყის ომის პარალელურად ხდება. დოულათაბადი ნაწარმოებში მხოლოდ ერთ საღამოს აღწერს და ტექსტს ნოველისთვის დამახასიათებელი თხრობის სტილითაც ამდიდრებს. ეს არის ისტორია შაჰის არმიის გადამდგარ პოლკოვნიკზე, რომელმაც შვილები პატრიოტული სულისკვეთებით აღზარდა და თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცა. მიუხედავად, განსხვავებული პოლიტიკური და სხვა ტიპის შეხედულებებისა, შვილები ირანის სისხლიან მოვლენებს ეწირებიან. ეს არის ერთი ოჯახის უმძიმესი ისტორია, რომლის ფონზეც მთელი ირანის სისხლითა და ტრაგიზმით სავსე, ძალიან დრამატული სურათი იკვეთება. ნაწარმოები მიუხედავად ენითაღუწერელი სიმძიმისა, მაინც მარტივად იკითხება და მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. 

 

„ნიუორლეანური ჩანახატები“ – უილიამ ფოლკნერი

ჩანახატების ეს ფანტასტიკური კრებული უილიამ ფოლკნერის პირველი ნაბიჯებია დიდ მწერლობაში. ამერიკელი კლასიკოსის შედევრი 1925 წელს გამოიცა და მკითხველზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნაწარმოები ქართულ ენაზე გასულ წელს მედეა ზაალიშვილმა თარგმნა, ხოლო ამ ბრწყინვალე წიგნის გამოცემას კი გამომცემლობა „ინტელექტს“ უნდა ვუმადლოდეთ. ძალიან მცირე ზომის ჩანახატების მეშვეობით მკითხველი გააცოცხლებს იმ განცდებს, რომლებიც ფოლკნერის სხვა ნაწარმოებების კითხვისას დაეუფლა. აქ არის საუბარი მწერლის თვალით დანახულ სამყაროს არსზე, თავისუფლებაზე, რომანტიზმითა და სხვა ემოციებით გაჩენილ განცდებსა და ფოლკნერის საყვარელ ცხენებზეც კი. „ნიუორლეანური ჩანახატები“ უილიამ ფოლკნერის შემოქმედების გასაღებადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ. გარდა ამისა, წიგნი ძალიან მცირე ზომისაა და, ვფიქრობ, მკითხველს დამღლელ და სამუშაო გარემოშიც კი შეუძლია ამერიკელი კლასიკოსის შედევრისთვის დროის გამონახვა.

 

„მე, მარგარიტა“ – ანა კორძაია-სამადაშვილი

ანა კორძაია-სამადაშვილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მას ქართველი მკითხველი არაერთი ბრწყინვალე ნაწარმოებით იცნობს. ანამ ქართულ ლიტერატურაში ყველაზე უკეთ ასახა ქალთა პრობლემები, მათი შინაგანი სამყარო და მათივე ადგილი სოციუმში. მისი მოთხრობების კრებულიც „მე, მარგარიტა“, რომელიც 2005 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა, მკითხველის მოწონებით მალევე დაჯილდოვდა. წიგნი აერთიანებს მომავალზე, თავისუფლებასა და ჰარმონიაზე ორიენტირებულ, მებრძოლ ქალთა სახეებს. ანა კორძაია მისთვის დამახასიათებელი თხრობის ძალიან თბილი სტილითა და შთამბეჭდავი მხატვრული სახეებით იპყრობს მკითხველის გულებს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მათზე. აქ ყველა პერსონაჟს პირადი ტრაგედია აქვს და, მიუხედავად იმედის უქონლობისა, მაინც არ ურიგდება ბედს. როგორც აღვნიშნეთ, წიგნი პატარ-პატარა მოთხრობებს აერთიანებს, რაც აადვილებს კითხვის პროცესს და მკითხველს ბევრ სხვადასხვა, მაგრამ საერთო ტკივილით დაკავშირებულ ისტორიებს უამბობს. 

 

ტრაგედიები – ესქილე

ძველი ბერძენი დრამატურგი და ანტიკური ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი – ესქილე ტრაგედიის მამად მიიჩნევა. სულ ცოტა ხნის წინ „სულაკაურის გამომცემლობამ“ ესქილეს ტრაგედიების ლევან ბერძენიშვილისეული თარგმანი გამოსცა და ქართველი მკითხველს ბრწყინვალე საჩუქარი გაუკეთა. წიგნი ხუთ ტრაგედიას აერთიანებს, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, ესქილეს ცნობილი ტრილოგია „ორესტეაც“ გვევლინება. ბრწყინვალე წინასიტყვაობა, ესქილეს ჩვენამდე მოუღწეველი დრამების ფრაგმენტები და მითოლოგიურ-გეოგრაფიულ სახელთა ლექსიკონი გამოცემას სრულყოფილს ხდის და მკითხველს ესქილესეულ ლაბირინთებში გზის გაგნებას უმარტივებს. მიუხედავად იმისა, რომ ესქილე ანტიკური ხანის წარმომადგენელია, მას დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და მსოფლიოში კვლავ უდიდესი მოწონებით სარგებლობს. ამდენად, მიმაჩნია, რომ წიგნში შემავალი ტრაგედიები, რომლებიც ფანტასტიკურადაა ნათარგმნი ძველი ბერძნულიდან, შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს და მკითხველმა დამღლელი გარემოდან თავის დაღწევა სწორედ ესქილესნაირი ჯადოსნური ავტორის დახმარებით უნდა სცადოს. 

 

„ქვიშის წიგნი“ და „ფიქციები“ – ხორხე ლუის ბორხესი

არგენტინელი კლასიკოსი, სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენელი – ხორხე ლუის ბორხესი ქართველი მკითხველისთვის უცხო სულაც არ გახლავთ. აქამდე მას ლანა კალანდიას საოცარი თარგმანების წყალობითა და სხვა არაერთი გენიალური ტექსტით ვიცნობდით, მაგრამ წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ დოდო ყვავილაშვილის თარგმნილი ბორხესის „ქვიშის წიგნი“ და „ფიქციები“ გამოსცა. ეს ორი საოცრად შესრულებული თარგმანი დაგაბრუნებთ ბორხესის საოცარ, მაგიურ სამყაროში და ხელმეორედ აღგიძრავთ ბორხესის წაკითხვის შემდეგ დარჩენილ, გაუნელებელ შთაბეჭდილებებს. მოთხრობების ორივე კრებული მცირე ზომისაა, რაც წიგნის წაკითხვას გადატვირთული გრაფიკის დროსაც კი გვიმარტივებს. „ქვიშის წიგნი“ პატარ-პატარა მოთხრობების კრებულია, რომელიც ავტორის ორეულთან შეხვედრაზე, ბედისწერაზე, სიყვარულზე, სხვადასხვა ეთიკურ პრინციპსა და ამ თემების მიღმა გაცოცხლებულ ძალიან თავისებურ, საინტერესო პერსონაჟებზე მოგვითხრობს. კრებული პირველად 1975 წელს გამოიცა და მას ბორხესი თავის საუკეთესო წიგნად მიიჩნევდა. 

„ფიქციები“ კი ნამდვილად ხორხე ლუის ბორხესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრებულია. ის ორი ნაწილისგან შედგება. პირველი არის „ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ (1941) , ხოლო მეორე – „გამონაგონნი“ (1944). ამ მცირე ზომის მოთხრობებით მკითხველი ბორხესისეულ, დაუვიწყარ სამყაროში ჩნდება. ეს არის უშრეტი ფანტაზიისა და ფილოსოფიურ, ხშირად მისტიკურ ამბავთა კრებული, რომელიც ჩვენზე თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ტოვებს, შთაბეჭდილებას, რომელიც ადამიანებში მყარად იკიდებს ფეხს და არასოდეს ქრება. 

ვინსენტ ვან გოგი ამბობდა: „სანამ შემოდგომაა, ხელები, ტილოები და ფერები არ მექნება საკმარისი იმისათვის, რომ დავხატო ის სილამაზე, რომელსაც ვხედავ“.  ამდენად, ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილ ნაწარმოებთა შემოდგომაზე წაკითხვა კიდევ უფრო ფერადსა და შთამბეჭდავს გახდის თქვენთვის წელიწადის ამ საოცარ დროს, მოგწყვეტთ სტრესულ, დამღლელ რუტინას და გამოგზაურებთ ისეთ საოცარ სამყაროში, რომელსაც, ვან გოგის თქმისა არ იყოს, არანაირი რაოდენობის ფერი და ტილო არ ჰყოფნის დასახატად.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.