და თქვენ გგონიათ, რომ ვინმემ რამე ვიცით?
ავტორი: ანანო ბაკურაძე
ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა იმ დღეს ასეთი ფრაზა მითხრა, რამაც დამაფიქრა და ეს წერილი დამაწერინა.
“გიყურებ და ვხედავ, როგორ ზუსტად იცი რისი კეთება გინდა, როგორი მიზნები გაქვს და არ ღალატობ ამ მიზნებს. მე კიდევ არ ვიცი, რა მინდა და საშინლად დასტრესილი და დაღლილი ვარ საკუთარი თავისგან და ცხოვრებისგან”
მივხვდი, რომ თავის ცხოვრება ჩემს ცხოვრებას შეადარა და ვუპასუხე, რომ არასდროს არ შეედარებინა საკუთარი ცხოვრება სხვის ცხოვრებისთვის. დღეს, როცა სამყარო საშინლად მორალისტური გახდა, დაიკარგა რეალური ამბები და წაიშალა სახეები, კრებითი გახდა აზრები და შეხედულებები, მკაფიოდ გაიმიჯნა სწორი და არასწორი, რაც ასევე ადამიანების მოგონილია. დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ ჩვენს ემოციებზე, განცდებზე, გამოცდილებებზე, ამბებზე, რომელიც გადაგვხდა და არავინ იცის. დავენახოთ ერთმანეთს და გავუზიაროთ ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ყველაზე მეტად გვაკავშირებს და გვაახლოებს ერთმანეთთან. დღეს, ისე როგორც არასდროს, ინსტაგრამზე ვუყურებთ ერთმანეთის ცხოვრების ყველაზე პოზიტიურ მხარეებს და ვერ ვხვდებით, რომ ადამიანები ტირიან კიდეც და როცა გვეტირება, მარტო ჩვენ არ ვართ დედამიწაზე, ვინც ტირის.
ხშირად ვფიქრობ, რას ეძებენ ადამიანები ყველაზე ხშირად? ხანდახან ჩვენ, ამბის მთხრობელებმა უნდა მოვიფიქროთ რაიმე არაჩვეულებრივი, ხანდახან კი ეს არაჩვეულებრივი ამბავი ჩვენივე ცხოვრებაში ხდება, უბრალოდ, უნდა დავაკვირდეთ.
მე გაგიმხელთ ერთ ეპიზოდს ჩემი ცხოვრებიდან, იმისთვის, რომ არასდროს შეადაროთ საკუთარი ცხოვრება სხვისას.
გამხელილი ეპიზოდი #1
არცერთმა არ ვიცოდით, რა გველოდა წინ. არც მე და არც არავინ.
საშინლად ციოდა ბერლინში. მინუს 38 გრადუსი იყო. თან ლამაზად უნდა ჩამეცვა, თან კომფორტულად, თან თბილად. ჩართვა უნდა მქონოდა ტელევიზიაში. ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალს გადმოვცემდით.
ევროპის დროით, რვას აკლდა ზუსტად 7 წუთი, ჩემმა ძმამ რომ დამირეკა და შეშინებული ხმით მითხრა, რომ დედაჩემს ოპერაციას უკეთებდნენ. წარმოდგენა არ მქონდა, რომ დედაჩემი ავად იყო და თან ისე ავად, რომ ოპერაცია დასჭირდა. ჩავეძიე და გამიმხილა, რომ დედაჩემს მეოთხე სტადიის სიმსივნე საშვილოსნოზე მოედო და სასწრაფოდ საოპერაციო გახდა. ამბავი საიდუმლოდ გამანდო, რადგან ჩემმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ იმ დღეს ჩართვა მქონდა, უნდა მემუშავა და სახლიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით ვიყავი და ჩათვალეს, რომ მაინც ვერაფერს გავაკეთებდი. ამ წერილში მადლობას გადავუხდი სოსოს, რომ არ დამიმალა.
ჩვენი პროფესია ეგეთია, დროსა და სივრცეზე მიბმული. Რაც არ უნდა გინდოდეს ყველაფრის დაყრა და გაქცევა, ვერსად წახვალ. ადამიანებს ის უნდა მოუყვე, რასაც ელოდებიან. ჩვენმა პროფესიამ არ იცის დაგვიანება, თუ დროზე მიდიხარ, მაინც დაგვიანებული ხარ, არ იცის ავადმყოფობა, არ იცის დილას ჩაძინება, არ იცის ომი, არ იცის შიში, არაფერი არ იცის, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს. სამურაების პროფესიაში გამოწვრთნილმა, ცრემლები მოვიწმინდე, თავი ხელში ავიყვანე, თბილად ჩავიცვი და პოცდამერ პლაცისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედით მე და ტეტე.
დედაჩემი საოპერაციოში შეჰყავდათ.
დროდადრო ჩემი ძმა მწერდა. საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ დედაჩემის ძმები, ბებიაჩემი, მამაჩემი, მეგობრები. მწერდა, ახლა ეკა მოვიდაო, ნუცი მოვიდაო, ელენე მოვიდაო, მართა მოვიდაო. ვხვდები, რომ ჩემ გარდა ყველამ ყველაფერი იცოდა. არავინ იცის, რომ მე რამე ვიცი. უჩვეულოდ ხშირად კი მკითხულობდნენ ბოლო დროს. დედაჩემი ყველას უყვარს. ეგეთი ადამიანია.
საოპერაციოდ შეიყვანეს.
ბერლინალე პალასთან რიუიჩი საკამოტო გამოჩნდა.
დედაჩემს სკალპელი მუცელზე დაუსვეს.
ბერლინალეს წითელ ხალიჩაზე ტილდა სვინტონი შანელის ფრაკით გამოცხადდა. დედაჩემს საშვილოსნო ამოჰკვეთეს.
ბერლინალე პალასთან არ წყდება ფოტოგრაფების შეძახილები: “აქეთ გამოიხედე, ტილდა”, “ვეს ანდერსონი მოვიდა”, “ბილ (ბილ მიურეი), როგორ დაგითანხმათ ანდერსონმა ამ როლზე?”.
ჩემი ძმა მწერს, რომ ოპერაციიდან ამბავი გამოვიდა, საშვილოსნოსთან ერთად ლიმფური კვანძებში იპოვეს მეტასტაზები.
მე ჩართვისთვის ვემზადები, ხელთათმანები უნდა გავიხადო და ყელსახვევი მოვიხსნა, თვალებს ვერ ვახამხამებ, ისე მიშრება სიცივისგან.
დედაჩემს 50 ლიმფური კვანძი ამოუღეს, უკვე 3 საათი გავიდა.
ჩართვაში ღიმილით ვესალმები მაყურებელს და ვუყვები, რომ ოქროს დათვისთვის 20 საკონკურსო კინოსურათი იბრძვის, ყურში მეკითხებიან, როგორი განწყობაა ბერლინში, ვუპასუხებ, რომ ბერლინი კინოქალაქად გადაიქცა და ყველგან კინოგანწყობაა. Ჩართვას ვამთავრებ, გაჭრებში ვგრძნობ, რომ მეტირება, მაგრამ არ შეიძლება. დასრულდა ოპერაციაც და ბერლინალეს დახურვაც.
დედაჩემი ინტენსიურში გადაიყვანეს, მე იქვე ჩამოვჯექი და ტეტეს (ჩემს მეგობარს და ოპერატორს) თავი ჩამოვადე.
დიდხანს ვისხედით ეგრე. სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი.
არცერთმა არ ვიცოდით, რა გველოდა წინ. არც მე და არც არავინ.
თბილისში გამთენიისას დავბრუნდით. Სახლში მარტო მივედი, გამოვაღე უჯრები დასალაგებლად, დედაჩემმა, რაც კი რამ ძვირფასი ღირებულების, და ძვირფასი ემოციურადაც, სამკაული ჰქონდა, ყველაფერი ჩემთან მოიტანა.
მემშვიდობებოდა?
ვიდექი და ვფიქრობდი, რომ მორჩა. Რომ ეს იყო ჩვენი ბოლო დიალოგი. ვფიქრობდი, რომ ჩემი საქმის გამო დედაჩემი ვეღარ ვნახე. მაგრამ ჩვენს საქმეს, რადგან არაფერი აქვს ისეთი, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, თავი არ დამიდანაშაულებია.
კინოში სცენარის წერისას რომ მნდომებოდა, ამას ვერ მოვიფიქრებდი. ამოვალაგე ყუთებიდან დედაჩემის მართლა ძალიან ლამაზი სამკაულები.
თამრიკოს გრძელი თითები და ლამაზი ხელები აქვს და ასევე უცნაურად განსხვავებული სტილის შეგრძნება, შესაბამისად, ჩემი ბავშვობის იმიჯები სულ დედაჩემის ლამაზ ტანსაცმელს და სამკაულებს უკავშირდება. მუქი ფერის კანი და სქელი თმა ჰქონდა, რომელსაც იხვევდა ხოლმე და ესმერალდას ემსგავსებოდა. ვიღებდი ყუთებიდან იმ საყურეებს, რომლებიც ბავშვობას მახსენებდა და მის ენერგიას ატარებდა. მახსენდებოდა ადგილები და მიტივტივდებოდა ის მომენტები, როცა თავისი ვერცხლისბეჭდებიან ხელს მიჭერდა ხელზე, ხალხში გასაჩუმებლად.
ასე მარტო არასდროს მიგრძნია თავი, როგორც მაშინ – დედაჩემის დატოვებულ საშინლად სევდიან ზრუნვასთან. იფიქრა, რომ ყველაფერი, რაც უყვარს, ჩემთან უნდა დარჩენილიყო. მე კიდევ ყველაფერი მიყვარს, რაც ნაფიქრი და გააზრებულია. მხოლოდ ნაფიქრ და გააზრებულ ქმედებებს ვცემ პატივს. კინოშიც და ცხოვრებაშიც.
მერე იყო რამდენიმეთვიანი ქიმიოთერაპიები. პარალელურად მე ისევ მქონდა ჩართვები, გადაღებები და სამონტაჟოში გათენებული ღამეები. მერე იყო სხივური თერაპიები. მე ისევ უნდა გამეღიმა სხვებისთვის და მომეყოლა ამბები. მერე გაჩნდა პარიკი, რომელიც მამაჩემის მავთულებით დაწნულ თავის ქალას მოარგეს, თმის ცვენის მოლოდინში, მე ისევ ვიღებდი და ვამონტაჟებდი.
ზაფხულში ისევ ბერლინში აღმოვჩნდით. დედაჩემის მკურნალობის დასასრულს გერმანელ ექიმებს უნდა დაედასტურებინათ, რომ ეს გზა ღირსეულად გავიარეთ.
ღირსეულად პირველ რიგში თვითონ, შემდეგ ჩვენ – შვილებმა და მისმა ქმარმა, შემდეგ მეგობრებმა.
ბერლინში ჩავედით მე, კახა – მამაჩემი და თამრიკო – დედაჩემი. საათ-ნახევარში გამოვიყვანთო, გერმანულად გვითხრა მკაცრმა ექიმმა. მე და კახა მოსაცდელ კორიდორში ჩამოვსხედით. ეგეთი გამაყრუებელი სიჩუმე არ მახსოვს. საათ-ნახევარი ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის, არადა ეგეთი რამე ჩვენ ორს შორის არასდროს ხდება.
საათ-ნახევრის შემდეგ ექიმმა თავის ოთახში შეგვიყვანა და დედაჩემის სხეულის რენტგენის 3დ გამოსახულება გახსნა. ეს სანახაობა არც კინო იყო და არც მულტფილმი, არც რეპორტაჟი იყო, არც სამონტაჟოს ჰგავდა ის ოთახი. ეკრანზე გამოსახული იმიჯები, რომელიც მაუსის მოძრაობით დედაჩემის შიგნეულობას გვათვალიერებინებდა, ერთ დროს მე რომ ვცხოვრობდი, იმ სახლს ჰგავდა. ყველაზე უსაფრთხო სახლს, სადაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიცხოვრია, არანაირი უცხო სხეული, ბოროტი წარმონაქმნი თუ უცხო ნივთიერება აღარ იყო.
დედაჩემი გამოჯანმრთელდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ გერმანულად დაგვიდასტურეს, რომ ჯანმრთელია.
ბერლინში დაწყებული ამბავი ბერლინშივე დასრულდა.
გავიზარდეთ. მეც, თამრიკოც, კახაც, ჩემი ძმაც. წაიშალა ჩვენ შორის როლები. არავინ არავის დედა და არავინ არავის შვილი, არავინ არავის მამა და არავინ არავის და-ძმა აღარ ვიყავით. უბრალოდ გადავრჩით. ოთხივე გადავრჩით.
დედაჩემს თმა არ გასცვივდა და სამკაულებიც დავუბრუნე.
ეს ამბავი არც ინსტაგრამზე დამიპოსტავს, არც ფეისბუქზე და არც არასდროს მილაპარაკია უცხოებთან. ამიტომ, როდესაც სხვისი ინსტაგრამის გვერდზე შეხვალთ, დაუშვით, რომ ჩვენ ყველას გვეშინია, ყველას გვიჭირს, ყველა ვტირით, ყველა განვიცდით, ყველას რაღაც გვაკლია, ყველა რაღაცას გავდივართ. ნუ ინატრებთ სხვის ცხოვრებას, რადგან ჩვენი ცხოვრება ჩვენი გასავლელია, უნიკალურია და ყოველი მომდევნო გამოწვევა, რომელსაც სამყარო გვთავაზობს, ჩვენი გადასალახია, ჩვენი ბრძოლა ჩვენი საბრძოლველია.
დღეს როდესაც ადამიანი, სხვების დასანახად, საკუთარ თავზე კონცენტრირებული, ცოტა მორალისტი არსება გახდა – ფასადურია. ადამიანი, პირველ რიგში ადამიანია, საკუთარი შიშებითა და თავგადასავლებით, რომელიც ჩვენი თანამდევია.
ვიზრდებით, ვსწავლობთ, ვიცვლებით, ვაფასებთ, გვიყვარს, გვძულს, ვიცინით, ვტირით, იმედს გვიცრუებენ, იმედს ვუცრუებთ, ვცდილობთ, არ გამოგვდის, ისევ ვცდილობთ.
დაბნეულები ვართ.
ადამიანები დაბნეულები ვართ და ეს ნორმალურია. არავის უკითხავს ჩვენთვის, გვინდოდა თუ არა ამ სამყაროში მოსვლა, ისევე როგორც არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნებოდა ამ სამყაროში ცხოვრება. და მაინც ყოველთვის ღირს ცხოვრება, უსიამოვნო, თუ სასიამოვნო მოვლენები გვაგრძნობინებს, რომ ცოცხლები ვართ და რა შეიძლება იგრძნო იმაზე მეტი, რომ ცოცხალი ხარ? და ხარ ის, ვინც ხარ? ერთადერთი ამ დედამიწაზე.
დედაჩემიც ცოცხალია. და ჩემი ბედნიერებისთვის საკმარისია, რომ ცოცხალია.