არტემ ალაბულიანცი: მუსიკა ფერწერაში, ფერწერა მუსიკაში
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ არტემ ალაბულიანცის სოლო გამოფენას. მისი გამოფენა არაერთ გალერეასა და სივრცეში გამართულა, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ხელოვანის ინსტიტუციურ სივრცეში შემოყვანა. ექსპოზიციაზე თავს იყრის 1980-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები, რაც ერთგვარად მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტივაა.
გამოფენის კურატორია კონსტანტინე ბოლქვაძე.
არტემ ალაბულიანცი დაიბადა 1955 წელს, ის პროფესიონალი მუსიკოსია, ალტისტი, და წლების განმავლობაში იყო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრი.
მხატვრობა მისთვის მუსიკის გარდაქმნაა ფერებში. 1980-იანი წლებიდან დღემდე პროდუქტიულად ქმნის ტილოებს. ხელოვანი არ მიეკუთვნება რომელიმე ჯგუფს ან თაობას, პირიქით, მისი განვლილი გზა თვითმყოფადი და იზოლირებულია.
თბილისური სახელოვნებო სივრცე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან შეზრდილია სომხური მხატვრობის სკოლასთან. ბევრი რამ – გამომსახველობა, სტილისტურ-შინაარსობრივი ნიუანსები აერთიანებს სომხურ და ქართულ კულტურულ ტრადიციებს, სადაც ექსპრესია და ზომიერება, ფერთა სიმკვეთრე და აქრომატულობა, თანამედროვეობა და შუა საუკუნეები, ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი ჰარმონიულად თანაარსებობს.
თბილისურ-სომხური ფერწერული სკოლის არაერთი მხატვარი შეგვიძლია გავიხსენოთ: კარაპეტ გრიგორიანცი, ვანო ხოჯაბეგოვი, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი, სერგო ფარაჯანოვი, გაიანე ხაჩატრიანი, ალბერტ დილბარიანი და ა.შ. სწორედ ამ ინდივიდუალისტ მხატვართა ბოლო თაობას წარმოადგენს არტემ ალაბულინცი.
არტემ ალაბულიანცის მხატვრობა გროტესკულია, მასში მოჭარბებულია ხასიათი – ექსპრესია, რაც ფერსა და ფორმაში, ხატვის სტილში გამოიხატება. მის ფერწერაში ჭარბადაა მუსიკა; მრავალ ფიგურული და დიდი ზომის ტილოები სიმფონიურ მუსიკას გაგვახსენებს, ხოლო ცალკეული პერსონაჟების თუ უსულო სამყაროს ამსახველი ნამუშევრები – სონატებს. რთულია გაარჩიო ერთმანეთისგან – სიხარული და სევდა, ტრაგიზმი და სილაღე, ცხადი და სიზმარი, ყოფითი სცენა და ადამიანის წარმოსახვითი სამყარო… სახეები, როგორც ნიღბები, ნიუები, მუსიკოსები, პერსონაჟები და სცენები კულტურის სფეროდან, ეროტიზმი წარმოადგენს სახვითი ქსოვილის ძირითად აქცენტებს, უმთავრესად, ყველა ეს მახასიათებელი ჯგუფურ სცენებში იჩენს თავს. ნიღბისებური სახეები და მოსამკაულებული ნიუები ბადებს ტრაგიკულ ფარსს, სადაც ტრაგიზმის და სილაღის საზღვრები დაკარგულია. ჟანრულ ფერწერაში, იქნება ეს ნატურმორტების თუ ნიუების სერიები, ავტორი უფრო კონკრეტულია, ლირიკული. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი არ მიმართავს აბსტრაქციას ან აკადემიურ რეალიზმს, მისი შემოქმედება კონსერვატორულია, ტრადიციების, მეხსიერების, სიყვარულის, სიცოცხლის ფენომენებს იკვლევს. ალაბულიანცის ნებისმიერი ნამუშევარი ლაქობრივია, ექსპრესიული და ორნამენტულად სტილიზებული. სურათებში ქიმერები, ფანტომები, პერსონაჟები, ესთეტური ნივთები აღიქმება, როგორც სიმფონიური ორკესტრის ინსტრუმენტები, სადაც განსხვავებულთა შეჯერებით მიიღწევა ერთიანი რიტმი, ჰარმონია.
არტემ ალაბულიანცის ეს სოლო გამოფენა ერთგვარად აგრძელებს ჩვენს სამუზეუმო პოლიტიკას, რაც გულისხმობს საჯარო სივრცისთვის ახალი ან ნაკლებად ცნობილი ხელოვანების გაცნობას. ყოველი ახალი სახელის გაშლა სამუზეუმო ქსოვილში ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის გაგრძელებას უწყობს ხელს. მუზეუმის წვლილი ასეთ დროს დიდია. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში არაერთი სომეხი ხელოვანია წარმოდგენილი. შესაბამისად, არტემ ალაბულიანცის ეს დროებითი გამოფენა სამუზეუმო კვლევის კომპონენტსაც წარმოადგენს.