fbpx

დიონისური მისტერიებიდან „რეივ“ კულტურამდე


გააზიარე სტატია


ავტორი: სალომე ერისთავი  

კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ადამიანებს ხშირად უჩნდებოდათ სურვილი განთავისუფლებულიყვნენ იმ ტაბუსა და აკრძალვებისაგან, რომლებიც მათ ცივილიზაციამ მოუტანა. განდევნილი და დათრგუნული ემოციების გამოხატვა-განთავისუფლების პროცესი, რომელსაც კათარსისს (ბერძ. განწმენდა) უწოდებენ, მეტწილად ჰედონისტურ და სანახაობრივ ხასიათის იღებდა. უძველეს კულტურებში ეს პროცესი რელიგიური რიტუალების სახით ვლინდებოდა. დროთა სვლის შესაბამისად კი, კათარსისის ფორმამ სახე იცვალა და მეოცე საუკუნის მიწურულს, ორ მსოფლიო ომს გამოვლილ, ეგზისტენციალური კრიზისით გატანჯულ საზოგადოებაში ახალი ფორმით, ე.წ. რეივ (Rave) კულტურის სახით აღმოცენდა.  

თანამედროვე კომპლექსურმა არტისტულმა სცენამ მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან „ოფიციალური“ სახე მიიღო და მომდევნო ათწლეულებში მეინსტრიმად გარდაიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანაში გავრცელებული „რეივ კულტურა“,  მუსიკალური ჟღერადობის მხრივ, ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩევა, მისი ზოგადი სურათი ყველგან ერთია: ხანგრძლივი მუსიკალური ღონისძიება, რომელიც შესაძლოა რვიდან თხუთმეტ საათამდე გაგრძელდეს; ცეკვა, რომელიც მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს “რეივის” დროს: ვინაიდან, ელექტრონული მუსიკის განმეორებადი ბითების შესაბამისი ხანგრძლივი რიტმული მოძრაობა, ფიზიკურ დაუძლურებას, ვერტიგოს ეფექტს, ჰიპერვენტილაციასა და სხვა ფიზიოლოგიურ კონდიციებს განაპირობებს, რომელნიც, საბოლოო ჯამში, ტვინის ნერვულ სისტემაზე ახდენენ ზეგავლენას. დაახლოებით ისე, როგორც ძველ რიტუალებში დასარტყამი ინსტრუმენტი, თავისი განმეორებადი რიტმით თამაშობდა დიდ როლს მონაწილეების განწყობის შექმნაში. შემდეგი მახასიათებელი აღნიშნული კულტურისა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით თრობაა, რაც ფაქტობრივად ეკვივალენტი გახდა რეივ ღონისძიებისა.  

საინტერესოა, რომ „რეივ კულტურის“ წევრებისათვის „რეივი“ ერთგვარ თერაპიასა და სპირიტუალი განკურნების პროცესს წარმოადგენს. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ რეივს თან სდევს მოზღვავებული ემოციების, გრძნობების გამოთავისუფლება და კათარსისის მიღწევაც კი.  

განწმენდის კონცეფციაზე ფიქრმა შეუძლებელია არ გაგახსენოს ანტიკური სამყარო, სადაც კათარსისის იდეას რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა და მისტერიების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ამ მისტერიათაგან, რომელნიც სულის უკვდავების საიდუმლოს ზიარებას ემსახურებოდნენ, გამორჩეული იყო დიონისესადმი მიძღვნილი მისტერიები. როგორც ცნობილია, დიონისეს კულტი დაკავშირებული იყო ჩასახვა-განაყოფიერებასთან, თრობით გამოწვეულ თავაშვებულობასა და რელიგიურ ექსტაზთან,  რაც ადრეულ ხანებშივე თან სდევდა დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულებს. გარდა იმისა, რომ ამ უკანასკნელისათვის დამახასიათებელი იყო სექსუალური ენერგიის გამოთავისუფლება, შენიღბვა და ადამიანურ თვისებათა გაცხოველება მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ბაკქური ტრანსის დროს – ნეტარების უმაღლესი მწვერვალის განცდით კათარსისის მიღწევა.  

განწმენდის არსმა, რომელიც ანტიკურ ბერძნულ ხანაში ადამიანს ინდივიდუალურ ხსნას სთავაზობდა, ეპოქების ცვალებადობის შესაბამისად მიზანი და დანიშნულება იცვალა. თუმცა, არ შეცვლილა მისი ჰედონისტური ბუნება, რომელიც სხვადასხვა დროსა თუ სივრცეში ეტაპობრივად იჩენდა თავს. ამის კარგი მაგალითია 1960-70-იანი წლების ამერიკული კულტურა, სადაც როკ-ენ-როლი დიონისურ მუსიკად, ცეკვა ბაკქურ გახელებად, ნარკოტიკები კი წმინდა შესასმისად გადაიქცა. შემთხვევითი არაა, რომ ამერიკელ ინტელექტუალთა წრეები დიონისურ საწყისებს სამოციანების კონტრკულტურას უკავშირებდნენ: მათთვის ჰიპების მოძრაობა პირველი ნიშანი იყო დიონისეს მოსვლისა, ხოლო ხმაურიანი, ორგიასტული ხასიათის როკფესტივალები კი დიონისური მისტერიები. 

ისევე როგორც გასული საუკუნის 60-იან წლებში, დღესაც შესაძლებელია რიგი პარალელის მოძიება ანტიკურ დიონისურ მისტერიებსა და თანამედროვე რეივს შორის: ორივე მოვლენას ახასიათებს პროცესით ტკბობის მასობრივი განცდა, „შენიღბვა“, ადამიანის პირველყოფილური შეგრძნებების წინ წამოწევა, სხვადასხვა მათრობელა საშუალებით ტკბობა და როგორც „რეივ კულტურის“ წარმომადგენლები მოგვითხრობენ, კათარსისის განცდა.  

მიუხედავად ამისა, დღეისათვის რეივ კულტურაში განწმენდის კონცეფცია ჰედონიზმის დონემდეა მისული და კატეგორიულად შორდება ძველი ბერძნული დიონისური მისტერიების მიზანს. ჰედონისტური და სანახაობრივი ხასიათის ავანსცენა, დასავლურ ცივილიზაციაში რომაული ბაკქანალიის კიდევ ერთ, ჩვენთვის თანადროულ ტრანსფორმაციას წარმოადგენს, რომელმაც ეგზისტენციალური კრიზისით მოცულ, თანამედროვე ნეოპაგანურ სამყაროში დაიდო ბინა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.