fbpx

Cafe Iris Around the Studio-სგან უკრაინისთვის – მასპინძლები ანასტასია თუმანოვა და ნატალია კალანდაძე


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

ფოტო: ანი გაბაშვილი, ანო ჯიშკარიანი

 

30 ოქტომბერს Around the Studio საკუთარ ნამუშევარს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში მნახველებს  წარუდგენს. პროდუქტის დიზაინის სტუდიის ინიციატივით ეკლესიის ინტერიერში განთავსებული ინსტალაცია – Cafe Iris, რომელიც ამჯერად უკრაინის თემას ეხმაურება, კოლექტიურად ორგანიზებული შეხვედრების სერიას უმასპინძლებს. 

Around the Studio ხელოვანების – ანო ჯიშკარიანისა და თიკა შელიას მიერ დაფუძნებული სტუდიაა, რომელიც სახასიათო ინტერდისციპლინარული მიდგომით მუშაობს – ადგილობრივი სივრცე და აქ წარმართული ყოველდღიური პროცესები მათი პროექტების განუყოფელი იერსახეა. სტუდიის მიერ დაგეგმილ ინტერვენციაში განსხვავებული სფეროების რამდენიმე წარმომადგენელი კომუნალური კაფეს ქვეშ გაერთიანდება და სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებს. პროგრამის ფარგლებში დამთვალიერებლებს სხვადასხვაგვარ აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობაც ექნებათ.

გარემოში  ბუნებრივად არსებულ ნივთებზე დაკვირვებით Around the Studio ამჟამინდელ პროექტში ადამიანებს, მათი ურთიერთობების  ქცევებსა და მოთხოვნებს იკვლევს. დამოუკიდებელი ობიექტები სრულად ეფუძნება გარემოსგან ნაკარნახევ საჭიროებებს –  შედეგად კი სტუდიის კოლექციაში თბილისის ქუჩებში შენიშნულ კუსტარულ ინვენტარს, მესხეთში ცომის გაბრტყელებისას მიღებულ შემთხვევით საფარსა და სკოლის ავეჯისგან შთაგონებულ პროდუქტს ვიღებთ. სცენის მოწყობა და დანიშნულების შესაბამისად დამოუკიდებელი ობიექტების მარტივი გადაადგილება უფრო მეტად აღვივებს დროის განცდას, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს საჯარო სივრცეების მნიშვნელობასა და მოვალეობას – ყოველ ახალ ეტაპზე თანადროულად აირეკლოს მკაფიო გამოწვევები.

ინსტალაციის მასპინძლები ანასტასია  თუმანოვა და ნატალია კალანდაძე იქნებიან. ანასტასია თბილისში ხარკოვიდან 5 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა და მალევე გახსნა კაფე. ის პროფესიით ფსიქოთერაპევტია, თუმცა საქართველოში თავისი ჰობით უწევს საქმიანობა –  სწორედ ანასტასია გაუმასპინძლდება Cafe Iris-ის სტუმრებს უკრაინული საჭმლით. ნატალია კალანდაძე კი ქართველი მხატვარია, რომელიც მოხალისე მასწავლებელია  სახელოვნებო სკოლაში უკრაინელი ბავშვებისთვის – ის საქართველოში მყოფ უკრაინელ ბავშვებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში გაკვეთილებს უტარებს. ნატალია  Cafe Iris-ში ინტერაქციულ პერფორმანსს გამართავს.

სტუმრებს შეეძლებათ მასთან ერთად ხატვის პროცესში ჩაერთონ და თანაავტორებად იქცნენ. ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა და საყოფაცხოვრებო ნივთები კი გადაეცემა  საზაფხულო სახელოვნებო სკოლას უკრაინელი ბავშვებისთვის,   რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სტიპენდიის ფარგლებში დაწყებული პროგრამაა. სტიპენდიის პროგრამის ერთჯერადად განხორციელების ვადა იწურება, რის გამოც გუნდის დიდი სურვილია, მოიპოვონ სხვა სახსრები, რათა პროგრამის გაგრძელება შეძლონ. 

რაც შეეხება ინსტალაციისათვის შერჩეულ სივრცეს, საფუძვლიანი კულტურული პოლიტიკისა და ღია საჯარო ინსტიტუციების უქონლობის ფონზე სწორედ მშვიდობის კათედრალი ფიქსირდება სახელოვნებო სცენისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანადროულ სოციალურ სივრცედ. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია თავისი საქმითა და ხმამაღალი განცხადებებით აქტუალურია არა მხოლოდ ინტერრელიგიური მრევლისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც – ორგანიზატორების აზრით კი, სიახლისა და ადამიანური პროგრესის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის საფუძველი აზრთა გაცვლის შესაძლებლობიდან გამომდინარეობს.

„რელიგიამ რომ შეძლოს და საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეს, რომ დროში მარადიული არ არის და რომ ყველა ახალ ეტაპზე უნდა ახლებურად იპოვოს და ამოიკითხოს ღმერთი, ალბათ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა. …დღეს ეს არის თქვენთვის ნათელი, ხვალ ხვალისა გახდება ნათელი“. – ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის ეს აზრი ბუნებრივად იკვეთება ანოსა და თიკას სამუშაო პროცესთან. მათი თანამშრომლობის ფარგლებში ხელოვნების როლი – წარმოქმნას საზიარო ველი, რეალური მოქმედების მოდელად წარდგება როგორც სასულიერო, ასევე  შემოქმედებითი სფეროსათვის.

ეკლესიაში განთავსებული დროებითი ინსტალაციის მიზანია შექმნას გარემო, რომელიც შეძლებისდაგვარად დაცლილია ყოველგვარი ფორმალური ინტერაქციებისაგან და დამთვალიერებლის ქმედებები თავისთავადი ხელოვნების ნიმუში ხდება. სტუდიის ეს პრაქტიკა  კურატორ ნიკოლა ბურიოს რელაციური ხელოვნების თემას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ნამუშევარი საერთო აქტივობაში თანამონაწილეობით შემაკავშირებელ გარემოს ბადებს. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სპეციფიკურ გარემოში სწორედ რომ თანამონაწილეობის იდეაზე დაფუძნებული კაფე “ირისი” აღნიშნული ფუნქციური დანამატის ფორმითა და შინაარსით შემოდის – გამოფენის მსვლელობისას ორგანიზატორების მიერ მოწვეული რამდენიმე მასპინძელი სტუმრებს კაფეში ერთი დღის განმავლობაში მიიღებს. ინსტალაციით ასახული სათემო კომუნიკაციის ესთეტიკური ფორმები ინტერაქციულ აქტივობებთან ერთად, არსებულ სარიტუალო სივრცეს დამატებით ყოფით ფუნქციებს შემატებს.

        

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.