fbpx

ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე


გააზიარე სტატია

„ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მიმდინარეობს.  გამოფენა აერთიანებს ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციას, ესკიზებს, მაკეტებსა და სხვა უნიკალურ საარქივო მასალას, რომელთა ერთიანობითაც ექსპოზიცია ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებას მრავალმხრივი კუთხით ასახავს.

ამიერიდან კონცეპტის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ,  დაესწრონ როგორც გამოფენის, ასევე არქიტექტურულ ტურებს. აღნიშნული გამოცდილება ტურების მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ინტერაქციულ და ცოცხალ რეჟიმში გაეცნონ ლადო ალექსი-მესხიშვილის არქიტექტურულ მემკვიდრეობას, მის  უნიკალურ და ინდივიდუალურ ხელწერას. 

თიბისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართული კულტურის მხარდაჭერაა. ჩვენი ქვეყნის უნიკალურ ისტორიულ მემკვიდრეობას გაცოცხლება და   საზოგადოებასთან, ახალგაზრდებთან მეტად დაახლოება სჭირდება. სწორედ ამიტომ,  კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობაა მსგავსი მასშტაბური კულტურული პროექტების ორგანიზება. “თიბისის” კულტურულ პროექტებს მუდმივად თან ახლავს საგანმანათლებლო ნაწილი. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია  ისტორიული მნიშვნელობის არქიტექტორის, ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედება სრულყოფილად გავუზიაროთ და გავაცნოთ საზოგადოებას.  ტურები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ გამოფენიდან და მაქსიმალურად ცოცხლად შევიგრძნოთ ის.  ჩვენ მიერ დაგეგმილი  ტურების ხელმძღვანელები არიან ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დარგის სპეციალისტები – არქიტექტორები, კურატორები, მკვლევრები, რომლებიც მონაწილეებს ეხმარებიან  მასშტაბური სურათის დანახვაში,  მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის გადააზრებასა  და ახლებურად აღქმაში”. – მარიამ წიქარიძე – “თიბისის” კულტურული პროექტების მენეჯერი

გამოფენის ტურები მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარე “თიბისი” კონცეპტის სივრცეში ტარდება. პროექტის ფარგლებში 31 ოქტომბერს  გამოფენის კურატორის, ნინი ფალავანდიშვილის ტური ჩატარდა. გამოფენის შემდეგი ტურის თარიღი 14 ნოემბერია და მას გამოფენის კურატორები – დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია წაუძღვებიან. 25 ნოემბერს კი დამთვალიერებელს არქიტექტორ გიგი შუკაკიძის ტურზე შეეძლება დასწრება.  

რაც შეეხება არქიტექტურულ ტურებს, პირველი ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა და მას არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი ხელმძღვანელობდა. ტური მოიცავდა  ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებულ შემდეგ შენობებს:

სპორტის სასახლეს, ჭადრაკის სასახლეს, ტელეგრაფის შენობას და აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლს. შემდეგი არქიტექტურული ტური 5 ნოემბერს ჩატარდება. მას  კურატორი და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი წაუძღვება. ტურის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული  შენობები:  სპორტის სასახლე, ცენტრალური ტელეგრაფი, ჭადრაკის სასახლე და ასევე ორი საცხოვრებელი სახლი.

არქიტექტურული ტურები მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო ფორმატის შემეცნებითი ღონისძიების სახეს ატარებს, რამდენადაც ის ალექსი-მესხიშვილის ავტორობით შექმნილ უნიკალურ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს აცნობს თითოეულ მონაწილეს. ეს ის ნაგებობებია, რომლებმაც უპასუხა საბჭოთა ეპოქის აუცილებელ მოთხოვნებს, თუმცა, ამავდროულად, ავტორის ინდივიდუალური მიდგომის ამსახველ ნამუშევრებადაც იქცა და დღეს ქალაქის იერსახისათვის დამახასიათებელ უნიკალურ მემკვიდრეობად სახელდება. 

ტურის დროს ყურადღება ეთმობა არამხოლოდ არქიტექტურულ თავისებურებებს, არამედ ისტორიულ კონტექსტსაც – სწორედ ამ ნაგებობების მაგალითზე განიხილება გამოწვევები, რომლებიც  მე-20 საუკუნის 50-70 წლებში ქართველი არქიტექტორების წინაშე იდგა. ტური ცხადყოფს, თუ რამდენად წარმატებული იყო ამ გამოწვევების გადალახვაში ლადო ალექსი-მესხიშვილი და თავის კოლეგებთან ერთად, როგორ ქმნიდა ღირებულ ნამუშევრებს. დაგეგმილი ტურის ფარგლებში, კონკრეტული მაგალითებით, განიხილება არქიტექტორის საინტერესო მიგნებები და ის პროცესები, რომლებიც  თან ახლდა მის შემოქმედებით ძიებას. ტურების მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე შეეხება ალექსი-მესხიშვილის არქიტექტურული მემკვიდრეობის დღევანდელ მდგომარეობას და შენარჩუნების აუცილებლობას. 

შეგახსენებთ, რომ გამოფენა „ლადო ალექსი-მესხიშვილი – არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“, თიბისის ორგანიზებით, 20 სექტემბერს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7 ნომერში გაიხსნა. ექსპოზიცია 31 დეკემბერს დაიხურება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.