fbpx

მუზეუმების არქიტექტურა – სივრცის დიზაინის ხელოვნება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

21-ე საუკუნის სამუზეუმო სივრცეები ბუნებრივია, მხოლოდ საცავებითა და მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზებით არ შემოიფარგლება. ახალი მუზეუმების არქიტექტურა მუდმივი დინამიკისკენ უბიძგებს მკვლევრებს, კურატორებსა და რაც მთავარია ვიზიტორებს თავისი ინფრასტრუქტურით – მედიათეკებით, აუდიტორიებით, ლაბორატორიებით,  დროებითი საგამოფენო თუ ბავშვთა საგანმანათლებლო  დარბაზებით, კაფეებით,  მაღაზიებით  თუ  გარე სივრცეებით.    შესაბამისად, რეგიონული  მუზეუმების ახალ არქიტექტურას  გარკვეული ენერგია და მუხტი შეაქვს დინამიკისგან დაცლილ რეგიონებში.   

ონის ცენტრში  მუზეუმისთვის  უკვე დგას ახალი  ორსართულიანი შენობა, რომლის ფასადიც ღების ძველი დუროიანი კოშკების რეპლიკაა, შენობის გეგმა კი ზუსტად იმეორებს ონის მუზეუმში დაცული ბრინჯაოს ბალთების ცნობილი კოლექციიდან  ყველაზე გამორჩეულის – ჭელიაღელეში აღმოჩენილი ბალთის მონახაზსა და პროპორციებს.  

ახალი მუზეუმისთვის ეს კონცეფცია არქიტექტორ გაგა კიკნაძეს ეკუთვნის. ის და მისი სტუდია – „არქიტექტორები. ჯი“ უკვე  კარგა ხანია მუზეუმების არქიტექტურის სპეციფიკურ ნიშას იკავებს, რადგანაც  ონის მუზეუმამდე მესტიის და ბოლნისის მუზეუმების წარმატებული პროექტებიც  სწორედ ამ გუნდის  საავტორო პროექტებია.  

გაგა კიკნაძე, არქიტექტორი: როდესაც  ონის მუზეუმში დაცული ბრინჯაოს ბალთების კოლექცია ვნახე, 12 ბალთიდან  ჭელიაღელეში აღმოჩენილი ბალთა სრულიად განსხვავდებოდა დანარჩენებისგან- ჩიტების, ხარის, ცხვრების გამოსახულებები მის  ადგილობრივ  წარმოშობაზე მიუთითებს და რაც მთავარია ბალთის გეომეტრიული მონახაზები მუზეუმის მომავალი  შენობის გეგმის ინსპირაცია აღმოჩნდა ჩემთვის. 

პროექტი 2014- 2015 წწ-ში ბიზნესმენთა კავშირის ფინანსური დახმარებით შევქმნით და საჩუქრად გადავეცით ონის მუზეუმს.  მშენებლობა სახელმწიფომ დააფინანსა,  ახლა დარჩა ბპლპ ეტაპი –  მუზეოგრაფია და ექსპოზიციის კონცეფციაზე მუშაობა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექცია, რომელიც ჯერ ისევ 1991 წლის რაჭის მიწისძვრით დაზიანებულ და ავარიულ შენობაში რჩება,  მდიდარი და მრავალფეროვანია და ის მოიცავს  ცნობილი ბრილის ექსპედიციიდან ბრინჯაოს, ადრეული რკინისა და ანტიკური ხანის არქეოლოგიურ მასალას,   ბრინჯაოს ბალთებს,  შუასაუკუნეების რელიეფებს,   ხეზე კვეთის უნიკალური ნიმუშებს,  ნუმიზმატიკის, უძველეს ტექსტილისა  და სამოსის,  ხელნაწერების,  უნიკალური ფოტოარქივისა და სოც-არტის მდიდარი ფერწერის კოლექციებს. საინტერესოა როგორ დააპროექტეთ სივრცე ამ ყველაფრის  რეპრეზენტაციისთვის? 

გაგა კიკნაძე: ახალი შენობა ორსართულიანია და ვიზუალურად იყოფა ორ ბლოკად:

ბლოკი ა  წარმოადგენს ვიზიტორთა სივრცეს – კვადრატული შიდა ეზოთი და ხის აივნებით ფასადის მხარეს და შიდა ეზოს პერიმეტრზე. ამ ბლოკში განლაგებულია ფოიე (საინფორმაციო კუთხე, ბილეთები, სამუზეუმო მაღაზია, კაფე დამხმარე სათავსოებით და სველი წერტილებით, დაცვის და გიდების კუთხეები; საგარდერობო და ლიფტი)

ა ბლოკშია განთავსებული მუდმივი ექსპოზიციისა და დროებითი საგამოფენო  ორსინათლიანი დარბაზები დახრილი ჭერითა და ანტრესოლში ფონდსაცავებით. 

მარჯვენა შენობის მეორე სართულზე განლაგებულია აუდიტორია – საკონფერენციო დარბაზი 67 ადგილით (ამფითეატრი), სცენითა და სინქრონული თარგმანის ოთახით, ასევე ფოიე და ლიფტი. ფოიეს აქვს  გასასვლელი სახურავის ტერასაზე და  გამწვანებულ სახურავზე ასასვლელი ლითონის კიბე. 

მარცხენა შენობის მე-2 სართულზე კი განთავსებულია ბიბლიოთეკა-მედიათეკა, ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე ანტრესოლის სართულით და საგამოფენო ფოიე სახურავის ტერასაზე გასასვლელით. 

გარე სივრცეში  მოეწყობა რაჭული ეთნოგრაფიული ეზო შესაბამისი მწვანე ნარგავებით, ხის ოდა სახლით, ჭით და დამხმარე ნაგებობებით (მარნით, ბეღლით, თონით)

სპეციალურად შემოსაზღვრულ ადგილებში განსაზღვრულია ადგილობრივი ჯიშების მწვანე ნარგავები. ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ტალავერი. ეზოში განთავსდება დიდი გაბარიტების  ეთნოგრაფიული ელემენტები  – ქვის საწნახელი, გუთანი, ჭურები…

ფასადი რაჭული ქვის კოშკების რეპლიკაა (ღების კოშკების) ?

გაგა კიკნაძე: დიახ, ქუჩის ფასადის მხარე რაჭული ციხე-სახლების ფორმებს იმეორებს. ფასადი პროექტის მიხედვით მოპირკეთებული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მასიური ქვით (ადგილობრივი კირქვის ბლოკების ტრადიციული წყობით – სხვადასხვა სიმაღლის ჰორიზონტალური ზოლებით, ხოლო კედლის კუთხეებში არეული ქვებით ვერტიკალურად. პროექტის მიხედვით ფასადის ორ ბლოკზე  სხვადასხვა კარიერის ქვები უნდა გამოყენებულიყო, ხის აივნებისთვის კი მაქსიმალურად ადგილობრივი მასალა – ხე (მუხა, თელა, წიწვოვანი)  ნატურალურ ფერზე უნდა დარჩენილიყო. თუმცა პრაქტიკულად  მხოლოდ წიწვოვანი ხეა გამოყენებული და ქვით მოპირკეთებაც გამარტივებულია პროექტისგან განსხვავებით

 

რას  ემყარება ზოგადად მუზეუმების –  კონკრეტულად კი ონის, ბოლნისის და მესტიის  მუზეუმების არქიტექტურების კონცეფცია?

გაგა კიკნაძე:   ზოგადად არქიტექტურაში მთავარი  ამოცანაა შენობის ორგანული ჩასმა არსებულ ლანდშაფტურ  გარემოში. რაჭაში, ონში უფრო კამერული სივრცე იყო და ამიტომ მასშტაბით არ უნდა შეგვეწუხებინა გარემო.  ბოლნისში   სხვა წინაპირობა გვქონდა:  ეს ტრასის პირა შენობა იყო და უფრო კონცეპტუალური იმიჯი შევქმენით. 

 რაც შეეხება მესტიის მუზეუმს – ის 70-იანებში აშენდა მამაჩემის  – არქიტექტორ რამაზ კიკნაძისა და გივი მეტრეველის პროექტის მიხედვით და ჩვენ მხოლოდ მისი რეკონსტრუქცია მოვახდინეთ თანამედროვე მუზეუმების ინფრასტრუქტურის შესაბამისად.

უფრო რომ დავაკონკრეტოთ – რა იყო მესტიის მუზეუმის წინაპირობა, რა შეცვალეთ, რა დატოვეთ?

გაგა კიკნაძე: 70-იანებში შენობის  მოპირკეთება რამაზ კიკნაძისა და გივი მეტრეველის  პროექტის მიხედვით ადგილობრივი ტრავერტინით  იგეგმებოდა. მშენებლობა 20 წლის განმავლობაში დიდი პაუზებითა და პროექტის დარღვევებით მიმდინარეობდა:  მოპირკეთდა სხვა მასალით, განიცადა რამდენჯერმე რეკონსტრუქცია და საბოლოოდ პროექტისგან სრულიად განსხვავებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი იერი მიიღო. კონსტრუქციული და სხვა ძირეული პრობლემების გამო 2010 წელს  მისი ძირეული რეკონსტრუქცია გადაწყდა და რეკონსტრუქციის პროექტიც  ჩვენს სახელოსნოში  დამუშავდა  (“არქიტექტორები ჯი“. ავტორები: გაგა კიკნაძე, ლევან მუშკუდიანი).

ჩვენ  დავეყრდენით იგივე გეგმარებასა და დიდი მოცულობის დანაწევრების პრინციპს და მას თანამედროვე სახე მივეცით.

 

რამ განსაზღვრა სამივე მუზეუმის ფორმა, მასალა, კონტენტი?

გაგა კიკნაძე: სამივე შემთხვევაში ინტერპრეტაციის საშუალებას  ადგილის კონტექსტი გვაძლევდა – ადგილობრივი ბუნებრივი მასალა, ფლორა  და ბევრი სხვა ლოკალური ნიუანსი. 

მაგალითად,  თუ ონის მუზეუმის გეგმა მისმა ცნობილმა ბრინჯაოს ბალთის გეომეტრიულმა ფორმებმა გვიკარნახა, ბოლნისის მუზეუმის კონცეფცია გვინდოდა, რომ დაკავშირებული ყოფილიყო დიდ არქეოლოგიასთან, ოქროს საბადოსთან, საყდრისთან.  ამიტომაც მუზეუმის აუდიტორიას  ოქროს კრისტალის ფორმა აქვს. გამოყენებულია უჟანგავი სპილენძის ფურცლები. 

გერმანელი კოლონისტების რეგიონში ჩამოსახლების ისტორიის რეპლიკას კი   1-ელი სართულის ფასადზე  მუქი ფერის ალუმინის ვიტრაჟებით შექმნილი  გერმანული „ფახვერკის” გეომეტრია წარმოადგენს.

 

შეობის და საყრდენი კედლების მოპირკეთებაში გამოყენებულია ადგილობრივი ქვის ჯიშები: ბოლნისის ბაზალტი სხვადასხვა ფორმით (მოხეხილი და პოლირებული ზედაპირებით ) და ტუფი (ერთ კედელზე უხეში ზედაპირით ) შენობის დანარჩენი ნაწილი – ნეიტრალური ბეტონია. 

სახურავზე დიდი ღია ტერასაა ხედით. ეზოში ადგილობრივი ბაზალტისა და მწვანე ფერის ტუფის ლოდები და მწვანე ბალახია.

მესტიის მუზეუმის რეკონსტრუქციაც, პირვანდელი პროექტის გათვალისწინებით,  ადგილობრივ მასალაზე და გარემოზე  აკეთებს აქცენტს:  მთავარი შესასვლელის თავზე კედელი მოპირკეთდა იქაური  ტრავერტინით.

შენობას მოაკლდა სიმაღლე. ბრტყელ, მწვანე სახურავზე მოეწყო პანორამული ტერასა ბალახის საფარით. 

რაც შეეხება ინტერიერს – სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დაბალი შესასვლელით ვხვდებით მაღალ ორსინათლიან ფოიეში, რომლის პანორამული ფანჯრიდან იხსნება მესტიის შთამბეჭდავი ხედი, რომელსაც სვანეთის ისტორიული კოშკები პირდაპირ მუზეუმში შემოჰყავს.  

ეზოს და სახურავის ტერასის გამწვანებაში გამოყენებულია ბალახისა და მინდვრის ყვავილების ადგილობრივი ჯიშები.  ეზოში გაბნეულია მთელ რეგიონში მოპოვებული ქვის უნიკალური დიდი ლოდები. 

ტერიტორია კი შემოფარგლულია ადგილობრივი ქვის მშრალი წყობის ღობით…  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.