fbpx

ნიკა ქუთათელაძე და თეა გვეტაძე პარიზის სახელოვნებო ბაზრობებზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

 

2022 წლის ოქტომბერში ქალაქ პარიზში ორი საუკეთესო სახელოვნებო ბაზრობა: Paris Internationale და Art Basel Paris + მოეწყო, რომლებზეც სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად ქართულმა გალერეებმაც წარმოადგინეს მათ მიერ შერჩეული ხელოვანების ნამუშევრები –    გალერეა Artbeat-მა Paris Internationale-ზე ნიკა ქუთათელაძის მიერ შექმნილი ნახატების სერია გამოფინა, გალერეა LC Queisser-მა კი Art Basel Paris +-ზე  თეა გვეტაძის ნამუშევრები განათავსა. 

წლევანდელი Paris Internationale ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, ნადარის ყოფილ სტუდიაში ჩატარდა – სახელოვნებო ბაზრობა 59 გალერეას აერთიანებდა, რომელთა მიზანიც ხელოვანთა ახალი თაობის წარმოჩენა იყო. იმ გალერეათა შერჩევა, რომლებიც  Paris Internationale-ზე გამოფენენ ნამუშევრებს, მხოლოდ მოწვევით ხდება – სახელოვნებო ბაზრობის შემოქმედებითმა დირექტორმა  ანისა ტუატიმ წელს უკვე მეორედ მოიწვია გალერეა Artbeat Paris Internationale-ზე. შარშან აქ გალერეამ ნიკა ქუთათელაძისა და სალომე ჩიგილაშვილის დუო გამოფენა წარადგინა, ხოლო წელს  მხოლოდ ნიკას სოლო შოუს ჩვენება გადაწყდა. 

ნიკა ქუთათელაძე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია – თანამედროვე სამყაროს კონტექსტები და მათზე დაკვირვებაა მისი შემოქმედების ძირითადი მახასიათებელი. 2019 წელს ხელოვანმა პარიზში, „კარტიეს ფონდის“ ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ახალგაზრდა ევროპელი არტისტები მონაწილეობდნენ – პროფესიით არქიტექტორმა მნახველს სახლის დაშლისა და შემდეგ თავიდან აშენების პროცესის ამსახველი ინსტალაცია შესთავაზა და დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც 2021 წლის Paris Internationale-ზე მიღებულ დადებით გამოხმაურებასთან ერთად გახდა მიზეზი იმისა, რომ წელს სწორედ მისი ნამუშევრები წარედგინა Artbeat-ს.

სახელოვნებო ბაზრობაზე ნიკას მიერ სპეციალურად Paris Internationale-ისთვის შექმნილი ნახატები გამოიფინა. ბოლო პერიოდში არტისტისათვის ხატვა მნიშვნელოვანი მედიუმი გახდა – ნიკა ქუთათელაძის ნამუშევრებს ყოველთვის განსხვავებული ჩარჩოები აქვთ, რომლებიც მის ინსტალაციებთან არიან დიალოგში. წარმოდგენილი ნახატები ხელოვანმა მაღალმთიანი სოფლების, ამ სივრცის დაცვის, მიტოვებული სახლების, იზოლაციის თემატიკისა და იმ რამდენიმე ადამიანის შესახებ შექმნა, რომლებიც სოფელში მარტონი რჩებიან.   

„წარმოდგენილი ნახატების სერიაში დღევანდელი კონტექსტის ვიზუალიზაციისთვის ხელოვანმა ქართული ზღაპრების ნარატიული მახასიათებლები გამოიყენა. მის მიერ გამოსახული თითოეული საგანი თითქოს მტკივნეულად და მკვეთრად გაყინულია დროში. უდროობის ამ ეფექტის მისაღწევად მხატვარი ხშირად იყენებს შუა საუკუნეების ქართული იკონოგრაფიისათვის დამახასიათებელ კომპოზიციურ მოდელებსა თუ მითოლოგიურ ნარატივებს. მისეული სიმბოლიზმით ნიკა ქუთათელაძე შესანიშნავად ახერხებს შემოგვთავაზოს გადასახლების მწარე ისტორია და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს მიაპყროს ყურადღება“ – ჟული ამო (ფრანგი ჟურნალისტი).

„ნიკას ნახატები წარმატებით გაიყიდა ძალიან კარგ კოლექციებში –  საფრანგეთში, იტალიაში, ჩინეთში, ამერიკასა და ბრიტანეთში… იმის შესაძლებლობებიც გაჩნდა, რომ მან კვლავ გამოფინოს თავისი ნამუშევრები უცხოურ გალერეებსა და ინსტიტუციებში. ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ – THE STEIDZ-მა ნიკა ხუთ საუკეთესო მხატვარში დაასახელა, „რომლებსაც აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალი“.  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარიზის გარეუბანში – ობერვილეში მდებარე Poush-ის რეზიდენციამ, რომელიც სახელოსნოების დიდი გაერთიანებაა და მხოლოდ აპლიკაციით ხდება რეზიდენციის დათმობა მხატვრებისათვის, ნიკა თავისთან მიიწვია. ის ახლა საფრანგეთშია რამდენიმე თვით და იქ მუშაობს. სწორედ ეს არის ჩვენი გალერეის მიზანი, რომ საქართველოში, თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციების არარსებობის პირობებში, ქართველი არტისტების  საერთაშორისო აუდიენციაში პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი და მივცეთ მათ ის შესაძლებლობები, რაც ცენტრალურ ქვეყნებსა თუ რეგიონებში მცხოვრებ ხელოვანებს აქვთ“ – ნათია ბუკია (გალერეა Artbeat-ის თანადამფუძნებელი).

Paris Internationale-ს მსგავსად, Art Basel-იც წამყვანი გლობალური პლატფორმაა, რომელიც მასშტაბურ სახელოვნებო ბაზრობებს აწყობს და კოლექციონერებს, გალერეებსა და მხატვრებს აკავშირებს ერთმანეთთან – პლატფორმის მიზანი ხელოვანების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა, მათი მხარდაჭერა და ადგილობრივი სახელოვნებო სცენების გაძლიერებაა.  გალერეა LC Queisser-მა სახელოვნებო ბაზრობის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა – მათი მიიღეს განაცხადი – თეა გვეტაძის მონაწილეობით, , რის შემდეგაც გალერეამ Art Basel Paris +-ზე ხელოვანის შთამბეჭდავი ინსტალაცია, სახელწოდებით „ღვთაებრივი სილამაზე, ჯოჯოხეთური სიმწარე საკუთარი თავისთვის და საყოველთაო ობლობა“ წარადგინა.

თეა გვეტაძე ქართველი მხატვარია, რომელიც დაძაბულობით, ემოციებითა და სიმბოლიზმით დატვირთულ იდუმალი შინაარსის მქონე ნამუშევრებს ქმნის. ხელოვანი მის ნახატებში, რელიეფებსა და მოზაიკაში  ხშირად იყენებს ცხოველების ან მცენარეების სახით წარმოდგენილ ტოტემს მიმსგავსებულ ობიექტებს, რომლებზეც ხშირად იგრძნობა სვანეთისა და შავი ზღვის რეგიონებში შენარჩუნებული ანიმიზმის გავლენა.  თეა გვეტაძის ნახატები, რომლებიც ხშირად პირდაპირ შავ ხავერდზეა დატანილი, ნათელი და ამავდროულად ამოუცნობია.

ხელოვანის მიერ Art Basel Paris +-ზე წარდგენილ ნარატიულ ინსტალაციაში ერთ-ერთი კედლის სივრცე  მწვანე პიგმენტური თიხითაა დაფარული, ის ავტორმა ზედაპირზე ხელით დაიტანა, რაც  რიტმულ სომატურ კვალს ტოვებს და ხელოვანის ნახატებისათვის დამახასიათებელ ხავერდოვან ტექსტურას იმეორებს. მწვანე კედელზე თეას მიერ მოხატული თიხის ობიექტები ვარდისფრად მოჭიქული შამოტის ნაჭრების ვერტიკალური კომპოზიტური პანელის გვერდით არიან განთავსებული,  რაც სვანეთის რეგიონის კოშკების მშენებლობის ტრადიციისათვის დამახასიათებელი თითქმის გადაშენებული ტექნიკაა. ადგილობრივი – ფილფანების ოჯახის თავკაცი (“მცველების” შუა ფიგურა) არის ერთ-ერთი ბოლო ხელოსანი, რომელიც სვანური კოშკის აშენების ცოდნას ფლობს და ამავდროულად, ქვებთან დაკავშირებული ყველა საიდუმლო იცის. ინსტალაციაში მის გარდა, კიდევ ორი მამაკაცის ფეხებსაც ვხედავთ, რომლებიც ამოუხსნელ სივრცეს ამაგრებენ და სიმტკიცის გრძნობის ვიზუალიზაციად გვევლინებიან. კიდევ ერთი დომინანტური ფიგურა სვანური ღუმელია – პურის ცხობა ზემოდან, რაც სვანეთის მცხოვრებთა ყოველდღიური რუტინის ნაწილია, რომელიც ხვალინდელ დღეს იხსნის.

თეა გვეტაძის მიერ შექმნილი ობიექტები – მცირე ზომის ბოლოკებიც კი მონუმენტურ სულსა და თვითმყოფადობას ასხივებენ, ისინი სვანური სოფლის – ლენჯერის ბუნების, არქიტექტურისა და ფრესკების რემინისცენციად ევლინებიან მნახველს. მათი საშუალებით მხატვარი მისეულ ხელოვნებაში აცოცხლებს სივრცეს, სადაც ადამიანები VIII-XII საუკუნის ძეგლებს შორის ცხოვრობენ. მწვანე კედლის გვერდით „კეთილი ფილოსოფოსის“ პორტრეტია დახატული, რაც თეა გვეტაძის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელი სპირიტუალიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ამ ინსტალაციაში მოთხრობილი ამბის მთავარი გმირი კეთილი ფილოსოფოსის თეატრალური პერსონაჟია, რომელსაც საზამთროს სახე აქვს და მაყურებელს მიკროფონით მიმართავს. საზეიმო განწყობაზე მყოფი ფილოსოფოსი ზის და მკერდი აქვს ღია, მისი ხორცი ხილისაა – ტკბილი, ნაზი და ხრწნადია, ნეკნები კი, როგორც ჯავშანი, ისე ფარავს მის ცოდნას. ინსტალაციაში ორ თეთრ ორგანზას ქსოვილისაგან შეკერილ ბლუზასაც ვხედავთ, რომლებიც ეთერული საკურთხევლის გამოხატულებად გვევლინებიან – მარცხენა ჯიბეებში ნახატებით. ქსოვილის გამჭვირვალობა ხელს არ უშლის  გულის მხარეს მოთავსებული ინტიმური და საზარელი ნამუშევრების ხილვას; ბლუზები ღილების ნაცვლად ალუბლებითაა შეკრული –  მხატვარი კიდევ ერთხელ მიმართავს ხილის მეტაფორად გამოყენების ხერხს. 

 „წელს გალერეა LC Queisser-მა პირველად მიიღო მონაწილეობა Art Basel Paris +-ის სახელოვნებო ბაზრობაზე. შეიძლება ითქვას, რომ პროცესმა წარმატებით ჩაიარა –  თეას შემოქმედებამ მიიქცია როგორც საერთაშორისო პრესის, ასევე ხელოვნების კოლექციონერების თუ სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღება. მაგალითად, ის მოხვდა  Ingrid Luquet-Gad-ის მიერ მომზადებულ სტატიაში, სახელწოდებით “Seek out these five artists on the rise at Paris+ par Art Basel”, ასევე Jan Dalley-ის მიერ მომზადებულ ტექსტში „Art Basel’s latest emerging galleries section spans Beirut and Bogotá”, რომელიც  Financial Times-ის ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნდა და ა.შ.“ – ანა ჩორგოლაშვილი (გალერეა LC Quisser-ის მენეჯერი).


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.