fbpx

ნესტან მიქელაძის სახელოსნო


გააზიარე სტატია

სტუდიო როგორც სოციალიზაციის გზა, საზოგადოების უშუალო, ყველაზე ინტიმური კავშირი ხელოვანთან, იმ სივრცეში, სადაც მიმდინარეობს უწყვეტი შემოქმედებითი პროცესი.

დასავლეთის სამყაროში მიღებულია სახელოსნოს ღია კარის დღეების გამოცხადება, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება ესტუმროს არტისტსა და მის სამუშაო გარემოს და არა მხოლოდ, იქ  იკრიბებიან კურატორები, მეგობრები, კოლეგები  და წარმოქმნიან ახალ მუხტსა და შთაბეჭდილებების ტალღას.

5 ნოემბერს, კოტე მესხის 4 ნომერში, გაიხსნა ნესტან მიქელაძის სახელოსნო, სადაც მხატვარმა საზოგადოებას წარუდგინა თავის სამუშაო სივრცე და სხვა და სხვა სერიის ნამუშევრები. ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია გაუზიაროს ხედვა სხვებს, სანამ ეს ყველაფერი გალერეის სივრცეში გადაინაცვლებს, რადგან სტუდიოში ჯერ კიდევ  თავისუფალი ხარ ყოველგვარი კონცეფციისა და მიზეზებისაგან, შთაბეჭდილება იკვრება ყველაზე ავთენტური და ამავდორულად ქაოტური გარემოდან. შეიძლება შეხვდე დაუსრულებელ ნამუშევრებს, დააკვირდე მათი განვითარების ეტაპებს, შეეჩეხო სხვა და სხვა გამოფენის ძველ, თუ ახალ სურათებს და შიგნიდან დაინახო მთელი შემოქმედებითი პროცესი. ამიტომაც სახელოსნოს გახსნის დღეს ნესტანმა წარსადგენად შეარჩია ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ნამუშევრები, ისინი განსხვავდებოდნენ ფორმით, ზომით, შექმნის დროითა და კონცეფციით.

ნამუშევრების უმეტესობა ინსპირაციას ფემინიზმის თემიდან იღებს. რაღაც პერიოდი ხელოვანი თავს იკავებდა ამ სიტყვის გამოყენებისაგან, რადგანაც ქართულ საზოგადოებაში არსებობს სტიგმა, რომელიც ფემინიზმს, როგორც აგრესიის გამოხატვისა და კაცებზე დომინაციის სურვილად აღიქვამს, მაგრამ ნესტანისთვის მასში თანასწორობა და ყველა გენდერის პატივისცემა იკითხება. როგორც არტისტი ამბობს, ბავშვობიდან დედის შემხედვარეს, რომელიც ოჯახის ყველა საქმეს თავის თავზე იღებდა, უსამართლობისა შეგრძნება და რაიმეს შეცვლის სურვილი ავსებდა, სურვილი იმისა, რომ თვითონ სხვანაირად იცხოვრებდა და სხვა გზას აირჩევდა. ასეც მოხდა. თანასწორობა შემოქმედებით საქმიანობაში დაინახა.  ახლა ყველაფერი რაც ოდესღაც მასში გროვდებოდა თავისუფლებას ზეთისა და ზოგჯერ აკრილის საღებავებში პოულობს. ნახატებში ხედავ როგორი შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება გრძნობდეს თავს ქალი, როგორია მისი ძლიერი მხარე ან მისუსტებული, რომელიც ისევ ფეხზე დადგომისკენ, გაძლიერებისა და საკუთარი თავის პოვნის გზას ადგას. როგორია მისი შინაგანი და გარე სამყარო, სახეები, რომლებიც შორიდან შეჰყურებენ ან მასთან სულ ახლოს იმყოფებიან.

ყველაზე მნიშვნელოვანი სახელოსნოს სტუმრობასა და ურთიერთობაში ეს მაყურებლის, სტუმრის ინტერპრეტაციაა, რადგან სამუშაო სივრცეში გრჩება საკუთარი წარმოსახვის გახსნისა და აზრთა მიმოცვლის საშუალება თვითონ ავტორთან. როგორც ნესტანი ამბობს ნახატს ბევრი ენერგია სჭირდება, რაც მეტი ადამიანი დაინახავს, მით უფრო ივსება, ვიბრირებს და ცოცხლდება და სტუდიოს მონახულება ამ მუხტის დაგროვების საუკეთესო ხერხია. თვითონ ნამუშევრებიც ხშირად თავისით, საღებავისათვის მინიჭებული თავისუფლებით იქმნებიან, კონკრეტიკისაგან დაცლილი ღვენთი, ზეთი, რომელიც თავის ნებაზე საკუთარ ფორმას ქმნის, მხატვარს რისკზე წასვლასა  და შიშების გადალახვაში ეხმარება.

ლაღი ინტერაქცია უცხო ადამიანებთან და ხელოვანთან, რომელიც შენი სანოცნობოს წევრი ხდება, აზრებისა და იდეების გამოთქმის თავისუფლება და ნამუშევრების ახლებურად, მხოლოდ შენი თვალებით დანახვა ისაა, რაც სახელოსნოს ღია კარის დღეებში ხდება და რასაც ნამდვილად იპოვი ნესტან მიქელაძესთან სტუდიო ვიზიტის დროს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.