fbpx

საკონცერტო დღიური #4 -ვინ ილოცებს ჩვენთვის? (კენდრიკ ლამარი, შტუტგარტი 24.10.22)


გააზიარე სტატია

საკონცერტო დღიური #4 – ვინ ილოცებს ჩვენთვის? (კენდრიკ ლამარი, შტუტგარტი, 24.10.2022)

 

გლობალურ მასშტაბებზე გასული და აღიარებული არტისტის კონცერტზე დასწრება ქალაქში ჩასვლიდანვე თუ არა, საკონცერტო დარბაზისკენ გამგზავრებისას, საზოგადოებრივ ტრანსპორტშივე იწყება. რაც უფრო უახლოვდება მეტრო პორშეს არენასთან ახლომდებარე გაჩერებას, მით უფრო მეტად ივსება მატარებელი ახალგაზრდა მსმენელით. ვიცი, რომ ახლა ვაგონიდან თითქმის ყველა კენდრიკ ლამარის კონცერტზე მივდივართ. ჩემს გვერდით, წინ და უკან ის ადამიანები სხედან, ვისთან ერთადაც დავესწრები კომპტონელი რეპერის შოუს.

U19 მთლიანად იცლება NeckarPark-ზე. გზა ფეხით უნდა გავაგრძლოთ. თუმცა ასეთ დროს გუგლის რუკაზე ჩახედვაც არ გჭირდება. ხალხის ტალღას უნდა გაჰყვე, ადგილობრივები გაგიძღვებიან დარბაზამდე. მე და რეზიც ნაკადს მივყვებით, ჩვენს წინ შტუტგარტელი სტუდენტების ის გუნდი მიდის, რომელიც მოპირდაპირედ გვესხდნენ ვაგონში.

სადგურსა და არენას დამაკავშირებელ ხიდზე გადავივართ.  „Yeah, yeah, yeah, yeah, soldier’s DNA“ – მღერიან უკან მომავალი თინეიჯერი გოგოები. შორიდან ვიღაც ხმამაღლა გაეპასუხება, სიმღერის შემდეგ სტრიქონს დაამღერებს. ღელვა მატულობს, აღგზნებულები და დაელექტროვებულები მივადგებით ჰანს მარტინ შლეიერის დარბაზს და ვჩერდებით. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებთ, ვაკვირდებით თუ ვის რომელი არტისტის მაიკა აცვია, ვის აქვს ნაყიდი ელექტრონული ბილეთი და ვის – ფერადი, პრიალა ქაღალდზე ნაბეჭდი; ვუყურებთ თუ როგორ გადიან ჩვენს წინ მდგომი მსმენელები ბილეთის კონტროლს, როგორ უჩხრეკს დაცვა ჩანთებს და სამშვიდობოს გასულები, მაშინვე სირბილით გავარდებიან დარბაზისკენ, კარგი ადგილის დასაკავებლად. 

რიგი მალე გადის, კონცერტის დაწყებამდე ჯერ საათზე მეტია დარჩენილი მაგრამ ფეხზე დასადგომი ადგილების წინა რიგები უკვე გადავსებულია. ზოგი ძირს ზის, ზოგი ჯებირსაა მიჭყლეტილი, ასე იკავებენ სასურველ ადგილებს. სცენასთან შორიახლოს ვდგებით და ვიცდით. სასმელს ვწრუპავთ და აუდიტორიას ვაკვირდებით. ერთ მომენტში დარბაზში სინათლე ქვრება, ჩვენთვის უცნობი მელოდია იწყება და სცენაზე რეპერი ტანა ლეონი გამოდის, სადებიუტო ალბომიდან 5-6 სიმღერას მღერის. მცირე პაუზის შემდეგ სცენას მეორე გამხურებელი, კენდრიკ ლამარის ბიძაშვილი, რეპერი Baby Keem გამოდის და 40-წუთიანი კონცერტით ისეთ ცეცხლს აგიზგიზებს, რომელიც უკვე მართლა გვამზადებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტის შოუსთვის. ბეიბი კიმის ეიფორიაში ვართ, როდესაც ახმახი გერმანელი დაცვის ოფიცერი გვიახლოვდება, ამჩნევს რომ მაჯაზე ბრასლეტები არ გვიკეთია და ბილეთების ჩვენებას გვთხოვს.

„Fuck! მაინც გამოგვიჭირეს!“ – განვიცდით მე და რეზი. მითითებისამებრ გადავდივართ ერთი ბარიერით უკან. შარს არ ვეძებთ, სადაცაა სცენაზე კენდრიკი უნდა გამოვიდეს. დაძაბულობა მატულობს, დარბაზში განათება იცვლება, ვგრძნობთ მალე დაიწყება შოუ და ამ დროს კუბის ფორმაზე ჩამოშვებულ ქადაგის კვართივით ქათქათა თეთრი ფარდის უკნიდან გამოკრთება სიტყვები

„I hope you find some peace of mind in this lifetime

I hope you find some paradise.“

სწორედ ამ ტექსტით იწყება კენდრიკის ბოლო ალბომი Mr. Morale & The Big Steppers, რომელიც შესაძლოა ყველაზე ნაკლებად დაფასდეს არტისტის შემოქმედებაში, ყველაზე ნაკლები ჯილდო მიიღოს და ყველაზე მეტი კრიტიკა დაიმსახუროს; თუმცა თავად რეპერს ეს არ ადარდებს, რადგან როგორც ამბობს ამაზე მეტი გახსნილობა საკუთარი ხალხისთვის არასოდეს გამოუხატავს. ეს არის შიშველი კენდირკი, დაუვარცხნელი და დაუბანელი ბავშვი, მოზარდი და უფროსი კომპტონის დაბალშემოსავლიანი სამეზობლოდან, ნაქირავებ ბინაში, განგსტერების გარემოცვაში გამოწრთობილი ბიჭი, რომელიც შემდეგ ქადაგად დავარდა, რომელმაც ნახა დიდება და მაინც, მისთვის მთავარ ჯილდოდ ოკლამობა დარჩა. 

Oklama მის ბოლოდროინდელ ფსევდონიმადაც იქცა. ოკლაჰომას მკვიდრი ხალხის, ჩოქტოს ენაზე თარგმნილ ბიბლიაში ღმერთთან მიმართვისას წინასწარმეტყველები იყენებენ სიტყვებს Okla Ma რაც ნიშნავს „ჩემი ხალხი“. ბოლო ალბომის გამოსვლამდე კენდრიკ ლამარმა სიმღერა Heart Part 5 გაავრცელა, deepfake ტექნიკის კლიპით, რომლის დასაწყისში ჩნდება სიტყვები „მე ვარ. ყველა ჩვენგანი.“ მე ვარ Okla Ma

„მე იმედი მაქვს ამ ცხოვრებაში იპოვი გონის სიმშვიდეს, იმედი მაქვს, რომ იპოვი სამოთხეს – ისმის დარბაზში და აუდიტორიას ავადმყოფური ეგზალტაციის უშველების ტალღა გადაუვლის. ჰაერში უთვალავი სმარტფონია აღმართული. მელოდია Savior-ის ინტერლუდიაზე გადაეწყობა; კუბის ფორმის ფარდისკენ მოცეკვავეები მიემართებიან. პერფორმანსი ნელია და დაძაბული, ჰიჩკოკის სასპენსივით, გცდის, გალოდინებს, სიმებიანი საკრავების მელოდიებს რიტმული ტაშისკვრა მატებს იმ დინამიკას, რომელმაც, თუ თვალებს დახუჭავ იქნებ ტომობრივი წყობილების დროინდელ რიტუალში გადაგისროლოს. მოცეკვავეების ნაწილი სიღრმეში უჩინარდება, სცენაზე კი ეულად მდგარ პიანინო ამონათდება, რომელსაც კენდრიკის გაშეშებული სხეული მიჯდომია, კენდრიკის რომელიც „ათას რვაას ორმოცდათხუტმეტი დღის განმავლობაში რაღაც პროცესში იხარშებოდა“, კენდრიკის რომელიც ორი-სამი აკორდის არითმიული აღებითა და განმეორებით აუდიტორიას ატერორებს და ყველაზე მოულოდნელ მომენტში იწყებს გარეპვას. რამდენიმე წამით მსმენელს მუჭში მოიქცევს და მერე ისევ ხელს უშვებს, თითქოს სიმაღლიდან ძირს ჩამოაგდებს. ჩუმდება. დარბაზი ისევ ბნელდება. როცა სინათლე ბრუნდება, რეპერი უკვე პოდიუმზე მოაბიჯებს, ხელში საკუთარი თოჯინით, მიკროფონთან ჩერდება, პაუზას იღებს, ელოდება თუ როდის დაიქოქება სიმღერა, როდის შეიძენს მეტ გრუვს, როდის აჩქარდება და ხელახლა იწყებს გარეპვას; ძალიან მოკლე მონაკვეთის შემდეგ კი პასტორის ქადაგებასავით და თავზარივით გვეცემა სიტყვები „I grieve different.“

„მე სხვანაირად ვგლოვობ“ – ვპასუხობთ აუდიტორია.

 გვერდით ჩემზე ოდნავ უმცროსი ბიჭი მომადგება, პირში ჩუპა-ჩუპსით და უკვე გაოფლილი, თეთრი მაისურით ტანზე. რაღაცნაირად მოუხერხებია და წყლის ბოთლი შემოუპარებია. მოსმისასაც კი თვალები დახუჭული აქვს და ასტრალშია გასული. ერთი სიამოვნებაა ასეთი მსმენელის გვერდით ყოლა, მსმენელის, რომელიც საყვარელი არტისტის ყოველ სტრიქონსა და ნოტს სხეულებრივად განიცდის. ხშირად სწორედ ასეთები „იგებენ“კონცერტებს. ის ბიჭი ახლა ალბათ არა შტუტგარტში, არამედ კომპტონში არის და იქ ისმენს კენდრიკის ნამღერს სტრიქონებს.

კომპტონში ყოფნა ახლა კრიტიკული პროცესია. არა მხოლოდ თრობის მოგზაურობის, არამედ ზოგადად, რეპ-მუსიკის ლინგვისტური მედიუმის გამო. ამერიკელ არტისტს ისე ხდება, რომ ყველაზე სანახაობრივი შოუ სწორედ ამერიკაში შეუძლია გამოუვიდეს. ეს იმიტომ, რომ მის ენას და მის ნათქვამს იქ უფრო გაიგებენ. რაც უფრო ლოკალური ხარ, მით უფრო მასშტაბური შეგიძლია იყო. პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი. YES! ნაცადი ხერხია. ამიტომაც კომპტონის ნაწერი ბიოგრაფია, რომელიც სცენაზე მდგარი კენდრიკის ტექსტებს განაპირობებს, შტუტგარტში მეტწილად შოუთი, ლაზერებისა და ქორეოგრაფიის დახმარებით გახდება ნაგრძნობი. სცენას უყურებ, პროექცია ნეანდერტალელივით მოკუნტულ რეპერს გვიჩვენებს, რომელსაც სხეულში ნაწამები წმინდანივით ჩასობია ისრები. წმინდანი კი მღერის, ბოლომდე იცლება, სისხლის ბოლო წვეთამდე.

„Sing About Me, I’m Dying of Thirst“ – ყვირის ერთ-ერთ მომენტში ის ახალგაზრდა. გახედავ და ისეა ვერ ხვდები პირდაპირ ეუბნება ამ სიტყვებს თუ კენდრიკის ჩემი აზრით საუკეთსო სიმღერის შესრულებას ითხოვს. გასული კონცერტების ტრეკლისტებს მხოლოდ იმიტომ ვაკვირდებოდი რომ მენახა ამ სიმღერას სადმე ასრულებდა თუ არა. ერთი გამონაკლისიც კი არ მოიძებნა, ამიტომაც ტყუილად არ ვისახავ იმედს. იმ ბიჭს კი მართლა მალამოდ სჭირდება ეპიკური 12-წუთიანი რეპ-ბალადა. Who the fuck will pray for him, Kendrick?

თუმცა კენდრიკი ამ სიმღერას არ იმღერებს. ცხადია. სამაგიეროდ კი იმავე ალბომიდან ამზადებს დღესასწაულს, ჩაბენელბულ დარბაზში აღებულ აკორდს ჰაი-ჰეტის ციმციმი გადაედება და პირველივე წამიდან ვხვდებით  რეპერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრეკი Money Trees იწყება.

ყველანი ვროკავთ, ერთ რიტმში ვარხევთ ტანს. იმ ჩუპა-ჩუპსიან ბიჭს, რომელიც მემგონი უკვე დიდი ხანია კანფეტის მხოლოდ ჯოხს ღეჭავს, წამების წინ გასროლილი თხოვნა მასინვე ავიწყდება და ბიტს ხელების მოძრაობას აყოლებს. კენდრიკი სიმღერაში ტონალობას ცვლის, სტრიქონების რიტმიკას გადააწყობს და გვიყოლიებს.

It go Halle Berry or hallelujah

Pick your poison tell me what you do

Everybody gon’ respect the shooter

But the one in front of the gun lives forever

გუგუნებს დამუხტული აუდიტორია და პირადად მე იმედი მაქვს, რომ ჯეი როკის ის ლეგენდარული ვერსი ახლა ჩანაწერში მაინც გაისმება; ილუზია არ მაქვს, რომ სცენაზე კიდევ ერთი რეპერი ამოვა; მაგრამ ანა ვაიზის ლუპი რჩება თუ არა, რჩება სიმღერაც. 

იუთუბზე ერთი მშვენიერი ვიდეო არსებობს, სადაც ანა ვაიზის ეს ლუპი ოთხი წუთი გრძლედება და ნამდვილი სატანჯველია ამ სიმღერის მოყვარულებისთვის, რადგან ყოველ  მომენტში ელოდები ჯეი როკის ვერსს რომელიც არა და არ იწყება. ასე მოხდა ამ კონცერტზეც.

In the land where hurt people hurt more people Fuck callin’ it culture, Kendrick!

ვერ ვხვდები ჩემი მოლოდინის ბრალია თუ რისი, მაგრამ უკვე თბილისში დაბრუნებულიც კი უარყოფის სტადიაზე ვარ. მგონია, რომ ის ვერსი მოვისმინეთ და უბრალოდ მე ვიყავი ისეთ აღტაცებაში, რომ აღარ მახსოვს.

სადარდებელს მეგობარს ვუზიარებ. ის მახსენებს, რომ ერთხელ, ტაქსით მგზავრობისას Money Trees გაისმა, მე კი მეგობარიც და მძღოლიც ავიყოლიე, რომ ყურადღებით დალოდებოდნენ ჯეი როკის პარტიას. ჰოდა, ისე შენია ეგ ვერსი, რომ შეუძლებელია ემღერა და არ გხსომებოდაო. 

მოკლედ ვერ გაათავა კენდრიკ ლამარმა. სიმღერა. 

ის თეთრმაისურიანი ბიჭი კონცერტის ბოლოსკენ უფრო წინ გადის, ჩემი ხედვის არეალიდან იკარგება. ამასობაში სცენაზე ბეიბი კიმი ბრუნდება და ბიძაშვილთან ერთად რეპავს. ჯერ მისი ორი, დანაწევრებული სიმღერა ებმის ერთმანთს, ბოლოს კი მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, family ties სრულდება. დარბაზი ქუხს.

ტემპი არ ეცემა, შოუ მართლა ტომობრივი წყობილებისდროინდელ გართობაში გადადის. სცენაზე რეპერები და მსახიობები ისე ცეკვავენ, თითქოს აგიზგიზებულ ცეცხლს რიტუალივით უვლიან გარშემოო. მერე პირდაპირი გაგებითაც ინთება ცეცხლი, როდესაც კენდრიკის გვერდით ბრუნდება ტანა ლეონიც და Mr. Morale სრულდება. სულ ბოლოს კი ბატონი მორალი ისევ საწყისს უბრუნდება, Savior; მხსნელი ოკლამა, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, მე სულაც არ ვარ თქვენი მხსნელიო, გვერდი მდგომის შეყვარებაც კი მიჭირს უკვეო, თუფაქი მკვდარია, ამიტომაც შენთვის სხვა ვეღარავინ იფიქრებს, მეც მხოლოდ თავს ვევლინები მხსნელად და ჩემს სულ სიჩუმის ხეობაში ჩაყვინთვით ვეძებო.

კენდრიკი სიჩუმეში ყვინთავს კონცერტი მთავრდება.

სასტუმროსკენ გაბრუნება ფეხით გადავწყვიტეთ, გზაში ბევრი სალაპარაკო გვაქვს, ბევრი გასაზიარებელი. ჯერაც პორშეს არენის სიახლოვეში ისევ ვლანდავთ იმ თეთრმაისურიან ბიჭს. შორიახლოს მდგარ გოგოს უახლოვდება და ინგლისურად უებნება.

„მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრა და გთხოვ დამეთანხმე. კენდრიკი ყველა დროის საუკეთესოა“

„საუკეთესოა” – სიცილით პასუხობს გოგო და მუჭს მუჭზე კრავს.

მე და რეზი ღიმილით გავხედავთ იმ ორს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.