fbpx

არკანა – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სათამაშო მოედანზე


გააზიარე სტატია

პ.ს. ტექსტი შეიცავს სპოილერს

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ანიმაციამ მოახერხა იმ ადამიანების ალაპარაკებაც, ვინც Netflix-ის პროექტების მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ “არკანა” ბოლო წლებში შესრულებული საუკეთესო ანიმაციური ნამუშევარია, რომელიც League of Legends-ის თამაშის ეკრანიზაციას წარმოადგენს. Ბოროტისა და კეთილის იგავი საუკუნეების განმავლობაში ტრიალებს სამყაროს ისტორიის წრებრუნვაში ბიბლიური პარადიგმებიდან დაწყებული, ინი-იანისა თუ აცტეკური ცივილიზაციების სათავეებთან. ნათელი და ბნელი, ანტი და პროტაგონისტი, რომლებიც ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ, მუდმივად ცირკულირებენ და სამყაროსთვის ყოველ ჯერზე ახალ პატერნებს ქმნიან, რაც  რეალურად ერთი და იგივეა, თუმცა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. 

ქალაქ პილტოვერში განვითარებული მოვლენები უეცრად გვიღებს კარს თამაშის სამყაროში, რომელიც სავსეა სიყვარულით, სიძულვილით, ძიების დაუსრულებელი წყურვილით, ძალადობით, სექსითა და რაც მთავარია, იმ ბავშვების განწირული კივილით, რომლებიც მუდმივად იბრძვიან გადარჩენისთვის. ქალაქი პილტოვერი პროგრესის ქალაქია მისი ელიტარული მცხოვრებლებისთვის, მის ნაწილს წარმოადგენს ასევე მიწისქვეშა ქალაქიც, ხოლო იქ  განწესებული ხალხი კი – თავებზე მონადირეებად ან უბრალოდ მუშახელად ჰყავთ, რომლის გამოყენებაც მმართველ კლასს მისი ნების მიხედვით შეუძლია. საინტერესო ასპექტს წარმოადგენს ასევე  მეცნიერების ის ჯგუფი, რომელიც რუნების მაგიის კინეტიკური ტექნოლოგიის საშუალებით(იგულისხმება ვორტექსის რუნების კინეტიკური ბირთვი) ცდილობს ქალაქის მდგომარეობის შემსუბუქებას და მიწისქვეშა ქალაქისთვის რესურსების გაზიარებას, რაც, რა თქმა უნდა, მმართველ კლასთან გარკვეულწილად კონფლიქტში მოდის და საბოლოო ჯამში კოლაფსს წარმოშობს. მაგიურ-კინეტიკური ტექნოლოგია, რომლის განვითარებისთვისაც იბრძვის ქალაქი, კაცობრიობის ერთ-ერთ ნახტომად განიხილება. Რა თქმა უნდა, კონფლიქტის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის. 

სერიალის მთავარი პროტაგონისტი  ორი ქალია, უფრო სწორად, დები, რომლებიც ვერ ვიტყოდი, რომ სწორ დროსა და ადგილას აღმოჩნდნენ, რადგან ეს უკანასკნელი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ორი ობოლი გოგონას ისტორიის განვითარებაც სწორედ აქედან დაიწყო. თუმცა ცხრავე სერიაში ვხედავთ, თუ როგორ აქვს ისტორიას მუდმივი განმეორების ჩვევა. მაშინ როდესაც მიწისქვეშა ქალაქის თავი – ვიქტორი – სერიალის მთავარ პერსონაჟებს – ვაიოლეტსა და მის დას – ფაუდერს გადაარჩენს, გარკვეული დროის შემდეგ, ის საკუთარ ძმასთან – სილკოსთან ბრძოლაში დამარცხდება. კაენისა და აბელის იგავური მოტივები მთელ სერიალს გასდევს ლაიტმოტივად. მას შემდეგ, რაც სილკო ვიქტორს (საკუთარ ძმას) მოკლავს, ვაიოლეტი ციხეში ამოყოფს თავს, ხოლო ფაუდერი სილკოს შეუერთდება. თავდაპირველად მისი მოტივაცია გადარჩენაა, თუმცა შემდგომ ის სილკოში პოულობს ოჯახს, მამას და სიყვარულის დაუძლეველი სურვილი მის ადვილად მოწყვლად ფიგურას მონსტრად აყალიბებს. სუსტი ფაუდერი, რომელიც მუდმივად მაქსიმალურს ითხოვს საკუთარი თავისგან, სილკოსთან თანაცხოვრების პერიოდში გადაიქცევა  ჯინქსად – აფეთქებების მთავარ მონსტრად, რომელიც საბოლოოდ ისევე წარმოგვიდგება დაცემულ ანგელოზად, როგორც სილკო. მიწისქვეშეთის ახალი მმართველი – სილკო – აბსოლუტური ბოროტებაა – სატანა, თუმცა პროგრესის ნათელი ქალაქიც არ არის იმდენად ნათელი, როგორიც ჩანს. აქ უკვე ვხედავთ აზიური ფილოსოფიის მოტივებსაც, აბსოლუტის უარყოფას და ქმედებების კონტექსტურ  მნიშვნელობამდე დაყვანას. საკუთარი ტყავის დასაცავად გაუთავებელი შეთქმულებები თავად მმართველ კლასშიც დაპირისპირებასა და ნაპრალს აჩენს, რის შედეგადაც სურათი ნათელია – მმართველი კლასის ცოდნა ძირითადად უფრო თეორიას ემყარება, ვიდრე  გამოცდილებას. მათი მთავარი მიზანი საკუთარი ქალაქის ბნელ კუნჭულებში ჩასვლა და მდგომარეობის გამოსწორებისთვის რეალური გზის პოვნა არასდროს ყოფილა, ეს იყო მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისთვის. მეცნიერების ერთ-ერთი დიალოგისას გვესმის ფრაზა  -“საუკეთესოს ძიებაში კარგის გაზიარებაც კი ვერ მოვასწარით”. ჩაგრულისა და მჩაგვრელის მუდმივმა დაპირისპირებამ კი ჩაგრული შეიძლება სწორედ მჩაგვრელის პოზიციაში დააყენოს იმ შემთხვევაში, თუ გადარჩება.

საოცარია ფაუდერის პერსონაჟის გარდასახვა – ჩვენ წინ სრულიად გატეხილი, დამსხვრეული გოგონა როგორ პოულობს საკუთარ თავში ძალას, გახდეს რაღაც. თუმცა მონსტრების სამყაროს დაუნდობელი წესრიგი მას ყველაზე საშიშ მონსტრად აქცევს, რაც აქამდე შექმნილა. ჯინქსის გადარჩენის ყოველი მცდელობა მისი დისა თუ სილკოს მხრიდან განწირულია, რადგან მისი პერსონაჟი თავად ხდება დესტრუქცია. ის ყველაფერს ანადგურებს გარშემო, ყველაფერს – რაც უყვარს თუ არ უყვარს. საკუთარი ბავშვობის ფსიქოპორტრეტიდან გამოძახილი ხმები კი მას მეტ ბრუტალურობას მატებს  და ჩვენ წინ წარმოგვიდგება – femme fatale, ყველაზე დიდი ქაოსის გამომწვევი მთელი ანიმაციური სამყაროდან. სიყვარულის, სიმშვიდისა და სითბოს განწირულ ძიებაში ჩვენ წინ იშლება მონსტრის სახე, რომელიც გარშემო ყველაფერს ანადგურებს და კლავს მამას – თანაც ორჯერ. “მოკალი ბილი”, მამა, ავტორიტეტი, ეს ჯინქსისთვის ახალი, თუმცა ძველი წრებრუნვაა. ბავშვობის პირველი ტრავმა სწორედ  მაშინ მეორდება, როდესაც მისი დის წინ დისოციაციური აშლილობის შეტევით იტანჯება. პერსონაჟები გამუდმებით ირჩევენ გზას, სხვა გზას, ბევრ გზას, სხვადასხვა გზას, რთულ გზას, მარტივს, მაგრამ ჯინქსისთვის გზა ერთია – მოკალი ან მოგკლავენ. თუმცა ასეთი გაკვეთილი აქვთ მიღებული მიწისქვეშეთის დანარჩენ პერსონაჟებსაც, რომლებიც ცდილობენ სრულიად ახალი წესრიგის შექმნას. მეცნიერების ხმა კი ერთადერთია ქალაქის საბჭოში, ვინც ცდილობს ომის გარეშე დაარეგულიროს ურთიერთობა მიწისქვეშა ქალაქთან, ამისთვის ისინი სილკოსთან მოლაპარაკებაზეც კი მიდიან, თუმცა სილკო ვერ თმობს მისთვის ყველაზე ძვირფასს – ჯინქსს და ისიც სწორედ თავის არჩევანს ეწირება. ხანდახან რაღაცები აუცილებლად უნდა დათმო გადარჩენისთვის, თუნდაც ეს იყოს ერთადერთი, რაც გიყვარს.

ანიმაციის თითოეული კადრი და დეტალი ზუსტად ხვდება მიზანს. მისი დაწყების პირველივე წუთიდან გიჩნდება შეგრძნება, რომ ის, რაც Netflix-მა შექმნა, უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც ბოლო პერიოდში გვინახავს. Მთლიანი ეკრანიზაცია სუპერდეტალური გამოძახილია დღევანდელი მსოფლიოს წესრიგისა და შესაძლებლობების, რომელსაც მუდმივად ვუშვებთ ხელიდან. მუსიკა ამ ანიმაციის ცალკე ღირსებას წარმოადგენს, რომელიც იდეალურად შექმნილ ატმოსფეროს მეტ მისტიკურობასა და სიღრმეს მატებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია საბრძოლო სცენები, რომელიც ცხრა სერიის განმავლობაში სერიალის საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს და თითოეული სცენა გამოირჩევა დაძაბულობით, სისხლისა და შურისძიების დაუძლეველი წყურვილით და იმედით, რომ ჯოჯოხეთი ოდესმე შეიძლება დამთავრდეს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.