fbpx

ამერიკული ლიტერატურის დაბადება და მოუწესრიგებელი ულვაში


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

არ გეცნობებით, თუ არ წაგიკითხავთ „ტომ სოიერის თავგადასავალი“, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ეს წიგნი დაწერა მისტერ მარკ ტვენმა და მეტწილად სიმართლე ილაპარაკა.“ ეს სიტყვები უცხო არ უნდა იყოს და მკითხველს „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“ უნდა აგონებდეს, – წიგნს, რომელზეც მთელი ამერიკული ლიტერატურა აღმოცენდა. ჰეკის შემთხვევაში, შეიძლება, მართლაც ეგრეა, მაგრამ მარკ ტვენის ბიოგრაფიაში არის მთელი რიგი დეტალები, რომელთა შესახებაც მისი ლიტერატურული შემოქმედება ერთადერთ წყაროდ ვერ მოგვევლინება. მისი ცხოვრება მრავალფეროვანი, ტრაგიკული და ამავდროულად, იუმორისტული იყო, თითქოს ზუსტად ისეთი, როგორიც უფლისწულის, მათხოვრის, ჰეკის, ტომისა და მისი სხვა მოთხრობების გმირთა ცხოვრება. 

სამუელ ლენგჰორნ კლემენსი (ფსევდონიმით მარკ ტვენი) დაიბადა 1835 წლის 30 ნოემბერს მისურის შტატში და 1910 წლის 21 აპრილს კონექტიკუტში გარდაიცვალა. – ეს ის სტანდარტული ფრაზაა, რომლითაც მასზე მოგროვებული ბიოგრაფიული ცნობები იწყება ხოლმე. ბევრისთვის გაოცებას იწვევს, რომ თურმე მარკ ტვენი მწერლის ნამდვილი სახელი და გვარი არ ყოფილა, მაგრამ, ვფიქრობ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება მისი ცხოვრების სხვა დეტალების გამორკვევა. 

ეჭვგარეშეა, მარკ ტვენის ყველაზე პოპულარული წიგნები „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, „ტომ სოიერის თავგადასავალი“ და „უფლისწული და მათხოვარია.“ დიდმა ამერიკელმა მწერალმა, უილიამ ფოლკნერმა მას ამერიკული ლიტერატურის მამაც კი უწოდა. გარდა ამისა, მარკ ტვენს დაწერილი აქვს უამრავი იუმორისტული ჟანრის მცირე მოთხრობა. აღსანიშნავია, რომ მარკ ტვენი აშშ-ის ბევრ პრეზიდენტთან მეგობრობდა, დიდი გავლენებით სარგებლობდა ცნობილ მხატვრებთან და ბიზნესმენებთანაც კი. მოკლედ თუ ვიტყვით, მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდა ომს, მკაფიოდ გმობდა ორგანიზებულ რელიგიას, მაგრამ, მიუხედავად წინააღმდეგობისა, პრესვიტერიანულ აღმსარებლობაზე უარი არასდროს უთქვამს. 

სამუელ კლემენსი ჯონ მარშალისა და ჯეინ ლამპტონ კლემენსის მეექვსე შვილი იყო. ის ორი თვით ადრე დაიბადა და ახალგაზრდობის პირველი ათი წელი სიცოცხლესთან ბრძოლას შეალია. მკურნალობდა ყველაფერზე, ებრძოდა ავადმყოფობას, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა და ბოლოს კალამს მიაშურა. წერა დაიწყო, გაიმხიარულა საკუთარი თავიც და გაგვამხიარულა ჩვენც. მიუხედავად იმისა, რომ კლემენსების ოჯახი იუმორის გრძნობის სიმცირეს არასდროს უჩიოდა, მათი ფინანსური მდგომარეობით განპირობებული ტკივილი მუდამ თან სდევდა. 1839 წელს ფლორიდიდან მისისიპის საპორტო ქალაქ ჰანიბალამდე გადასვლა მოუხდათ. საცხოვრებლის შეცვლა კი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მისისიპი გახდა განუყოფელი, მუდმივი პერსონაჟი ტვენის შემოქმედებისა. აკა მორჩილაძე წერს მარკ ტვენისადმი მიძღვნილ წერილში: ხელი იმიტომ ჩავყავი მისისიპიში, რომ, მინდოდა, ტვენს შევხებოდიო. 

მერე მამა გარდაეცვალა, მარკ ტვენის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ბევრს მუშაობდა. გაზეთებში სატირულ ტექსტებს აქვეყნებდა და თავი ასე გაჰქონდა. არ უმართლებდა არც კარიერული კუთხით. მდინარის ნავის მენავედ დაინიშნა, მაგრამ იქაც კატასტროფული ამბავი მოხდა. ექსპედიცია ტრაგიკულად დასრულდა და მარკ ტვენს სერიოზული კარიერული პრობლემები შეექმნა. 

1861 წელს,   სამოქალაქო ომის დაწყებიდან მალევე, ტვენი “Marion Rangers”-ში გაწევრიანდა. 25 წლის კლემენსი სულ რაღაც ორი კვირით გაჩერდა ქვედანაყოფში. ცუდად მომარაგებული სამხედრო ჯგუფი მალევე დაიშალა. ტვენი ვირჯინიაში წავიდა და რეპორტიორად დაიწყო მუშაობა და აქ, უკვე როგორც მარკ ტვენი, ისე დამკვიდრდა, თუმცა ამ ფსევდონიმამდე მან არაერთი სხვა სახელი სცადა, იქნება ეს ეპამინონდას ადრასტუს ბლები, თუ თომას ჯეფერსონ სნოდგრასი. საინტერესოა, რომ მალევე მარკ ტვენი ულისეს გრანტს დაუმეგობრდა. ეს მეგობრობა რაღაც ძალიან ამაღლებული და დიადი იყო და, თითქოს პრეზიდენტის სიკვდილის მერეც გაგრძელდაო – 1885 წელს გრანტის სიღარიბის ზღვარზე მყოფმა მეუღლემ ქმრის მემუარები გამოაქვეყნა (მემუარებში პრეზიდენტი მარკ ტვენს არაერთხელ ძალიან თბილად იხსენებს) და თავი ასე გადაირჩინა. 

მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენები ბიზნეს სფეროშიც ვრცელდებოდა, თავად ტვენი ძალიან ცუდი ბიზნესმენი გახლდათ. მას შემდეგ რაც წარმატებული მწერალი გახდა, ტვენმა ფული უამრავ არასწორ ინვესტიციაში დააბანდა. გაკოტრების პირას მისული კლემენსი 1891 წელს ტოვებს ჰარტფორდს და ევროპაში იაფად ცხოვრების იმედით მიემგზავრება. ბიზნეს საქმიანობაში დამარცხებული მარკ ტვენი ლექტორობას გადაწყვეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამაზე ავტორს ერთი ბრწყინვალე იუმორისტული მოთხრობაც აქვს დაწერილი, რომელსაც „როგორ გამაპამპულეს ნიუ-იორკში“ ჰქვია. მოთხრობაში სტუდენტი სთხოვს ტვენს, რომ ბაბუამისი გამოაცოცხლოს და აალაპარაკოს, რასაც ტვენი გამოწვევად იღებს, თანხმდება და ბაბუას ლექციაზე დასწრების ნებას რთავს. რამდენიმე საათიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მარკ ტვენი ნებდება, რაც ბიჭის გადახარხარებას იწვევს. გაცინების მიზეზი კი ბაბუამისის სიყრუეა, – კაცს უბრალოდ არ ესმოდა, რაზე ლაპარაკობდა ტვენი საათების განმავლობაში. 

რამდენადაც იუმორისტული შეიძლება იყოს მთელი რიგი ფაქტები მარკ ტვენის ცხოვრებისა, მის ბიოგრაფიას ტრაგიკული აჩრდილივით დაჰყვება თავისი შვილების ამბავი. მარკ ტვენსა და ოლივია ლენგდონს ოთხი შვილი ჰყავდათ. მათ შორის ერთი ბიჭი იყო და პატარაობაშივე გარდაიცვალა, ამას მოჰყვა ორი ქალიშვილის ოცი წლის ასაკში დაღუპვა. ტვენი 1904 წელს კიდევ ერთი გოგონას სიკვდილს მოესწრო. 

პირველად რომ მისი ფოტო ვნახე, ძალიან პატარა ვიყავი. აჩეჩილმა თმამ  და მოუწესრიგებელმა ულვაშმა მთელი გულით გამაცინა. თითქოს მისი თვალებიდან რაღაც უზარმაზარი სიკეთე და ჰარმონია გამოსჭვიოდა. ეს განცდა დამიდასტურდა იმწამსვე, როცა ტომ სოიერის ამბავი წავიკითხე, როცა სხვა გმირებთან ერთად ვნახე ტომის ნატკენი თითი და წარმოსახვაში მესერი ტომისგან გაბრიყვებულმა, ბედნიერად შევღებე, დავნაღვლიანებულვარ იმ სენტიმენტალურ ეპიზოდებზე, ტომის, ჰეკის, უფლისწულის და მათხოვრის ამბებში რომ გამოერევა ხოლმე. ჰეკლბერის ისტორია რომ წავიკითხე, მალევე გავიგე, თურმე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გმირის ამბავი ნამდვილი ადამიანის ცხოვრებაზეა დაწერილი. ეს ბიჭი ტომ ბლენკენშიპია, ტვენზე ოთხი წლით უფროსი, ღარიბი ოჯახიდან. მამამისი მუშა ყოფილა და ქალაქის ლოთად იცნობდნენ. მერე ის ბიჭი დაიკარგა, ტვენსაც აღარ უნახავს, ერთნი ამბობდნენ, ქოლერამ მოკლაო, მეორენი ამბობდნენ, ციხეში ქურდობისთვის ჩასვესო, ტვენს კი სხვანაირად სჯეროდა, – მშვიდობის გამავრცელებლად იქცა და ჰარმონიას ამკვიდრებსო, – ფიქრობდა კლემენსი.

პრინციპში, მისი შემოქმედებაც ეგ არის, რწმენის ჩამოყალიბება, კეთილშობილური ფიქრებით თავის შექცევა, იმ ამერიკის ჩვენება, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს სადღაც გულის კუნჭულში, რომელშიც ერთხელ მაინც ჩავსულვართ და მარკ ტვენის თვალით დაგვითვალიერებია. 

ხშირად ამბობდა, რომ, მთავარია, ყველაფერს რთულად არ უყურო, მაგალითად, სულ გაიძახოდა: ადვილია სიგარეტისთვის თავის დანებება, მილიონჯერ დავანებეო. ეგეთი კაცი იყო, ისე წერდა, რომ ყველა ეპიზოდის მონაწილე გინდოდა, ყოფილიყავი. ბავშვობაში ხომ ყველას უფრო მაგარი გვაქვს წარმოსახვა, ვიდრე ზრდასრულობისას. ჰოდა, მეც მქონდა ერთი ბავშვური ნატვრა, რომელიც დღემდე მომყვება, თანაც იმდენად მძლავრად, რომ გულუბრყვილოდ მგონია, ოდესმე ავიხდენ. ეს ნატვრა ტომთან, ჰეკთან და ჯო ჰარპერთან ერთად კუნძულზე სამხრეთული ჩიბუხის გაბოლება და ათას სისულელეზე ლაპარაკია. 

აი, ეს არის ის მცირე ამბები, რაც ტვენს ჩვენს საყვარელ ავტორად აქცევს, ხოლო რატომ და როგორ გახდა ის ამერიკული ლიტერატურის მამა, ეგ კიდევ სხვა ამბავია, მაგრამ, აბა, მე ეგ როგორ გითხრათ? – მე ხომ მარკ ტვენის ფოტოს ნახვისას კიდევ აჩეჩილ თმასა და ულვაშზე მეცინება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.