fbpx

„მგლის-თავა მეფის ღამე“ .E.A. Shared Space-ში – მარიანა ჭყონიას პირველი პერსონალური გამოფენა


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

ფოტოგრაფები: გიორგი ყოლბაია და გიორგი ხუფენია

 

ისე როგორც თავის დროზე იოზეფ ბოისი ნიუ-იორკის აეროპორტიდან სოჰოში, Rene Block Gallery-ში ცოცხალ კოიოტთან თექაში გახვეული მივიდა,  თავისი ცნობილი პერფორმანსის,  „I like America and America likes Me-ს” განსახორციელებლად, მარიანა ჭყონიამ შუაგულ  თბილისში, E.A. Shared Space-ს საგამოფენო სივრცეში ალვანური მატყლისგან შექმნილი  სახიანი ნაბდის მონუმენტური აბსტრაქციები გამოფინა და  თექას, როგორც მითოლოგიურ-კონცეპტუალურ მედიუმს თავისი დიდება დაუბრუნა. ბოისთან სწორხაზოვან პარალელებს არ ვაპირებ, თუმცა ირიბად მას კიდევ დავუბრუნდებით.

გამოფენა მხატვარმა მამას – 80-იანების ექსპერიმენტული კინოს რეჟისორს, პოეტსა და მუსიკოსს – გოგიტა ჭყონიას მიუძღვნა და ექსპოზიციასაც მისი ლექსის სახელწოდება – „მგლის-თავა მეფის ღამე“ დაარქვა. 

თუ გალერეა E.A. Shared Space-ის ზღურბლზე გადააბიჯებთ, თვალში გეცემათ  მასშტაბური აბსტრაქტულ-რელიეფური ნამუშევრები, რომლის მონუმენტურობას სწორედ თექა, როგორც მასალა, განაპირობებს და წამში ქრება ის მდარე ხარისხის მეინსტრიმულ-მომხმარებლური სტერეოტიპი, რამაც ბოლო ათწლეულებია წალეკა ჩვენი წარმოდგენა ამ უძველესი ტექნიკის მიმართ.

მარიანა ჭყონია: „ჩემზე არ უმოქმედია თექის მიმართ ამ ბოლოდროინდელ სამართლიანად  ნეგატიურ დამოკიდებულებას, რადგანაც  ადრე მქონდა ბედნიერება მენახა ძალიან მაგარი ხალიჩები და ვიცოდი, რაც იყო ნამდვილი თექა. ბებიაჩემს ჰქონდა ალვანური ხალიჩა ცხვრის ნატურალური მატყლით. 

პანდემიის პერიოდში თავდაპირველად ქარგვა და ფარდაგზე მუშაობა დავიწყე, შემდეგ ჩემს გონებაში რაღაც წამებში უეცარ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ  ამ უძველესი ტექნიკის (თექის) საიდუმლო ამომეცნო  და ჩემი სურვილებისთვის მომერგო ამ მასალის (თექის, მატყლის) შესაძლებლობები იმისთვის,  რომ აბსტრაქციები შემექმნა. ვერ წარმოვიდგენდი თუ ამას შევძლებდი…“

თექის შესაძლებლობებს მხატვარი ბუნებასთან ახლოს – კახეთში, ნუკრიანში, თავის სახელოსნოში  უკვე რამდენიმე წელია იკვლევს,  ექსპერიმენტებს მიმართავს და მატყლისგან ტექსტილამდე ჯადოსნურ პროცესს აკვირდება.  

ელენე აბაშიძე. გამოფენის კურატორი: „ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა. თავდაპირველად ზაფხულში თბილისში, TAF-ზე გამოვფინეთ მისი რამდენიმე ნამუშევარი ჯგუფურ გამოფენაზე საერთაშორისო არტისტებთან ერთად. შემდეგ ნუკრიანში, მის სახელოსნოში  ჩავედი და ვნახე, რომ  ვერა ფაღავას ინსპირაცია, ფიროსმანის ინსპირაცია, ქართული კედლის მხატვრობის ინსპირაცია და კახეთის შთაბეჭდილებები გაჯერდა, შემდეგ მან ეს ყველაფერი დატოვა და მისმა ნამუშევრებმა საკუთარი ენა შეიძინა. მივხვდი, რომ უკვე სოლო გამოფენის დრო დადგა. ეს ნამუშევრები მან სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნა. სერია, რომელსაც „მგლის-თავა მეფის ღამე“ ჰქვია  8 ნამუშევრისგან შედგება” .

ის ერთდროულად მშრალ და სველ ტექნიკას იყენებს. E.A. Shared Space-ში გამოფენილ ნამუშევრებში ერთმანეთთან კომბინაციაშია  შეღებილი, სველი ტექნიკით მოთელილი თექა და ბუნებრივი, მშრალად დამუშავებული მასალა (ცხვრის მატყლი)  რითაც მხატვარი შთამბეჭდავ კონტრასტულ ეფექტს აღწევს. განსაკუთრებული მონუმენტურობის და რელიეფურობის  შეგრძნებას კი სწორედ ბუნებრივი, არამოთელილი მასალა იწვევს:   

მარიანა ჭყონია: „ამას ჰქვია სახიანი ნაბადი.  ეს არის ნატურალური, დედამიწის ნაწილი, ისევე როგორც ხე, ქვა,  ლოდი… მივხვდი, რომ ეს რომ წყლით მოვთელო  – სიცოცხლეს დაკარგავს. ეს ბუნების შექმნილი რელიეფია და არ მეორდება. ალვანში ერთ კაცთან მიაქვთ მეცხვარეებს მატყლი, რომლითაც შემდეგ  მე ამ ნამუშევრებს ვქმნი.  

ცხვრის მატყლის გამოყენება იგივეა, რაც მაგალითად,  ხეს რომ ნაყოფი გამოართვა. ცხვრის თმისგან იღებ ისეთ რამეს, როგორც დედამიწიდან მინერალს, ქვას, მარმარილოს. ეს პროცესი სიგიჟეა…“

ანუ თვლი, რომ ეს კონცეპტუალური მასალაა ნამუშევრისთვის?

მარიანა ჭყონია: „რა თქმა უნდა, კონცეპტუალური მასალაა, რადგან   გენეტიკური კოდია. ბევრი რამეა მის მეხსიერებაში ჩადებული – თუნდაც კრავის სიმბოლო ქრისტიანულ რელიგიაში, ან კიდევ უფრო ძველი – მისი სამკურნალო თვისებები. სამკურნალო თვისებებზე გამახსენდა: ბოისის ნამუშევრებშიც ხშირად ფიგურირებს თექა მისი პირადი ისტორიის გამო, როცა მე-2 მსოფლიო ომის დროს მისი თვითმფრინავი ჩამოვარდა სადღაც აზიაში, ადგილობრივებმა ის იპოვეს, გადაარჩინეს და უმკურნალეს –  რომელიღაც ცხოველის ქონი წაუსვეს და თექაში გაახვიეს. ამ ფაქტის ინსპირაციით გააკეთა სწორედ  ის ცნობილი პერფორმანსი, თექაში გახვეული სხვადასხვა ჟესტიკულაციით გალერეის სივრცეში კოიოტს რომ ეკონტაქტება“.  

გამოფენის კონცეფციაში ვკითხულობთ, რომ სერიას ლაიტმოტივად  მამის – გოგიტა ჭყონიას  ლექსი – „მგლის-თავა მეფის ღამე“ გაჰყვება და გამოფენასაც ასე ჰქვია. რაზეა ლექსი?

მარიანა ჭყონია: „ეს არის ლექსად დაწერილი სცენარი მგლისთავა მეფის ნადირობაზე, უფრო სწორად, ეს არის მეტაფორა, ამბავი  მეფეზე, რომელიც  თავის ტოტემზე, თავის ცხოველზე სანადიროდ მიდის. თანაც  ხმა და გამოსახულებაც ერთად/ერთდროულად  არის ჩადებული ლექსში/სცენარში. 

ძალიან რთული იდეაა. ვფიქრობ, ჩემი მისვლა ამ მონუმენტურ მასალამდე, რომელსაც ჰქვია „სახიანი ნაბადი“ საუკეთესო  ფორმაა გოგიტას ამ იდეის ვიზუალიზაციისთვის. ასე მგონია,  მას ეს ფორმა მოეწონებოდა…“ 

მარიანა ჭყონიას სახიანმა ნაბადმა ჯადოსნური ტრანსფორმაცია გამოიარა: – საძოვრებიდან  მეცხვარეების ხელით ალვანამდე, ალვანიდან -სახელოსნომდე და შემდეგ თბილისში, გალერეაში რელიეფური აბსტრაქციების სახით გამოიფინა.

გამოფენა 14 იანვრამდე გასტანს Shared Space-ში. ასე რომ, აუცილებლად ნახეთ!..


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.