fbpx

ზეიმი არგენტინის ცის ქვეშ!


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც მსოფლიოს 22-ე საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მონტიელიმ გადამწყვეტი პენალტი ზუსტად შეასრულა, მას სიხარულის ხეირიანად გამოხატვის უნარიც კი დაკარგვოდა და როგორც ჩანს, იმ მომენტში ბოლომდე გააზრებულიც არ ჰქონია, თუ რა დიდი სიხარული მოუტანა საკუთარ ქვეყანას ამ ისტორიული პენალტით.

ფინალი მართლაც რომ განსაკუთრებული აღმოჩნდა ფეხბურთის მოყვარულებისთვის, რადგან მსგავსი ვნებათაღელვა და დაძაბულობა უკანასკნელი ათწლეულების საფეხბურთო ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს, ხოლო ტელევიზიის დაარსებამდე ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით.

პარადოქსი კი ისაა, რომ თუკი მატჩის პირველი 78 წუთის მიხედვით ვიმსჯელებთ, ფინალი თავისი მიმდინარეობით საფრანგეთის და ბრაზილიის 1998 წლის დაპირისპირებას ჰგავდა და უფრო მოსალოდნელი თითქოს არგენტინელთა მესამე გოლი იყო საფრანგეთის ნაკრების კარში, ვიდრე ამ უკანასკნელის მიერ ანგარიშის სხვაობის შემცირება.

მომავალ მსოფლიო ჩემპიონთათვის კრიტიკულ მომენტამდე ცოტა ხნით ადრე მათმა მწვრთნელმა სკალონიმ მოედნიდან ანხელ დი მარია გაიყვანა, რაზედაც ვინ იცის, შემდგომში როგორ ინანა, რადგან უეცრად მბაპემ იფეთქა, ფრანგებს თურმე დასვენებული კომანი და კამავინგას გამოყვანაც განზრახული ჰქონიათ და სულ რაღაც სამი წუთის განმავლობაში არგენტინის ნაკრებისთვის ჰოლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედფინალური მატჩის მსგავსად, ყველაფერი თავდაყირა დადგა…

მბაპეს კამავინგას სახით ფლანგზე სერიოზული თანაშემწე გამოუჩნდა, სკალონიმ კი უკვე გათანგული დი პაულის დამხმარედ მოედანზე ზემოთ ხსენებული მონტიელის დროზე შეშვების ნაცვლად, აკუნია გამოიყვანა და ამ გადაწყვეტილებით საკუთარი გუნდის მიერ დანასისხლად მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობის განიავებაში საკმაო როლი ითამაშა.

სკალონიმ პარედესის გამოშვებაც დააგვიანა, ლაუტარო მარტინესის გამოყვანას კი  არგენტინელთათვის უკვე შექმნილი არასასურველი სიტუაცია განაპირობებდა. 

მაგრამ მწვრთნელის შეცდომები ლეო მესიმ გამოასწორა. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არგენტინის ნაკრები ძირითად დროშივე მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ მეოცე საუკუნის საფეხბურთო მესიას ეს მას შემდეგაც არ დასცალდა, რაც დამატებითი დროის მე-10 წუთზე თავისივე დაწყებული კომბინაცია აქცია გოლად.

საოცარია, მაგრამ არგენტინელებმა თითქოს უკვე დემორალიზებულ, მაგრამ ფიზიკურად უფრო ძლიერ მეტოქესთან უპირატესობის შენარჩუნება ამჯერადაც ვერ შეძლეს და თამაშმა თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიაღწია.

საფრანგეთის ნაკრებს შეხვედრის დამატებითი დროის დასრულებამდე კიდევ ერთხელ მიეცა პენალტის დარტყმის საშიუალება და მბაპემ იგი მეორეჯერაც გამოიყენა.

საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა ინგლისელ ფორვარდ ჯეფ ჰერსტის მიერ 1966 წლის ფინალში დამყარებული რეკორდი გაიმეორა, ჰეთთრიკი შეასრულა და მატჩის შემდგომ პენალტების სერიაშიც გამოიჩინა თავი, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა და  უპირველეს ყოვლისა კი მეკარე უგო ლორისმა ვერ ივარგეს.

არგენტინელმა ფეხბურთელებმა თვით მესის ჩათვლით პენალტები იმდენად უხარისხოდ შეასრულეს, რომ მეკარე ლორისის ადგილზე ფრანგებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონის მეკარე მარტინესი რომ ჰყოლოდა, შეიძლებოდა ოთხიდან სამი თერთმეტმეტრიანი მოეგერიებინა…

მარტინესი კი, როგორც ყოველთვის, საუკეთესო იყო და იმდენი მოახერხა, რომ თვით მბაპესაც კინაღამ აუღო სამიდან ორი პრაქტიკულად აუღებელი თერთმეტმეტრიანი.

ამიტომ მითი იმის შესახებ, რომ პენალტების სერია ლატარიაა, უკანასკნელ წლებში სამეკარეო კლასის საოცარი დახვეწის გამო, ალბათ უკვე წარსულს ჩაბარდა და ამა თუ იმ დიდი ტურნირის მოგების პრეტენზიის მქონე გუნდების მწვრთნელები აუცილებლად ისეთ მეკარეებს უნდა არჩევდნენ, რომლებიც დახელოვნებულნი არიან პენალტების მოგერიებაში.

მსოფლიო ჩემპიონატზე ამ მხრივ გამორჩეულნი არგენტინელი მარტინესი, ხორვატი ლივაკოვიჩი და პოლონელი სჩესნი იყვნენ.

მესი კი სრულიად დამსახურებულად გახდება ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ფეხბურთის მრავალი „ექსპერტის“ აზრით, მარადონას ახლა თუ გაუტოლდება ან გადაუსწრებს… 

ფინალის მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის   გამოსავლენმა მატჩმაც გაამართლა. 

ეს შეხვედრა ტრადიციულად ფინალის შემამზადებელია, განსხვავებული ხასიათის მატარებელია და შედეგი ხშირად დამოკიდებულია გუნდების განწყობაზე მის მიმართ, რადგან „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“  ვერ ეგუებიან ხოლმე ნახევარფინალში წარუმატებლობას და მესამე ადგილისთვის პაექრობისთვის სათანადოდ აღარ ემზადებიან.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ დაპირისპირების დაკნინებაში უმთავრესი როლი მიშელ პლატინისთან ერთად, საფრანგეთის ნაკრების კიდევ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს ეკუთვნის, რომლებმაც 1982 წელს მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან ნახევარფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში მარცხის შემდეგ, იუკადრისეს პოლონელთა წინააღმდეგ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.

ამ არასპორტული საქციელის გამო, საფრანგეთის ნაკრებმა ვერ გამოავლინა რეალური ძალა და ისე დამარცხდა იმ მატჩში.

იქამდე კი ასე არ იყო, რაზედაც თუნდაც 1978 წლის ჩემპიონატის მესამე ადგილის  გამოსავლენი მატჩი მეტყველებს ბრაზილიის და იტალიის ნაკრებებს შორის, რომელიც არც ხარისხით და არც დაძაბულობით ჩამოუვარდებოდა იმავე ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებას მასპინძელ არგენტინელებსა და ჰოლანდიელებს შორის.  

არასპორტულობის რეკორდი კი ბრაზილიელებს ეკუთვნით, რომელთაც 2014 წელს იმის ნაცვლად, რომ გერმანიის ნაკრებთან ნახევარფინალში განადგურების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ოდნავ მაინც აღედგინათ შელახული რეპუტაცია, მესამე ადგილისთვის მატჩში ნიდერლანდების ნაკრებთან მშრალი ანგარიშით – 0:3 წაგებით, საბოლოოდ შერცხვნენ.

მესამე ადგილისათვის ამჟამინდელმა დაპირისპირებამ კი გულშემატკივრებისათვის სასიხარულოდ აშკარად გაამართლა, რადგან როგორც ხორვატიის, ისე მაროკოს ნაკრებებმა  გამოავლინეს მაქსიმალური ენერგია, რომელიც მათ ტურნირის ბოლომდე შემორჩათ.

როგორც ყოველთვის, შეუდარებელი იყო ხორვატთა ლიდერი ლუკა მოდრიჩი, რომლის მიერ შესრულებული ნებისმიერი გადაცემა აღწევდა პარტნიორამდე და რაც მთავარია, ოპტიმალური იყო გუნდისთვის.

ხორვატები წინასწარ შემუშავებული თავური კომბინაციის გათამაშების შედეგად დაწინაურდნენ. მეორე ბურთი კი ბრაზილიელებთან მატჩის გმირმა ორშიჩმა  ეფექტური ჩახვეული დარტყმით გაიტანა, რომელსაც კარიდან ოდნავ წინ გამოსული  გოლკიპერი ბონო ვერ შესწვდა.

მაროკოს ნაკრებმა იქამდე ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში ხორვატები უფრო ახლოს იყვნენ ორბურთიანი სხვაობით დაწინაურებასთან, ვიდრე მეტოქე მის ხელმეორე გათანაბრებასთან. 

ასეთი რანგის მატჩებთან შეუჩვეველი მაროკოელები მეორე ტაიმში მსაჯზეც ცდილობდნენ გუნდური ზემოქმედების მოხდენას და რამდენიმე ეპიზოდში დაამახინჯეს კიდეც თამაში, რომლის ვიზუალური მხარის სილამაზეს ძირითადად ხორვატიის ნაკრების გონებაგამჭრიახი და ტექნიკური ფეხბურთელები განაპირობებდნენ.

ამიტომ ხორვატებმა თავიანთ ხანმოკლე საფეხბურთო ისტორიაში სრულიად სამართლიანად დაიმსახურეს უკვე მეორედ ბრინჯაოს მედლები, რაც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ ვერცხლთან ერთად, უდიდეს სიმდიდრეს წარმოადგენს ოთხ მილიონიანი ქვეყნისათვის.

არგენტინა კი უკვე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია და ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ბრაზილიის, იტალიის და გერმანიის ნაკრებებს ჩამორჩება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.