“ყველაფერი სამობით | EVERYTHING BY TRINITY” – მარიამ საკნელაშვილის სოლო გამოფენა გალერეა 4710-ში
გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ხელოვანის, მარიამ საკნელაშვილის პირველ სოლო გამოფენას “ყველაფერი სამობითაა“.
მარიამ საკნელაშვილთან გალერეასთან 2020 წლიდან თანამშრომლობს და ამ პერიოდის განმავლობაში ხელოვანი გალერეის სარეზიდენციო სტუდიაში მუშაობდა. მარიამი ფრანგული ფილოლოგიის მეორე კურსის სტუდენტი და თვითნასწავლი ხელოვანია. მარიამ საკნელაშვილი მულტიმედია ხელოვანია, თუმცა ძირითადად ქაღალდზე აკვარელით მუშაობს. მისი მხატვრობა ინსპირირებულია ქართული ტრადიციული კედლის მხატვრობით, ილუსტრაციის ესთეტიკით და საშინელებათა ჟანრის (ჰორორის) ელემენტებით. მისი ნამუშევრები გაჯერებულია თხრობის დინამიკით, სიუჟეტის განვითარებით და გაჩერებული დროის დაძაბულობით.
გამოფენისთვის „ყველაფერი სამობითაა“ ხელოვანი რამდენიმე თვე ემზადებოდა და წარმოდგენილი ნამუშევარები სპეციალურად შოუსთვის შეიქმნა. გარდა ხელოვანისთვის აქამდე დამახასიათებელი ტრადიციული მასალებისა, გამოფენაზე ნახავთ კერამიკის ნამუშევრებსაც, რაზეც მან პირველად იმუშავა. გამოფენის სახელწოდება „ყველაფერი სამობით“ ავტოპორტრეტების სერიას უკავშირდება, რომლის გარშემოც მოხდა გამოფენის იდეის და კონცეფციის აგება.
პირველი ოთახის მთავარ კედელზე წარმოდგენილია სამი მცირე ზომის ნამუშევარი, ავტოპორტრეტების სერია, არტისტის პირველი მცდელობა გააკეთოს კონცენტრაცია ადამიანის სახესა და მის შინაგან სამყაროზე.
აქამდე ავტორის ძირითადი საკვლევი თემა გარემო იყო, ურბანული გეომეტრია და ადგილის კონკრეტიზაცია, ფოკუსი არქიტექტურულ სიზუსტეზე, გამოფენისთვის ნამუშევრების შექმნის პროცესში კი ცენტრალური ფიგურა ადამიანი გახდა და გარემომ თითქოს მნიშვნელობა დაკარგა და ის იმ მინიმუმით არის შემორჩენილი, რამდენადაც საჭიროა ადამიანის ყოფნა რაიმე აბსტრაქტულ სივრცეში. სივრცე ყველა ნამუშევარში პირობითია და არ არის კოკნკრეტიზაცია სამოთხის ბაღია, თეატრი თუ პირადი სივრცე.
გალერეის მეორე ოთახში, პედესტალზე წამოდგენილია ტრიპტიხი, რომლის ცენტრალურ ნაწილში ადამიანის გარემოსთან ჰარმონიული თანაარსებობაა ნაჩვენები, მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი ნაჩვენებია პროცესი, როგორც ძიების და გარდასახვის გასავლელი ეტაპები, საბოლოო ჰარმონიამდე.
გამოფენა 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.











