fbpx

Tank Magazine “ქართული ყდით”


გააზიარე სტატია

 

ცნობილი ბრიტანული ჟურნალის, Tank Magazine Magazine-ის 2022 წლის ბოლო გამოცემის გარეკანზე ქართულმა ჯგუფმა იმუშავა, ე.წ. “ყდის სახე” კი ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძეა. ეს გადასარევი ისტორია კი ასე დაიწყო: არგენტინელმა ფოტოგრაფმა Sofia Alazraki-მ, რომელიც  მუდმივად ეცნობა ბეჭდურ პრესას, 2018 წელს ერთ-ერთ არგენტინულ გაზეთში წაიკითხა სტატია ბასიანის “რეივ რევოლუშენის” შესახებ. და აქედან გაჩნდა თბილისში გადაღების იდეა, თუმცა რა და როგორი სახის უნდა ყოფილიყო პროექტი, არ იცოდა. 

შარშან კი კიევში გაიცნო ქართველები, და როგორც სოფიამ გვიამბო, საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაუძლიერდა და საბოლოოდ გადააწყვეტინა  ჩამოსულიყო თბილისში და ჟურნალის ყდა სწორედ აქ გადაეღო. 

სხვადასხვა წყაროებით მან მოიძია  ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ამ სურვილის რეალიზაციაში დაეხმარებოდნენ. სოფია დაუკავშირდა ქართველ სტილისტს, შემდეგ ქართულ პროდაქშენ კომპანია THE NOIZY-ს  და ამგვარად დაიწყო გადაღების დაგეგმვის შრომატევადი პროცესი, რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

THE NOIZY: საწყის ეტაპზე დავიწყეთ იმ ადამიანების მოძიება, რომლებსაც პროექტის ფარგლებში გადავიღებდით და რომლებიც იდეალურად შექმნიდნენ იმ სახეს, რაც წარმოგვედგინა. ჩვენ როგორც პროდაქშენ სააგენტომ შევქმენით პროექტი და გადაღებების ორგანიზებაც ჩვენს თავზე ავიღეთ. ამ პროცესში  ჩავრთეთ სამოდელო სააგენტოები, კრეატიულმა გუნდმა აარჩია მოქმედი სახეები, ამასთან პროექტის კრეატიული დირექტორი/ფოტოგრაფი 1 კვირის განმავლობაში ეძებდა ჩვეულებრივ ადამიანებს, რიგით გამვლელებს, რათა თბილისური ხასიათი უფრო მკვეთრად და ორგანულად აღებეჭდა ფოტოებში.

უცხოელი და ქართველი სტილისტები ერთობლივად მუშაობდნენ სამოსის შერჩევის პროცესზე, გვინდოდა ცნობილ უცხოელ დიზაინერებთან ერთად,  ქართველი დიზაინერებიც წარმოგვედგინა და ასეც მოხდა: Prada-ს, Miu Miu-ს, Balenciaga-ს, Chanel-ის სამოსთან  ერთად მოდელებს ეცვათ ცნობილი ქართველი დიზაინერების, Lado Bokuchava-ს, Aleksandre Akhalkatsishvili-ის, George Keburia-ს, Situationis-ის, Levau Shvelidze-ის, GODERA-ს ტანსაცმელი.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო გადაღებისთვის ზუსტად შეერჩიათ ადგილები, მოეძიებინათ  საჭირო რეკვიზიტები, გაეწერათ გადაღების გეგმა, რომ თავიდან აეცილებინა ყველა გაუთვალისწინებელი გარემოება.

გადაღების დღედ 3 ოქტომბერი შეირჩა. გუნდი დილის 5 საათზე შეიკრიბა და 18 საათი იღებდნენ. 

NOIZY: გადაღება ძალიან ხანგრძლივი იყო, მაგრამ იმდენად საინტერესოდ მიმდინარეობდა,  დაღლილობას თითქმის ვერ ვგრძნობდით, და  მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ზუსტად გაწერილი და დაგეგმილი იყო, ერთ-ერთ ადგილას საოცრად ლამაზი მზის ჩასვლა დაგვემთხვა და საბოლოოდ სწორედ ეს დაუგეგმავი კადრი აღმოჩნდა ჟურნალის ყდაზე.

TANK magazine 1998 წელს შეიქმნა. ჟურნალი მოდის, კულტურის, არქიტექტურის, ტექნოლოგიებისა და პოლიტიკის შესახებ გვიამბობს. ეს ჟურნალი ასევე ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო ვიზუალით და მისი გარეკანი არაერთხელ გამხდარა ჯილდოს მფლობელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.