fbpx

TBCconcept X მეგობრები – საჩუქრები “თიბისი კონცეპტისგან”


გააზიარე სტატია

 

ახალი წელი საუკეთესო დროა მთელი წლის შესაფასებლად, მადლობის სათქმელად და საუკეთესო ურთიერთობების დასაფასებლად. “თიბისი კონცეპტი” თავის მეგობრებს ტრადიციულად ამ დროისათვის განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს.

 

ვის არ უოცნებია სახლში თუთუ კილაძის და კოტე სულაბერიძის ნამუშევარზე?

წელს თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული საჩუქრები კომპანიის მეგობრებისა და პარტნიორებისათვის სწორედ ამ ორმა მხატვარმა შექმნა. 

თუთუს მინიატიურები საახალწლო და საშობაო განწყობას უქმნის მნახველებს, კოტეს მიმზიდველი ნამუშევრები კი უფრო კონცეპტუალურია – ერთი შეხედვით მარტივი – აკვარელის ნაძვის ხის სათამაშო. ეს ნამუშევრები იმისათვის შეიქმნა, რომ ყველას სახლში  საახალწლო განწყობა შეიტანოს.

 

საჩუქრებს მოჰყვება ღია ბარათები, რომლებსაც თან ერთვის  ავტორების კონცეფცია და პირადი მილოცვა:

“ხატვის პროცესი დაუსრულებელი თამაშია საკუთარ თავთან, არასდროს იცი საით წაგიყვანს იდეები და საბოლოოდ რას შექმნი, მთავარია ამ პროცესში გულწრფელი და თავისუფალი იყო. მაშინ ძალიან მიმზიდველი ხდება ყველაფერი, შეგიძლია უსასრულოდ აღმოაჩინო საკუთარი თავი და სამყარო. ხატვის ჯადოსნურობაც სწორედ ეს არის –  არ იცი საით წაგიყვანს ეს მოგზაურობა. 

ახალი წელი ჩემთვის ბავშვობაა, ახლის დასაწყისი, რასაც სურვილების ასრულება მოჰყვება… ახალ წელს ყოველთვის თან ახლავს სიხარული, ახალი იდეები, დადებითი განწყობა და ოპტიმიზმი. ამ სერიის შექმნაც სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის განსაკუთრებით სახალისო.

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!”

თუთუ კილაძე

“ორასი და სამასი წლის შემდეგ ნივთები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ, შესაძლოა სამუზეუმო ექსპონატებად იქცნენ. პროექტი “მომავლის მუზეუმი” წარმოადგენს აბსოლუტურად ტრივიალური საგნების მაქსიმალურად ზუსტი ნახატების სერიას, რომელსაც დართული აქვს მითითებები წარმოების მახასიათებლების შესახებ.

ეს ნამუშევარი წარმოადგენს ერთგვარ ფსევდომეცნიერულ ნაშრომს წარმოსახვითი მომავლის მუზეუმისათვის.

იდეა გამიჩნდა 1998 წელს, როდესაც სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმმა  საცავებში არსებული სპარსული მუზარადების ზუსტი, სამეცნიერო ნახატების შესრულება  შემიკვეთა.

… ჰოდა, ვზივარ ახლა, ვხატავ ამ საახალწლო სათამაშოს და ვფიქრობ, ნეტა ვის ოჯახში მოხვდება? მოეწონება? იგუებს? ყველა შემთხვევაში მე სითბოს ვაქსოვ, სიყვარულით ვაკეთებ და სიამოვნებას ვიღებ შრომისაგან. სწორედ ეს მინდა ვუსურვო ყველას, ვისთანაც მოხვდება ჩემი ნამუშევარი. 

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!”

კოტე სულაბერიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.