fbpx

ჰარუკი მურაკამი „კაფკა პლაჟზე“ – იაპონური გარემო, ევროპული მითი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

 

ტირესიასი: „…იღებენ რა მამისგან მაგალითს, ცდილობენ განთავისუფლდნენ ძალაუფლებისგან, რომელსაც ყველა უნდა ემორჩილებოდეს“.

ანდრე ჟიდი – „ოიდიპოსი“ (პირველი მოქმედება)

 

ანტიკური მითოლოგიისა და ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ მითს ოიდიპოსის შესახებ ძველ ბერძენ დრამატურგ სოფოკლემდე მივყავართ. მან პიესა „ოიდიპოს მეფე“ დაახლოებით ძვ.წ. 425 წელს დაწერა და, მიუხედავად ძალიან დიდი დროის გასვლისა,  ნაწარმოებს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს, მეტიც, ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიასა თუ ლიტერატურაში დღემდე სხვადასხვა ფორმითაც კი გვხვდება. რეალურად ამის მიზეზი ისაა, რომ პიესის ცენტრალური რგოლი ადამიანია, ადამიანის თავს გადამხდარი ისტორია, რომელიც უამრავ ემოციას აერთიანებს და მკითხველს მოულოდნელობისა და ბედისწერის არსზე აფიქრებს. ოიდიპოსის ისტორიის უმოკლესად გადმოცემა ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც – ეს არის ისტორია მეფე ლაიოსისა და იოკასტეს ვაჟზე, თებეს მითურ მეფეზე, რომელმაც მოკლა მამა და დედაზე იქორწინა. 

იაპონელი ავტორი, ჰარუკი მურაკამი, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ის 1949 წელს კიოტოში დაიბადა და ბავშვობიდანვე დასავლური კულტურით იყო გატაცებული, რაც მისი ნაწარმოებების გაცნობისას ძალიან ნათელი ხდება. ქართველი მკითხველი მას „კაფკა პლაჟზეს“ გარდა, არაერთი რომანით იცნობს, იქნება ეს „ნორვეგიული ტყე“, „ნაწყვდიადევს“, „ნადირობა ცხვარზე“, “1Q84“ თუ სხვა. „კაფკა პლაჟზე“ 2002 წელს დაიწერა, ქართულ ენაზე კი, თამარ სუბელიანის ბრწყინვალე თარგმანი „სულაკაურის გამომცემლობამ“ 2014 წელს გამოსცა და ქართველ მკითხველს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. რომანმა მალევე მოიპოვა მსოფლიო აღიარება – 2005 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საუკეთესო ახალგაზრდული წიგნის ჯილდო მიიღო, რასაც არაერთი ლიტერატურული პრიზი მოჰყვა. კულტურათა შერწყმის მცდელობა ლიტერატურაში უფრო ევროპელი ავტორებისთვისაა დამახასიათებელი. აზიური ლიტერატურა, ფაქტობრივად, არ ცნობს თხრობის ამ სპეციფიკას, მიუხედავად იმისა, რომ იუკიო მისიმა ევროპაში უფრო დიდი მოწონებითა და პატივისცემით სარგებლობდა, ვიდრე იაპონიაში.  ამაზე საუბრისას საკმარისია, ვნახოთ მარგარეტ იურსენარის ჩანაწერები, სადაც ის უდავოდ აღფრთოვანებულია იაპონელი ავტორით. რაც შეეხება ჰარუკი მურაკამის, იგი ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია,  – მან შეინარჩუნა საკუთარი ქვეყნისთვის დამახასიათებელი კულტურა და მას საფუძვლად ევროპული მითი დაუდო. 

სანამ უშუალოდ მურაკამის რომანის შესახებ ვისაუბრებ,  ვფიქრობ, მნიშვნელოვანია,   რომანის წერის ავტორისეულ ტექნიკაზე მსჯელობით დავიწყო. მურაკამი წიგნში „აქციე დრო შენს მოკავშირედ: რომანის წერის შესახებ“  მოგვითხრობს იმ ეტაპებზე, რომლებსაც ის რომანებზე მუშაობისას გადის. ტექსტში ვკითხულობთ, რომ მწერალი რომანის პარალელურად სხვას არაფერს  წერს,  პირველ რიგში მაგიდას ასუფთავებს,  დასვენებას დიდ ყურადღებას აქცევს და გადაწერაში დახარჯულ დროს ძალიან სახალისოდ აღიქვამს. მთავარი კი, რაც მისი წერის სპეციფიკიდან რეკომენდაციადაც კი შეგვიძლია მივიღოთ, ისაა, რომ მურაკამი ყოველდღე, თუნდაც სრულიად უიმედოდ და გულგრილად, წერას აუცილებლობად მიიჩნევს, რადგან, ფიქრობს, რომ ამის გარეშე რომანი საბოლოო სახეს ვერ მიიღებს. ეს მიდგომა მის, ვფიქრობ, საუკეთესო ნაწარმოებს – „კაფკა პლაჟზე“ – ძალიან ეტყობა, – დიალოგებისა და აღწერების ის ჰარმონიული შერწყმა, რომელსაც ნაწარმოებში ვხვდებით, სწორედ ზემოთ მოყვანილ წერის მანერაზე გვაფიქრებს და ცხადყოფს, რომ მურაკამის ბრწყინვალედ გამოსდის რიტმის რეგულირება. ამერიკელ მწერალ ჯონ აპდაიკს თუ დავუჯერებთ, მას მიაჩნდა, რომ მურაკამი მსუბუქი ლიტერატურის შემოქმედია, მაგრამ მისი „კაფკა პლაჟზე“ არის ერთგვარი გადასვლა მსუბუქიდან მძიმე, ალუზიებითა და მისტიკური პასაჟებით სავსე ლიტერატურაზე და, სწორედ ამიტომაცაა გამორჩეული მის შემოქმედებაში.

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი 15 წლის კაფკა თამურაა, რომელიც დასავლური ლიტერატურითა და მუსიკითაა გატაცებული, უსმენს კოლტრეინსა და Radiohead-ს. ამასთან ერთად კი მამამისს აქვს ხილვა, რომ შვილი მას მოკლავს და დედასთან სექსუალურ კავშირს დაამყარებს. მოულოდნელად თამურა გადაწყვეტს, რომ საკუთარ დაბადების დღეზე სახლიდან გაიქცეს ავტობუსით, სამხრეთისაკენ, რადგან იქ უფრო თბილა და ზურგჩანთით ბევრი არაფრის ტარება მოუწევს. რასაკვირველია, უკვე ცხადია, რომ საქმე ოიდიპოსის მითის ალუზიასთან გვაქვს, მაგრამ სოფოკლეს ტრაგედიის შემთხვევაში, უბედურების გამომწვევი ოიდიპოსის მამის ბედის წინააღმდეგ გალაშქრება იყო, –  რომ არა მისი გადაწყვეტილება, მოეკლა შვილი, შესაძლოა, ამბავი რადიკალურად სხვანაირად განვითარებულიყო. მურაკამის ტექსტში, თითქოს, ასეთი მკვეთრი წინააღმდეგობები მამის მხრიდან არ გვაქვს, მაგრამ ნაწარმოებში განვითარებული სიუჟეტი, რა თქმა უნდა, ოიდიპოსის მითს ვერ სცილდება და მთელი რომანის განმავლობაში მასთან მტკიცედაა გადაჯაჭვული. აღნიშნული მანერა თხრობისა განსაკუთრებით პოსტმოდერნიზმისთვის უცხო სრულებითაც არ გახლავთ. სწორედ ასე მოიქცა ხავიარ მარიასიც მის გენიალურ რომან „ბერტა ისლაზე“ მუშაობისას და ტექსტის სიუჟეტს საფუძვლად ოდისევსის საოცარი მოგზაურობის ამბავი დაუდო. მურაკამის მთავარი პერსონაჟი გვაცნობს მეგობარს, რომელსაც „ყვავი“ ჰქვია. რა თქმა უნდა, „ყვავი“ თავად მთავარი გმირია, აღნიშნული გადაწყვეტა კი სიტუაციის გამძაფრებას და ტექსტის მაგიური ელემენტებით გაჯერებას ემსახურება. კულტურათა შერწყმაზე საუბრისას აუცილებელია, ვახსენოთ თურქი მწერალი, ორჰან ფამუქი. აღმოსავლური და დასავლური კულტურის განსხვავებულობის ჩვენება და მათი თანაარსებობის შეუძლებლობის ახსნა ფამუქის შემოქმედების მთავარი თემაა, მაგრამ მურაკამი არ ცდილობს კულტურების შეერთებას ისე, როგორც ამას ფამუქი გააკეთებდა. იაპონელი ავტორი უბრალოდ იღებს კულტურებიდან მისთვის საინტერესო ნაწილებს, ორჰან ფამუქი კი მენტალურ, თვისობრივ განსხვავებაზე საუბრობს, რაც, რასაკვირველია, ძალიან დიდი განმასხვავებელი ფაქტორია.  ჰარუკი მურაკამიმ მნიშვნელოვანი როლი მიანიჭა ნაწარმოებში სიმბოლოების შექმნას და ამ სიმბოლოების დახმარებით მკითხველის ტექსტში მთავარ გმირად ქცევასაც კი. როდესაც „კაფკა პლაჟზეს“ ვკითხულობთ, ჩვენ გარშემო უამრავი სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოები ჩნდება, რაც, თითქოს პერსონაჟებად გვაქცევს. როცა დაიწყება თამურას მოგზაურობა, მოგვაგონდება ფოლკნერის „აგვისტოს ნათელი“, რომელშიც ორსული ლინას მოგზაურობით ვეფლობით, პერსონაჟის სახელს და მის მამასთან დაპირისპირებას თუ დავაკვირდებით, გამორიცხულია, არ გაგვახსენდეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ძნელად აღსაქმელი ჩეხი ავტორი, ფრანც კაფკა, რომელსაც არც ისე სასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან და, რომელსაც არაერთი რამ დაუწერია მშობლისათვის, კიდევ უფრო წინ თუ წავალთ, შევხვდებით კატებს, რაც გადაგვისვრის ჰემინგუეის ბიოგრაფიასა და სომერსეტ მოემის შემოქმედებაში და ასე დაუსრულებლად, მაგრამ ერთ-ერთ ცენტრალურ ასპექტად რომანის სტრუქტურაზე საუბრისას მაინც პარალელური თხრობის ტექნიკა გვევლინება. მათ, ვისაც წაუკითხავთ მარიო ვარგას ლიოსას რომანები, ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტა, არ გააოცებთ, რადგან „ვაცის ნადიმში“ ჩვენ ვეცნობოდით ერთ თავში მთავარი გმირის ცხოვრების ტრაგიზმს, ხოლო მეორეში ვხედავდით დიქტატორ ტრუხილიოს მკვლელობის დაგეგმვას, ანალოგიური სტილი ლიოსამ „დეიდა ხულიაშიც“ აირჩია და რომანში მომხდარი ამბის პარალელურად, ამავე ნაწარმოების პერსონაჟის მოთხრობები განავითარა. ჰარუკი მურაკამის ტექსტში კი კენტი თავები თამურას მოგზაურობას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აღწერს, ხოლო ლუწი თავები ნაკატას ცხოვრების გზამკვლევად გვევლინება. პირველ თავში თუ კაფკა თამურას გავეცანით, მეორე თავში ვიწყებთ 1946 წელს მომხდარი ისტორიის კითხვას, რომელშიც ლეიტენანტი რაღაცის გამო კითხავს მოქალაქეებს. რასაკვირველია, ეს, ერთი შეხედვით, დამოუკიდებლად განვითარებული სიუჟეტური ხაზები, ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და რომანის სრულყოფილებაც ისაა, რომ ფინალი ამ ორ სიუჟეტურ ხაზს აერთიანებს. 

ლიტერატურაში სადმე გამგზავრება, სახლიდან წასვლა დიდი, გარდამტეხი თავგადასავლის სიმბოლოა. ამ აზრის დასტურად კი უამრავი შედევრის გახსენება შეგვიძლია, იქნება ეს ოდისევსის, დონ კიხოტის თუ სხვა ლეგენდარული პერსონაჟის ისტორია. მოგზაურობის დაწყებას აქვს დანიშნულებაც, დანიშნულება, რომ რაღაც ახალი უნდა დაიწყოს, სწორედ ამიტომ მოდის ფოლკნერის პერსონაჟი ლინა ჯეფერსონში, სწორედ ამიტომ იწყებს ავტორი „აგვისტოს ნათელს“ ლინას ამბით. 

ჰარუკი მურაკამი ძალიან დიდ ადგილს უთმობს, ფაქტობრივად რომანის საფუძვლადაც კი წარმოადგენს, სამყაროში შემთხვევითობისა და განსაზღვრულობის დაპირისპირებას. ავტობუსი, რომელშიც თამურა ადის, შემთხვევითია, შემთხვევითია მისი ბილეთიც, მაგრამ არ არის შემთხვევით ადამიანი, რომელიც მას შეხვდება, – ნაკატაც სამხრეთით მიდის, ნაკატამაც ვერავინ ნახა სულიერად ახლობელი სახლში და ისიც სახლს გარეთ პოულობს მას. ავტორს ამ პასაჟით უნდა გვიჩვენოს, რომ სამყაროში მთავარი მოვლენები შემთხვევითობის ეფექტს მოკლებულია, რომ ბედისწერის მართვა არ არის ადამიანის შესაძლებლობების მიღმა. სწორედ ამიტომ დასჭირდა მურაკამის რეალიზმის ფანტასტიკური ელემენტებით გაჯერება, – მის რომანში ორი სამყაროა: რეალური, მიწიერი და ზებუნებრივი, წარმოუდგენელი მოვლენებითა და მისტიკით სავსე,  – ადამიანებისა და კატების სამყარო… ნაკატა ამ მისტიკური სამყაროს ცენტრია, ის სახელებს არქმევს კატებს და ამ ჟესტით ადამიანებად აქცევს მათ, ამას ემატება ისიც, რომ ადგილი, სადაც კაფკა თამურამ დაიდო ბინა, ბიბლიოთეკაა. ბიბლიოთეკა ზებუნებრივი სამყაროს სიმბოლოდაა წარმოჩენილი, რადგან მთავარი მისტიკა ტექსტისა სწორედ აქ ჩნდება – მთავარი გმირი იცნობს ქალს, რომელიც თვრამეტი წლის წინ მღეროდა, შემდეგ წიგნი დაწერა, ახლა კი ბიბლიოთეკაში მუშაობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არის ეს ქალი, ამის გამოცნობა მურაკამის მიზანი სულაც არაა, უბრალოდ, ამბავი, რომელიც ოიდიპოსის მითს დაეფუძნა თავისუფლების იდეის მნიშვნელობამდე და გააზრებამდე მიდის, რაც რომანის მრავალფეროვნებაზე საუბრისას აუცილებელი პუნქტია.

„კაფკა  პლაჟზეს“ მთავარი გმირი მეამბოხეა, მურაკამი მისი სახით გვიამბობს ბიჭის შესახებ, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა, რომელსაც რაღაც ახლის შეცნობის დაუოკებელი წყურვილი აქვს, – დაწესებული ჩარჩოებისა და ცხოვრებისეული ბარიერების მსხვრევა კაფკა თამურას შინაგანი მოთხოვნილებაა. უილიამ ფოლკნერს აქვს ფანტასტიკური კრებული „ნიუორლეანური ჩანახატები“. ავტორი ტექსტის ერთ-ერთ ნაწილში თავისუფლებაზე საუბრობს და წარმოგვიჩენს, თუ როგორ ცდილობს, რაოდენ დიდია მისი სურვილი, გაანგრიოს იზოლაციაში წარმოქმნილი ჩარჩოები. „…ვერასდროს მივცემდი სამყაროს იმას, რაც ჩემში იყო – თავისუფლების მოპოვების ყიჟინა“. – წერს ფოლკნერი და, ახლა მურაკამი წარმოგვიდგენს გმირს, რომელსაც ზუსტად ანალოგიური სურვილი აქვს, უბრალოდ სხვა ფორმით, სხვა, ბავშვური ხედვით, მაგრამ მაინც იგივე, ისეთივე ლაღი და მართალი, როგორიც ეს ფოლკნერის სურვილია. ნაკატას და თამურას გარდა, რომანი კიდევ არაერთ პერსონაჟს აერთიანებს. საკურა, ჯონი უოკერი, საეკი და სხვები ახალ-ახალი თავგადასავლების აღმოჩენაში ეხმარებიან მკითხველს და მათ უაღრესად საინტერესო ამბებითა და ემოციური პასაჟებით ითრევენ ნაწარმოებში. 

„კაფკა პლაჟზეს“ განხილვა სიმბოლოების, მასში გაერთიანებული რამდენიმე სამყაროსა და მისტიკურ ასპექტთა გამო დაუსრულებლად შეიძლება, – ეს არის რომანი, რომელიც მკითხველში რაღაც ძალიან ძლიერ, სევდიან განწყობას ქმნის, მაგრამ როგორიც  უნდა იყოს ჩვენეული ხედვა მურაკამის ამ შესანიშნავ ნაწარმოებზე, ვფიქრობ, მაინც არსებობს ის ცენტრალური ხაზი, რომელსაც ტექსტის სირთულეების შეცნობის გზაზე მყოფი მკითხველი აუცილებლად უნდა გაჰყვეს. საუბარი კულტურათა შერწყმით, აზიაში გაცოცხლებული ევროპული მითით დავიწყე. ჰარუკი მურაკამი მთავარ მიზნად ისახავს, რომ ამ ორი სრულიად სხვადასხვა კულტურის თანაარსებობის კვალდაკვალ გვიჩვენოს თავისუფლების იდეის დაბადება და მისი მნიშვნელობა. ამბავი მისტიკური მხოლოდ იმიტომ კი არაა, რომ აქ რაღაც ისეთს ვკითხულობთ, რაც რეალურ ცხოვრებაში ვერანაირად ვერ გადაგვხდება, არამედ იმიტომ, რომ ის იწყება თხუთმეტი წლის ბიჭის მცდელობით, აირიდოს თავიდან ოიდიპოსის წყევლა და მთავრდება სამყაროში არსებული შეზღუდვებისა და ჩარჩოების მსხვრევით. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს წიგნი უბრალოდ ბიჭის შესახებაა, რომელსაც რაღაც შეემთხვა, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ რომანი მისტიკური და რეალური სამყაროს თანაარსებობაზე დაიწერა, იმის დაშვებაც კი შეგვიძლია, რომ წიგნი უბრალოდ კატებისა და ადამიანის თანაცხოვრებაზე მოგვითხრობს. აბსოლუტურად ყველა აქ ჩამოთვლილი ვარაუდი მართებული იქნება, რადგან მურაკამი აერთიანებს თითოეულ მათგანს და მიდის იმ უმთავრეს იდეამდე, რომელსაც თავისუფლება ჰქვია და გვიჩვენებს, რომ ადამიანი მის გარეშე ვერც მისტიკურ, ვერც ყოფით სამყაროში ვერ შეძლებს არსებობას, რადგან თავისუფლების გარეშე არაფერს აქვს ფასი და აბსოლუტურად სულერთია, კოლტრეინს მოუსმენ, Radiohead-ს თუ რამე სხვას..


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.