fbpx

ძველი ღმერთები მოკვდნენ, ახლები იბადებიან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლუკა ჩერქეზიშვილი

 

დედალოსი და დედალოსის ნაირები რომ არა, ალბათ ადამიანებს არასდროს გაუჩნდებოდათ მზესთან გაჯიბრების ამბიცია. მაგია რომ ანტიკური ხელოვნებაა, ღმერთები და ღმერთკაცებიც რომ უძველესი ზებუნებრივი არსებები არიან, ეგ უკვე ძველი და ნატკეპნი ბილიკია. ჰერკულესი რომ ოლიმპოდან მოიტაცეს, ადამიანად აქციეს, ურჩხულებთან სამკვდრო სასიცოხლო ომში ამოაყოფინეს თავი და  ნებისყოფისა და სიყვარულის ხარჯზე რომ უკვდავების მოპოვება კვლავ შეძლო, ეგ მულტფილმადაც ვნახეთ, უამრავი ანიმეც გადაიღეს მაგებზე, ზებუნებრივ არსებებზე და ანტიკურ იაპონურ ღმერთებზე, მაგრამ თანამედროვე სამყაროს ტენდენციები, სამყაროში ტექნოლოგიების შემოჭრასთან ერთად, რადიკალურად შეიცვალა. 

Arcane (რომელშიც ვიდეოთამაშის LOL-ის პერსონაჟები არიან სულშთაბერილი), Love Death & Robots და Cyberpunk (კიდევ ერთი ვიდეოთამაშის ეკრანიზაცია).  Netflix-ის იმ სამ ეკრანიზაციას წარმოადგენს,  რომელმაც მომავლის ჭუჭრუტანა იპოვა და სამყარო მასში გაახედა. Love Death & Robots-ის პირველი სეზონის 8 სერია,  (Good Hunting) ალბათ, ყველაზე კარგად ლაპარაკობს მომავალზე.  ზებუნებრივ არსებაზე მონადირისა და ზებუნებრივი არსების ( 狐 კიცუნე) ისტორია, რომელიც საკუთარ ძალებს ტექნოლოგიებთან ერთად კარგავს და ტექნოლოგიების დახმარებითვე იბრუნებს. ჩვენმა სამყარომ დიდი ხანია მაგია უარყო და  გაღმერთკაცება გაკიბორგებით ჩაანაცვლა. 

ჯულიან ჰაქსლი და მაქს მორი გახდნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც გაღმერთკაცების გზად ახალი ტექნოლოგიური გზა დაასახელეს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 100 წელიწადში სამყაროსთან მიმართებაში აურაცხელი რაოდენობის ცოდნა დაგროვდა როგორც ტექნოლოგიური, ასევე ბიოლოგიური და სამედიცინო თვალსაზრისით, საჭირო გახდა იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი ამ სამყაროს ევოლუციის სათავეშია მოქცეული და, უნდა, არ უნდა, ევოლუციის ბედს განსაზღვრავს. ადამიანი გახდა ის მედიატორი, რომელიც სამყაროს საკუთარი თავის რეალიზებაში უნდა დაეხმაროს და ეს მოვალეობა მას საკუთარი ნებით არ აურჩევია. ტრანსჰუმანიზმი გახდა ის ფილოსოფია, რომელმაც ადამიანის გაკიბორგების  და პოსტჰუმანიზაციის შესწავლა და მისი განსაზღვრა განიზრახა. 

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტრანსჰუმანიზმი წარმოადგენს ცხოვრების ფილოსოფიას, რომელიც რეალურად ემსახურება ადამიანის შესაძლებლობების აღმოჩენას და მის გადალახვას, მისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, იმის განსაზღვრას, თუ რამდენად ეთიკურია ესა თუ ის ნაბიჯი.  მიუხედავად იმისა, რომ „გაღმერთკაცების“ იდეა მიმზიდველად ჟღერს და „უკვდავება“ ზუსტად იმ აკრძალული ვაშლის ნაყოფია, რომელიც ასე გვწყურია, მაინც, ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენება არ გამორიცხავს იმას, რომ უამრავი მორალური და ფიზიკური პრობლემა არსებობს, რომლის დაძლევა ჯერ კიდევ კვლევის საკითხია. მაქს მორისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი „მორფოლოგიური თავისუფლებაა“, რომელიც პოსტჰუმანისთვის წარმოადგენს საკუთარი ფიზიკური და ფორმის თავისუფლებას. გარდა ამისა, პოსტჰუმანს შესაძლებლობა ექნება საკუთარი კოგნიტიური და ემოციური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ან შეზღუდვა, მაგალითად, ბრაზის, სექსუალური იმპულსების და ასე შემდეგ. 

ერთხელ მაინც თუ გინახავთ Cyberpunk-ის სერია ან რაიმე მსგავსი ჟანრის, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება სამყარო, თუკი პოსტჰუმანები საკუთარ მორფოლოგიურ თავისუფლებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიმართავენ. ლოგიკურია იმის თქმა, რომ ადამიანის სხეული წარმოადგენს არტეფაქტს, რომელშიც ჩვენი ცნობიერია მოთავსებული. შესაბამისად, ის ჭურჭელი, რომელშიც ცნობიერია მოთავსებული, მხოლოდ მედიატორის ფუნქციას ატარებს და  სხვა არაფერია, გარდა ჭურჭლისა. ფუნქციონალიზმი იმ კითხვებს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს, მაგალითად, ჩვენი ნეირონები სხვა ბოჭკოებით, პასუხს მარტივი მსჯელობით სცემს:  ნებისმიერი სხვა ბოჭკო, რომელიც იგივე ფუნქციის მატარებელი იქნება, რა ფუნქციასაც ადამიანის სხეულში ნეირონები ატარებენ, თავისუფლად შეიძლება იქნას მიჩნეული, როგორც ნეირონების ჩამნაცვლებელი. ფუნქციონალიზმი და მორფოლოგიური თავისუფლება ლოგიკურად გვაძლევს ალტერნატივას, სადაც ჩვენი ალტარი ფიზიკური ფორმით, ზომითა და შესაძლებლობებით აღარ იქნება შეზღუდული და პოსტჰუმანს მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი ცნობიერება, საკუთარი არჩევანიდან გამომდინარე, მიკროჩიპში ან თუნდაც ნეირობოჭკოებით აგებულ ციკლოპის სხეულში მოათავსოს. თუ ჩვენთვის შორეული კოსმოსის კოლონიზაცია  ოცნებაა ან ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს,  პოსტჰუმანისთვის უბრალოდ არჩევანის საშუალება იქნება, რომელიც ჩვენთვის მოგზაურობა არ მოგზაურობის არჩევანზე გადის.

ტექნოლოგიების ჩარევა და მათი მეშვეობით გაძლიერება არ წარმოადგენს სიახლეს. ტრანსჰუმანისტების აზრით, ტექნოლოგია არის ყველაფერი, რაც ადამიანის ხელით არის შექმნილი, ესე იგი, სათვალეც, ვაქცინაც და ნებისმიერი სახის იმპლანტა, რომელიც ადამიანის გაძლიერების ფუნქციას ითავსებს. შესაბამისად, ადამიანის ტექნოლოგიური გაძლიერება არ წარმოადგენს იმ სიახლეს, რომელიც დღესაც და ამწამსაც არ ხდება. მიუხედავად ამისა, იმისთვის რომ ადამიანმა პოსტჰუმანიზაცია განიცადოს, ჯერ კიდევ ბევრი გამოუკვლეველი და პრობლემური საკითხია ამოსახსნელი. ჰოდა, ახლა ისევ ღმერთების თემას რომ არ მივუბრუნდეთ ზებუნებრივი ძალებითა და გასაოცარი შესაძლებლობებით, ინგლისელი მომღერლის პატარა შესაძლებლობაზე მოგიყვებით, რომელიც ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის გაკიბორგების გზაზე. 

ნილ ჰერბისონი  ინგლისელი მუსიკოსია, რომელშიც პირველად მოხდა ანტენის იმპლანტაცია  და მას ელექტრომაგნიტური რადიაციის, ვიბრაციების, სატელიტური კავშირის დაჭერა და მისი აღქმა შეუძლია;  თვალდახუჭულს შეუძლია განასხვაოს ფერები, მათგან წარმოქმნილი ვიბრაციების შედეგად და დაინახოს სამყარო ისე, როგორც არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია. როგორც ინგლისელი არტისტი ამბობს, მას ბავშვობიდან არ შეეძლო ფერების დანახვა, მაგრამ ახლა მას ესმის კიდეც მათი.

ჩვენ ზუსტად იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ღმერთები მოკვდნენ და ახლა მომავალში ვიყურებით, სადაც ახალი ღმერთების შექმნას შევძლებთ. ტექნოლოგიური პროგრესი ახალი ალტარებისა და ტაძრების შექმნის უფლებას მოგვცემს და ჩვენი ცნობიერებაც ახალ ჭურჭელში ამოყოფს თავს. შესაძლებლობების გააზრებითა და გადალახვით ადამიანები დაძლევენ იმ გამოწვევებს, რომელიც ყოველდღიური პრობლემების სიაში შედის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთებს თავიანთი პრობლემები აქვთ და შესაბამისად, ტრანსჰუმანისტები არ უარყოფენ, რომ ადამიანის ევოლუციის ახალ ეტაპზე გადაბიჯება ახალი, განუსაზღვრელი და წინასწარ განუჭვრეტელი პრობლემების კოლისეუმში შეგვაგდებს. ზუსტად ამიტომაც, ტრანსჰუმანისტები წინასწარ ცდილობენ ჩვენს შემზადებას. ჰოდა, როგორც დავიწყე, ისე დავასრულებ, ალბათ დედალოსი და მისნაირები რომ არა, ადამიანი კოსმოსის კოლონიზაციაზე, საკუთარი „სულის“ სხვა ჭურჭელში მოთავსებაზე ვერ იფიქრებდა და ვერც მზის გამოწვევას შეძლებდა ვერასდროს.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.