fbpx

„ფერწერა როგორც ცხოვრება“ – ინტერვიუ ხელოვან გიგა ლაპიაშვილთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

 

28 იანვარს, 19:00 საათზე „Hermit Space/ცალკე სივრცე“-ში ხელოვან გიგა ლაპიაშვილის გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული ტილოები იქნება წარმოდგენილი, სივრცის მეორე დარბაზში მისი მამის, ლეგენდარული მხატვრის, ფარნაოზ ლაპიაშვილის ნახატებიც გამოიფინება: „მამის გავლენა ძალიან დიდია ჩემს ხელოვნებაზე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ გამოფენაზე მეჩვენებინა ის საერთო გზა, რომელიც ორმა კაცმა გაიარა – მამამ და შვილმა, გზა, რომელიც მამიდან დაიწყო და ჯერჯერობით გრძელდება, როდის დასრულდება, არავინ იცის.“ – ამბობს გიგა. 

გიგა ლაპიაშვილი პროფესიით თეატრის მხატვარია, ბავშვებისთვის ჯადოსნურ თოჯინებს ქმნის, რომლებსაც შემდეგ თავად აცოცხლებს სცენაზე, თუმცა ხელოვანისთვის პირველ ადგილზე მაინც ხატვა დგას; ფერწერა – ესაა ცხოვრება, ესაა საქმე, რომელიც უყვარს, სიამოვნებას ანიჭებს და საარსებოდ მნიშვნელოვანია მისთვის. 

AT.ge_ წარმოგიდგენთ ინტერვიუს მხატვარ გიგა ლაპიაშვილთან, რომელიც მისი ხელოვნების მიმართ დამოკიდებულების, ხატვისა და თოჯინების შექმნის პროცესს შორის არსებულ განსხვავებებსა და დაგეგმილი გამოფენის შესახებ გვესაუბრა.

გიგა, რა არის თქვენთვის ხელოვნება – გამოხატვის შესაძლებლობა თუ ცხოვრების წესი?

გააჩნია რას დავარქმევთ ამ სახელს – ჩემთვის ბევრი რამ, რაც დღეს ხდება, არ არის ხელოვნება; მაგრამ, მახსოვს, თეატრის მეწაღე ისეთ ფეხსაცმელს შეკერავდა ხოლმე, რომ ეს ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო ჩემთვის. მე რომ მკითხო, ხელოვნება სულის კივილი, ძახილი, რაღაც შინაგანის  გამოვლინებაა; მთავარია მართალი იყო – თუ ტყუი, ამას მნახველი აუცილებლად მიხვდება, მე ასე ვფიქრობ.

რომელი პროცესი უფრო სასიამოვნოა თქვენთვის – ფერწერული ტილოსა და თოჯინების შექმნა თუ სპექტაკლების დადგმა? როგორც ხელოვანისთვის, რა ურთიერთგანსხვავებული შეგრძნებების მატარებელია ამ სამ მედიუმში მუშაობა?

თქვენ სადილებს ამზადებთ სახლში? დაახლოებით ასეა ჩემ შემთხვევაშიც, თოჯინები და რეჟისურა ჩემთვის ბავშვებისთვის სადილის მომზადებასთან ასოცირდება. თავს რეჟისორად არ მივიჩნევ, ეს სიტუაციამ მოიტანა – პროფესიით თეატრის მხატვარი ვარ, თეატრი არის პროფესია, ხოლო ფერწერა არის ცხოვრება. ჰაერს ვსუნთქავ? დაახლოებით ასეა ფერწერის შემთხვევაშიც, ეს საქმე მიყვარს, მსიამოვნებს და ისე მჭირდება, როგორც ლოთს სასმელი. როდესაც თეატრში მუშაობ, ძალიან ბევრი რამ უნდა იცოდე, ძალიან ბევრი უნდა იფიქრო და იწვალო იმისთვის, რომ ბოლოს შენი სათქმელი თქვა, ფერწერის შემთხვევაში კი ასე არაა – როცა ხატავ, ხარ ბედნიერი, ჩემთვის ამ საქმეს ვერაფერი ანაცვლებს.

გაგვაცანით თქვენ მიერ შექმნილი თოჯინები, რომლებსაც შემდეგ თავად აცოცხლებთ სცენაზე – როდის და როგორ დაიწყო ეს ამბავი?

თოჯინები… პირველ წელს აკადემიაში ვერ მოვხვდი – ბატონმა გოგი თოთიბაძემ გადაწყვიტა, ერთი ლაპიაშვილი მეყოფა (მამაჩემს გულისხმობდა), მეორე არ მინდაო. მაშინ გამოცდილების დაგროვება აუცილებელი იყო და თეატრში გამიშვეს სამუშაოდ. ამ პერიოდში ამბროსოვის ცნობილი სპექტაკლი „არაჩვეულებრივი კონცერტი“ დაიდგა და ის ადამიანი, ვინც ამ დადგმისთვის თოჯინა შექმნა, საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენს თეატრში დაიწყო მუშაობა თოჯინების მკეთებლად. მე ახალგაზრდა ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებდა და მასთან მუშაობა დავიწყე: ვეხმარებოდი, ვეხმარებოდი და თან ბევრ რამეს ვსწავლობდი მაესტროსგან. მოგვიანებით, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ბორჯომის თოჯინების თეატრში ვმუშაობდი, სწორედ იქ დავიწყე თოჯინების კეთება, შემდეგ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი სპექტაკლისთვის – „მუსიკის ჰანგები“ – მე შემექმნა თოჯინები, ეს იყო და ეს. მაშინ, როცა თოჯინებს აკეთებ და შემდეგ სპექტაკლი იდგმება, აუცილებელია, რამდენიმე ადამიანმა ერთობლივად აკეთოს საქმე – მე მინდოდა ეს ბავშვებისთვის იმის მაგალითი ყოფილიყო, თუ რას ნიშნავს, როცა ადამიანები, ერთად ქმნიან რაღაცას: ერთი თოჯინა სამ კაცს დაჰყავს. სწორედ ასე დავიწყეთ ეს მაიმუნობა, დღემდე ვმაიმუნობთ, ვერა და ვერ მოვრჩით.

გვიამბეთ დაგეგმილ გამოფენაზე: რა არის მისი კონცეფცია და რა პრინციპით შეარჩიეთ ნამუშევრები?

გამოფენა „ცალკე სივრცეში“ 28 იანვარს, ჩემს დაბადების დღეზე გაიხსნება და 14 თებერვლამდე გაგრძელდება. გადავწყვიტე, ის ნამუშევრები გამომეფინა, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შევქმენი. მხოლოდ ფერწერული ტილოები იქნება წარმოდგენილი, ისინი რაიმე კონკრეტული პრინციპით არ შემირჩევია – რასაც ვხატავ, იმას ვფენ. 

გამოფენაზე თქვენს ნამუშევრებთან ერთად მამათქვენის – ფარნა ლაპიაშვილის ნახატები იქნება წარმოდგენილი,  გვიამბეთ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება; მამათქვენის ხელოვნებასთან დაკავშირებით თქვენი რეფლექსიაც გაგვიზიარეთ.

მამას ვიზუალურად ძალიან ვგავარ, პროფესიითაც დავემსგავსეთ. მამაჩემის შვილი ვარ და ამით ვამაყობ – ის, რომ მე ფერწერა ვიცი, მისი დამსახურებაა, სწორედ მამაჩემი მუშაობდა იმ ტექნიკით, რომლითაც ახლა მე ვმუშაობ და დღეს ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. მან შექმნა ეს თეატრის სკოლა და თავადაც ყოველთვის იმას ამბობდა, რომ ფერწერა ცხოვრებაა, თეატრი კი პროფესია. მამის გავლენა ძალიან დიდია ჩემს ხელოვნებაზე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ გამოფენაზე მეჩვენებინა ის საერთო გზა, რომელიც ორმა კაცმა გაიარა – მამამ და შვილმა, გზა, რომელიც მამიდან დაიწყო და ჯერჯერობით გრძელდება, როდის დასრულდება, არავინ იცის. მინდა ადამიანებს ვაჩვენო, რომ ფერწერის ეს სკოლა არსებობს  და ამ სკოლის სხვა წარმომადგენლებსაც ვუბიძგო იმისკენ, რომ თავადაც გამოფინონ ნამუშევრები.

 

1,850 total views, 3 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.