fbpx

საქართველო ინსაით


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

 

ვინ არის სონი ბრამი?

საუკუნეების მანძილზე საქართველოს არაერთი უცხოელი გულშემატკივარი ჰყოლია, თითოეულმა მათგანმა დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის პოპულარიზაციაში, შეიძლება ითქვას, მათ საქართველოს აღმატებული იმიჯიც კი შეუქმნეს. ამ ადამიანების სია გრძელია, მე მხოლოდ რამდენიმე მათგანს გავიხსენებ: მარჯორი და ოლივერ უორდროპები, ჯონ სტეინბეკი, კნუტ ჰამსუნი, ვიტორიო სენა, ალექსანდრე დიუმა, ჟან შარდენი…

საინტერესოა, სოციალური ქსელების ეპოქაში როგორი შეიძლება იყოს საქართველოს გულშემატკივარი უცხოეთიდან, მისი თვალთახედვით რა სჭირდება  საქართველოს დღეს, თუნდაც ბიზნესის განვითარების კუთხით და რა თანამედროვე ხერხები შეიძლება გამოვიყენოთ  საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

ვინ არის სონი ბრამი, ფრანგი ქველმოქმედი, ბიზნესმენი, დიზაინერი, მეწარმე, მარკეტოლოგი თუ უბრალოდ თავგადასავლის მოყვარული სიმპათიური ადამიანი? ეს კითხვა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც მისი ამბიციური პროექტის – Sakartvelo Insight-ის  შესახებ გავიგე.  პრესრელიზში პროექტის აღწერა ასე გამოიყურება: საქართველო ინსაითი არის მედიაპლატფორმა, რომელიც საქართველოს პორტრეტს მაღალი ხარისხის ინგლისურენოვანი ვიდეოების მეშვეობით ქმნის. 40-მდე გავლენიანი ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი ცნობილი ადამიანი აუდიტორიას თავის გამოცდილებას უზიარებს. 

სონი ბრამი  საქართველოში 2020 წელს ჩამოვიდა.  ქართული კულტურის, იდენტობის და ეკონომიკური გარემოს ინტენსიური შესწავლის შემდეგ მისთვის ნათელი გახდა ის ორი  ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს პოტენციალის სრულად განვითარებას, ესენია: საქართველოს სწორი კუთხით წარმოჩენა  ქვეყნის გარეთ და ახალგაზრდების მოტივირება ქვეყნის შიგნით. 

მახსენდება აკა მორჩილაძის მიერ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტები: “…არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან  ერთეულმოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაცა მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ ოცდამეერთე საუკუნემდე… …ჩემი აღქმით, ეს არის ძალიან ჯიუტი, უცნაური,  ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული კულტურა და ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას… ჩვენი ამბავი, საერთოდ, თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია”... ამბობს მწერალი, რომელიც  ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველოს იდენტობას, ისტორიას, კულტურას იკვლევს და თანამედროვე საქართველოში მიმდინარე პროცესებს უწყვეტად აკვირდება, მიუხედავად ამისა, ისეთი რთული კატეგორიების განსაზღვრებისას, როგორებიცაა –  ჩვენი ისტორია და იდენტობა, ის უფრო ხშირად  შეუცნობელს, საოცარს და ზეციურს უწოდებს, ვიდრე რაიმე ლოგიკურთან ან ანალიტიკურთან მიახლოებულს. 

ამიტომ ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ მოაქცია ფრანგმა ბიზნესმენმა საქართველოს ალოგიზმებით სავსე წარსული და პერსპექტიული მომავალი თანამედროვე მარკეტინგულ ალგორითმში ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოსაზიდად.

 ამ თემებზე სასაუბროდ ერთმანეთს სასტუმრო “სტამბაში” შევხვდით.

სონი ბრამი.  “სტამბა”  კარგი ადგილია, “აჭარა ჯგუფის” გუნდს პატივს ვცემ, მათ “ჰოსფითალითის”  სფეროში მთლიანად შეცვალეს საქართველოს იმიჯი. 

ჩვენი გუნდი, საქართველო ინსაითი და “სტამბა” ვთანამშრომლობთ, აქ ვიღებთ ვიდეოების სერიებს –  “საუბრები ელჩებთან”.

 

ასეთი ადგილი  ნიუ-იორკშიც და სადაც არ უნდა იყოს, ყველგან მაგარი იქნებოდა. საქართველოსაც სჭირდება “რებრენდირება”, ქვეყანას, რომელსაც ჭავჭავაძე და ვაჟა ჰყავს, არ უნდა ასოცირდებოდეს ხაჭაპურთან და ჩურჩხელასთან, არადა, თუ უცხოელი ხარ, გაგიჭირდება საქართველოზე საინტერესო და სანდო ინფორმაციის მოძიება. ქართული სამზარეულო გემრიელია, გადასარევია, მაგრამ  ქვეყანაში  უცხოური კაპიტალის მოსაზიდად არ არის საკმარისი.

თინა ლაღიძე. თავად თქვენ როგორ მოიძიეთ ინფორმაცია საქართველოს შესახებ?

ს.ბ. ჩემთვისაც არ იყო ადვილი, მაგრამ მე მომწონს პრობლემების გადაჭრა.  როდესაც რაღაც სრულყოფილია, ის მოსაწყენია. მე ნახევრად მაროკოელი ვარ, მაროკოც საქართველოსავით განვითარებადი ქვეყანაა და ჩემთვის ეს ძალიან მიმზიდველია, ამ დროს შენც შეგიძლია შენი პატარა წვლილი შეიტანო განვითარების პროცესში, რაღაც ტიპის ზეგავლენა იქონიო. საერთოდ მომწონს ამგვარი სირთულეები, ასეთ დროს თავს საჭიროდ ვგრძნობ. 

თ.ლ.  სონი, კონკრეტულად, რა არის თქვენი სპეციალიზაცია?

ს.ბ. ბევრი რამ, ტანსაცმლის და უძრავი ქონების გაყიდვიდან დაწყებული, ჩანთების დიზაინით, ავეჯის წარმოებით და ძვირადღირებული მარკეტინგული კამპანიებით დამთავრებული. პანდემიამ ჩემს საქმიანობას მძიმედ დაარტყა და ჩავთვალე, რომ ახალი გამოწვევების დროა.

თ.ლ. მგონი, უბრალოდ, ჯაშუში ხართ?

ს.ბ. იცინის… ყველა მაგას მეუბნება…

თ.ლ.  საქართველო საცხოვრებლად და ბიზნესისთვის რა ნიშნით ამოარჩიეთ?

ს.ბ. საქართველო ჩემთვის რამდენიმე კრიტერიუმით იყო საინტერესო:   პატარა მთავრობა და ბიზნესისთვის მოქნილი რეგულაციები;  ევროპული წყობის ქრისტიანული სახელმწიფო, სადაც  მუსლიმურ ქვეყნებთან შედარებით მეტი თავისუფლებაა; კომუნისტური წყობის გამოცდილება და მისი უარყოფა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან, საფრანგეთში სოციალისტური იდეები ძალიან რომანტიზებულია, მე კიდევ არ მომწონს სოციალიზმის კონცეფცია, ვთვლი, რომ სოციალიზმი ამცირებს ახალგაზრდა თაობის პოტენციალს.

თ.ლ. რატომ ჩათვალეთ, რომ ამ ტიპის მედიაპლატფორმა უნდა შეგექმნათ და რას ემსახურება საქართველო ინსაითი? 

ს.ბ. თავდაპირველად კვლევით დავიწყე, უნდა გამეგო ქვეყნის დინამიკა, ამომეცნო ქართული იდენტობა, შემესწავლა კულტურა და ისტორია, გამეგო, რა არის ქართველების იდენტობის ფუნდამენტი. შევხვდი საინტერესო ადამიანებს, ბევრი ვესაუბრე მათ.

შევიტყვე, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულება  თავისუფლებაა – როგორც ინდივიდუალურ, ასევე სახელმწიფოებრიობის დონეზე. ის, რომ საქართველოს ძალიან ღრმად აქვს შეთვისებული რელიგიური სტრუქტურა,  სასიკეთოდ თუ საზიანოდ, ეს ცალკე საკითხია… კიდევ ის, რომ ქართველი ქალები ძალიან ძლიერები არიან არა მარტო დღეს, არამედ ისტორიულადაც.

თ.ლ.  ამ საკითხში აბსოლუტურად გეთანხმებით (ვიცინით), არ არის იოლი ქართველი კაცების სიამაყის ბურუსში ქართველი ქალის კონტურები გამოარჩიო…

ს.ბ.  ასე, ნელ-ნელა შევიქმენი წარმოდგენა, თუ რა არის საქართველო და როდესაც ინფორმაციას ფლობ, უკვე შეგიძლია დაინახო ქვეყნის განვითარების ვექტორი მომავალში. გავაანალიზე, რომ საქართველოში უცხოური კაპიტალის ნაკლებობაა, მაგრამ,  ქვეყანაში რომ უცხოური კაპიტალი მოიზიდო, თავდაპირველად პოტენციურ ინვესტორს უნდა გააგებინო – არსებობს საქართველო თავისი უძველესი კულტურითა და უცხოური ბიზნესისთვის მოქნილი რეგულაციებით. ამიტომ ჩემს დროსა და ენერგიას ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ვუთმობ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში ბევრი ჩემნაირი ადამიანია, ვისაც ყელში აქვს ამოსული დიდი მთავრობები თავისი მოუქნელი რეგულაციებით, მჯერა, რომ ისინი პოტენციური ინვესტორები არიან.

მეორე პრობლემა  ის არის, რომ ქართველ ახალგაზრდებს დიდად არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, არ სჯერათ საკუთარი ქვეყნის. ეს ძალიან მასევდიანებს. ვფიქრობ, ახალგაზრდების ასეთი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი საბჭოთა კავშირიდან მიღებული მემკვიდრეობაა, როდესაც ინდივიდი თავად ვერაფერს წყვეტდა.

თ.ლ.   ისინი ხომ მაშინ დაბადებულებიც არ იყვნენ?

ს.ბ.   დიახ, მაგრამ, შესაძლებელია ეს საკუთარ თავში დაურწმუნებლობა თავიანთი მშობლებისგან გაუცნობიერებლად გადმოსცემოდათ.  

თ.ლ. ჩამოთვლილ პრობლემებთან გამკლავებას ვიდეოების მეშვეობით ფიქრობთ?

ს. ბ.  დიახ, რადგან მაღალი ხარისხის ვიდეო დამაჯერებელი მედიუმია, მას შეუძლია აღძრას მოტივაცია, დაგანახოს  წარმატების გზა და ამ წარმატების უკან მდგომი ადამიანი.

თ.ლ. ელჩების გარდა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ასეთი დიდი გავლენა უნდა იქონიონ აუდიტორიაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ? პრესრელიზში ამოვიკითხე: “ეს არიან ადამიანები, ვისაც ცხოვრებაში მრავალი სირთულის გადატანა მოუწიათ და დღეს ინდივიდუალური თავისუფლების და პასუხისმგებლობის მაგალითს წარმოადგენენ. საქართველო ინსაითი ხაზს უსვამს ორ მთავარ პრინციპს: ინდივიდუალურ თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას. 

ს.ბ. დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ორი პრინციპია. პროფესიას, ნაციონალობას, სქესს ან ადამიანის ორიენტაციას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. კიდევ ორი წესი გვაქვს: არ ვარჩევთ პოლიტიკას და თუ გამოსავალ გზას ვერ ვთავაზობთ აუდიტორიას, არ ვწუწუნებთ პრობლემებზე. ელჩებთან საუბრების ფორმატის გარდა,  ჩვენ ვქმნით ახალგაზრდა მეწარმეების და რეწვის წარმომადგენლების ვიდეოპორტრეტებს. რაც მათ საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.  საქართველოში რეწვას დიდი პოტენციალი აქვს, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომ  რეწვა ჩემი სიყვარულია.

 

 

 

თ.ლ. ვინ არის პროექტის დონორი?

ს.ბ. ჯერჯერობით პროექტს თავად ვაფინანსებ, პარალელურად ვეძებ სპონსორებს. ეს კამპანია ჩემს გუნდთან ერთად 8 თვის წინ დავიწყეთ, ვიდეოების  ნახვა უკვე შესაძლებელია ინტერნეტში:

 

თ.ლ.  სად იქნება სონი ბრამი და საქართველო ინსაითი ათ წელიწადში?

ათ წელიწადში მინდა,  საქართველო-ინსაითი იყოს პირველ ათეულში სანდო საინფორმაციო მედიებს შორის საქართველოს შესახებ. აგრეთვე, ვისურვებდი,  საქართველო-ინსაითი გახდეს ინსტრუმენტი, რომელიც შეცვლის ქვეყანას  და მის  პერსპექტივას მსოფლიოში. 

ჩემს თავსაც, ნამდვილად აქ, საქართველოში სხვადასხვა პროექტით ვხედავ, თუმცა სხვა ქვეყნებშიც ვაპირებ მუშაობას. 

 

თ.ლ. მინდა, იდეა შემოგთავაზოთ: ინტერვიუს ბოლოს ყველა რესპონდენტმა ერთი ან ორი რესპონდენტის იდეა მოგაწოდონ. ჩემი შემოთავაზება იქნებოდა – მკვლევარი, ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი და საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ეთნომუსიკოლოგი – ბენ უილერი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.