რეფლექსია სწორ დროსა და სწორ ადგილას
ავტორი: თეონა ჯაფარიძე
დღეიდან თუ ამ ცნობილ გამოფენაზე მოხვდებით ეროვნულ გალერეაში, „მხატვრის მიერ დაზიანებების შედეგები აღმოფხვრილი“ დაგხვდებათ.
ამ ოფიციალური განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ე.წ. აღმოფხვრილი დაზიანებების შედეგები გადაღებილი თეთრი კედელია, რომელსაც დამთვალიერებელი ნამდვილად არ აკლია. ისინი, რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ინტერესით უყურებენ ცარიელ კედელს, რომელმაც რამდენიმე ტრანსფორმაცია განიცადა: კედელი, სადაც გამოფენის გახსნამდე სანდრო სულაბერიძის ნამუშევარი Tete-a-tete ეკიდა, გამოფენის გახსნის დროს ვარდისფერი საღებავით სპონტანურად შესრულებულ ემოციურ გრაფიკულ წარწერად იქცა, გამოფენის მეორე დღეს კი გადაღებილ კედლად, ანუ „აღმოფხვრილი დაზიანებების შედეგად“ აქცია ეროვნული გალერეის დირექციამ.
აქტუალური წარწერა კედელზე – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ახლა უკვე თეთრ სიცარიელედ ჩაეწერა გამოფენაში – გურამ წიბახაშვილისა და ქრისტინე ტუსიაშვილის ნამუშევრებს შორის და კონცეპტუალურად შეერწყა ექსპოზიციას, რომელსაც დამთვალიერებელი ნამუშევარივით „ათვალიერებს“.
გამოფენა მართლაც დიდებულია. მთლიანობაში მასშტაბური ექსპოზიცია ისეა აწყობილი, რომ ქართული მოდერნიზმის კლასიკოს ავტორებსა და თანამედროვე მხატვრებს შორის დინამიკური კავშირი და მემკვიდრეობითობა ბუნებრივად იგრძნობა, რაც თავისთავად გამოფენის კურატორის მიზანიც იყო.
გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ კურატორული პროექტი იყო, სადაც კავშირი მოდერნიზმსა და თანამედროვე ქართულ მხატვრობას შორის რიგითმა დამთვალიერებელმა თუ სახელოვნებო წრეებმა ბუნებრივად უნდა შევიგრძნოთ და დავინახოთ.
გამოფენის ავტორმა/კურატორმა ქეთი შავგულიძემ სწორი ექსპოზიციით ზუსტად ამ ერთიანი ხაზის დინამიკა შექმნა ხელოვნების მუზეუმისა და კერძო კოლექციების, ახალი მილენიუმის არტისტებისა თუ 70-90-იანელთა ერთობლივი გამოფენით. ეს დინამიკა ძლიერად იგრძნობა არა მხოლოდ ავტოპორტრეტების ზედაპირული გამოფენით, არამედ მისი კონცეფციითაც:
„დავით კაკაბაძის მიერ ავტოპორტრეტების („ავტოპორტრეტი სარკესთან“, „ავტოპორტრეტი ბროწეულებით“, „ავტოპორტრეტი რუხ ხალათში“) შექმნიდან 110 წლის შემდეგ, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან, მრავალშრიან და ენიგმატურ ფენომენს ხელოვნებაში, როგორც ავტოპორტრეტია, რომელიც არა მხოლოდ პიროვნების თვითრეფლექსიის ფორმაა, არამედ მხატვრის თანადროული ეპოქის სიმბოლური განსახიერება“, – ვკითხულობთ გამოფენის კონცეფციაში.
კიდევ სხვა, მნიშვნელოვანი ისტორიული ბექგრაუნდი უდევს საფუძვლად ამ პროექტს, პირველ რიგში კი ადგილის კონტექსტი – ანუ ადგილი, სადაც ვიმყოფებით, ხომ ყოფილი „რუსეთის სამხედრო დიდების მუზეუმის“ შენობაა, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის წარმატებული ანექსიის ამსახველი დიდების მუზეუმს წარმოადგენდა მე-19 საუკუნეში და რომელშიც შემდეგ დიმიტრი შევარდნაძემ, თანამოაზრეებთან ერთად, 1920 წელს ეროვნული გალერეა დააარსა და საფუძველი ჩაუყარა პირველ ქართულ მნიშვნელოვან სახელოვნებო ინსტიტუციებს (ქართველ მხატვართა საზოგადოებას, სამხატვრო აკადემიას…).
ის და მისი თანამოაზრეებიც საბჭოთა რეპრესიებს შეეწირნენ, მანამდე კი ამ სივრცეში 1919 წელს ცნობილი საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები მოაწყო დიმიტრი შევარდნაძემ იმდროინდელი ახალი თაობის მხატვრების – დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და სხვათა მონაწილეობით, მათი პარიზში გამგზავრების წინ. თანაც გამოფენაზე ფიროსმანის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი.
და აი, 110 წლის შემდეგ ისევ შედგა გამოფენა გვერდით საგამოფენო სივრცეში ფიროსმანის განახლებული მუდმივმოქმედი ექსპოზიციის თანხლებით. ანუ ისტორიულმა ბექგრაუნდმა თუ გამოფენის კონცეფციამ, რომ „ავტოპორტრეტი პიროვნების თვითრეფლექსიის ფორმა და მხატვრის თანადროული ეპოქის სიმბოლური განსახიერებაა“, ლოგიკურად მიგვიყვანა წარწერამდე:
„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
მასზე ვერ ვიტყვით, რომ „იაფფასიანია“ (Cheap), რადგან ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი აქცია თუ პერფორმანსი, მისი ხარისხი რომ შევაფასოთ. წარწერა არ იყო შესრულებული კერძო გალერეის თუ ურბანული ნანგრევების კედელზე, არც სთრით-არტი იყო, რაც ბანალური იქნებოდა. ეს ხელოვანის სპონტანური და გულწრფელი რეფლექსია იყო სახელმწიფო სახელოვნებო ინსტიტუციის სივრცეში, რაც ზუსტი და დროული განაცხადია ავტორიტარიზმის საფრთხისა თუ ისტებლიშმენტის წინააღმდეგ და რაც 100 წლის შემდეგ ჰაერივით სჭირდება ქართულ სახელოვნებო სცენას.