fbpx

Reckless პარიზის 3rdeyeshowroom-ში მონაწილეობს


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი ბზიკაძე

 

მახსოვს,  2020 წლის ზაფხულში მოზარდების სპეციფიკური და კონცეპტუალური ფოტოპორტრეტებით ამევსო feed-ი. ჩემ გარშემო თინეიჯერებისგან არაერთხელ გამიგია, რომ დიდი სიამოვნებით “იმოდელებდნენ” “რექლესისთვის”, რადგან ბრენდის ღირებულებების ვიზუალური გამოხატულება მოზარდებისას ეხმიანება.

 

რა არის Reckless?

ახალგაზრდული, უფრო სწორად, ტანსაცმლის და აქსესუარების თინეიჯერული ბრენდი, რომლის შექმნაც უმძიმესი დანაკარგით და ტკივილითაა ინსპირირებული, 2020 წლის 31 აგვისტოდან  არსებობს. ხალხი ძალიან გულშემატკივრობდა ახალ ბრენდს.

ბრენდის შექმნა დამფუძნებლის შვილს – თხუთმეტი წლის არტისტს, ნიკა ჯორჯაძეს ეძღვნება და სახელწოდებაც მის შემოქმედებით მეტსახელს (Reckle$$) უკავშირდება. ლექსიკონის მიხედვით სიტყვა Reckless ნიშნავს იმპულსური გადაწყვეტილებების მიმღებს. სიტყვის შინაარსიც და ჟღერადობაც მკაფიოდ გამოხატავს თინეიჯერულ – მეამბოხე, პროტესტის გამომხატველ, თავისუფლებისმოყვარე  ხასიათს. 

ბრენდის კონცეფციაც სწორედ ამ განწყობაზე, ახალგაზრდულ მუხტსა და ენერგიაზეა აგებული. ბრენდი თავის ღირებულებებით: იდენტობა და თავისუფალი არჩევანი, ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს და ცდილობს მხარი დაუჭიროს მაძიებელ, შემეცნებით, კრეატიულ, რთულ ასაკში მყოფ მოზარდებს. 

ბრენდის ახლო ინტერაქცია მომხმარებელთან და ემპათიური დამოკიდებულება მოზარდებისადმი მათი ინტერესების: პოპულარული კულტურის, თანამედროვე ხელოვნების და სოციალური პრობლემების წინ წამოწევით ცხადდება. გაუცხოება, თვითგამოხატვის პრობლემები, მარტოსულობა, ტრადიციებისგან, კლიშეებისგან, ყალბი ღირებულებებისგან თავის დაღწევის სურვილი – ეს ნაცნობი შეგრძნებები იკითხება კოლექციებში.

“ჩვენ ვიქნებით ყოველთვის თქვენ გვერდით, როდესაც აღმოჩნდებით  გასაჭირში, დაბნეული, მიტოვებული…ერთად განვიცდით წინსვლას და უკუსვლას და ერთად გადავლახავთ ყველაფერს.

ბრენდის მთავარი ღირებულებაა თავისუფლება, იდენტობა, თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილებების პატივისცემა და რაც მთავარია, ჩვენ წარმოვადგენთ თქვენს სახეს”, – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი სალომე გველესიანი.

ბრენდს ავთენტურად აყალიბებენ  თავად მოზარდები  – ახალგაზრდა დიზაინერები, სოციალური მედიის მენეჯერები, ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები.

Reckless პარიზში

ბრენდი თავიდანვე  ფოკუსირებული იყო უცხოურ აუდიტორიაზე, თუმცა პანდემიის პერიოდში, მოდის კვირეულებისა და შოურუმების ციფრულ სივრცეში გადანაცვლების გამო,  კოლექცია უცხოელ შემსყიდველებს ამ დრომდე ვერ წარუდგინა.

თიბისის მხარდაჭერით, სამი წლის წარმატებული, მოთხოვნადი, პოპკულტურის იკონური სიმბოლოებით, იმიჯებით და ფორმებით შექმნილი ურბანული, მეინსტრიმული, ყოველდღიური (casual), კომფორტული სტილის, თანამედროვე ტენდენციების “რექლესი” 2023 წლის 28 თებერვალს საზღვარგარეთ პირველად, პარიზში, 3rdeyeshowroom-ში დიდი გეგმებით მიემგზავრება. 

3Rd Eye showroom კონცეპტის საგამოფენო სივრცე და სააგენტოა, რომელიც ეძებს ახალ კრეატიულ დიზაინერებს ხარისხიანი, ინოვაციური პროდუქციით ევროპასა და აზიაში. სააგენტო ბრენდებს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის კონსულტაციას მოდის ბიზნესში და ეხმარება დიზაინერებს უნიკალური ხედვის დახვეწასა და განვითარებაში, ასევე მსოფლიო მოდის ასპარეზზე წარსადგენად. www.3rdeyeshowroom.com შოურუმებს ყოველწლიურად საშუალოდ 130 000-ზე მეტი პროფესიონალი შემსყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს.

ბრენდის ახალგაზრდა დიზაინერებს: ანკა ქოიავას, ლიზა ყაჯრიშვილს და მასუ მწარიაშვილს სასიამოვნო მოლოდინი აქვთ.

“ჩვენ მივდივართ დამოუკიდებელ შოურუმში, რომელიც პარიზის შემოდგომა-ზამთრის მოდის კვირეულის პარალელურად ტარდება. 3rdeye Showroom-ის წარმომადგენელმა ჩვენი პორტფოლიოს და ბრენდის ისტორიის გაცნობის შემდეგ დაგვამტკიცა  შოურუმში წარსადგენად. სივრცე მორგებულია ჩვენს სტილზე, სხვა ბრენდებიც მსგავსი მიმართულებით მუშაობენ, შესაბამისად – რელევანტურია უცხოელი მყიდველების დაინტერესების თვალსაზრისითაც”, – ამბობს ანკა ქოიავა.

“ჩვენთვის პირველი გასვლაა ქვეყნის გარეთ, კიდევ უფრო მოტივირებული და აჟიტირებული ვართ, რადგან ქართველი თინეიჯერების სათქმელს, ტკივილს, სიხარულს საზღვრებს გარეთ გავიტანთ, რაც ჩვენი წარმატების რეალურობას უფრო ცხადყოფს. ველოდებით, რომ საინტერესო და საჭირო ადამიანები გაგვიცნობენ, რაც “რექლესისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად ალბათ იმით ვამაყობ, რომ ოთხმა გოგომ სრულიად დამოუკიდებლად, ნული გამოცდილებით ამხელა წარმატებას მივაღწიეთ”. – ამბობს ლიზა ყაჯრიშვილი.

“რექლესს” პარიზის შოურუმში წარადგენს თიბისის ახალგაზრდული პლატფორმა – “თიბისი ახალი თაობისთვის”, რომელიც ბრენდის განვითარების ყველა საფეხურზე ახალგაზრდა დიზაინერების გვერდით დგას და ხელს უწყობს თაობაში ნიჭიერი და საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და მათ ხელშეწყობას. შოურუმებში მონაწილეობას და ქართული მოდის ბრენდების საერთაშორისო გაყიდვების ხელშემწყობია ასევე “აწარმოვე საქართველოში”, რომლის პროექტის ფარგლებში “რექლესმა” თანადაფინანსება მიიღო.

„თიბისის პლატფორმა – “თიბისი ახალი თაობისთვის” – ახალი თაობის მხარდაჭერასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. გვიხარია, რომ ახალგაზრდების მიერ შექმნილი,  ახალი თაობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდი „რექლესი“ პირველად სცდება საქართველოს ფარგლებს, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ მათ, რომ  მსოფლიო მოდის რუკაზე მონიშნონ ქართული ბრენდი. გვჯერა, რომ პარიზის მოდის კვირეულზე წარდგენა „რექლესისთვის” ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება და მალე ბრენდს საერთაშორისო ასპარეზზე ვიხილავთ”, – ამბობს პლატფორმა “თიბისი ახალი თაობისთვის” ბრენდმენეჯერი – მარიამ მიქელაშვილი.

შოურუმში “რექლესი” წარმოდგენილი იქნება მოდის იმგვარივე  ხაზზე ორიენტირებულ თერთმეტ უნიკალურ ბრენდთან ერთად: Nasha made in Mars, Alexandra Moura, 8GIB, Acceptance Letter, VVV Veni Vidi vici, Cukovy, Florence Moorhead, Deep Fake Inc, Lunar Laboratoires, Hemsley London, Habey Club.

ბრენდი მესამე წელია არსებობს, საერთო ენაზე ურთიერთობს ნიშურ მომხმარებელთან, იზრდება და ფართოვდება. პროდუქციის შეძენა შეგიძლია ონლაინ  www.reckless.ge-ზე და ფიზიკურ კონცეპტ-მაღაზიაში, კოსტავას N9-ში, სადაც პოპკულტურასთან ასოცირებულ ნაწარმს და ასევე სხვა კომპანიების პროდუქციასაც შეხვდებით. 

პარიზის შემდეგ, თიბისის მხარდაჭერით, “რექლესი” თავის ახალ კოლექციას მაისში, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე აჩვენებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.