fbpx

“როცა შენ დაიბადე” – უკრანელი ავტორის საქართველოში გამოცემული ახალი წიგნი


გააზიარე სტატია

ავტორი: თამუნა გეფერიძე

 „როცა შენ დაიბადე“ – უკრაინელი მწერლის, სერაფიმა სიკორკას საქართველოში ცხოვრების დროს დაწერილი და გამოცემული წიგნია, რომლის ილუსტრირება ქართველ მხატვარს, მაკა ზედელაშვილს მიანდო. მისი ნამუშევრები ამშვენებს ისეთ წიგნებს, როგორებიცაა: ჯორჯ მარტინის “ღამეში მფრენნი“, სტივენ კინგის “ჩონჩხების გუნდი“, „სალიმს-ლოტი“ და სხვა. 

 ავტორი მოთხრობებში ჯერ არდაბადებულ შვილს ესაუბრება და მოთხრობების სახით ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გარშემომყოფ ადამიანებზე და ზოგადად, იმ სამყაროზე უამბობს, რომელშიც სულ მალე უნდა გაჩნდეს. მხატვრის თქმით, ეს ის წიგნია, რომელიც უნდა განიცადო. ქართველმა არტისტმა თითოეული მოთხრობისათვის თითო ილუსტრაცია და გარეკანი შექმნა. 

 სერაფიმა მაკას რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდა და წიგნის სახით გამოცემული დღიური გაუზიარა. მაკასთვის ნამდვილად უჩვეულო, მაგრამ ამავდროულად, აღმაფრთოვანებელი ამბავი იყო უკრაინელი მწერლის აღმოჩენა, რომელიც თავის პატარა ოჯახთან ერთად მახინჯაურში ცხოვრობდა და ირგვლივ დანახულ სამყაროს, რომლის ცენტრიც ხშირად ბათუმში მდებარე პალმის  ქვეშ არსებული სკამია, აკვირდებოდა და დიდი სითბოთი აღწერდა ყოველ განცდილ და გადახდენილ ურთიერთობასა თუ  თავგადასავალს. 

 ისტორიები ყოველდღიურ წვრილმანებს, საუბრებს, გამვლელ-გამომვლელებსა და ახალ, ქართველ მეზობლებთან თანაცხოვრებას აღწერს, ხშირად ავტორსა და გმირებს ერთი სატკივარი – რუსეთთან მეზობლობა აერთიანებთ. საერთო ტკივილის გაზიარებით კოლაბორაცია კიდევ უფრო შედეგიანი, სათქმელი კი მკვეთრი და ცალსახა გახადა.

 წიგნი დამოუკიდებელი შინაარსის მოთხრობებად არის დაყოფილი. თხრობის ხასიათი განვლილ პერიოდს საკვანძო სურათებად კრავს, ხოლო მაკას მიერ შექმნილი ილუსტრაციები მას ორგანულად გასდევს. „თხრობის ხაზი ერთგვარი პულსია, რომელიც მკვეთრად ცვალებადი და დინამიკურია, ეს კი ილუსტრაციების ხასიათსა და  ფორმას განსაზღვრავს. ამ მოცემულობაში მნიშვნელივანია, რომ ილუსტრაციები ერთიანი და ამავდროულად, შინაარსთან მჭიდროდ დაკავშირებული დარჩეს.“ – ამბობს არტისტი. რამდენიმე მოთხრობა მისთვის განსაკუთრებით ახლოს იყო ემოციურად, ამიტომაც ილუსტრაციების შექმნის პროცესი ბევრად პროდუქტიული აღმოჩნდა. ნამუშევრებში ასახული ადგილები დოკუმენტურია და ავტორის მხატვრული ელემენტებით არის გაჯერებული, ნაწილობრივ იმპრესიონისტული შესრულების სტილი კი  სერაფიმასთან ერთად  შეარჩია, მაგრამ, როგორც მაკა აღწერს, თითოეულ მოთხრობას გააჩნია თავისი ხასიათი და ფერთა გამა. „ამ მოთხრობებში დავინახე მწერლის დამოკიდებულება და სიყვარული ადამიანებისადმი, ცხოველებისადმი, უბრალოება, სიკეთე, რითაც ჩემს პიროვნებასთან უფრო ახლოს მოვიდა“. მხატვარი რამდენიმე გამორჩეულ ილუსტრაციას გვიზიარებს წიგნიდან. 

„ყავისფერი ლაბრადორი „კაქტუსი“    რომელშიც აღწერილი ორთაბრძოლის სცენა დრამატული და დინამიკურია, “სიკვდილი გამოავლენს დაბადებას“- თბილი, მისტიკური გრძნობებითა და მელანქოლიური ფერთა გამით, „საუკეთესო ცხენი თავლაში“ – მზიანი, მაგრამ სევდიანი სცენა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.