fbpx

ბარსელონა VS რეალი 3:0


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

სანაკრებო პაუზამდე საკლუბო ფეხბურთი გასულ კვირას განმეორებითი მერვედფინალური მატჩებით, ევროთასების კენჭისყრით და „ელ კლასიკოთი“ დაგვემშვიდობა. 

ალბათ უცნაურია, მაგრამ 7:0 ამ ბოლო ხანს რამდენიმეჯერ ფიგურირებდა სტატისტიკურ მონაცემებში. 

ჯერ იყო და „ლივერპულმა“ ამ ანგარიშით „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაანადგურა, შემდეგ „მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიპციგი“ იმსხვერპლა და ბოლოს „ფეიენოორდიც“ იმავეს გაიმეორებდა „შახტართან“, ამ უკანასკნელს მატჩის ბოლოს პრესტიჟის გოლი რომ არ გაეტანა.

ერლინგ ჰალანდი ჩემპიონთა ლიგის ტურნირის ისტორიაში მესამე ფეხბურთელად იქცა, ვინც ერთ მატჩში ხუთი ბურთი გაიტანა. აქამდე ამის გაკეთება ლიონელ მესიმ 2012 და ლუის ადრიანომ 2014 წელს შეძლეს.

ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩებიდან დრამატული ბრძოლა კი მხოლოდ „პორტო“ – „ინტერის“ დაპირისპირებაში აღინიშნა, რომლის ბედიც იტალიელებმა თავიანთ მხარეს გადაწონეს, სანატრელ 0:0-ს გაჭირვებით მიაღწიეს და 2010 წლის შემდეგ პირველად დაძლიეს მერვედფინალური ეტაპი.

მაშინ პორტუგალიელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს თაოსნობით „ინტერმა“ ტურნირი მოიგო, ისე რომ ნახევარფინალში თვით ლიონელ მესის „ბარსელონა“, ხოლო ფინალში კი „ბაიერნი“ დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ იტალია 17-წლიანი პაუზის შემდეგ, სამი გუნდით იქნება წარმოდგენილი მეოთხედფინალურ ეტაპზე, მაგრამ სერია A-ს ნამდვილი ძალა აწი გამოჩნდება ორი ინგლისური და თითო გერმანული, პორტუგალიური და ესპანური გუნდის წინააღმდეგ პაექრობაში…

ზემოთ ხსენებული 7:0-ის შემდეგ „ლივერპულის“ გულშემატკივრები ოდნავ სასეირო სანახაობას მაინც ელოდნენ თავიანთი გუნდის მხრიდან მადრიდის „რეალთან“ საპასუხო მატჩში, მაგრამ მერსისაიდელები ტრადიციულად კრავებს დაემსგავსნენ მუდმივ მაწყინართან შეხვედრისას და გოლის გარეშე დატოვეს „სანტიაგო ბერნაბეუს“ მინდორი.

ერთადერთი ბურთი კი ვინისიუსის ჟონგლიორული ქმედების შედეგად, შეხვედრის 78-ე წუთზე ბენზემამ გაიტანა. 

ამის შემდეგ იყო საეჭვო პენალტის ეპიზოდიც, მაგრამ არბიტრის გადაწყვეტილებამ სტუმრები მათ კარში გასული კიდევ ერთი გოლისაგან დაინდო.

სამაგიეროდ პენალტის დარტყმის საშუალება „ნაპოლის“ მიეცა, როდესაც „აინტრახტთან“ შეხვედრაში პოლიტანომ ძველებურად ითავა ამ საქმის შესრულება, დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ მაინც გაიტანა… 

იქამდე კი ოსიმენს უკვე დუბლი ჰქონდა შესრულებული და ხვიჩა კვარაცხელიას ამ ორივე გოლში უშუალო მონაწილეობა ჰქონდა მიღებული.

მთლიანობაში ხვიჩამ რიგითი ძლიერი მატჩი ჩაატარა, ოღონდ განსაკუთრებული ფეიერვერკების გარეშე, რასაც გულშემატკივრები მისგან უკვე ყოველ წუთს ითხოვენ და ელიან.

ასე იქნება, რა თქმა უნდა, „მილანთან“ მეოთხედფინალურ შეხვედრებშიც. მით უმეტეს, რომ გულშემატკივრებს შესანიშნავად ახსოვთ კვარაცხელიას მიერ „სან სიროს“ სტადიონზე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი და ბრწყინვალე მოგება „მილანთან“ სერია A-ს პირველი წრის მატჩში. პოლიტანომ მაშინაც ცუდად დაარტყა პენალტი, მაგრამ მაინც გაიტანა…

აღსანიშნავია, რომ მარადონას პერიოდში ჩემპიონთა თასის ტურნირზე ორჯერ ასპარეზობის მიუხედავად, „ნაპოლის“ მეოთხედფინალურ ეტაპამდე არასოდეს მიუღწევია. 

პირველად იტალიური კლუბი „რეალმა“ გამოაგდო მეთექვსმეტედფინალიდან, ხოლო მეორეჯერ კი ორივე მერვედფინალური დაპირისპირების ფრედ – 0:0 დასრულების შემდეგ, მოსკოვის „სპარტაკმა“ სძლია მას პენალტების სერიაში.

პირველი მატჩი მარადონამ სრულად ჩაატარა, ხოლო მეორეში კი ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა 75-ე წუთზე ჯან-ფრანკო ძოლა შეცვალა, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მარადონა წამითაც არ დაფიქრდებოდა, 10-ნომრიან მაისურს ისე გადასცემდა ხვიჩასო…

ჩემპიონთა ლიგაზე 12 და 18 აპრილს დანიშნულ შეხვედრებამდე, „ნაპოლი“ „მილანს“ სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებისთანავე, 2 აპრილს უმასპინძლებს, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სატურნირო ცხრილში „მილანზე“ 23 ქულით წინ იქნება.

სანაკრებო პაუზამდე კი „ნაპოლი“„ტორინოს“ ესტუმრა, რომელიც პირველ წრეში შინ დამაჯერებლად, ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 

იმ მატჩში ანგისამ მოულოდნელად დუბლი შეასრულა, მესამე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გაიტანა.

„ნაპოლიმ“ ამჯერად უკვე დიდი ანგარიშით – 4:0 იმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელია კი რამდენჯერაც ბურთს შეეხო, იმდენჯერ გაამწვავა ვითარება სათამაშო მინდორზე. პირველ ტაიმში მან თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და თავადვე აქცია გოლად, მეორე ტაიმში კი ჯერ ქუსლით მიაწოდა ბურთი ოლივერას, რომელმაც საგოლე გადაცემა განახორციელა ოსიმენის მისამართით, შემდეგ კი ნდომბელეს გაატანინა სადებიუტო გოლი „ნაპოლის“ შემადგენლობაში. 

„მილანი“ ორკვირიან შესვენებაზე „უდინეზესთან“ – ანგარიშით 1:3 – უღიმღამო წაგებით გავიდა. 

საინტერესოა, რომ „როსონერიმ“ მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელმაც მის კარში 10 კაცის შემადგენლობით ორი გოლის გატანა მოახერხა.  

სტუმართათვის ნათელი წერტილი ამ მატჩში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოჩენა და მის მიერ ოსტატურად შესრულებული პენალტი იყო. 

როგორც ყოველთვის, უაღრესად დაძაბული გამოდგა რომაული დერბი, რომლის 32-ე წუთიდან მოყოლებული „რომა“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა.

მატჩის ბედი „ლაციოს“ თავდამსხმელ ძაკანის მიერ 65-ე წუთზე გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა, რომელსაც 10 კაცით მოასპარეზე „რომამ“ მალევე კი უპასუხა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობის გამო საპასუხო გოლი გააუქმა.

„ლაციო“ ამ გამარჯვებამ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაიყვანა, რადგან  „ინტერი“ შინ, ასევე ანგარიშით 0:1, „იუვენტუსთან“ დამარცხდა.

სამწუხაროდ მერაბ მამარდაშვილის „ვალენსია“ სანაკრებო პაუზის წინ ესპანეთის ლა ლიგის გასავარდნ ზონას დაუბრუნდა. 

საქართველოს ნაკრების მეკარემ რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი გოლისაგან, მაგრამ „ატლეტიკო“ შესანიშნავად გამოიყურებოდა საგრძნობლად სუსტ მეტოქესთან შედარებით, რომელიც დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.

სანაკრებო პაუზის წინ კი ფეხბურთის მოყვარულებს მთავარი სანახაობის სახით „ელ კლასიკო“ ელოდათ, რომელშიც მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს არ ჰქონდათ „ბარსელონასთან“ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ზედიზედ მესამე წაგების უფლება, რადგან ამ შემთხვევაში თავმოყვარეობის უკვე არასასურველი დოზით  შელახვასთან ერთად, ისინი ჩემპიონობისათვის ბრძოლის ყოველგვარ ხალისს დაკარგავდნენ.

„რეალმა“ „კამპ ნოუზე“ ერთი გოლი მატჩის დებიუტშივე შემთხვევითი რიკოშეტის შედეგად გაიტანა, ხოლო მეორე მას VAR-ის განხილვის შედეგად გაუუქმდა.

თავის მხრივ, მასპინძლებმა პირველი ბურთი პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე გაიტანეს. 

მათი მეორე და გამარჯვების გოლი კი ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კესიემ ბალდეს გადაცემა მას შემდეგ აქცია გოლად, რაც ამ უკანასკნელმა ლევანდოვსკისაგან ზუსტად ხვიჩა კვარაცხელიას სტილში ქუსლით შესრულებული გადაცემით მიიღო ბურთი.

აწი „რეალი“ უკვე ვალდებული იქნება, რომ „ბარსელონა“ ახლო მომავალში ისევ „კამპ ნოუზე“ ესპანეთის თასის საპასუხო შეხვედრაში დაამარცხოს და თანაც ისე, რომ ფინალში გავიდეს. 

წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩემპიონთა ლიგის მოგების სიხარულიც კი ვერ გადაფარავს დაუძინებელი მტრის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფას… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.