რას გვასწავლიან ძველი პლაკატები
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შედგენილ ციფრულ არქივ “ივერიელში” ბევრ საინტერესო მასალას შორის იძებნება გასული საუკუნის პლაკატები, რომლებიც ერთი მხრივ, საყურადღებოა იმდროინდელი რეალობის რეკონსტრუქციისას, ვინაიდან მკაფიო წარმოდგენას იძლევა პრობლემური თემებისა და სახელმწიფოსგან მომდინარე პროპაგანდისტული გზავნილების შესახებ, მეორე მხრივ, ის საინტერესოა დიზაინით და ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვინაიდან Adobe-ს პროგრამების წინარე ხანაში კომპიუტერების გარეშე შექმნილი გრაფიკები გამორჩეული მხატვრული ხელწერის მატარებელია.
ძველ პლაკატებზე დაკვირვება გვაფიქრებინებს, რომ დროის გასვლის მიუხედავად, ჩვენს ყოფაში ბევრი პრობლემა უცვლელი რჩება, ხოლო საზოგადოებას განვითარებისთვის კიდევ უფრო ბევრი დრო სჭირდება.
ამ პლაკატების მიხედვით ირკვევა, რომ:
საგზაო უსაფრთხოება თითქმის ერთი საუკუნის წინაც პრობლემა იყო
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაშინაც არასაკმარისი იყო და მოქალაქეები სიცოცხლის რისკის ფასად მგზავრობდნენ
კულტურული მემკვიდრეობები დაცვას საჭიროებდა
ბევრი ხის დარგვის დაპირებებს მაშინაც გასცემდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები
დედაქალაქს გაფრთხილება სჭირდებოდა
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელსაც საბჭოთა მოქალაქეებს სთავაზობდნენ, რა თქმა უნდა, შრომა და მისთვის თავგანწირვა იყო. 1951 წლის ერთ-ერთი პლაკატი მოუწოდებდა ხალხს, ებრძოლათ უხვი მოსავლისთვის
1962 წელს სავალდებულო იყო რწმენა იმისა, რომ გაიმარჯვებდი შრომაში
აქვე გვხვდება უფრო კონკრეტული მოწოდებები:
230 000 ტონა ყურძნის მოსავალი
ციტრუსის მაღალი მოსავლისთვის
მივცეთ ქვეყანას 200 000 ტონა ჩაი
20 000 ტონა თამბაქოს მოსავლისთვის
უდანაკარგოთ ავიღოთ მოსავალი
აგიტაციური პლაკატების ერთ-ერთი დამკვეთი გასული საუკუნის მეორე ნახევარში ქართველი მხატვრებისთვის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტრალური კომიტეტი ყოფილა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებდა აცრების დროული ჩატარებისკენ, სანიტარიული წესების დაცვისკენ, ტუბერკულოზის პრევენციისა, დაავადებების გადამტანი მღრღნელების განადგურებისა და თამბაქოზე უარის თქმისკენ.
პლაკატების თანახმად – პრობლემა იყო ასევე ტიფი და მასთან ეფექტიანი ბრძოლა.
ჯანმრთელობაზე მზრუნველ ადამიანებს კარგად ესმოდათ პირველადი სამედიცინო დახმარების ცოდნის მნიშვნელობაც და აგიტაციას უწევდნენ ამ უნარების შესწავლას.
მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროც, რომელიც 1947 წელს ამტკიცებდა, რომ კიბოს მორჩენა შესაძლებელია.
კიდევ ერთი საკითხი, რაც მაშინდელ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ადარდებდა, ძაღლების ალიკაპებისა და თასმების გარეშე სეირნობა იყო ქუჩებში. ზოგადად, ძაღლები, როგორც ჩანს, საფრთხედ აღიქმებოდა და ვხვდებით მათი განადგურების მოწოდებებსაც. 1964 საინტერესოა ზოგადი ხასიათის სამოტივაციო და რეჟიმისადმი ნდობის განსამტკიცებელი პლაკატებიც: მშვიდობა მსოფლიოს საბჭოთა კავშირი ხალხთა დიდი მეგობრობაა
გაიტანეთ ნაგავი: – უსაქმური, ხულიგანი, გადამყიდველი გადავაქციოთ ყოველი სახლი ციხესიმაგრედ დღევანდელი საზოგადოებრივი პრობლემების შესახებ მომავალი მკვლევარები სავარაუდოდ სოციალური რეკლამისა და სხვადასხვა საჯარო კამპანიების მიხედვით იმსჯელებენ. თუმცა პროპაგანდისა და ინფორმირების ამ წყაროს ცენტრალიზებული არქივი არ არსებობს და რეალურია იმის საშიშროება, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის გრაფიკული პლაკატების, ბანერებისა და ბილბორდების დიდი ნაწილი უბრალოდ დავიწყებას მიეცემა და ჩაიკარგება უსახელო სერვერების ციფრული ნარჩენების მიუწვდომელ შრეებში. |