fbpx

პლატფორმა “კირკე” წარმოგიდგენთ იაპონური ექსპერიმენტული ცეკვის ფილმების რეტროსპექტივას


გააზიარე სტატია

 

25 და 26 მარტს კირკე – ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმა – DANCE AND MEDIA JAPAN-ის ხელშეწყობით წარმოგიდგენთ იაპონური ექსპერიმენტული ცეკვის ფილმების რეტროსპექტივას.

იაპონური ექსპერიმენტული ცეკვის ფესტივალს უმასპინძლებს თეატრალური კომპანია “ჰარაკი” (ვ.პეტრიაშვილის 20/ღვინის ქარხანა).

ფილმებში ნაჩვენებია იაპონური ექსპერიმენტული ცეკვის – ბუტოს სტილში შესრულებული კლასიკური და თანამედროვე პერფორმანსები.

 

ბუტო (舞踏, Butō), რომელიც იაპონიაში 1950-იანი წლების ბოლოს შეიქმნა,  ექსპერიმენტული ცეკვის თეატრია და მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, ცეკვის ტექნიკას და მოძრაობებს. ბუტოს პირველი პერფორმანსი შეიქმნა 1959 წელს მისი 2 მთავარი დამფუძნებლის – ტაცუმი ჰიჯიკატას და კაძუო ონოს მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ იმდროინდელ, დასავლეთის დიდი გავლენის ქვეშ მყოფ იაპონურ ქორეოგრაფიას. ეს ცეკვის ფორმა ცნობილია როგორც “წინააღმდეგობის გაწევა”. რთულია მისი უფრო კონკრეტულად განსაზღვრა, ხშირად ბუტოს პერფორმანსები შეიცავს გროტესკულ გამოსახულებებს, ტაბუდადებულ თემებს და ექსტრემალურ ან აბსურდულ გარემოებებს. ტრადიციულად მისი შესრულების დროს მოცეკვავეებს მთელი სხეული თეთრი საღებავით აქვთ დაფარული და მოძრაობები ძირითადად ნელი და ჰიპერკონტროლირებადია.

 

Byakko-sha (2021) – შაბათი, 25 მარტი, 16:00 

ფილმი “ბიაკოსა” ფოტოგრაფზე, სახელად აბე, რომელმაც კანსაის რეგიონში 1982 წლიდან 1994 წლამდე მოღვაწეობის პერიოდში გადაიღო ბუტოს ექსპერიმენტული საცეკვაო თეატრალური მცირე ჯგუფების როგორც საკონცერტო, ისე სარეკლამო მასალა.

 

Naval and A-bomb – შაბათი, 25 მარტი,  17:30

ბუტოს მიმდინარეობის ერთ-ერთი ქორეოგრაფი ტაცუმი ჰიჯიკატა ხშირად თანამშრომლობდა სხვადასხვა არტისტებთან და ეხმაურებოდა ისეთ თემებს, რომლებზეც ვერ იმუშავებდა თეატრში. ასე იგი უფრო ფართო საზოგადოებას აცნობდა საკუთარ შემოქმედებას. ამის  მაგალითია მისი კოლაბორაცია ფოტოგრაფ და რეჟისორ ეიკო ჰოსოესთან, რომელთან ერთადაც მან შექმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი – Naval and A-bomb (“ჭიპი და ატომური ბომბი”) ფილმში შეკრებილია მოკლე ქორეოგრაფიულ სცენები, რომლებიც მოიცავს ოკეანეს, სანაპიროებს, ცხოველებს – ქათამი, თხები და ძროხა. ეს არის ჰოსოეს და ჰიჯიკატას მცდელობა წარმოაჩინონ თავისებური ხედვა იმაზე, თუ როგორია სამყარო ჰიროშიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შემდეგ.

 

Paradise Underground – კვირა, 25 მარტი,  18:00

ბუტოს ცეკვა, რომელიც იაპონიაში 1960-იან წლებში შეიქმნა, ბევრი არტისტის ინსპირაციის წყარო გახდა სხვადასხვა ჟანრში, მსოფლიო მასშტაბით. ამ ფილმების სერიისთვის პერფორმერმა ტაკაო კავაგუჩიმ – რომელიც საყოველთაოდ ცნობილი გახდა თავისი ნამუშევრით  – About Kazuo Ohno,  შეკრიბა არტისტები, რომლებიც შთაგონებულნი არიან ამ ცეკვის მიმდინარეობის ექსპერიმენტული ხასიათით. 

ეს არის პერფორმანსების კრებული, რომელიც ცდება მხოლოდ ცეკვის, თეატრის, ფილმის და ზოგადად, ხელოვნების საზღვრებს, ეს ნამუშევრების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს შეიმეცნოს ბუტოს არსი  და მისი მომავალი.

პროგრამა გადაღებულია ყოფილ Hakubutsukan Dobutsuen Station-ზე, 1930-იან წლებში აშენებულ ისტორიულ მიწისქვეშა სადგურზე, რომელიც ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავრობის მიერ აღიარებულია “ისტორიული ღირებულების მქონე არქიტექტურულ სტრუქტურად”.

 

Dreams of Love – შაბათი, 25 მარტი, 19:00

ბუტოს მოცეკვავე იოშიტო ონო მართავს საკუთარი მამის – ბუტოს ერთ-ერთი დამფუძნებლის, კაძუო ონოს მარიონეტ თოჯინას, თუ თოჯინა მართავს მას? იოშიტოს მზერა საკუთარი მამის მარიონეტისკენ ზოგჯერ ხისტი და სიძულვილით სავსეა, თუმცა, ამავდროულად, მოსიყვარულე, სიკეთით და პატივისცემით აღსავსე. Liebesträume კაძუო ონოს ცეკვის სტუდიაშია გადაღებული, ლეგენდარულ და ისტორიულ სტუდიაში, რომლის ისტორიაც სავსეა ცეკვაში გამოხატული მამისა და შვილის კონფლიქტით. 

სივრცე სავსეა პოსტერებით, რეკვიზიტებით და კოსტიუმებით და აქვეა კაძუოს ფოტო პინა ბაუშთან ერთად. Liebesträume დაფუძნებულია იოშიტო ონოს პერფორმანსის – On Kazuo Ohno-ს ამსახველ ვიდეომასალაზე, რომლის ქორეოგრაფიც ტაკაო კავაგუჩია. დამონტაჟებულია როგორც ალტერნატიული მოკლე ფილმის ვერსია.

ორიგინალი სათაური –  Liebesträume.

იაპონური სათაური –  愛の夢 (აი-ნო-იუმე)  

 

Mandala of Mr. O, 1971 რეჟისორი Nagano Chiaki – შაბათი, 25 მარტი,  19:30

Mandala of Mr. O  ექსპერიმენტული ტრილოგიის მეორე ფილმია კაძუო ონოზე, რომელიც თანამედროვე იაპონური ცეკვის ერთ-ერთი მიმდინარეობის – ბუტოს თანადამფუძნებელია. ფილმი კაძუო ონოს და რეჟისორ ჩიაკი ნეგანოს კოლაბორაციაა და ასახავს პერიოდს, როდესაც კაძუო ონო სცენას და საჯარო პერფორმანსებს ჩამოშორებული იყო, იქამდე, სანამ მსოფლიო ტურნეში წავიდოდა თავისი ცნობილი ქორეოგრაფიული ნამუშევრით – Admiring La Argentina.

 

THREE  – შაბათი, 26 მარტი, 19:00

1961 წელს ტოკიოში უილიამ კლეინმა შექმნა ფოტოების სერია ტაცუმი ჰიჯიკატას, კაძუო ონოს და იოშიტო ონოს მონაწილეობით. Dance Happening ასახავს მოცეკვავეების ჯგუფის გადაადგილებას და იმპროვიზებულ ცეკვას ქალაქ გინძას ქუჩებში. 

ფოტოსერია Dance Happening  ერთადერთი ფოტომასალაა, რომელშიც ეს სამი ლეგენდარული ბუტოს მოცეკვავე ერთად არის ასახული. 

გარდა იმისა, რომ ფილმში THREE ასახულია ბუტო და ცეკვა, იგი ასევე მცდელობაა შეიქმნას ბუტოს არქივი ვიდეოს, პერფორმანსის და VR ტექნოლოგიების გამოყენებით.

ტაკაო კავაგუჩი, დაი მაცუოკა და მიკიკო კავამურა აბსოლუტური სიზუსტით აკოპირებენ ბუტოს სამი ლეგენდის – ტაცუმი ჰიჯიკატას, კაძუო ონოს და იოშიტო ონოს ქორეოგრაფიას. 

თავდაპირველად, 2021 წელს, TOKYO REAL UNDERGROUND-ისთვის შეიქმნა ვიდეო,  რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა ცეკვის ფილმად დამატებითი სცენების გამოყენებით.

კაძუო ონოს Tango, Bird(1971)-ის ქორეოგრაფია  2013 წლის ტაკაო კავაგუჩის პერფორმანსის, About Kazuo Ohno ნაწილია, რომელიც ცნობილი გახდა ბუტოს სამყაროს ტაბუს დარღვევით, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი აკოპირებს ონოს ქორეოგრაფიას მისი ცეკვის ვიდეოჩანაწერების საშუალებით. 

დაი მაცუოკა, რომლის მასწავლებელი თავად იოშიტო ონო იყო, მიზნად ისახავს იოშიტოს ცეკვის ტექნიკის გადაცემას ახალი თაობებისთვის. ასწავლოს ახალგაზრდებს ქორეოგრაფია, რომელიც მას ასწავლა იოშიტო ონომ, რომელიც თავის მხრივ იოშიტოს ტატსუმი ჰაჯიკატამ დაუდგა.

მიკიკო კავამურამ ასევე იდეალურად შეძლო Hosotan(1972)-ის დაკოპირება. ყოველი კოპიო არ არის მხოლოდ იმიტაცია, იგი დეტალურად იმეორებს და ასახავს ორიგინალ ბუტოს ქორეოგრაფიას.

 

La Argentina – კვირა, 26 მარტი, 19:30

ეკრანზე ჩნდება იაპონელი მოცეკვავე კაძუო ონო – გრძელ თეთრ კაბაში, თეთრად შეღებილი სახით, შავი, მხრებამდე თმით და ყვავილებიანი ქუდით. Admiring la Argentina არის მისი სოლო ნამუშევარი, რომელიც მან 1977 წელს დადგა, 71 წლის ასაკში. ეს არის ნამუშევარი, რომელმაც მას საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა და რომელსაც იგი ასრულებდა 20 წელზე მეტს.1926 წელს მან ნახა ფლამენკოს ცეკვა, სახელწოდებით  La Argentina ესპანელი მოცეკვავის, ანტონია მერსეს მონაწილეობით. 50 წლის შემდეგ, 1977-ში, მისი მეგობრის, ნაცუიუკი ნაკანიშის გამოფენაზე იგი გაოცებული დარჩა, როდესაც ფერადი ფერწერის უკან ერთ-ერთ ნახატში იცნო ანტონია მერსეს სახე, რომელიც მისი სოლო ცეკვის ინსპირაცია გახდა. მისი კაბა და სახე ორივე ძალიან სათუთად გამოიყურება, კოსტიუმი მისი სხეულის და მისი პერსონაჟის, La Argentina-ს გაგრძელებაა. ეს კოსტიუმირებული დადგმა ასახავს როგორც მოხუცი კაცის სხეულს, ასევე მისი ინსპირაციის, ანტონია მერსეს სხეულს, რომელსაც ეძღვნება ეს ცეკვა.

 

ფილმების განრიგი:

შაბათი, 25 მარტი

შემდეგ ფილმებზე დასწრება თავისუფალია:

16:00 – Bayakko-sha (2021)  

17:30 – Naval and A-bomb (1960)

18:00 – Paradise Underground (2021)

ბოლო 2 სეანსის ერთიანი ბილეთის ფასი: 15 ლარი

19:00 – Dreams of Love (2015)

19:30 – Mandala of Mr. O (1973)

კვირა, 26 მარტი

შემდეგ ფილმებზე დასწრება თავისუფალია:

16:00 – Byakko-sha (2021)

17:30 – Naval and A-bomb (1960)

18:00 – Paradise Underground (2021)

ბოლო 2 სეანსის ერთიანი ბილეთის ფასი: 15 ლარი

19:00 – THREE (2021)

19:30 – La Argentina (1977)

ორდღიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში ბილეთის ფასი: 25 ლარი

სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის დასწრება უფასოა

 

ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.