fbpx

1:1 – დამაკმაყოფილებელი შედეგი?


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასულ კვირას მთელი ქვეყნის ყურადღება ბათუმისკენ იყო მიმართული, სადაც საქართველოს ნაკრებს პირველი ოფიციალური შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში.

ნორვეგიელებთან დაპირისპირებამ უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა და ჩვენ გუნდს შეიძლება გაუმართლა კიდეც, რომ საკმაო ალბათობით წასაგებ შეხვედრაში მან ქულა მოიპოვა.

თუკი ახლო წარსულს გადავავლებთ თვალს, ამის საპირისპირო მაგალითს ესპანელებთან ბოლო წუთზე წაგებული მატჩი გაგვახსენებს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ჩაატარა და მისი მოგებაც შეეძლო. 

ნორვეგიელებთან შეხვედრაში კი კიდევ კარგი, რომ მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა.

ჩვენებს მხოლოდ სტატისტიკური ალბათობის თვალსაზრისით არ გაუმართლათ, რადგან ნორვეგიის ნაკრები ის გუნდი არაა, ზედიზედ ორ თამაშს რომ აგებდეს შესარჩევ ციკლში, თუკი მას განსაკუთრებით ძლიერი მეტოქე არ ჰყავს…

ამიტომ 1:1 დამაკმაყოფილებელ შედეგად უნდა მივიღოთ და ვიზრუნოთ ივნისის ორ გასვლით მატჩში სულ მცირე, ოთხი ქულის მოპოვებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ჯგუფის ლიდერ შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვება იქნება, რაც ჩვენმა გუნდმა „დინამო არენაზე“ ევრო 2016 წლის შესარჩევ ციკლში შეძლო. 

ნორვეგიელებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ერთიმეორისგან სრულიად განსხვავებული ტაიმები წარმოადგინა. 

ჩაგდებული პირველი ნახევრის შემდეგ, რაშიც პირქარსაც მიუძღვის „დანაშაული“, ჩვენმა ფეხბურთელებმა გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერის ფონზე მეორე ნახევარში თამაშში გარდატეხა შეიტანეს, უპირატესობა მოიპოვეს, მიქაუტაძის ულამაზესი ინდივიდუალური გოლით ანგარიში გაათანაბრეს და შემდეგ კინაღამ დაწინაურდნენ კიდეც. 

თუმცა, საგოლე მომენტები მეტოქემაც შექმნა ჩვენს კართან და გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმე ეპიზოდში აშკარა გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი.  

მოპოვებულ ქულაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ მამარდაშვილს მიუძღვის და გოლში მისი დადანაშაულება არასწორი იქნებოდა, რადგან მცველებით დაფარულ შორეულ კუთხეში ასე ეშმაკურად შესრულებულ მიწიდან ასხლეტილ დარტყმას არაერთი ტოპ-მეკარე დაუმწუხრებია და ამ შემთხვევაში „თვალის გაყოლება ბურთზე“ სულაც არ ნიშნავს მეკარის მხრიდან არადამაჯერებელ თამაშს.

მაგრამ მეტი დაკვირვება რომ გამოეჩინა მამარდაშვილს ბურთის მოგერიების  ეპიზოდში, მეტოქეს აღარ მიეცემოდა ასეთი სწრაფი საგოლე შეტევის მოწყობის საშუალება.

საინტერესო ამბები მოხდა პარალელურ მატჩში, სადაც ესპანეთის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ შოტლანდიელების წინააღმდეგ შეხვედრაში გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება, ნორვეგიელებთან ანგარიშით 3:0 მოგების შემდეგ ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად რვა ფეხბურთელი გამოცვალა და მოედანი „ოსასუნას“, „სელტას“, „ვალენსიას“, „ბილბაოს“, „ესპანიოლის“ და „სოსიედადის“ ფეხბურთელებით გაავსო. 

შედეგმაც არ დააყოვნა და მაკტომინეის, ტირნის და რობერტსონის შესანიშნავი თამაშით გამხნევებულმა მასპინძლებმა დამაჯერებლად დაამარცხეს ჯგუფის გაკადნიერებული ფავორიტი, რომელსაც ჩვენი გუნდი 8 სექტემბერს უმასპინძლებს.  

საინტერესოა, რომ ორი ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი 4 ბურთით A ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირია და ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ დანიის ნაკრების ფორვარდ რასმუს ჰოილუნდს ჩამორჩება, რომელმაც ფინელებთან ჰეთ-თრიკი და ყაზახებთან დუბლი შეასრულა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამჟამად „ატალანტაში“ მოთამაშე ჰოილუნდი მომავალ სეზონში დიდი ალბათობით „ნაპოლიში“ ოსიმენს ჩაანაცვლებს და ხვიჩა კვარაცხელიას პარტნიორი გახდება შეტევაში. 

აღმავლობის გზაზეა ხორვატიის ნაკრები, რომელმაც კოვაჩიჩის დუბლით  გასვლაზე თურქეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და შინ უელსელებთან პირველი მატჩის მიწურულს დაკარგული ორი ქულის შემდეგ, მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ივნისის სათამაშო ტურის წინ.

საფრანგეთის ნაკრები ნიდერლანდების გუნდის განადგურების შემდეგ ბეწვზე გადაურჩა გასვლაზე ირლანდიის ნაკრებთან მატჩის დამატებულ წუთებზე გაშვებულ გოლს. 

ბენჟამენ პავარმა კი ერთადერთი ბურთი საშუალო დისტანციიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა, რომელსაც ირლანდიელმა მცველმა შიშისაგან ზურგი შეაქცია, გაწირა რა ამგვარი ქმედებით საკუთარი გუნდი გარდაუვალი გოლისათვის.

იტალიამ და ნიდერლანდებმა პირველ ტურში წაგებების შემდეგ გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია შესაბამისად – მალტის და გიბრალტარის ნაკრებების დამარცხებით შეძლეს.

ივნისის სათამაშო ტურს ორ-ორი მოგებით შოტლანდიის, საფრანგეთის, ინგლისის, ავსტრიის, სერბეთის, სლოვენიის, შვეიცარიის და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან, რაც შესარჩევი მატჩებისთვის ამ გუნდების თავ-თავიანთ ჯგუფებში ზოგიერთ კონკურენტთან შედარებით მაღალი დონის მომზადებაზე მეტყველებს. 

განვლილ უიკენდზე კი ნაკრებები კვლავ კლუბებმა ჩაანაცვლეს და „ნაპოლიმაც“ იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში „მილანს“ უმასპინძლა.

ამ გუნდების გაცილებით მნიშვნელოვანი დაპირისპირება სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე რომ შედგება, ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ანგარიშით 0:4 განადგურება  მასპინძლებისთვის სასურველი რომ არ ყოფილა, ესეც ფაქტია.

ახლა მთავარია „ნაპოლის“ შიდა სამზარეულო არ აირიოს, რადგან მაინცდამაინც ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ბილეთების გაძვირებით კლუბის ხელმძღვანელობამ  უგუნური საქციელი უკვე ჩაიდინა. 

თუმცა ამ არასასიამოვნო ამბების ფონზე, ხვიჩა კვარაცხელია ცენტრალურ მატჩს რეკორდსმენის სტატუსით შეხვდა, რადგან აქამდე ზედიზედ სამჯერ სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ქართველ ფეხბურთელამდე არავის რგებია!

მარტის  საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვებამდე ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩში ხვიჩას მიერ რვა მოწინააღმდეგის გარემოცვაში გატანილი   საოცარი ბურთი კი სავსებით შესაძლებელია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ იტალიის სერია A-ს წლის საუკეთესო გოლადაც დაასახელონ. 

თუკი „მილანთან“ წაგების მიუხედავად „ნაპოლი“ მეორე ადგილოსან „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს და მის ჩემპიონობაში ეჭვი არავის ეპარება, გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ ახალ მწვრთნელ თომას ტუხელის ხელმძღვანელობით „დორტმუნდის“ ანგარიშით 4:2 დამარცხების შემდეგ, ლიდერის პოზიცია დაიბრუნა და უმთავრესი მეტოქე სატურნირო ცხრილში ორი ქულით ჩამოიტოვა.

დაპირისპირებას დაძაბულს ვერ ვუწოდებთ, რადგან 23-ე წუთისთვის მასპინძლები უკვე ანგარიშით 3:0-ს იგებდნენ და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე ფაქტობრივად ერთი გუნდი იმყოფებოდა.

კურიოზული გამოდგა სტუმართა კარში გატანილი პირველი გოლი. უპამეკანომ საკუთარი ნახევრიდან გაგზავნა ბურთი ლერო სანეს მისამართით. კარიდან წინ გამოსულმა დორტმუნდელთა მეკარე კობელმა ძლიერი დარტყმით მისი მოგერიება სცადა, მაგრამ ფეხი აუცდა და ბურთიც წყნარად შეგორდა სტუმართა კარში ისე, რომ ადრესატი ლეროი სანე მას არც შეხებია.

როგორ მოიქცეოდა სანეს ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ? ალბათ, შეეხებოდა…  

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.