რეალი მძვინვარებს, თანაც აგებს…
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
მადრიდის „რეალი“ გლობალური მასშტაბების მქონე, მართლაც რომ განსაკუთრებული კლუბია და ამიტომ მხოლოდ „ესპანურობით“ ის ვერ შემოიფარგლება.
„ბარსელონასთან“ განმეორებითი სათასო მატჩის წინ კარლო ანჩელოტის გუნდი მეტად არასასურველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან დაუძინებელ მტერთან ზედიზედ სამი მატჩის წაგების შემდეგ, მის ფეხბურთელებს ოდნავი რიდი მაინც უნდა ჰქონოდათ „კამპ ნოუზე“ მისული „ბარსელონას“ 95000 გულშემატკივრისა, რომლებიც რეკონსტრუქციის მიზნით სტადიონის წელიწად-ნახევრით დახურვის წინ, გაასმაგებული ჟინით შეუდგებოდნენ საყვარელი გუნდის მხარდაჭერას…
პირველი შეხვედრის მოგება მასპინძლებს თასის ფინალისტობის აშკარა ფავორიტის როლში ამყოფებდათ, რადგან საპასუხო მატჩის წინასწარი სცენარი მათ მიერ მეტოქის კონტრიერიშებზე გამოჭერის საშიშროებაზე მეტყველებდა, მაგრამ მადრიდის „რეალი“ ხომ საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდოდა, თუკი გადამწყვეტ მომენტში მას მუდმივი მხარდამჭერი – იღბალი არ ამოუდგებოდა მხარში.
გავიხსენოთ პირველი გოლის ეპიზოდი. ტაიმის მიწურულს „ბარსელონამ“ სწრაფი შეტევა განახორციელა, რომელიც ლევანდოვსკიმ კინაღამ გოლით დაასრულა. მეკარე კურტუას მიერ მოგერიებული ბურთი ვალვერდემ საჯარიმო მოედნის ცენტრიდან გამიზნულად გამოიტანა, სტუმრებმა ელვისებრი კონტრიერიში მოაწყვეს და რამდენიმე წამში ანგარიშიც გახსნეს.
პარადოქსი კი ისაა, რომ სწორედ „რეალმა“ გამოიჭირა კონტრშეტევაზე „ბარსელონა“ და თანაც ეს ამბავი მეტოქისათვის ყველაზე უხერხულ დროს, ტაიმის დამატებულ წუთზე მოხდა. როგორ წარიმართებოდა თამაში, ლევანდოვსკის რომ გაეტანა და მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლებს მოეგოთ?
ამაზე პასუხს „რეალის“ მიერ შარშანდელ სეზონში მოგებული ჩემპიონთა ლიგის ტურნირი თუ გაგვცემს, როდესაც კარლო ანჩელოტის გუნდმა ფინალამდე ერთიმეორეზე რთულ სიტუაციაში დაძლია „პარი სენ-ჟერმენის“, „ჩელსის“ და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგობა.
„ბარსელონასთან“ მეორე ტაიმი კი კარიმ ბენზემას ბენეფისად იქცა. „რეალის“ თავდამსხმელმა რეკონსტრუქციაზე ჰეთთრიკით გააცილა „კამპ ნოუს“ სახელოვანი სტადიონი, რომლის ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში – 0:4 სამუდამოდ დარჩება 2023 წლის 4 აპრილის საღამოს იქ მყოფ მასპინძელ გულშემატკივართა მეხსიერებაში…
„რეალმა“ „ბარსელონას“ განადგურებით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტების და, უპირველეს ყოვლისა, „ჩელსის“ მისამართით გაუშვა გზავნილი – მიფრთხილდით, შარშანდელი სეზონის შედეგის გამეორებას ვაპირებო.
ესპანეთის თასის ფინალში ანჩელოტის გუნდს ერთი შეხედვით არც ისეთი რთული მეტოქე – „ოსასუნა“ დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, დამატებით დროში „ბილბაო“ გამოთიშა ასპარეზობიდან.
იტალიის თასზე კი პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან „ფიორენტინას“ სახით ერთი ფინალისტი პრაქტიკულად უკვე გამოვლინდა, რადგან წარმოუდგენელია, რომ განმეორებით შეხვედრაში „კრემონეზემ“ გასვლაზე სამი ბურთის უპირატესობით დაამარცხოს ვინჩენცო იტალიანოს გუნდი.
ლუკა ლოჩოშვილი მწვრთნელმა მოედანზე 76-ე წუთზე შეიყვანა, როდესაც 10 კაცით მოთამაშე „კრემონეზე“, როგორც მალევე გაირკვა, უკვე საბოლოო ანგარიშით – 0:2 მარცხდებოდა.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ ბოლო ხანს შესანიშნავად მოასპარეზე „ფიორენტინას“ განვლილ უიკენდზე „სპეციასთან“ ნათამაშევ ფრემდე სერია A-ს გათამაშებაში ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული და მის მიერ დამარცხებულთა სიაში „მილანი“ და „ინტერიც“ შედიან, რატომ არ უნდა ჩავთვალოთ „ფიორენტინა“ იტალიის თასის მოგების რეალურ პრეტენდენტად იმის მიუხედავად, მისი მეტოქე ფინალში „ინტერი“ იქნება თუ „იუვენტუსი“?
ამ გუნდების პირველი მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა და ბუნებრივია, რომ გულშემატკივრებს ძველისძველ მეტოქეებს შორის განმეორებით შეხვედრაში, განსაკუთრებით სასეირო სანახაობა ელით.
მაგრამ როგორ მოიქცნენ იტალიის წამყვანი კლუბები და მათ შორის „ნაპოლიც“ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებების წინ?
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სამივე მეოთხედფინალისტს, ერთი დღით მეტხანს დასვენების მიზნით, პარასკევს დაუნიშნა მატჩები და არც შემცდარა, რადგან ასევე პარასკევს ითამაშა „ბენფიკამაც“, რომელმაც „ინტერთან“ შეხვედრის წინ შინ მეორეადგილოსან „პორტოსთან“, ანგარიშით 1:2 წააგო და პორტუგალიის ჩემპიონატში ლიდერის პოზიცია 7-ქულიან უპირატესობამდე დაიყვანა.
„ბენფიკას“ მეტოქე მეოთხედფინალში – მილანის „ინტერი“ კი შეხვედრის ბოლო წუთამდე მინიმალური ანგარიშით ამარცხებდა გასვლაზე „სალერნიტანას“ და რომ არა მეკარე ოჩოას აკრობატული ნახტომები, სტუმართა უპირატესობა უფრო შთამბეჭდავიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
მაგრამ ბოლო წუთზე მოხდა თითქმის წარმოუდგენელი რამ, როდესაც კანდრევამ მარჯვენა ფრთიდან ჩახვეული დარტყმით „ჩაუსვა“ ბურთი შორეულ ცხრიანში „ინტერის“ გოლკიპერ ონანას, რომლის კართანაც „სალერნიტანამ“ მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთი საგოლე მომენტი შექმნა.
სტაჟიან გულშემატკივრებს ამ ეპიზოდში შეიძლებოდა გახსენებოდათ არგენტინის 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნელინიოს მიერ დინო ძოფის კარში გატანილი „ხმელი ფოთოლი“, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების 100 საუკეთესო გოლს შორის მეოთხე ადგილი უკავია.
„ინტერისგან“ განსხვავებით, „მილანმა“ ძალიან დაბალ დონეზე ჩაატარა საშინაო მატჩი „ემპოლისთან“, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.
აი „ნაპოლიმ“ კი ისეთი თამაშით მოიგო, როგორითაც, წესით, ვერ იგებენ ხოლმე. სპალეტის გუნდს „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ მოწინააღმდეგის თვალსაზრისით აშკარად გაუმართლა, რადგან „ლეჩე“ უკანასკნელ პერიოდში სერია A-ს ყველაზე სუსტი გუნდია, რომელსაც ზედიზედ ექვსი მატჩი აქვს წაგებული.
„ნაპოლის“ გადამწყვეტი გოლი მარიო რუის მიერ მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე პრიმიტიული ჩაკიდების შედეგად „ლეჩეს“ გოლკიპერ ფალკონეზე მიწერილ ავტოგოლს მოჰყვა.
„მილანის“ და „ნაპოლის“ ასეთი სუსტი თამაში, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მომავალი დაპირისპირების წინ მათ მიერ ძალების დაზოგვის და ზოგიერთი ტაქტიკური ჩანაფიქრის ერთიმეორისადმი მიჩქმალვის შედეგია, რაშიც მეტოქეები „უმაღლეს დონეზე“ შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
ამ გუნდებს შორის ნამდვილი ბრძოლა კი ამ კვირაში „სან სიროზე“ გაჩაღდება, სადაც ქართველი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას მხრიდან მორიგი ფეიერვერკების მოლოდინში არიან.
ხვიჩას ერთგვარი დუმილის ფონზე სასიხარულო ამბავმა „კრემონეზედან“ მოაღწია, რომლის შემადგენლობაშიც ლუკა ლოჩოშვილმა „სამპდორიასთან“ გასვლითი შეხვედრის 86-ე წუთზე სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე კი მისმა გუნდმა ანგარიშით 3:2 გამარჯვება იზეიმა უშუალო კონკურენტთან შეხვედრაში.
ამ მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „კრემონეზესთვის“, რადგან სამი ქულის მოპოვების შედეგად მან სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე გადაუშვა „სამპდორია“, რომელსაც 29 ტურის შემდეგ ერთი ქულით უსწრებს.
მაგრამ როგორ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის წინ დანარჩენმა მეოთხედფინალისტებმა? მადრიდის „რეალის“ ესპანეთის სათასო გზავნილზე ლონდონის „ჩელსის“ პასუხი გუნდში დაბრუნებული ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით გასვლაზე „ვულვერჰემპტონთან“ ანგარიშით 0:1 მარცხი იყო.
საინტერესოა, რომ „ჩელსი“ უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაა, გატანილი გოლის გარეშე ტოვებს მოედანს. ჩემპიონთა ლიგის კარსმომდგარ მატჩში კი მას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ინგლისური საკლუბო ფეხბურთის შელახული ღირსების დაცვა მოუწევს მძვინვარე „რეალის“ წინაშე, რომელიც „ბარსელონას“ განადგურების შემდეგ, ლა ლიგის გათამაშების 28-ე ტურის მატჩში, შინ „ვილიარეალთან“ ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
აი „მანჩესტერ სიტიმ“ და „ბაიერნმა“ კი „ნაპოლის“ მსგავსად მოიგეს თავ-თავიანთი ჩემპიონატების მატჩები შესაბამისად – „საუთჰემპტონთან“ და „ფრაიბურგთან“.





