ბერძნული მითოლოგია ფერწერაში
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
ბერძნულმა მითოლოგიამ მხატვრების ფანტაზია მას შემდეგ დაიპყრო, რაც უძველესი მოქანდაკეები მარმარილოსგან ღმერთებსა და ქალღმერთებს ქმნიდნენ. საუკუნეების განმავლობაში ძველი ბერძენი გმირების და მონსტრების მითები რენესანსის ოსტატების, სიურრეალისტებისა და კონცეპტუალური მხატვრების შთაგონებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული მითოლოგიის ერთიანი წყარო არ არსებობს, ჰომეროსის „ილიადა“ და ოვიდიუსის „მეტამორფოზები“ კაცობრიობის ალტერნატიულ ისტორიას პირველი ქალის შექმნიდან ტროას დაცემამდე გადმოსცემენ.
ბერძნულ მითოლოგიას დიდი გავლენა ჰქონდა რენესანსის ერთ-ერთ გარდამტეხ მხატვარზე, სანდრო ბოტიჩელიზე. ბოტიჩელის შემოქმედების დიდი ნაწილი არა მხოლოდ მითოლოგიურ ატრიბუტებს, არამედ მათთან დაკავშირებულ მრავალ ისტორიას უსვამს ხაზს. „ვენერას დაბადება“ (The Birth of Venus) თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების ყველაზე ცნობილი ნიმუშია. 1486 წლის ნამუშევრის მთავარი ფიგურა ქალღმერთი ვენერაა (ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტეს სახელით ცნობილი). აფროდიტე სილამაზესთან, სიყვარულთან და ნაყოფიერებასთან ასოცირდება. ნახატი მედიჩების ოჯახის მიერ იყო შეკვეთილი, რომლებიც იმ დროს ფლორენციას მართავდნენ.
რაფაელი იტალიური რენესანსის ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედი იყო. “გალათეას ტრიუმფი“ (Triumph of Galatea) მხატვარმა 1514 წელს ვილა ფარნესინას კედლისთვის შექმნა, რომელიც გალათეას მითოლოგიურ ისტორიას ასახავს. ორმოცდაათ ნერეიდას შორის ერთ-ერთმა, ზღვის ქალღმერთმა, ცალთვალა გიგანტი, პოლიფემოსი მოხიბლა. მან გალათეას რძე და ყველი შესთავაზა, თუმცა ქალმა ის უარყო, რადგან გლეხი მწყემსი, აკისი, შეუყვარდა. ეჭვიანობის ნიადაგზე უმოწყალო პოლიფემოსმა აკისი ვეება კლდის ქვეშ გასრისა. დამწუხრებულმა ნიმფამ თავისი ახალგაზრდა შეყვარებული წყლის ნაკადად აქცია. მხატვარმა გადაწყვიტა ნიმფის აპოთეოზი გამოესახა, ქალღმერთი ნიჟარის ეტლზეა შემომჯდარი, რომელსაც ორი დელფინი მიუძღვება წინ. რაფაელი გალათეას არა ადამიანის მსგავს არსებად, არამედ იდეალური სილამაზის ეტალონად წარმოაჩენს.
ნახევრად კაცს, ნახევრად სატირს, მარსიასს ამპარტავნობა ძვირად დაუჯდა, რადგან ფიქრობდა, რომ ღმერთთან თავის გატოლება შეეძლო. ფლეიტაში გაწაფულმა სატირმა გადაწყვიტა მუსიკის მფარველი ღმერთი, აპოლონი შეჯიბრში გამოეწვია, რომელშიც უკანასკნელმა გაიმარჯვა. დამარცხებული მარსიასი აპოლონმა სასტიკად დასაჯა და ბრძანა, რომ მოკვდავი ხელებით დაეკიდათ და მისთვის ცოცხლად გაეძროთ ტყავი. მისი გატყავების სცენა ტიციანის 1575 წლის ტილოში „The Flaying of Marsyas“ არის ასახული. ნახატში მარსიასის სხეული თავდაყირა არის ჩამოკიდებული, ხოლო მხეცებისა და ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი მონაწილეობს ან უბრალოდ უცქერს ამ საზარელ რიტუალს.
ეს მითი ბრიტანელ-ინდოელი თანამედროვე არტისტის, ანიშ კაპურის 150 მეტრის სიგრძის სკულპტურის, სახელწოდებით „მარსიასი“ (Marsyas) ინსპირაცია იყო, რომელიც მან 2003 წელს Tate Modern-ში, ტურბინების დარბაზში წარადგინა. სკულპტურა უზარმაზარი წითელი ფოლადის სამი რგოლისგან შედგება. ისინი PVC მემბრანის საშუალებით უერთდებიან ერთმანეთს და ერთ მთლიან ფორმას ქმნიან.
ნარცისის ისტორია მრავალი რენესანსის მხატვრის, მათ შორის კარავაჯოს მიერ არის გამოსახული. მითის მიხედვით, სილამაზით ცნობილი ნარცისი თესპიელი მონადირე იყო. ერთ დღეს მას ნადირობისას მოსწყურდა, როდესაც წლის დასალევად დაიხარა, მან საკუთარი გამოსახულება წყლის ანარეკლში დაინახა და შეუყვარდა (ის ვერ აცნობიერებდა, რომ საკუთარ თავს ხედავდა). მას შემდეგ, რაც ნარცისი მიხვდება, რომ მისი სიყვარული ცალმხრივია, ის დარდისგან მოკვდება და შემდეგ ყვავილად გადაიქცევა. კარავაჯოს ტილოში “ნარცისი” (Narcissus, 1597-1599) საკუთარ დამახინჯებულ ანარეკლს უყურებს, რომელიც სიბნელითა და მელანქოლიით არის გარშემორტყმული.
პერსევსი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული გმირია. მან სახელი მედუზა გორგონასა და ზღვის ურჩხულის, ცეტუსის მოკვლით გაითქვა, რომელიც პრინცესა ანდრომედეს ყარაულობდა. დედოფალი კასიოპია ქმართან ერთად ეთიოპიის მითურ ვერსიას მართავდა და ტრაბახობდა, რომ ის და მისი ქალიშვილი, ანდრომედე, ისეთივე სილამაზით გამოირჩეოდნენ, როგორც ნერეიდები, ანუ ზღვის ნიმფები, რამაც ზღვის ღმერთის, პოსეიდონის განრისხება გამოიწვია. მან დედოფალზე შურისძიების მიზნით, ცეტუსი გაათავისუფლა. ორაკულთან კონსულტაციის შემდეგ, ანდრომედეს მამამ, მეფე ცეფევსმა, ქალიშვილი ნაპირზე კლდეზე დააბა. ლეგენდის მიხედვით, პერსევსმა ცეტუსი მოკლა და ანდრომედე ცოლად შეირთო.
ამ მითის ყველაზე ცნობილი გამოსახულება რუბენსთან გვხვდება, რომელიც ამ თემას რამდენჯერმე მიუბრუნდა. „პერსევსი ათავისუფლებს ანდრომედეს“ (Perseus frees Andromeda, 1620–1622) – ის კლდეზე მიჯაჭვულ ანდრომედეს უახლოვდება, რომელსაც რამდენიმე პუტი ან ქერუბიმი ეხმარება, მოკლული ცეტუსი კი ქვედა მარცხენა კუთხეში ჩანს. ანდრომედეს მითი საუკუნის შემდეგაც არაერთი მხატვრის ინსპირაცია გახდა: ფრედერიკ ლეიტონის ნახატში პერსევსი ცეტუსს ისრით კლავს, ხოლო დევიდ გასკოინის სიურრეალისტურ ინტერპრეტაციაში ანდრომედეს თავი ჩოგბურთის რაკეტაზე დგას.
გუსტავ მოროს 1864 წლის ტილო „ოიდიპოსი და სფინქსი“ (Oedipus and the Sphinx) ბერძნული მითოლოგიის ტრაგიკული გმირისა და სფინქსის შეხვედრას სოფოკლეს პიესის მიხედვით აღწერს. თებესა და დელფოსს შორის მოგზაურობისას ოიდიპოსმა აღმოჩინა, რომ თებეს მეფე – ლაიუსი მოკლეს, ქალაქი კი სფინქსის ზედამხედველობის ქვეშ იყო. ოიდიპოსი თებეში შესვლას მხოლოდ სფინქსის გამოცანის ამოხსნის შემდეგ შეძლებდა. მან გამოცანას წარმატებით გაართვა თავი, სფინქსმა კი თავი მოიკლა, ხოლო ოიდიპოსი თებეს მეფე გახდა. მხატვარი თავის შემოქმედებაში მიზანმიმართულად უარყოფს რეალიზმს და ნატურალიზმს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო მე-19 საუკუნის შუა ხანებში, ის მითოლოგიურ თემატიკას არქაული ფერწერის სტილით გადმოსცემს. ნახატში სფინქსი თითქოს თავს ესხმის ოიდიპოსს, რომლის „შეტაკებაში“ ტრიუმფი ჯერ კიდევ არ არის გარანტირებული.
ლედა და გედი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი ისტორიაა ბერძნულ მითოლოგიაში, განსაკუთრებით თანამედროვე მკითხველისთვის. ამასთან ერთად, ის ყველაზე გამორჩეული მითია, რომელიც ხელოვნების ისტორიის საუკუნეებს ეხმაურება. მითის მიხედვით, ზევსი გედის სახეს იღებს, რათა სპარტას დედოფალი, ლედა გააუპატიუროს, შედეგად კი მშვენიერი ელენე იბადება. ისტორია კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ელენე ტროას პრინც პარისთან ერთად გაიქცევა, რაც შემდეგ ტროას ომის წინაპირობა გახდება.
ქალისა და ფრინველის იმიჯი და ის დესტრუქცია, რომელიც მას მოჰყვა, წლების განმავლობაში იპყრობდა მხატვრების წარმოსახვას. ლეონარდო და ვინჩიმ ლედასა და გედის ორი ვერსია დახატა, თუმცა ორივე დაიკარგა. სამაგიეროდ მხატვრის სტუდენტების სხვა ინტერპრეტაციებია შემორჩენილი. თითქმის ყველა მათგანი მოკრძალებულ შიშველ ქალს ასახავს, რომელსაც გედი უჭირავს. დაახლოებით 1880 წელს პოლ სეზანმა საკუთარი „ლედა და გედი“ (Leda and the Swan) შექმნა, რომელზეც ქერა ქალია გამოსახული, მას ხელზე გედი კბენს და სახეზე ამბივალენტური გამომეტყველება აქვს. ფრანგი ავანგარდისტი მხატვრის, მარი ლოურენცინის შემოქმედებაში ვარდისფერში გამოწყობილი ჩაფიქრებული ლედა შავ მოაჯირზე გედის მოსაფერებლად იხრება. Cy Twombly-მ მითს საკუთარი აბსტრაქტულ-ექსპრესიონისტული ხედვის ელემენტები შემატა: მან ფანქრითა და საღებავით ისეთი შესამჩნევი გამოსახულებები შექმნა, როგორიცაა გული და პენისი.
დედამიწაზე პირველი ქალის, პანდორას წარმოშობა შურისძიებამ განაპირობა. ღმერთების მეფე, ზევსი, ტიტან პრომეთეზე იყო განრისხებული, რომელმაც ზეციდან მოპარული ცეცხლი ადამიანებს გაუზიარა. ზევსმა ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაებას, ჰეფესტოსს პრომეთეზე შურისძიების მიზნით პანდორას შექმნა უბრძანა. ქალი დედამიწის იდილიურ ვერსიაში მოათავსეს, ზევსმა მას ყუთი აჩუქა და გააფრთხილა, რომ არასოდეს გაეხსნა. პანდორამ ცდუნებას ვერ გაუძლო, შედეგად მსოფლიო უამრავმა დაავადებამ, სიბერემ და სიკვდილმა მოიცვა.
ფრანგი მხატვარი ოდილონ რედონი კლასიკური მითოლოგიის ქალებით იყო გატაცებული, მათ შორის – პანდორით, რომელიც არაერთხელ არის ასახული მის შემოქმედებაში. 1914 წლის ტოლოზე პანდორა შიშველი, უამრავი კაშკაშა ყვავილებით გარშემორტყმულია, თუმცა ის ხელში პატარა ყუთზე ამახვილებს ყურადღებას. რედონმა ნამუშევარი პირველი მსოფლიო ომამდე რამდენიმე წლით ადრე შექმნა და პოტენციურად პარალელი გაავლო ყუთის გახსნით გამოწვეულ საშინელებებსა და ომს შორის. პანდორას გავლენა თანამედროვე ხელოვნებაშიც აღწევს; ფილიპინელმა მხატვარმა დევიდ მედალამ „კოსმოსური პანდორას მიკრო-ყუთი“ (Cosmic Pandora Micro-Box, 2010) ბრაზილიაში რეზიდენციის დროს აღმოჩენილი საგნებით: წინდები, საპნის ფილა, ხამანწკის ნაჭუჭები და ა.შ., გააფორმა. ჩვეულებრივი საგნებისა და მითოლოგიის ერთმანეთთან დაკავშირებით, მედალამ დაგვაფიქრა, თუ როგორ შეიძლება ამ ნივთებს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორიც პანდორას ყუთის ღრმა ფილოსოფიურ შინაარსს.
მინოტავრი კრეტის დედოფლის, პასიფაეს მიერ გაჩენილი ნახევრად ადამიანი და ნახევრად ხარი-ურჩხულია. მეფე მინოსის სახელგანთქმულმა გამომგონებელმა, დედალოსმა, მხეცის დასამალად ლაბირინთი შექმნა, რომელიც შვიდი ახალგაზრდა მამაკაცის და შვიდი ქალწულის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვდა. ბერძენმა გმირმა თეზევსმა მინოტავრი მოკლა, თუმცა მითური არსება და მისი აკრძალული სურვილის, ვნებისა და სიხარბის სიმბოლიზმი სიცოცხლეს განაგრძობს.
პაბლო პიკასო მინოტავრით მის პირად ცხოვრებაში არეულობის დროს დაინტერესდა – მას ცოლთან, ოლგა ხოხლოვასთან პრობლემები ჰქონდა, მისი იმდროინდელი საყვარელი, მარია ტერეზა ვალტერი კი ორსულად იყო. თუმცა, ურჩხულის ხშირი გამოსახვა 1930-იანი წლების ევროპაში მზარდ პოლიტიკურ დაძაბულობასაც დაემთხვა. არტისტმა მითური არსება თავის ესპანურ მემკვიდრეობასთან ბრძოლას დაუკავშირა და ისეთი ნამუშევარი შექმნა, როგორიცაა „Minotaurmachy“ (1935), რომელიც სანთლით ხელში ახალგაზრდა გოგონასკენ მიმავალ მინოტავრს ასახავს. ნახატი აგრეთვე „გერნიკას“ (1937) საბაზისო იმიჯია, სადაც ხარი კვლავ აქტუალურია. მინოტავრი სხვა მხატვრებთანაც გვხვდება, მაგალითად, ანდრე ბრეტონთან და პიერ მაბილესთან, მათ 1930-იან წლებში ჟურნალი, სახელწოდებით „Minotaure“ გამოსცეს. ჯექსონ პოლოკმა მხეცის დედა, პასიფაე 1943 წლის ამავე სახელწოდების შემოქმედებაში უკვდავყო. ლეონორა ქეტინგტონის ნახატში – „And Then We Saw the Daughter of the Minotaur!“(1953) – მაგიდასთან შემოსილი ხარის ფიგურა ზის, რომელსაც ორი შვილი და მოჩვენება ახლავს თან.
მხატვრები მინოტავრს უფრო მორალური მიზნებისთვისაც იყენებდნენ. სიმბოლისტი მხატვრის, ჯორჯ ფერედიკ უოტსის 1885 წლის ნამუშევარში ურჩხული ზღვას გადაჰყურებს და ყოველწლიურ ნადიმს ელოდება. ამ გამოსახულებით, უოტსი ბრიტანეთში მზარდ ბავშვთა პროსტიტუციას ეხმაურება.
მინოტავრის ლაბირინთში გამომწყვდევის გარდა, დედალოსი ასევე მისი ვაჟის, იკარუსის ტრაგიკული სიკვდილით არის ცნობილი, რომელმაც უამრავი სიმღერა, პოეზია და ნახატი შთააგონა. კრეტიდან თავის დასაღწევად დედალოსმა თავისთვის და თავის შვილისთვის ფრთები შექმნა. მამის გაფრთხილების მიუხედავად, იკარუსი ძალიან მიუახლოვდა მზეს და ცვილი, რომელიც მის ფრთებს ამაგრებდა, დადნა, რის გამოც ის ოკეანეში ჩავარდა და დაიხრჩო. სიუჟეტი ზედმეტი სიამაყისა და ამბიციების მარცხის კონცეფციას მოისაზრებს.
იკარუსის ყველაზე ცნობილი გამოსახულება 1555 წლის პეიზაჟი „იკარუსის დაცემაა“ (Fall of Icarus), რომელშიც იკარუსის ციდან ჩამოვარდნა ზღვისპირა შინაური ცხოველების გარემოშია შეფარული, რომლებიც სრულიად უგულებელყოფენ მას.
ანრი მატისმა იკარუსის უფრო მსუბუქი ინტერპრეტაცია თავის ილუსტრაციების წიგნში – „ჯაზი“ (Jazz, 1947) – შემოგვთავაზა, სადაც შავი ყვითელი და ლურჯი ფურცლების ამონაჭრებით, მან ვარსკვლავებს შორის მოცეკვავე მამაკაცის გამოსახულება შექმნა.
აქილევსი ტროას ომის ყველაზე ცნობილი და გამორჩეული გმირია, რომელიც საბოლოოდ ტროაში მისი სიკვდილის წინასწარმეტყველების მსხვერპლი ხდება; სიუჟეტის უმეტეს ვერსიებში ღმერთ აპოლონს ტროას პრინცის, პარისის ისარი აქილევსის ერთადერთ სუსტ წერტილამდე, მის ქუსლამდე მიჰყავს. გმირის ისტორია ჰომეროსის „ილიადას“ ცენტრალური ნაწილია. აქილევსის გმირულმა ღვაწლმა, ისევე როგორც მისმა ღრმა ადამიანურმა ტრაგედიამ, ის უკვდავად აქცია.
ბარნეტ ნიუმანი განსაკუთრებით შთაგონებული იყო ბერძნული მითოლოგიით; ის ხშირად ბიბლიურ და ანტიკურ სათაურებს იყენებდა და ამბობდა, რომ „სილამაზის იდეა ბერძნებმა გამოიგონეს.“ ნიუმანის ბერძნული მითოლოგიის მიმართ მიდრეკილება აშკარაა „აქილევსში“ (Achilles, 1952), რომელიც ყავისფრით გარშემორტყმულ წითელ ვერტიკალურ ზოლს ასახავს. წითელი, სავარაუდოდ, ჰეფესტოსის მიერ შექმნილ აქილევსის საბრძოლო ჯავშანზე მიუთითებს. ტუმბლიმ ბერძნული ტრაგედიის საკუთარი აბსტრაქტული ვერსია „Fifty Days at Iliam: Shades of Achilles, Patroclus and Hector-ში“ (1978) ასახა.
აქილევსის ისტორიის უფრო ტრადიციული აღქმა გევინ ჰამილტონის ნამუშევარში – „Achilles Lamenting the Death of Patroclus“ (1760–1763) – გვხდება. ნახატში აქილევსი მოჩვენებასავით თეთრ პატროკლეს არის გადაფარებული.