მიხო ნერგაძის ბლოგი – ამ დღეებში მზესუმზირაა
ავტორი: მიხო ნერგაძე
მარცხენა ფილტვის მწვავე ბრონქული ანთება გაქვს და ორი კვირა ყველაფრისგან თავი შეიკავე, თორემ დაასხამ სადმე ფილტვებს და მე ვეღარ გიშველი. არც ალკოჰოლი და არც ის, იცი შენ, რაც. ხელში რენტგენის სურათი უჭირავს. მარცხენა ფილტვთან თეთრი ლაქები ისეა განაწილებული, ბოზური გარეგნობის ორმოც წელს მიტანებული გოგო გეგონება. კი მკითხავთ, რატომ ბოზური გარეგნობა ან საერთოდაც ორმოციო. ალბათ იმიტომ, რომ ჩემმა ტვინმა მიღებული ინფორმაციის უარყოფა გადაწყვიტა და პირველივე guilty pleasure იპოვა, თუნდაც ფილტვში… ეს კი დღეში სამჯერ უნდა დალიო – თან რეცეპტს მიწვდის. ფილტვთან ლაქებმა კაბა დაიმოკლეს და პლატფორმა ასწიეს. არ უნდა ქვეცნობიერს წამლების სმა, ეცეკვება.
ღმერთო, რა საჭირო იყო ახლა ეს მორიგი განსაცდელი? არა, მართლა. ხომ იცოდა, რომ „მზესუმზირაზე“ მინდა. ჯერ იყო და წელს აღდგომას ჩაქაფული რომ არ ვჭამო, მიწა გამისკდება-მეთქი, ვთქვი და გამისკდა მიწა, რომ არ მეჭამა. შემდეგ აუ, ცეკვა როგორ მომენატრა, ნეტავ მთაწმინდაზე ეზო დროზე დაიქოქოს-მეთქი და, აჰა, დაეტიე სახლშიო! Wtf ? მგონი, დროა მარნეულში ვინმე ჯადოს მომხსნელი ვიპოვო ან მთიან აჭარაში ყავაზე მომკითხავე კაცი.
კაი, ჰო, არა უშავს, „სადმე სხვაგან იცეკვეს“ ვინც მეტყვის, აი, ეგრევე, ტკაცაან! და სილას მიიღებს სახეში ხელუკუღმა. თბილისში სულ ორი ადგილია, სადაც ვცეკვავ, „მზესუმზირა“ და 4GB. რატომ მაინცდამაინც ეს ორი? იმიტომ, რომ მე დღისით მიყვარს ცეკვა, მზის ამოსვლისას, სუფთა ჰაერზე. მაპატიეთ, ბეტონი და სიბნელე ქალაქშიც მყოფნის.
ხანდახან შეიძლება პირველი ავქანდე მთაწმინდაზე. ნუ, მე თუ არ ვიქნები პირველი, ის სამარშრუტო ტაქსი მაინც იქნება, ლეონიძეზე მარცხენა მხარეს, „სპართან“ რომ დამხვდება ფესტივალის დღეს.
ძალიან კარგი გეგმა მქონდა (ან მაქვს). მოსაწვევი ერთია (მეორეზე გამიჟმოტდნენ), ამიტომ ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად ათი საათისთვის ავალ. წელს ათიდან თერთმეტამდე ბილეთები ნახევარ ფასად იქნება. ავალთ, ცოცხალ მუსიკას მოვუსმენთ და ცოტა ხანს ერთი ბილიკიდან მეორე ბილიკზე წავიბოდიალებთ. ნუ, იმედი მაქვს, ეს ცოტა ხანზე ოდნავ მეტი იქნება. თანმხლები სუბიექტი რომელიმე სთეიჯზე დამრჩება, მე კი სადმე კუთხეში მივიძინებ და დილის ექვსი საათისკენ გავიღვიძებ. მეგობარი სახლში წასული დამხვდება, მე კი ცეკვას დავიწყებ.
კი, ნამდვილად უცნაურია, როდესაც თითქმის ორმოცი წლის ხარ, რომელიღაც ნიშაში შეჭუჭყნულს გძინავს მთაწმინდის დაღმართზე გაშენებულ ფესტივალზე, ვერ არკვევ, მუსიკა მოგწონს, გაწუხებს თუ უბრალოდ გეფსია. ნელ-ნელა ხვდები, რომ მუსიკა კი მოგწონს, მაგრამ პისუართან ურთიერთობის სურვილი ბევრად დიდია და მიქრიხარ იქ, სადაც ჯერ არს. შვება იმდენად ძლიერია, რომ ექიმის აკრძალული, “ვიცით – რაც“ საერთოდ არაა საჭირო. შემდეგ ჰანგებს ნაცნობი ან უცნობი ბილიკით მიჰყვები და იწყებ ცეკვას.
რევმატოლოგის ნომერიც გაასწორებდა და მოძრაობების რაღაც ნაწილიც დასავიწყებელია. ზუსტად ვიცი, რომ ტვინში რომელიმე ხმა მკაფიოდ მეტყვის ამას და გავაჯმევინებ. მეგობრებო, არ დაუჯეროთ ეგეთ ხმებს. ყველა ამკრძალავ-შემზღუდავი წინადადება, რომელიც ამბობს, რომ რამე არ გამოვა ან რამის ღირსი არ ხარ, გასაგდებია.
ცეკვის გარდა კიდევ რა შეიძლება? ან ეგებ საერთოდ არ მომწონს დღეს მუსიკა? ცუდ მუსიკაზე მხოლოდ პროფესიონალი მოცეკვავეები ცეკვავენ და ამაში გასამრჯელოსაც იღებენ, წესით. თუ არ გეცეკვება და შენი გლუტენ ფრი უგულავანარევი კეტო დიეტაც გასათვალისწინებელია. კირკიტას ღვინის ბართან გელიან. დაგისხამენ ღვინოს და თითოეულ ჭიქაზე იმდენს მოგიყვებიან, დალევის საშუალება არ გექნება – სულ თვალებში უნდა უყურო ზრდილობიანი ღიმილით.
ჩემთვის „მზესუმზირა“ და „ეზო ფესტივალი“ მუსიკა არ არის. აი, ამდენი ვილაპარაკე ცეკვაზე და ასეთი აღიარება მაქვს. „ეზო“ არც მუსიკაა, არც ცეკვა, არც გემრიელი პიცა და არც ალექსას და მაროს კოქტეილები, არც ერთი ბილიკიდან მეორე ბილიკზე ნაზად მიმავალი ის ორი ტრანსი, რომელთაც უკან ორი ქუთაისელი ქურდი მოსდევს, ხელში კრიალოსნის მარცვლით, მაღალ bpm-ზე ღელვით, არც ის ვეგანი გოგო-ბიჭები, ჩაის რომ გვთავაზობენ. არა, არც ახალი მეგობრები არაა ეზო და არც ძალიან ძველი, ცეცხლთან რომ შემხვდება. არც რამე ფილოსოფია და ნძრევა. ეზო საზამთროა საზამთრო კი მზესუმზირა.
ჩემთვის „ეზო“ ერთადერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და ჰქვია „ადამიანი“ და „ადამიანობა“. აქ მცირე შეცდომები მოსულა, იმიტომ, რომ ყველა ცოდვილია. აქ დათმობა სიამოვნების ფორმაა. გაყოფა, გაზიარება, ზრუნვა. ასეთ პირობებში კი, დამიჯერეთ, შესაძლებელია, საკუთარი თავის ახალი ფორმით მიღება. მთაწმინდაზე შეიძლება სარკე ვერ იპოვო და ცვლილება იმავე წამს ვერ შენიშნო, თუმცა მეორე დილით, როდესაც შენსი სხეულს ყველა მავნე ნივთიერება დატოვებს, აბაზანაში შხაპის ქვეშ შეძლებ, სასიამოვნო დაღლილობასთან ერთად, ახალი ძალდაუტანებელი ემოციები აღმოაჩინო. თუკი ექიმის მიერ აკრძალული “ვიცით – რაც“ ისედაც უინტერესოა, შხაპი ბევრად ნათელ ფერებს გაჩვენებს.
მოკლედ, მე არ მოვდივარ და საცეკვაო მოედანზე თუ დამინახეთ, ეგ კორძია და ტუალეტში გაასეირნეთ, დაამშვიდეთ, უთხარით, რომ ექიმი ვერაფერს გაიგებს.
ჰო, ისა კიდევ, კურტკა წამოიღე და არ დაკარგო.