ZEG – Tbilisi Storytelling Festival 8-10 ივნისს გაიმართება
ZEG – Tbilisi Storytelling Festival – ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები – ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3-დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.
წელს ფესტივალი 8-10 ივნისს ჩატარდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.
ფესტივალში მონაწილეობს 40-მდე უცხოელი სპიკერი, მათ შორის არიან: არმანდო იანუჩი – სატირიკოსი და არაერთი ცნობილი ფილმის რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის The Death of Stalin-ის), მარია რესა – ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ადამ ნოიჰაუსი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ტელეკომპანიის, ESPN-ის განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელი და დოკუმენტური სერიალის, 30for30-ის კრეატიული დირექტორი, ფედონა პაპამიქაელი – ოსკარის ორგზის ნომინანტი, კინოოპერატორი (მათ შორის Ford V Ferrari, Indiana Jones-ის), სევგილ მუსაიევა – Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი, ოლივია არტური – Magnum-ის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, კლაუდია მილნი – CBS News-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო საბია – Vogue’s 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი, სარა ნატოჩენი – Pokémon-ის ხმა და ასევე მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გარდა ამისა, წელს ZEG-ის ფარგლებში ტარდება European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:
ბილეთები: http://tkt.ge/ZEGFestival
ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, თიბისი კონცეპტი, Visa, European Press Prize, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, Windfor’s, IPI, აჭარა ჯგუფი, Enkeny Films, ჟუჟუნა ღვინო.