fbpx

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi იწყება


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

მიუხედავად პატარა მასშტაბებისა, ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა მოდამ და ქართველმა დიზაინერებმა არაერთხელ დაიმსახურეს საერთაშორისო ყურადღება. ამ ცნობადობის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი  კი  უდავოდ თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულს უკავშირდება. წლების განმავლობაში კვირეული მოწვეული საერთაშორისო პრესით, ფოტოგრაფებით და გლობალური ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებით იმ გარემოს ქმნიდა, რაც საქართველოს მოდის გლობალური სამყაროს რუკაზე ნიშნავდა. 

Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ფიზიკური ღონისძიების ფორმატით ბრუნდება. კვირეული 4 მაისს გაიხსნება და 8 მაისს დაიხურება. ფესტივალი Factory Tbilisi-ის მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდება. სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებები  ასევე დაგეგმილია თბილისის გამორჩეულ სივრცეებში. გარდა კოლექციების ჩვენებებისა,  კვირეულის ფარგლებში სტუმრები ასევე შეძლებენ დაესწრონ გამოფენებს, დისკუსიებს, მასტერკლასებს და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც ქართული თანამედროვე სახელოვნებო სცენის წარმოჩენას ემსახურება. 

წლევანდელი ფესტივალის შესახებ At.ge თბილისის  Mercedes-Benz Fashion Week-ის დამფუძნებელს – სოფო ჭყონიას ესაუბრა: 

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ პროექტი გაგვეგრძელებინა. პანდემია, ომი უკრაინაში, საქართველოში მიმდინარე პროცესები –  ამ ყველაფრის  გამო კვირეულის ჩატარება რთული იყო. თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდით, რომ მოდა ეს არის პლატფორმა, რომელიც პირველ რიგში სჭირდება ქვეყანას და ნიჭიერ ადამიანებს კრეატიული ინდუსტრიიდან.“

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-მა ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი ახალი სახის აღმოჩენა შეძლო. როგორც სოფო ჭყონია აღნიშნავს, წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით გამორჩეულია იმით, რომ ბევრი დამწყები  დიზაინერი  მონაწილეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერების ახალი თაობის ხედვას გავეცნობით, რაც ადგილობრივი ინდუსტრიის უახლესი მომავლის ერთგვარ სურათსაც შექმნის. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi კვლავაც ინარჩუნებს აქტუალობას და როგორც სოფო ჭყონია ამბობს, მიუხედავად დიდი პაუზისა, საერთაშორისო აუდიტორიის დაინტერესება  საკმაოდ დიდია. 

MBFW-ზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს პროექტი  BENEXT, რომლის გამარჯვებულიც კვირეულის ფარგლებში გამოვლინდება. BENEXT საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 2010 წლიდან ტარდება და ახალი სახეების აღმოჩენას, მათ მხარდაჭერას და შემოქმედებითი კარიერის განვითარებისათვის ახალი პერსპექტივების შექმნას ისახავს მიზნად. 

სოფო ჭყონია: 

BENEXT საერთაშორისო პროექტია და  მონაწილეებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. მათ მენტორობას მთელი წლის მანძილზე მსოფლიოს მოდაში გავლენიანი ადამიანები გაუწევენ. ასევე გამორჩეულია პრიზებიც –  სწავლა საზღვარგარეთ, კოლექციის დაფინანსება და განვითარება, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა და ასე შემდეგ“. 

MBFW-ის მნიშვნელობის შეფასებისას სოფო ჭყონია აღნიშნავს, რომ კვირეული სცდება მხოლოდ სანახაობრივ პროგრამას და მას უფრო მეტად სოციალური დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, კვირეული დიდ აქცენტს საგანმანათლებლო ნაწილზე აკეთებს, რაც პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ნათლად ჩანს. 

დღესდღეობით  საქართველო საერთაშორისო სივრცეში ჯერ კიდევ ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi კი ამ პროცესში მნიშვნელოვან  როლს ასრულებს, რამდენადაც ის არის პლატფორმა, რომელიც ქართულ კულტურას და თანამედროვე ცხოვრების სტილს მოდის პრიზმით გამოხატავს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.