„The Killers“ – 20 წლის წინ შექმნილი ბენდი, რომელსაც ახალგაზრდები დღესაც უსმენენ
„The Killers-ის“ შემთხვევა პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ მუსიკას გეოგრაფიული საზღვრები მართლაც არ გააჩნია. ეს ბიჭები დაიბადნენ და გაიზარდნენ ლას–ვეგასში, მაგრამ მათი კერპები იყვნენ: დევიდ ბოუი, „The Cure“, „Duran Duran“ და „New Order“. თითქოს, მათ შუაგულ ამერიკაში ბრიტანული მუსიკის გაცოცხლება უნდოდათ. ამისთვის შესაშური თავხედობა და სიჯიუტე იყო საჭირო. „The Killers-ს“ ეს ყველაფერი ჰქონდა.
მათი ისტორია 2001 წელს დაიწყო, როცა ოთხი ლას–ვეგასელი მუსიკოსი შეიკრიბა და ახალი ჯგუფი შეიქმნა. ბენდის შემადგენლობა დღესაც იგივეა: წამყვანი ვოკალი/კლავიში – ბრენდონ ფლაუერსი, გიტარისტი – დეივ კენინგი, ბასისტი – მარკ სტორმერი და დრამერი – რონი ვანუჩი უმცროსი.
2004 წლის ზაფხულში გამოვიდა სადებიუტო ალბომი „Hot Fuss“. მელომანებისთვის დღემდე ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი კომპოზიცია „Mr. Brightside“ ბრიტანული ჩარტების ტოპ ათეულში მოხვდა, ხოლო სიმღერა „Somebody Told Me“ ევროპაში ნამდვილ ჰიტად იქცა. “Hot Fuss”-მა ბენდს პირველი გრემის ნომინაცია მოუტანა, Rolling Stone-მა კი, ის დეკადის 100 საუკეთესო მუსიკალურ ალბომებს შორის დაასახელა.
მათი დისკოგრაფია 2006 წლის შემოდგომაზე საგრძნობლად გაიზარდა, როდესაც გამოვიდა ალბომი„Sam’s Town“. დისკს ლას–ვეგასის უძველესი კაზინოს სახელი ეწოდა. ის შეერთებულ შტატებს ეძღვნებოდა იყო და ჰოლანდიელი ფოტოგრაფისა და რეჟისორის, ანტონ კორბინის შავ–თეთრი ფოტოებით იყო გაფორმებული. ფლაუერსმა მაშინ განაცხადა, რომ მეორე ალბომი მსოფლიოში საუკეთესო იყო, ბოლო 20 წლის განმავლობაში. „Sam’s Town-ის“ მეშვეობით, ბრენდონმა თავისი პერსონალური ისტორიები მუსიკალურ ჰიტებად აქცია, რაც 5 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარშიც აისახა.
საერთო ჯამში, 20-წლიანი კარიერის განმავლობაში, ჯგუფმა 7 სტუდიური ალბომი გამოუშვა და მსოფლიოს მასშტაბით, 6 ტურნე მოაწყო.
20 წლის წინ შექმნილ ბენდს დღეს ახალი თაობაც დიდი ინტერესით უსმენს. მაგალითად, 2004 წელს გამოშვებულ „Mr. Brightside–ს“ ძალიან ხშირად გადააწყდებით „TikTok-სა“ და ისეთ პლატფორმებზე, რომელთა მომხმარებლების უმეტესობა ჯერ კიდევ Gen Z-ის ასაკშია. „The Killers“ ისეთი მსხვილი მუსიკალური ფესტივალების მონაწილე და ჰედლაინერია, როგორიცაა: „Glastonbury Festival“, „Madison Square Garden“, „Lollapalooza“, „Coachella“…
დღესდღეობით, მათ მუსიკას უფრო პოპ–როკს, ალტერნატიულ როკს, ინდი–როკს და პოსტ–პანკს თუ მივაკუთვნებთ, თუმცა ცოცხლად შესრულებისას „The Killers“ კლასიკურ როკ–ჯგუფად გვევლინება. მათგან საოცრად ძლიერი მუხტი და თავბრუდამხვევი ენერგია მოდის.
საქართველოსა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ამ ბენდს ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს. 15 აგვისტოს ისინი „Black Sea Arena-ზე“ შეასრულებენ ყველა იმ ჰიტს, რომელიც მსმენელს გამორჩეულად უყვარს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს „The Killers“ ტურნეს ფარგლებში ეწვევა. წლევანდელ ტურნეში მათ ყურადღება განსაკუთრებით აქვთ გამახვილებული ვიზუალურ მხარესა და შოუს ელემენტებზე, რაც წარმოუდგენლად შთამბეჭდავ სანახაობას გვპირდება.
რაც შეეხება ბენდის ჯილდოებსა და აღიარებას, მათ სიის სრულად ჩაკითხვას რამდენიმე წუთი დასჭირდება. ამიტომ, დროის უკეთ გამოყენების მიზნით, ჯილდოებზე დიდი აბზაცის ნაცვლად, „Mr Brightside-ის“ live ვერსიას შემოგთავაზებთ. მოუსმინეთ და წარმოიდგინეთ, რა გველოდება „Black Sea Arena-ზე“.