fbpx

ბურთის გავლენა


გააზიარე სტატია

ავტორი: დავით კოვზირიძე

 

რა ძალა აქვს ფეხბურთს? და რისი შეცვლა შეუძლია მის მიერ გამომუშავებულ ენერგიას, სტადიონზე და ტელევიზორებთან მსხდომი ადამიანების დამწუხრების თუ აღტაცების გარდა? ეს სპორტის რიგითი სახეობაა, სადაც 22 ტიპი ბურთს დასდევს თუ უზარმაზარი ბიზნესი, რომელსაც თითქმის ყველაფერზე აქვს ირგვლივ გავლენა – ურბანულ მოწყობაზე, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, პოლიტიკურ მოვლენებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მაფიაზე და ასე შემდეგ, დაუმთავრებლად.

ჩვენ ეს აქამდე არ ვიცოდით, არ გვქონდა საშუალება ამ პროცესს დავკვირვებოდით და გამოგვეკვლია, რადგან ჯერ გვქონდა საბჭოთა ფეხბურთი, სადაც ყველაფერი უკუღმა იყო, განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისგან და მერე პოსტსაბჭოთა ფეხბურთი, დაახლოებით 30-წლიანი ქართული ქაოსი უიშვიათესი გამობრწყინებებით. ჯამში გამოდის, რომ ქართულ ფეხბურთს დაახლოებით საუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ნამდვილ, ცივილიზებულ, ევროპულ ფეხბურთთან.

შარშან ამ ჩვენს და ევროპულ ფეხბურთს შორის არსებული კედელი გაქრა – რუსეთი სპორტულ რუკაზე საერთოდ აღარ ჩანს. შესაბამისად, გაქრა თვალუწვდენელი ბაზარი, რომელმაც ერთი ნორმალური ფეხბურთელი და გუნდი ვერ შექმნა არსებობის განმავლობაში. რუსული ჭაობი, რომელშიც ბევრი ქართველი ტალანტი ოდნავ გამდიდრდა, მაგრამ როგორც სპორტსმენი, დასრულდა, ასე მუშაობდა – იქაური გუნდები ნაძარცვ, შავ ფულზე არსებობდნენ და თამაშის ნაცვლად ფულის გათეთრებით იყვნენ დაკავებული. ეს იყო „ატკატების“ და კორუფციის დიდი ჯაჭვი, სადაც მთავარი, ფეხბურთი, არავის ახსოვდა და შესაბამისად, იქ მოთამაშე ფეხბურთელებიც არაფრად ვარგოდნენ. რუსეთი აქვეა, წარმოუდგენელ თანხებს იხდიდნენ, ქართველებიც მასობრივად აწყდებოდნენ ამ ბინძურ სამყაროს და სამუდამოდ ქრებოდნენ. ასე დავკარგეთ რამდენიმე თაობა და იმის შესწავლის საშუალება, რითაც ეს წერილი დავიწყეთ – რა შეუძლია ფეხბურთს.

 

დააკვირდებოდით, რამდენი ახალგაზრდა ქართველი გამოჩნდა ევროპულ ფეხბურთში უკრაინაში ომის დაწყებისთანავე. თან უბრალოდ კი არ გამოჩნდნენ, ნელ-ნელა წამყვან პოზიციებს იკავებენ, იტალია იქნება ეს, ესპანეთი თუ საფრანგეთი. მასშტაბი ჯერ მცირეა, მაგრამ მთავარია, ამბავი დაიძრა და ყველამ ნახა, რამდენად კარგად შეგვიძლია ფეხბურთის თამაში ქართველებს. სწორედ ეს მომენტი შეგვიძლია გამოვიყენოთ და ცოცხლად, პროცესში ვნახოთ, რას ცვლის სპორტის ეს სახეობა სტადიონს მიღმა. ამისთვის იდეალური „განტოლება“ გვაქვს – საქართველო, ნეაპოლი და ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც უნიკალური სეზონი ჩაატარა და მისმა მოედანზე გამომუშავებულმა ენერგიამ, ორი ქვეყნის, ორი ქალაქის ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა.

 

წინა ბლოგში გიამბეთ, რა შეიცვალა იტალიაში სამუშაოდ წასული ქართველებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ კვარას შემდეგ თავი ამაყად ასწიეს,  უპრობლემოდ მოაგვარეს სავიზო საკითხები, უფრო დაფასდა მათი შრომა, იმატა შეთავაზებებმა და შემოსავალმა. ნეაპოლში გაიხსნა ქართული მაღაზია, აპირებენ კვების ობიექტების ამუშავებას, დაიწყო საუბარი თბილისის და ნეაპოლის დამეგობრებაზე. “ნაპოლის” თითქმის ყველა საშინაო მატჩს რამდენიმე ასეული ქართველი ესწრება, დაინიშნა ჩარტერული რეისები, დამატებითი შემოსავალი გაუჩნდათ ტურისტულ სააგენტოებს, სასტუმროებს. მთელ მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა გაიგო საქართველოზე, დაინტერესდა და ჩამოსვლას აპირებს. ნეაპოლშიც და თბილისშიც საფეხბურთო ბუმის ახალი ტალღა აგორდა, ბავშვები ეზოებში ჩავიდნენ გვიან საღამომდე, მშობლებს ხვიჩას და მამარდას ფორმებს ეხვეწებიან, პატარა მორაგბეებიც კი კვარას ფორმებში ვარჯიშობენ. ბევრი გოგო-ბიჭი შევიდა ფეხბურთზე და უმეტესობას მარცხენა ფრთაზე სურს თამაში, გამოცოცხლდა სპორტული ატრიბუტიკით მოვაჭრე სექტორი, მოიმატა საქართველოს ჩემპიონატზე დასწრებამ და ანშლაგებით მიმდინარეობს სანაკრებო მატჩები.

გამოცოცხლდა ქართული სპორტული მედიაც, სადაც ლანძღვა-გინება და მუდმივი კრიტიკა ჩაანაცვლა ქება-დიდებამ და მხარდაჭერამ, შეგვემატა ბევრი ახალგაზრდა ჟურნალისტი თუ პლატფორმა, გაჩნდა კავშირები უცხოურ მედიებთან და რეპორტიორებთან. პირველი ნაბიჯისთვის ეს კარგია, თუმცა ქართულ ჟურნალისტიკაში გამეფებული ეს საზარელი უხარისხო ერთფეროვნება, უცოდინარობა და უგემოვნობა ძალიან რთული მოსარევი იქნება.

ადამიანები უკვე ხვიჩას გამო იკრიბებიან და საუბარი მხოლოდ ფანატებზე არაა – ქართველ სუპერბიჭს ყველა უყურებს – დიასახლისები, ბავშვები, ქალები, რომლებიც ფეხბურთს ვერ იტანდნენ, კაცები, რომლებსაც ფეხბურთი მოჰბეზრდათ. კვარა შეკრების მიზეზად იქცა და ტრადიციები აღადგინა – მეგობრების შეკრების, გოლზე მთელ ქუჩაზე ღრიალის, კარგ ხასიათზე ყოფნის და ზეიმის. ინერგება პაბებში ყურების ტენდენციაც, იხსნება ახალ-ახალი სპორტკაფეები, საშაურმეები და სახაჭაპურეები, კვარას თამაშის მერე ტაქსები ძვირდება და თითქმის არ არის, ღია კაფეებსა და მამაპაპურ რესტორნებშიც კი უკვე ეკრანები დგას და ორი საათით ყველაფერი სტადიონში აკუმულირდება.

გახსოვთ სხვა მოვლენა, რომელსაც ამხელა გავლენა ჰქონია ქართულ საზოგადოებასა და ეკონომიკაზე? აქ ერთი ძველი ამბავი უნდა გავიხსენოთ – 1981 წლის 13 მაისს საქართველოში არცერთი დანაშაული არ მომხდარა. არცერთი. ანუ მაშინაც კი, საბჭოთა ფარდებით გამოწვეულ სიბნელეში ჩვენ ვიგრძენით, რა შეუძლია ბურთს და მის მადევარ „შორტებიან კაცებს.“

მერე ნელ-ნელა საერთაშორისო ამბებმაც მოაღწია ჩვენამდე, გავიგეთ, როგორ შეცვალა დიეგო მარადონამ არგენტინის და იმავე ნეაპოლის ცხოვრება, როგორ გაჩერდა ომი პელეს გამო, რამხელა გავლენა აქვთ აფრიკელ ვარსკვლავებს საკუთარი გაჭირვებული ქვეყნების ცხოვრებაზე… მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გვყავდა მაღალი დონის გუნდი, სავსე ევროპული მასშტაბის ვარსკვლავებით, ჩვენ დღეს პირველად ვადევნებთ თვალყურს ერთი ფეხბურთელის არასაფეხბურთო ძალას და რეზონანსს, რაც ძალიან საინტერესო ფენომენია.

ამიტომ, დავაკვირდეთ ამ პროცესს და რაღაცები ვისწავლოთ, სიღრმეებში ჩავიდეთ, გამოვიყენოთ. მითუმეტეს, რუსეთი კიდევ კარგა ხანს ვერ გაეჩხირება ჩვენსა და ევროპას შორის და კვარას მაგალითს, წესით, ბევრი ახალი ქართველი ვარსკვლავის ისტორია და მაგალითი დაემატება. ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო კვლევა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. ეს არის გზა, რომელმაც საქართველო ბევრი მიმართულებით შეიძლება ევროპასთან დააახლოოს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.