fbpx

არდავიწყება


გააზიარე სტატია

 

ავტორი:  ნიკოლოზ ნადირაშვილი

 

პედრო ალმოდოვარის ბოლო ფილმი „პარალელური დედები“ ურუგვაელი საზოგადო მოღვაწის, ედუარდო გალეანოს სიტყვებით მთავრდება: „ისტორია არასდროს იქნება მდუმარე; რაც არ უნდა ფერფლად აქციონ, ამსხვრიონ და როგორც არ უნდა გააყალბონ ის. კაცობრიობის ისტორია ვერასდროს დამუნჯდება“. ფილმი ახალი აღთქმისეულ -„ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს“ (ლუკა, 12:2) – ინსტრუქციას ორგვარად, პარალელურად ამოწმებს: სიმართლის სახელით, ჯერ დედა ამბობს უარს საკუთარ შვილზე; თანამედროვე ესპანეთი კი განაგრძობს ფრანკოს პერიოდის დანაშაულების სააშკარაოზე გამოტანას.

XX საუკუნის ევროპაში  ყველაზე ხანგრძლივი დიქტატურის მქონე ესპანეთი და მისი მეზობელი პორტუგალია დღეს კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყნები არიან, სწორედ გამუდმებული თვითრეფლექსიითა და არდავიწყებით. თუმცა, ეს არდავიწყება თავისით არ ხდება: ზოგადეროვნულ შემართებასთან ერთად, მმართველი ელიტის და კანონმდებლების ღვაწლის შედეგიცაა. მაგ., პორტუგალიაში, მიხაკების რევოლუციისთანავე მოხდა დიქტატურასთან აფილირებული პირების ლუსტრაცია. გარკვეულ სეგმენტს არჩევნებზე, არათუ საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, არამედ, ზოგადად, ხმის მიცემაც აეკრძალა (მათ შორის მოსამართლეებსაც). ამავდროულად, სახელმწიფო ბიუჯეტში განისაზღვრა რეჟიმის მიერ დაზარალებულთა საკომპენსაციო ფონდი. და, ამასთან, იქ დღეს არაერთი სახელმწიფო თუ კერძო ინიციატივა მუშაობს მეხსიერების შენარჩუნებაზე. უმთავრესი მიზეზი ერთადერთია, რომ ფაშიზმი აღარასდროს განმეორდეს – Fascismo Nunca Mais! 

ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუციაა ლისაბონის რეზისტენციისა და თავისუფლების მუზეუმი, რომელიც დედაქალაქის ცენტრში მდებარე ალჟუბის ციხეში ფუნქციონირებს. ამ შენობას ოდითგან სატუსაღოს დანიშნულება ჰქონდა და აქვე განაწესებდა ანტონიუ დი ოლივეირა სალაზარიც საკუთარ ოპონენტებს. 

ჩემს რამდენიმე წერილში უკვე შევეხე სალაზარის ნახევარსაუკუნოვან ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელსაც „ახალი სახელმწიფო“ (Estado Novo) ერქვა. ამჯერად რეპრესიების იმ სპეციფიკას მიმოვიხილავ, რომლითაც ეს უკანასკნელი ხასიათდებოდა. ეს დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, თუ რამდენად ცდება ქრონოლოგიურად Estado Novo-ს მსგავსება XX საუკუნის კონტინენტური ევროპის დიქტატურულ რეჟიმებს და რა სახით იკითხება მისი ხელწერა ნეოსაბჭოთა კონტექსტში… რეალობაში, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება.

ალჟუბის მუზეუმის პირველივე სართულზე სალაზარის 1936 წელს წარმოთქმული ყველაზე ცნობილი სიტყვის – „დიდებული ჭეშმარიტებების“ – ვიდეოდოკუმენტაცია და გააზრებაა: „არ ვდავობთ ღმერთისა თუ ღირსების რაობაზე! არ ვდავობთ სამშობლოსა და მისი ისტორიის რაობაზე! არ ვდავობთ ხელისუფლებისა და მისი პრესტიჟის რაობაზე! არ ვდავობთ ოჯახისა და მორალის რაობაზე! არ ვდავობთ ბეჯითი შრომისა და ვალდებულებების რაობაზე!“

სწორედ ასე გამოიყურებოდა „ახალი სახელმწიფოს“ ღირებულებათა პირამიდა, რომლის სათავეც ეროვნული კათოლიკური ეკლესიის უზენაესობას ამოწმებდა. ერთი შეხედვით, სეკულარიზაციაზე მიმართული 1940 წელს ხელმოწერილი კონკორდატით, ეკლესიამ უკომპრომისოდ გაავრცელა თავისი გავლენა პორტუგალიის „იმპერიაში“,  რომელიც იმ დროს, ატლანტიკის ოკეანით იწყებოდა და ინდოეთის ოკეანის აუზში სრულდებოდა. ბოლო, ერთი შეხედვით, პროტესტანტული სამუშაო ეთიკის მადიდებელი პრინციპი კი, სინამდვილეში, პროფკავშირების თვითმმართველი ინსტიტუტის მოშლაში და შესაბამისად, მუშათა კლასის უფლებების სრულ უგულებელყოფაში გამოვლინდა (მათ შორის, გაფიცვა განისაზღვრა, როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედება). ამის პარალელურად კი, ხალხმა ღირებულებათა ერთგვარი სახალხო პირამიდაც შექმნა, რომელიც 3 ფ-ს სახელითაა ცნობილი: ფეხბურთი, ფადო და ფატიმა.

Estado Novo ამ ღირებულებებს სხვადასხვა „არაძალისმიერი“ მეთოდით იცავდა. პირველი – ეს იყო თვალთვალი. იმ პირების გამუდმებული თვალთვალი, რომლებიც არსებული წყობილებისთვის საფრთხისშემცველი აქტორები იყვნენ; მეორე – ეს იყო ინფორმატორთა ქსელი, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში იყვნენ შეგზავნილები და რეჟიმს შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფდნენ. სწორედ ეს ქსელი მიიჩნევა Estado Novo-ს უმთავრეს საყრდენად. მესამე – ეს იყო ალიანსი ბიზნესსექტორთან, რომლის ფარგლებშიც, კორპორაციებში დაინიშნნენ ყოფილი სამართალდამცავები. ისინი, თავის მხრივ, „კორპორაციულ თავდაცვაზე, ზედამხედველობასა და უსაფრთხოებაზე“ იყვნენ პასუხისმგებლები; მეოთხე იყო საფოსტო საბოტაჟი: მხოლოდ არქივების გახსნის შემდეგ გახდა ცნობილი, თუ რამდენმა ფინანსურმა თუ პირადი მნიშვნელობის გზავნილმა ვერ  მიაღწია  ადრესატამდე; მეხუთე – ეს იყო არალეგალური მიყურადება, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება აგროვებდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას მოქალაქეებზე, სამომავლოდ მათი შანტაჟის მიზნით; და მეექვსე – ცენზურის აპარატი, რომელიც, საიდუმლო პრესის კვალდაკვალ, ებრძოდა ყოველგვარ ინფორმაციულ ჰაბს, რომლის საქმიანობაც, შესაძლოა, ზოგადეროვნულ მორალთან ყოფილიყო წინააღმდეგობაში. 

ამის პარალელურად კი, რეჟიმი მიმართავდა ძალისმიერ რეპრესიებს: მოთვინიერებული სასამართლოს და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო მართლმსაჯულების პროცედურების პირობებში, ის იჭერდა, განუსაზღვრელი ვადით განაწესებდა სატუსაღოებში, მათ შორის, კოლონიებში, აწამებდა და საბოლოოდ კლავდა საკუთარ  მოქალაქეებს: უპირველესად, მუშათა კლასის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძოდნენ, რესპუბლიკელთა, სოციალისტთა, კომუნისტთა და სამხედრო ლიდერებს ან უბრალოდ სამოქალაქო აქტივისტებს და, შედარებით გვიან, პროგრესულ კათოლიკეებს… მრავალი მათგანი იყო სტუდენტი. პატიმრები ექვემდებარებოდნენ უწყვეტ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წნეხს: მათ აიძულებდნენ ეფხიზლათ ან, სულაც, გაუნძრევლად მდგარიყვნენ მრავალი დღის განმავლობაში, სცემდნენ, აშიშვლებდნენ… იყო ელექტროშოკის შემთხვევებიც. პოლიცია, როგორც წესი, გვიან ღამით ან დილაადრიან იჭერდა და შემდგომ ახლობლებისთვის ხშირად შეუძლებელიც კი იყო დაკავებულთა არათუ მონახულება, არამედ მათთან რაიმე ტიპის კომუნიკაციაც კი. 

ამ საშინელებების ფონზე ალჟუბის მუზეუმი აქცენტს წინააღმდეგობრივი მოძრაობების მშვენიერებაზე აკეთებს: თუ როგორ ვრცელდებოდა აკრძალული პრესა ან შეფარული მესიჯები „ნებადართულ“ პრესაში;  როგორ იქმნებოდა ინტელექტუალური პლატფორმები ციხეებში;  როგორ ხდებოდა პოლიციის აპარატის მორალური დისკრედიტაცია, როდესაც პატიმრები გაქცევას ახერხებდნენ;  როგორ იცავდნენ მამაცი ადვოკატები, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, პოლიტპატიმრების უფლებებს… მათ სიმართლეს. და, რასაკვირველია, უმთავრესი აქცენტი მაინც სახალხო დემონსტრაციებზე კეთდება, რომელთა ნაწილიც შეიარაღებულ ქმედებაშიც კი გადაიზრდებოდა ხოლმე. ერთი მხრივ, ჩამოთვლილი რეპრესიების და, მეორე მხრივ, წინააღმდეგობრივი მოძრაობების სპეციფიკა არაერთგზის იკითხება საბჭოთა და ნეოსაბჭოთა საქართველოს ისტორიაშიც… 

თანამედროვე ქართულ რეალობაში, 2021 წელს, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი 3000 გვერდი ადასტურებს თვალთვალისა და უკანონო მიყურადების მიმდინარე პრაქტიკას; შესაძლოა, დღეს არ ხდება საფოსტო გზავნილების საბოტაჟი და არც ოდიოზური ინფორმატორთა ქსელი ფუნქციონირებს, თუმცა ეს უკანასკნელი, გარკვეული სახეცვლილებით, ციფრულ ტროლ-ბოტების სისტემაში ითარგმნა; ამასთან, სახეზეა ე.წ. გარიგებული ბიზნესების ინსტიტუტი, რომელიც საკუთარი ხეირის გარდა, სისტემის შენარჩუნების უმთავრესი გარანტია… სასამართლო მოთვინიერებულია; დემონსტრაციები იზღუდება; ადგილი აქვს ძალოვანი სტრუქტურების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას და დაკავებულ პირთა უფლებების დარღვევას.

თუმცა, ის ორი უმნიშვნელოვანესი ცვლადი, რაც ამოწმებს Estado Novo-სა და ნეო-საბჭოთა კონტექსტების ექსკლუზიურ კავშირს, ეკლესია -მისი ჰეგემონია და მისით გაძლიერებული რელიგიური ნაციონალიზმი და კოლონიალიზმის იდეასთან კონფორმულობაა.

ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც ახალი და უახლესი ისტორიის კონტექსტში არ შეხებია რაიმე ტიპის რეპრესია – უმეტესობა ან თავად იყო რეპრესორი, ან რეპრესირებული (ზოგჯერ ეს ერთდროულადაც ხდებოდა). და ქვეყნებს, რომელთაც სურთ ეს მოცემულობა არ განმეორდეს, როგორც შესავალში აღვნიშნე, აქვთ გარკვეული დღის წესრიგი, რითაც მეხსიერებას ინარჩუნებენ… გადასცემენ მას ახალ თაობას… არ ივიწყებენ. 

რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღევანდელ საქართველოში? სად არის ის სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც საბჭოთა რეპრესიების არდავიწყებას უზრუნველყოფს? რამდენადაა ორიენტირებული ხელისუფლება და შესაბამისი დარგობრივი უწყება, რომ არ დაგვავიწყდეს საბჭოთა სიწითლე და, თუკი ზოგისთვის ეს სიწითლე ვარდისფერი ფერადოვნებისაა, მუდმივად მოხდეს მათთან კომუნიკაცია ამ ფერადოვანი გრადაციის გასწორების მიზნით?

ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუცია საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმია, რომელიც 2006 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იმ დროს დეპუტატ ნიკა რურუას ინიციატივით დაარსდა და დღემდე ს. ჯანაშიას ისტორიის მუზეუმის ნაწილია და მისსავე სივრცეში ფუნქციონირებს. აქაც, ალჟუბის ციხის მსგავსად, რეპრესიის მასშტაბებია აქცენტირებული და, ამავდროულად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტისაოკუპაციო მოძრაობების ისტორიაა ლაკონიურად მოყოლილი.

 

დღეს, ნაცვლად სახელმწიფო რესურსების მობილიზაციისა, რათა საბჭოთა ოკუპაციის შემზარავი ქრონიკები გასცდეს სამუზეუმო კედლებს, ახალ პოლიტიკურ რეალობაში, პირველი რაც ვნახეთ, იყო „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ აქცია, რომელიც მუზეუმის გაუქმებას და მის ახალ ინვარიანტს ითხოვდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების მიზნით, ახალი რედაქციის მუზეუმს უნდა დაერქვას „საბჭოთა საქართველოს მიღწევათა მუზეუმი.“ აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე პერიოდში რუსეთის საპატრიარქომ საქართველოს კულტურის სამინისტროს აცნობა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ამ შინაარსის მუზეუმის არსებობა (ერთი მხრივ, დასაფასებელია, რომ ამ წერილს არ მოჰყვა მუზეუმის დახურვა; მეორე მხრივ, დასაფიქრებელია, რამდენად გაბედავდა პუტინის კოლაბორანტი კირილე ამ ტიპის რეკომენდაციას საქართველოს სხვა ხელისუფლების პირობებში?!). ყველაზე ნიშანდობლივი კი მაინც სტალინის 1937 და 1940-იანი წლების პოსტერების ამბავია. ხელოვნებათმცოდნე და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ცხადაძე, ჩემთან საუბარში, აღნიშნავს, რომ ეს პოლიგრაფიული მასალები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს შეთანხმების საფუძველზე გადმოეცა თბილისის ისტორიის მუზეუმისაგან; თუმცა, კულტურის ამჟამინდელმა მინისტრმა აღნიშნული ექსპონატები „დაკარგულად“ მოიაზრა და მათი „პოვნის“ შემდეგ, ისინი კვლავ თბილისის ისტორიის მუზეუმის საწყობში დააბრუნა. მუზეუმში სტალინის პლაკატების ადგილას ახლა სიცარიელეა. 

ამ პირობებში კი სადავეები, ტრადიციულად, არასამთავრობო სექტორმა აიღო და დღეს ამ მიმართულებით უმთავრეს გამწევ ძალას „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (Sovlab.) წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც Sovlab.-ის საქმიანობას ევროპარლამენტი რუსულ დეზინფორმაციასთან უმნიშვნელოვანეს საბრძოლო ინსტრუმენტად აღიქვამს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე “სოვლაბი” მოხსენიებულია ისტორიის გამყალბებლად და დეზინფორმატორად.

Sovlab.-ის გამგეობის თავმჯდომარისთვის, რამდენადაც მეხსიერების პოლიტიკა ეროვნული იდენტობის განსაზღვრაში არსებით როლს ასრულებს, ამ მხრივ საქართველოს რეალობა საგანგაშოა. ირაკლი ხვადაგიანი ჩემთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გარდა შესაბამისი მიზნობრივი ინსტიტუციების თუ კვლევაზე მიმართული სახელმწიფო ფონდების არარსებობისა, ამ მხრივ პრობლემურია უმაღლესი განათლების სისტემაც (მხოლოდ ილიას უნივერსიტეტშია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევების სამაგისტრო პროგრამა); და, რომ ამ პირობებშიც კი, თუკი ვინმე განიზრახავს ამ მიმართულებით კვლევას, ორი უმთავრესი ბიუროკრატიული პრობლემა იჩენს თავს: პირველი – ეს არის ასლის გამოთხოვის/ფოტოდოკუმენტაციის საფასური; მეორე პრობლემა შედარებით უფრო კომპლექსურია და ის პერსონალური ინფორმაციის დაცვას ეხება. ამ ერთი შეხედვით ემპათიური რეგულაციის საფარქვეშ სახელმწიფო იტოვებს უფლებამოსილებას დაფაროს არსებითი ინფორმაცია, თუკი დოკუმენტში კონკრეტული პიროვნებაა ნახსენები. აღნიშნული რეგულაცია მოქმედებს ყველა იმ დოკუმენტზე, რომლის შედგენიდან ჯერ არ არის გასული 75 წელი. შესაბამისად, დღეს მკვლევრებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ 1948 წლამდე დათარიღებულ მასალებთან.

ხვადაგიანის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომაა, როდესაც საქმე „პერსონალურ ინფორმაციას“ და ლუსტრაციის პრინციპებს ეხება და საქართველოშიც არის შესაძლებელი ოპტიმალური სქემის დანერგვა; თუმცა, აქ ამ მხრივ მმართველი პოლიტიკური ელიტა რაიმე ტიპის საკანონმდებლო რეფორმას არ განიხილავს.

ასე ხდება საბჭოთა კავშირის საშინელებათა დავიწყება. შესაბამისად, დღეს სახეზე, ნაცვლად მეხსიერების შენარჩუნების პოლიტიკისა, წარსულის იგნორირების პოლიტიკა გვაქვს, ხოლო ტენდენცია საერთოდაც ამნეზიის პოლიტიკაზე მიანიშნებს… და, რამდენი ოკუპაციის მემორიალიც არ უნდა დადგას თბილისის მერიამ ფონიჭალაში, ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ თბილისიდან 65 კმ.-ში „პარა-სტალინური“ მუზეუმი ფუნქციონირებს.

დასასრულს მაინც პორტუგალიას დავუბრუნდები; უფრო იმიტომ, რომ ისევ დღევანდელობის საქართველოზე ვიმსჯელო. ერთ ფრაზას გავიხსენებ, რომელიც ასევე სალაზარს ეკუთვნის: „ღირსებით მარტო“ – “Orgulhosamente Sós”, რაც კონოტაციურად ჩვენს „ღირსებით ევროპისკენ“-ს მახსენებს. ყველაზე დიდი სევდა კი ისაა, რომ თუკი სალაზარს დამღუპველი, მაგრამ მაინც ნაციონალური სენტიმენტები ამოძრავებდა, დღევანდელი საქართველოს „ღირსებით ევროპისკენ“ სინამდვილეში არა სალაზარისეულ ნაციონალისტურ იზოლაციონალიზმზე მიანიშნებს, არამედ მეხსიერებააყრილი, მოსკოვის ნეოსაბჭოთა კოლონიალისტური პროგრამის მესიჯბოქსია.

რამდენიმე დღის წინ, 25 აპრილს, პორტუგალიამ მიხაკების რევოლუციის დღე აღნიშნა. ლისაბონის თავისუფლების გამზირზე ყველა ტიპის პარტია იყო წარმოდგენილი, დაწყებული ახალგაზრდა კომუნისტებით, დამთავრებული ლიბერალ-მემარჯვენეებით; ერთ გამზირზე იდგენენ, ერთად ზეიმობდნენ… ერთი სლოგანის ქვეშ: „ფაშიზმი აღარასდროს!“ საქართველოს შემთხვევაში რა შეიძლება იყოს ეს გამაერთიანებელი სლოგანი, თუ არა: „Never Back to USSR”?!

 

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, EU4Culture პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია ნიკოლოზ ნადირაშვილი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.