LC Queisser გეპატიჟებათ გამოფენის გახსნაზე „წინამძღვრიშვილის 49 / მაზნიაშვილის 10“
შაბათს, 20 მაისს, შუადღის 3 საათიდან საღამოს 8 საათამდე გალერეა LC Queisser გეპატიჟებათ გამოფენის გახსნაზე „წინამძღვრიშვილის 49 / მაზნიაშვილის 10“.
გალერეის ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა „წინამძღვრიშვილის 49 / მაზნიაშვილის 10“ გალერეის სამეზობლოსა და ქალაქს აკვირდება. არქიტექტურის ისტორიკოსმა მაია მანიამ საგანგებოდ გამოფენისთვის მოამზადა ნაშრომი – ,,წინამძღვრიშვილის ქუჩის 49-ში მდებარე ყოფილი საშემოსავლო სახლისა და მისი მიმდებარე მიკროკვარტლის მხატვრულ–არქიტექტურული შეფასება“, არქიტექტორმა ნატალია ნებიერიძემ კი ჩვენი უბანი და სამეზობლო შეისწავლა. ეს კვლევები წარმოდგენილია 24 ხელოვანთან ერთად, რომლებიც გალერეის საქმიანობაში მისი ინაუგურაციის დროიდან არიან ჩართული. „წინამძღვრიშვილის 49 / მაზნიაშვილის 10“ ჰყვება ისტორიას იმ სათუთ კონტექსტსა და გარემოზე, რომელშიც LC Queisser აღმოცენდა.
მე-19 საუკუნის შუა ხანებში განვითარებული ჩვენი სამეზობლო ამჟღავნებს მჭიდრო კავშირს ურბანული განვითარების, ისტორიული ცვლილებების და თბილისის ყოველდღიურობას შორის. მანიას ნაშრომში წარმოდგენილია ივანე და ბაგრატ შახბაზოვების სამსართულიანი სახლის არქიტექტურული ანალიზი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეზოს პირა ხის კიბეს ეთმობა. ეს კიბე, რომელიც გალერეის ფანჯრებიდან მოჩანს, ჩვენი შენობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის ხშირად ჩვენი გამოფენების ნაწილი მიზანმიმართულადაც კი ხდება, მაგალითად, როგორც თოლია ასტახაშვილის ნამუშევარში; ან ზოგჯერ უბრალოდ ცალკეული ნამუშევრების ფონად აღიქმება. ნატალია ნებიერიძე თავის ნაშრომში აკვირდება მიმდებარე საჯარო სკვერის გავლენას სამეზობლოზე. ნაშრომი ჩვენი ქალაქის მრავალშრიან ისტორიას გვიამბობს და ამავდროულად, ჩვენს უბანში განვითარებულ ცვლილებებს უსვამს ხაზს.
გამოფენა აგრეთვე წარმოადგენს განსხვავებული და მრავალფეროვანი პრაქტიკის მქონე 24 ხელოვანს. შერჩეული ნამუშევრები პირდაპირ თუ ირიბ კავშირშია ცვალებად და მრავალშრიან ურბანულ სივრცესთან, კოლექტიურ მეხსიერებასთან, არქიტექტურისა და იდენტობის არასტაბილურ რყევებთან. სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები – ფერწერა, ფოტოგრაფია, სკულპტურა, ინსტალაცია, პერფორმანსი – გვთავაზობენ ადგილისა და სივრცის მიმართ ახლებურ დამოკიდებულებას, ერთვებიან რა გარემოსთან დიალოგში ინოვაციური გზებით.
გამოფენა „წინამძღვრიშვილის 49 / მაზნიაშვილის 10“ აგრეთვე საუბრობს LC Queisser–ის მისწრაფებაზე მხარი დაუჭიროს ექსპერიმენტულ, დისციპლინათაშორის და ახლად აღმოცენებულ პრაქტიკებს და ამავდროულად, გააღრმაოს დიალოგი თბილისსა და ხელოვნების უფრო დიდ სამყაროს შორის.
მონაწილე ხელოვანები:
სიტარა აბუზარ ღაზნავი, ქეთუთა ალექსი–მესხიშვილი, რაფიკ გრაისი, თეა გვეტაძე, ანა გზირიშვილი, ანდრო ერაძე, მელიკე კარა, მორაგ კეილი, ნინა კინწურაშვილი, ქეთო ლოგუა, ნენსი ლუპო, მაია მანია, სოფიო მედოიძე, დავით მესხი, ქეუ მეფარიშვილი, ნატალია ნებიერიძე, ჩედვიკ რანტანენი, სერ სერპასი, იონგ ქსიანგ ლი, Understructures/ ელიზა მამარდაშვილი.