fbpx

პეპ გვარდიოლას ზებუნებრივი ფეხბურთი და სამეფო მითის მსხვრევა


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ცოტა ხნის წინათ აღვნიშნავდით, რომ მადრიდის „რეალი“ განსაკუთრებული ფენომენია თანამედროვე ფეხბურთში და ეს კლუბი გლობალური დომინირების გამო, მხოლოდ „ესპანურობით“ ვერ შემოიფარგლება. 

მაგრამ რა უნდა ითქვას იმ სასწაულებრივი სანახაობის შესახებ, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ გასულ კვირას მოაწყო და მთელი მსოფლიო გააოცა აქამდე არნახული და არგაგონილი თამაშით?!

„მანჩესტერ სიტის“ და მადრიდის „რეალის“ 17 მაისის დაპირისპირება აუცილებლად შევა მსოფლიო საფეხბურთო სახელმძღვანელოებში, როგორც სპორტის ამ სახეობაში ახალი ეპოქის მაუწყებელი, რადგან თუკი რინუს მიხელსის იდეით გამსჭვალული ჰოლანდიის ნაკრების სათამაშო სქემას 50 წლის შემდეგაც ტოტალური ფეხბურთის დასაბამად აღიარებენ, სამომავლოდ პეპ გვარდიოლას ხელწერასაც აუცილებლად თავისი სახელი მიენიჭება. 

ოღონდ ეს მაშინ მოხდება, თუკი დროთა განმავლობაში სხვა მწვრთნელებიც შეძლებენ მისი იდეების განხორციელებას და განვითარებას, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში „მანჩესტერ სიტის“ დომინირება თანამედროვე ფეხბურთში კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, წლეულს მოიგებს თუ არა ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგას… 

ხოლო ახალი საფეხბურთო მიმდინარეობის სახელწოდების გაჩენამდე კი „მანჩესტერ სიტის“ მიერ „რეალთან“ ნაჩვენებ ფეხბურთს უბრალოდ ზებუნებრივად თუ შევრაცხავთ, მგონი, არავინ შეგვეწინააღმდეგება. 

როგორ შეიძლება ორი სიტყვით შეფასდეს ის, რაც ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში, რომლის პირველი რაუნდის შემდეგაც „ყველაფერი წინ იყო“?

სინამდვილეში პეპ გვარდიოლა თურმე ისეთ სიურპრიზს უმზადებდა ანჩელოტის, რომ ამ უკანასკნელს ალბათ მოუწევს როგორც „ძველი ეპოქის კაცს“, კაპიტულირება ახალგაზრდა კოლეგის წინაშე…

 

 

„მანჩესტერ სიტის“ უპირატესობა მსოფლიოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის წინააღმდეგ თამაშში მსგავსი იქნებოდა ინგლისის რომელიმე ქვედა დივიზიონის გუნდთან შეხვედრისა, მაგრამ აქამდე ამა თუ იმ მეტოქის ასეთ დონეზე მიწასთან გასწორება „მანჩესტერ სიტის“ როგორც ჩანს, არც დასჭირვებია, რადგან მის მწვრთნელს კარიერაში ამ დონის მატჩ-რევანში არასოდეს ჰქონია!

მასპინძელთა ფსიქოლოგიური განწყობა და მოგების დაუოკებელი სურვილი თამაშში ბურთის შეტანისთანავე გაცხადდა, რადგან მადრიდის „რეალმა“ მატჩის პირველი 15 წუთის განმავლობაში სულ 13(!) გადაცემა განახორციელა და ზოგადად, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ზედიზედ ორი ზუსტი პასის გაკეთება სტუმრებისთვის სასწაულის ტოლფასი იყო.

ვეტერანი მოდრიჩი ცდილობდა ყველგან გაჩენილიყო, სადაც კი მის თანაგუნდელებს პრობლემა შეექმნებოდათ, მაგრამ ამაოდ, რადგან თავიდანვე გაირკვა, რომ მასპინძლები მათ უბრალოდ ბურთს არ გააკარებდნენ.

ამ მატჩმა საბოლოოდ დაგვარწმუნა პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილების სისწორეში  გუნდიდან გაბრიელ ჟეზუსის და სტერლინგის გაშვებასთან დაკავშირებით, რადგან „მანჩესტერ სიტის“ დღევანდელი ფლანგის მოთამაშეები – ჯეკ გრილიში და ბერნარდუ სილვა მათზე ბევრად ძლიერად თამაშობენ. 

„რეალის“ განადგურების შემდეგ კი „ინტერის“ იტალიელი განაპირა მცველები, სავარაუდოდ, უკვე თავს იმტვრევენ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდებისთვის ბურთის ართმევის ახალ მექანიზმებზე…

მეტოქის ნახევარზე დასახლებამ და ყოველი შეტევის გოლამდე თუ არა, თითქმის გოლამდე მიყვანამ, „რეალის“ არამც თუ სათამაშო პოზიციებს, არამედ გვერდიგვერდ მყოფ მოთამაშეებს შორისაც კი გახლეჩა გამოიწვია.

ამიტომ მთელ რიგ ეპიზოდებში სტუმრებს სრულიად გაუმართლებლად საკუთარი მეკარისკენ უწევდათ ბურთის გადაგზავნა, რადგან „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები მათ მისი აუტში მოგერიების საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. 

ასეთი საშინელი ზეწოლის შედეგად „მანჩესტერ სიტი“ პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში სამი კაცის უპირატესობით ეთამაშა თავზარდაცემულ მეტოქეს, რადგან ბენზემას, როდრიგოს და ვინისიუსს მოედანზე უბრალოდ საქმე არ ჰქონდათ.

ამ უკანასკნელის სასაცილო „გარღვევების” ცქერას კი ალბათ მისი მოედნიდან გაყვანა აჯობებდა, მაგრამ ანჩელოტიმ იგი ბენზემასთან ერთად  ბოლომდე დატოვა პრესტიჟის გოლის გატანის იმედით…

მაგრამ გოლის გატანა „რეალმა“ ვერ მოახერხა. პირველ ტაიმში კი მასპინძლები ბერნარდუ სილვას დუბლით დაკმაყოფილდნენ და რომ არა სტუმართა მეკარე ტიბო კურტუას აკრობატული ნახტომები, მატჩის საბოლოო ანგარიში 4:0 შესვენებამდეც დაფიქსირდებოდა.  

საბოლოო წერტილი ამ შეხვედრაში ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა დასვეს, როდესაც მატჩის პირველ დამატებულ წუთზე ფილ ფოდენის გადაცემა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ხულიან ალვარესმა აქცია გოლად. 

„რეალის“ გავარდნის შემდეგ ესპანური ფეხბურთის პრესტიჟს ევროთასებზე „სევილია“ დაიცავს, რომელიც „იუვენტუსთან“ ვნებათაღელვით აღსავსე მატჩის დამატებით დროში ლამელას მიერ გატანილი ბურთით სრულიად სამართლიანად გავიდა ფინალში.

 

 

„სევილია“ ტრადიციულად იგებს ევროპის თასის ფინალს, მაგრამ ამჯერად მას „რომას“ სახით ურთულესი მეტოქე ეყოლება, რადგან იტალიური გუნდის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომლის თაოსნობით შარშან „რომამ“ კონფერენს ლიგა მოიგო, არ არის დაჩვეული ფინალში წაგებას.

„რომამ“ დაცვაში და ნახევარდაცვაში ისეთი გაუვალი ჯებირები მოაწყო, რომ „ლევერკუზენის“ მოთამაშეებმა თანდათანობით დაკარგეს თამაშის ყოველგვარი ხალისი, რადგან თუკი შეხვედრის დასაწყისში მათ ძელს გაარტყეს ბურთი, მატჩის ბოლოს ოდნავ გააზრებული შეტევის მოწყობის უნარიც კი აღარ გააჩნდათ.  

აღსანიშნავია, რომ ფრედ – 0:0 დასრულებულ მატჩში „რომამ“ მთელი 90 წუთის მანძილზე  მეტოქის კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყა და საწადელ შედეგს ისე მიაღწია.

ევროპული ფეხბურთის ფლაგმანი მიმდინარე სეზონში იტალიაა, რომელსაც სამივე საერთაშორისო ტურნირის ფინალში თითო გუნდი ჰყავს წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანი  იყო „ნაპოლის“ დაპირისპირება ერთ-ერთი ამ ფინალისტის წინააღმდეგ მატჩში, რადგან მილანის „ინტერი“ ერთადერთი გუნდი იყო სერია A-ში, რომელთანაც „ნაპოლის“ ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი პირველ წრეში განცდილი მარცხის შემდეგ.

„ნაპოლიმ“ გაიმარჯვა ანგარიშით – 3:1 და ამ შედეგით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „სკუდეტო“ სრულიად დამსახურებულად მოიგო და ახლავე მზადაა მომავალ სეზონშიც იტალიის უძლიერესი კლუბის ტიტულის შესანარჩუნებლად.

გასულ კვირას, სანამ იტალიელები ზეიმობდნენ თავიანთ წარმატებებს ევროპულ ასპარეზზე, გერმანიაში ბუნდესლიგის სავარაუდო ჩემპიონის ვინაობას მიუნხენის „ბაიერნი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ არკვევდნენ.

„რეკორდმაისტერი“ პირველ ტაიმშივე დაწინაურდა „ლაიპციგთან“ შეხვედრაში, მაგრამ ამ მატჩის შემყურე ფეხბურთში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანი თავიდანვე მიხვდებოდა, რომ მასპინძელთა უპირატესობა დიდხანს ვერ გასტანდა და გოლები მათ კარში აუცილებლად გავიდოდა.

გოლები „ბაიერნის“ კარში მართლაც გავიდა და „ბორუსიას“ რეალური შანსი შეექმნა გერმანიის ჩემპიონობისა იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ტურში შინ „მაინცს“ დაამარცხებს. 

 

 

„მანჩესტერ სიტი“ კი უკვე ინგლისის ჩემპიონია. საოცარია ამ გუნდის ბოლო პერიოდის ნაამაგარი, რაც „ლივერპულის“ დიდი ანგარიშით – 3:0 განადგურებით დაიწყო და „რეალის“ მიწასთან გასწორებით დასრულდა.

მალე  პეპ გვარდიოლას გუნდი ინგლისის თასის ფინალურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება, იქვე კი „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩია.

ნუთუ „ზებუნებრივი ფეხბურთი“ იქაც უნდა გაჩაღდეს?! 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.