შირინ ნეშათი და მისი მეამბოხე სიჩუმე
ავტორი: მარიამ ბერძენიშვილი
შირინ ნეშათი ირანში, დასავლური მენტალობის მაღალი წრის ოჯახში დაიბადა. 1990 წელს, სამშობლოს დატოვებიდან ოცი წლის შემდეგ, მან თავად იგრძნო ის ძლიერი ცვლილებები, რაც ირანის რევოლუციამ და ისლამურმა კონსერვატიულმა რეჟიმმა მოიტანა. მან დაიწყო დასავლური და აღმოსავლური იდეოლოგიების კვლევა, იმ ფუნდამენტური ღირებულებების, რაც მის ოჯახს და სახელმწიფო სტრუქტურას ასე განასხვავებდა. ნეშათის მამა თავად იყო ინიციატორი თავისი შვილები საზღვარგარეთ გაეშვა, რადგან მისთვის ბევრად ახლობელი იყო დასავლური კულტურა და ღირებულებები, არ სურდა თავის შვილებს არ ჰქონოდათ პიროვნული განვითარების პერსპექტივა და არ ეგრძნოთ თავი სრულფასოვან მოქალაქეებად.
ნეშათი დასავლეთში დამკვიდრებული ირანელი ქალების სტერეოტიპებს იკვლევს და ცდილობს მათი მრავალფეროვანი და ღრმა ბუნება სწორი ფორმით მიაწოდოს ირანის მიღმა სამყაროს.
1983 წელს, ისლამური კანონის თანახმად, ქალებისთვის ჩადრის ტარება სავალდებულო გახდა. ნეშათმა ჩადრით შემოსილმა დაიწყო ფოტოების გადაღება. გამოხატვის ეს ფორმა ირანელი ქალების ემოციურ მდგომარეობას ძალიან ზუსტად გადმოსცემს. მისი ნამუშევრები სავსეა კულტურული თუ სემიოტიკური კოდებით, ტკივილით, რომელსაც ირანელი ქალები ყოველდღიურად განიცდიან, მაგრამ მის გამოხატვას ვერ ახერხებენ.
შირინ ნეშათის ნამუშევრები ერთ ქალზეა, ერთ ქალზე, რომელიც ბევრია და რომელშიც უამრავი ქალის ხმაა ჩახშობილი.
ის ფაქტი, რომ მისი ნამუშევრები საკუთარ სამშობლოში არასდროს გამოფენილა კიდევ უფრო მკაფიოდ გვიჩვენებს სიტუაციას დღევანდელ ირანში, პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ქალი მუდამ მამაკაცის დაკვირვების საგანია და მისი აღქმა სწორედ ფალოცენტრული მენტალობის შედეგია, შირინ ნეშათი ამ მკაცრ, მამაკაცის სიამოვნებაზე ორიენტირებულ პერცეფციას ეჭვქვეშ აყენებს და მნახველს ირანელი ქალის ახლებურ აღქმას სთავაზობს, აღქმას, სადაც ქალი ძლიერი და დამოუკიდებელია. მას არ ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების და ვიზუალურადაც გამოხატავს ამას.
ეს ამბავი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, ირანის ისლამური რევოლუციის პერიოდში, როდესაც ნეშათმა 17 წლის ასაკში სამშობლო დატოვა და ბედის საძიებლად ამერიკაში გაემგზავრა. შირინი ლოს-ანჯელესში ხელოვნებას სწავლობდა, მისთვის რთული აღმოჩნდა სხვა პოლიტიკურ და რელიგიურ ასპექტში, ახალ გარემოში ნავიგაცია, ამიტომ ამბობს, რომ იქ თავს „აუტსაიდერად“ გრძნობდა.
მისი ფოტოების პირველი სერია 1993-97 წლებშია გადაღებული, ის აერთიანებს ქალთა სახეებს და იკვლევს რელიგიურ სტიგმებს, შეუშინებლად ეხება ტაბუდადებულ თემებს და ქმნის ძლიერ, მრავლისმეტყველ პორტრეტებს.
თავისი ნამუშევრებით ნეშათი ცდილობს არ დაკარგოს კავშირი სამშობლოსთან და მანძილის მიუხედავად, ერთიანობა იგრძნოს მასთან. ტექსტისა და გამოსახულების ინტეგრაცია მისი ისლამური ხელოვნებისა და არქიტექტურის ინტერესიდან გამომდინარეობს. ხშირად მის ნამუშევრებზე გამოსახული ტექსტები რელიგიური ჰგონიათ, სინამდვილეში კი ეს ირანელი ქალების მიერ დაწერილი პოეზიაა, რომელსაც ასოციაციურად ნამუშევრიდან გამომდინარე უსადაგებს მათ.
„ბევრი რამაა, რის თქმაც ირანელ ქალებს სურთ, მაგრამ არ აქვთ ამის შესაძლებლობა, კალიგრაფიული ტექსტები დატანილი ფოტოებზე მათ შინაგან ხმას ასაზრდოებს.“
ნეშათის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „მეამბოხე სიჩუმეა“, ეს ნამუშევარი მნახველში შერეულ შეგრძნებებს იწვევს, ერთი მხრივ, საშიში, უცხო ჩადრით შემოსილი ქალი, რომელსაც თოფის ლულა სახეს შუაზე უყოფს, ირანელის ქალის სტერეოტიპს წარმოადგენს, მის სახეზე დაწერილი ტექსტები კიდევ უფრო გვაბნევს და გვიბიძგებს კონკრეტულ კატეგორიას მივაკუთვნოთ, მეორე მხრივ კი მისი თვალები გახსნილია, მისი მზერა პირდაპირ მნახველისკენაა მიმართული და გვიწვევს, გვაიძულებს კონკრეტულ მომენტში მისი ტკივილი გავიზიაროთ, გაუცხოების ნაცვლად მასში რაღაც ნაცნობი ვიპოვოთ. ბოლოს კი შიშის საპირისპიროდ ძლიერ ინტერესს და ემპათიის გრძნობას გვიჩენს.
სხვისი ტკივილის გაზიარება გეხმარება გაუმკლავდე საკუთარს, არტისტის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ადამიანების სიზმრების შეგროვება იყო, იგი სიზმრებს შიშთან ასოცირდება, ფილმში “Land of dreams” ახალგაზრდა გოგონა, პროტაგონისტი, რომელიც ნეშათის ალტერ ეგოა, უცხო ადამიანებთან მიდის სახლში, ფოტოების გადაღების ნებართვას იღებს და თავს ფოტოსკოლის სტუდენტად ასაღებს, ფოტოების გადაღების პროცესში კი ამ ადამიანებს ბოლოს ნანახი სიზმრის მოყოლას სთხოვს. ამ ერთი შეხედვით უწყინარი ინფორმაციის გაზიარებით, პროტაგონისტი პერსონაჟი ამ ადამიანების ტკივილის, შიშის და მათი გაუცნობიერებელი ტრავმების მონაწილე ხდება. მოქმედება სიურრეალურ ირანულ კოლონიაში ხდება.
“On Guard” – ასე დაასათაურა მან 1997 წელს გადაღებული ფოტოსერია, რომელიც ქალთა სხეულებს აღწერს – თვალებს, ხელებს, ფეხებს, იმას, რაც დაფარულია, რაც მზერის მიღმაა, მისი ნამუშევრები ოდაა ქალებზე, ქალებზე, რომლებიც ყველაფერს ხედავენ, მაგრამ ვერავინ ხედავს მათ.
დროთა განმავლობაში ნეშათის ნამუშევრები ფოტოებიდან ვიდეოინსტალაციებში გადაიზარდა, სწორედ მისმა ფილმმა „ტურბულენტი“, პრიზი მოიპოვა ვენეციის 48-ე ბიენალეზე. ნამუშევარი სიტყვის თავისუფლებაზეა, ქალთა ხმებზე, რომელიც არავის ესმის, უჩინარია და ყველასთვის გაუგონარი. მამაკაცის სიმღერას ათასობით ადამიანი უსმენს, როდესაც ქალი მღერის, საკონცერტო დარბაზი ცარიელია…
ნეშათი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს, მაგრამ მისი ნამუშევრების უმრავლესობა თურქეთში, ეგვიპტესა და მაროკოშია გადაღებული. იგი ამერიკაში ჩასვლიდან თითქმის 20 წელი არ დაბრუნებულა ირანში.
„ჩემი ნამუშევრები არის ქალზე, რომელსაც ღრმად აქვს გააზრებული საკუთარი სიძლიერე, მაგრამ ამავდროულად, უსაზღვროდ მსხვრევადია“.