fbpx

„ფილმების შენახვის ყველაზე სანდო გზა კინოფირია“ – ინტერვიუ შალვა მიქუტიშვილთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ლევან გელაშვილი

 

მასალა მომზადდა 2022 წლის შემოდგომაზე ჟურნალ „კინO-სთვის”

გასული წლის მიწურულსა და წელს, 27 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ეროვნულმა კინოცენტრმა ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით მოაწყო 20-იანი და 60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივები. ჩვენებები გაიმართა ეროვნული არქივის კინოდარბაზში და მათზე დასწრება თავისუფალი იყო. რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით.

ქართული ფილმები, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკების ფილმები, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მის მემკვიდრედ აღიარებულ რუსეთში დარჩა და ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში” ინახება. მათი ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე „გოსფილმოფონდიდან” ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 38. 

რესტავრაციის სპეციფიკასა და პროცესებზე ვესაუბრეთ ეროვნული არქივის თანამშრომელს,  კინოს რესტავრატორს,  კინომცოდნეს და ვიდეოინჟინერს  შალვა მიქუტიშვილს.

ლევან გელაშვილი: ფილმების რესტავრირების მნიშვნელობით რომ დავიწყოთ – ერთი მხრივ, ეს არის ნაწარმოებისათვის ავთენტური სახის შენარჩუნება და, ამავე დროს, არტეფაქტი, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის წარსულზე.

შალვა მიქუტიშვილი: ფილმები, რომელთა აღდგენა-რესტავრაციასაც ჩვენ ვახორციელებთ, ინახება კინოფირზე. კინოფირები არსებობს სხვადასხვა წარმოებისა თუ სპეციფიკის, შესაბამისად, თითოეულ მათგანს აქვს მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, მაგალითად, ფერი და მარცვალი, შუქმგრძნობელობა, კონტრასტულობა და ა. შ. ამიტომ როდესაც ავთენტურობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში კინოფირის, როგორც მასალის, ავთენტურობა იგულისხმება და სკანირების შემდეგ მთავარი სამუშაოც ციფრულ გამოსახულებაში ამა თუ იმ კონკრეტული ფირისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შენარჩუნებაა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, წარმოდგენა გვქონდეს სარესტავრაციო ფილმის გადაღების პროცესზე, მის ისტორიაზე, ხომ არ მოხდა გადაღების დროს გამოსახულებაზე ან ლაბორატორიაში გამიზნულად რაიმე ხელოვნური მანიპულაცია, ხომ არ გამოიყენეს სპეციფიკური ფილტრები, განათება ან კინოფირი? მაგალითისთვის შეგვიძლია, გავიხსენოთ თენგიზ აბულაძის ფილმი „ვედრება“, სადაც ოპერატორმა საშა ანტიპენკომ დაბალი შუქმგრძნობელობის კონტრასტული ფირი „მიკრატი“ გამოიყენა, რომ ფილმის მთავარი კონცეფცია შავისა და თეთრის მაქსიმალურად კონტრასტული გამოსახულებით გადმოეცა. ეს კონტრასტი იმდენად თვალში საცემია და არ ჯდება ფერის შეფასების თანამედროვე სტანდარტებში, რომ თუ რესტავრატორმა არ იცის აღნიშნული კინოფირის სპეციფიკა და არ იცის, რომ ასეთი გამოსახულება მიზანმიმართულად შეიქმნა, ფერის კორექციის დროს ის აუცილებლად შეეცდება ამ კონტრასტის შერბილებასა და დამუშავებას. ასეთი გაუაზრებელი „გამოსწორების“ დროს, ცხადია, რეჟისორის და ოპერატორის ჩანაფიქრი დაიკარგება.

 

ლ.გ. თუმცა საპირისპირო მიდგომით მუშაობის პრაქტიკაც არსებობს. 

შ.მ. დიახ, არსებობს რესტავრაციის არაერთი შემთხვევა, რომელზეც განსხვავებული, საპირისპირო მიდგომით იმუშავეს, ანუ რესტავრაციის დროს პირველყოფილი სახის შენარჩუნება კი არ იყო მთავარი, არამედ პირიქით, ცდილობდნენ, რომ 50-60-70 წლის წინანდელი გამოსახულება მაქსიმალურად დაემსგავსებინათ თანამედროვე ციფრული გამოსახულებისთვის, რადგან ფიქრობდნენ, რომ დროის ნიშნის გაქრობით გაქრებოდა დისტანციაც თანამედროვე მაყურებელსა და დაძველებულ გამოსახულებას შორის და კარგად გაიყიდებოდა. მაგალითად, ერთი წლის წინ დისნეი პლუსზე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი The Beatles: Get Back. ეს არის უნიკალური საარქივო მასალა ბიტლზის შესახებ, რომელიც ძირითადად 16-მილიმეტრიანი კინოკამერით არის გადაღებული. ფილმის რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა საარქივო მასალები, დაახლოებით 60 საათის ხანგრძლივობის დოკუმენტური კადრები და ორჯერ მეტი აუდიო ჩანაწერი დაამუშავა, შეამოკლა და გამოსახულებას ხმასთან ერთად გაუკეთა რესტავრაცია, რასაც ჰყავდა როგორც აღფრთოვანებული, ისე აღშფოთებული შემფასებელი – ერთნი ამბობდნენ, რომ პიტერ ჯექსონმა სასწაული გააკეთა, მან ბიტლზთან, იმ ეპოქაში კი არ დაგვაბრუნა, არამედ ბიტლზი მოიყვანა ჩვენთან, ბიტლზი გახადა ჩვენი თანამედროვე, რომ მან გააქრო დისტანცია 1969 წლების ჩანაწერებსა და თანამედროვე მაყურებელს შორის და, შესაბამისად, ეს გამოსახულება თანამედროვე ადამიანისთვის ისეთივე ახლობელი გახდა, როგორც კადრები ნეტფლიქსის ფილმებიდან ან ფლეისთეიშენის თამაშებიდან. ხოლო მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ეს არის უპატივცემულობა მასალის მიმართ, სადაც მთლიანად დაკარგულია ფირის ტექსტურა. ეს არის ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენების ნამდვილი მაგალითი. თავად პიტერ ჯექსონი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ რესტავრაციის შედეგად მათ მიიღეს ისეთი გამოსახულება, რისი ნახვის შემდეგ მაყურებელს კადრები „გუშინ გადაღებული” ეგონება. 

ჩემი აზრით, მიდგომა, რომ 50 წლის წინ გადაღებული გამოსახულება „გუშინ გადაღებულ“ გამოსახულებას დაემსგავსოს, არასწორია. გუშინ გადაღებულში, ცხადია, იგულისხმება თანამედროვე ციფრული კინოკამერით გადაღებული. თავად The Beatles: Get Back-ის მხოლოდ ტრეილერის ნახვაც საკმარისია იმისთვის, რომ გამოცდილმა თვალმა დაინახოს, რესტავრირებული კადრები არანაირად არ ჰგავს თანამედროვე „გუშინ გადაღებულ“ გამოსახულებას. მარცვლის და ხმაურის გასაქრობად გამოყენებულია პიქსელის გაბუნდოვნების ტექნოლოგია, შედეგად გამოსახულება ხდება ბრტყელი, დაკარგულია სიღრმე და მოცულობა, კადრები სავსეა არტეფაქტებით და, სამწუხაროდ, ეს კადრები არც თანამედროვე გამოსახულებას ჰგავს და აღარც 50 წლის წინ გადაღებულს, ბიტლზის წევრები კი ზოგიერთ მომენტში სამგანზომილებიანი ანიმაციის პერსონაჟებს ან თოჯინებს ემსგავსებიან. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ, რამდენიც  უნდა ვეცადოთ, რამდენიმე ათეული წლის წინ გადაღებული გამოსახულება ვერ იქნება თანამედროვე ციფრული გამოსახულების იდენტური და ასეთი აჟიოტაჟი მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია. როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ფილმის რესტავრაციისას სწორი მიდგომაა, გამოსახულებას პირვანდელი სახე დაუბრუნდეს, ისეთი, როგორიც ის იყო მაშინ, როცა გადაიღეს, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა. ამაში არის პროცესის მთელი ხიბლი. 

ლ.გ. ქართული კინოს ციფრულ ფორმატში რესტავრაცია აქამდე არ განხორციელებულა, როგორც ასეთი, არც მეთოდური გამოცდილება არსებობდა. 80-იან წლებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქართული ფილმები აღადგინეს ფირის დამუშავების ტექნოლოგიით. რამდენად ზუსტია თავად ეს სიტყვა – „აღდგენა“, რომელსაც სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცედურის აღმნიშვნელად იყენებენ და ზოგჯერ რიგით მაყურებელში დაბნეულობასაც იწვევს, რადგან ის ფიქრობს, რომ ფილმში ამოჭრილი ან დაკარგული ეპიზოდებია შეტანილი, რაც აქამდე უცნობი იყო? ზოგადად რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული კინოფილმების რესტავრაცია?

შ. მ. აღდგენა ზოგადი სიტყვაა და ხშირად აღდგენილში გულისხმობენ როგორც რესტავრირებულ, ისე იმ ფილმებს, რომელთა პრეზერვაციაც მოხდა.

როგორც იცით, კინოგამოსახულების პირველი თაობის მატარებელი იყო ნიტრატის კინოფირი, რომელიც 1890-იანი წლებიდან 1950-იან წლებამდე გამოიყენებოდა, მისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე დაბალ ტემპერატურაზეც სწრაფად ალდებოდა და არასათანადო პირობებში დროთა განმავლობაში ადვილად იშლებოდა, რის გამოც კინოს ისტორიაში უამრავი ფილმი დაიკარგა და არაერთი კინოთეატრი იმსხვერპლა აალებისგან გაჩენილმა ხანძარმა. იყო შემთხვევები, როდესაც ჰოლივუდის კინოსტუდიები სპეციალურად ანადგურებდნენ ნიტრატის ფირებს. ამ პრობლემების გამო ნიტრატის კინოფირი ტრიაცეტატის კინოფირმა ჩაანაცვლა, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს შედარებით უკეთესად აკმაყოფილებდა, თუმცა დროთა განმავლობაში ისიც არამდგრადი აღმოჩნდა და ჰქონდა პრობლემები. უკვე 1960-იანი წლებიდან დაიწყო პოლიესტერის კინოფირის გამოყენება, რომელიც ბევრად მდგრადია და დღემდე მიმდინარეობს მისი წარმოება. აქედან გამომდინარე, მუდმივად ხდებოდა დაზიანებული ან დაზიანებადი კინოგამოსახულების ერთი მატარებლიდან უფრო უსაფრთხო მატარებელზე გადატანა. ამ პროცესს პრეზერვაცია ჰქვია და მისი წყალობით მსოფლიო კინოში ბევრი კარგი ფილმი დაკარგვას გადაურჩა. დროთა განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა. დღეს უკვე არსებობს მაღალი გარჩევადობის კინოსკანერები, რომელთა საშუალებითაც ანალოგური გამოსახულება ციფრულ სახეს იღებს. ერთ-ერთი ასეთი კინოსკანერი რამდენიმე წლის წინ ეროვნულმა არქივმა შეიძინა და მოგვეცა შესაძლებლობა, ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ქართული კინომემკვიდრეობის ციფრული აღდგენა, პრეზერვაცია დაგვეწყო. ფილმი შეიძლება ფიზიკურად არსებობდეს საცავში, მაგრამ თუ ის ხელმისაწვდომი არ იქნება, თუ მაყურებელს მისი ნახვის საშუალება არ ექნება, ის დაკარგულად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ არის ციფრული აღდგენის პროცესი მნიშვნელოვანი, რომ არა მარტო ციფრულად დავიცავთ ფილმები, არამედ ისინი გავხადოთ მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, მაღალი ხარისხით წარმოვადგინოთ. მაგალითად, დღეს იუთუბიზე უამრავი ქართული ფილმის ნახვა შეგიძლიათ, თუმცა უმრავლესობა იმდენად დაბალი ხარისხის არის, რომ ძნელია იმ გამოსახულებაში რამის გარჩევა. ჩვენ მიერ ციფრულად აღდგენილი გამოსახულება კი არის მაღალი ხარისხის, სადაც გასწორებულია ფერები, ხმა და შესაძლებელია სხვადასხვა ფესტივალებზე, რეტროსპექტივებსა და ღონისძიებებზე მისი პროექცია. ასევე შესაძლებელია ამ ფაილების ციფრული რესტავრაცია, რაც მთელ ამ პროცესში ცალკე მიმართულებაა და თავისი სპეციფიკა გააჩნია. ხშირად ერთმანეთში ურევენ ციფრული პრეზერვაციის და რესტავრაციის პროცესს. რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, აქვე განვმარტავ, პირველ შემთხვევაში იქმნება მაღალი ხარისხის ციფრული ასლები, მინიმალური კორექციით, მეორე, რესტავრაციის შემთხვევაში კი ხდება დაზიანებების აღმოფხვრა, ეს იქნება მტვრის ნაწილაკები, ნაკაწრები, ლაქები თუ სხვადასხვა ტიპის დეფექტები. მაგალითად, ჩვენ ამ ეტაპზე 40-მდე ფილმის პრეზერვაცია გავაკეთეთ, მაშინ როდესაც მხოლოდ 7 ფილმის სრული რესტავრაცია შევძელით, რადგან ამას ძალიან დიდი დრო და რესურსი სჭირდება. 

გამოწვევებს რაც შეეხება, ჩვენთან ეს შედარებით ახალი მოვლენაა, ზოგიერთს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ფილმის სრულფასოვნად რესტავრირება შესაძლებელია, ზოგმა იცის, მაგრამ თითქოს ნდობა არ აქვს და საზღვარგარეთ წაღებას და იქ რესტავრაციას ამჯობინებს. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში ქართულ კინოში თუ გინდოდა ტექნიკურად რაიმეს ხარისხიანად გაკეთება, აუცილებლად მოსკოვში უნდა წაგეღო. ეს ეხებოდა როგორც ფილმის ბეჭდვას, ისე სხვა ტექნიკურ პროცესებს. შესაბამისად, რეჟისორებს, რომლებმაც ეგ პერიოდი გამოიარეს, ჯერ კიდევ აქვთ იმის განცდა, რომ აქ ხარისხიანად ვერ გააკეთებენ, რაც არასწორია. მინახავს საზღვარგარეთ გაკეთებული ფილმები, რაშიც დაახლოებით ათჯერ მეტი გადაუხდიათ და შედეგი უკეთესი არ ყოფილა, არადა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სფერო აქ სწორად განვითარდეს და დაფასდეს. 

ციფრული რესტავრაცია ძალიან კომპლექსური და ფაქიზი პროცესია, თითოეული კადრი  დიდ დაკვირვებას საჭიროებს, რადგან არსებობს გამოსახულებიდან გარკვეული ტიპის ინფორმაციის დაკარგვის საშიშროება, რამაც შეიძლება კადრიდან მომდინარე შეგრძნებებისა და ემოციის გაქრობა გამოიწვიოს. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში მთავარი ხდება არა ის, რას აღადგენ, არამედ არსებული მასალიდან რას შეინარჩუნებ. არსებობს ისეთი დაზიანებები, რომლებსაც ჯობს, საერთოდ არ შეეხო, ვიდრე რესტავრაციის დროს გამოსახულებას სტრუქტურა შეუცვალო. დღეს, როდესაც არაერთი პროგრამული უზრუნველყოფა არსებობს, როგორც ფილმის რესტავრაციის ინსტრუმენტი, ხშირად არის ცდუნება, ავტომატიზებული პროგრამული ხელსაწყოებით გაკეთდეს ფილმების რესტავრაცია, რაც გამოსახულებაში დაზიანებების გაქრობასთან ერთად იწვევს დაუზიანებელი ადგილების გაქრობას, ტექსტურის დაკარგვას და ფორმების დეფორმაციას. არაერთი რესტავრირებული ფილმია, რომელიც სავსეა ასეთი არტეფაქტებით. ასე რომ, კარგმა რესტავრატორმა პატივი უნდა სცეს მასალის ავთენტურობას და უნდა იმუშაოს სათითაო ჩარჩოს პრინციპით, ანუ წამში რომ 24 ჩარჩოა, ოცდაოთხივე უნდა ნახოს, ე. ი. საათნახევრიანი ფილმის შემთხვევაში დაახლოებით 130 000-მდე ჩარჩოს ნახვა და გაანალიზება მოუწევს, რაც ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. 

ლ. გ. კინოტექნოლოგიები გამუდმებით იცვლება, ვითარდება და იხვეწება, იცვლება თავად ფილმის შენახვის პირობებიც. როგორც ვიცი, ამჟამად ისტორიული მეხსიერების ყველაზე საიმედო შენახვის მატარებელი კვლავ ფირი რჩება?

შ. მ. ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი უცნაური მხარე ისიც არის, რომ ყოველი ახალი თაობა აძველებს წინას, უკვე არსებულს და ეს ძალიან სწრაფად ხდება. იცვლება ოპერაციული სისტემები, იცვლება შენახვის სისტემები, კოდეკები და ფაილის ფორმატები, შესაბამისად, არავინ იცის, 50 წელიწადში როგორი იქნება ტექნოლოგია. ციფრული ინფორმაციის მატარებლების და ფორმატების ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბევრი მათგანი დღეს გამოუსადეგარია, მაგალითად, ეგრეთ წოდებული ფლოპი დისკები ან თუნდაც მყარი დისკები, რომლებიც პირველი თაობის კომპიუტერებში იყო ჩამონტაჟებული, ასევე არსებობდა არაერთი ფაილის ფორმატი, რომელსაც დღეს აღარავინ იყენებს, ამიტომ მასალის ციფრული შენახვა გრძელვადიან პერსპექტივაში მუდმივ მიგრაციას მოითხოვს – გადატანას ერთი სისტემიდან მეორეზე, ძველიდან ახალზე, კარგიდან უკეთესზე და ა. შ. მართალია, სხვადასხვა მწარმოებლები დღეს გვთავაზობენ შენახვის სისტემებს 25-წლიანი ან 50-წლიანი გარანტიით, თუმცა ჩვენ არ ვიცით, ერთი ან ორი წლის წინ წარმოებული მოწყობილობები რამდენად მდგრადი იქნება დროთა განმავლობაში სხვადასხვა პირობებში ან რამდენად თავსებადი იქნება 50 ან თუნდაც 20 წლის შემდეგ არსებულ სისტემებთან, ამიტომ ფილმების შენახვის ყველაზე სანდო და გამოცდილი გზა, რაც  უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ისევ კინოფირზე დაბრუნებაა. პოლიესტერს შეუძლია, სათანადო პირობებში საუკუნეებს გაუძლოს, გაუძლოს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებებს, რასაც ელექტრონული მოწყობილობები ვერ გაუძლებს. ამიტომ იყო, რომ GitHub-მა, ღია პროგრამული კოდების უდიდესმა ბაზამ, 21 ტერაბაიტის მოცულობის კოდი ელექტრონულ მოწყობილობებზე კი არ გადაიტანა, არამედ სწორედ პოლიესტერზე, კინოფირზე სპეციალური ტექნოლოგიით დაბეჭდა და ნორვეგიაში სვალბარდის საცავში აპოკალიფსური მოვლენებისგან დასაცავად შეინახა. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში ფილმების შენახვის გამოცდილი და საიმედო გზა კინოფირია და ამ ეტაპზე მას ალტერნატივა არ აქვს. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანი ხდება, პრიორიტეტი მიენიჭოს არა მაღალ რეზოლუციაზე 8კ, 10კ ან 12კ სკანირებას და მასზე ფულის დახარჯვას, რაზეც ხშირად არის საუბარი, არამედ რესტავრირებული ფილმების ისევ კინოფირზე დაბრუნებას და შენახვას, რადგან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ის, რაც დღეს მაღალ რეზოლუციად ითვლება, ჩაითვლება დაბალ რეზოლუციად, ხოლო კინოფირზე შენახული ფილმი შესაძლებლობას გვაძლევს, მომავალში, ნებისმიერ დროს ავიღოთ კინოფირი და იმ დროსთან, იმ სისტემებთან შესაბამისი სტანდარტებით დავასკანეროთ.

 

ლ. გ. თუმცა დღესდღეობით ფირის ასლები ჩვენთვის ისევ ხელმიუწვდომელია?

შ. მ. საჩვენებელ ასლებს გულისხმობ, ალბათ, და კინოფირიდან პროექციას? დიახ, კინოფირიდან პროექცია ამ ეტაპზე ხელმიუწვდომელია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი კინოთეატრი და მით უფრო არ გვაქვს ისეთი კინოთეატრები, სადაც ფირიდან პროექცია იქნება შესაძლებელი, თბილისში და რეგიონებში არსებული კინოთეატრები 90-იანი წლებიდან მოყოლებული წლების განმავლობაში იძარცვებოდა, ზოგიერთი კინოთეატრი გაიყიდა და მის ადგილზე მარკეტი გახსნეს, ზოგიერთი დაინგრა და გაპარტახდა. ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლამ კი საერთოდ გააუფასურა კინოფირის ტექნიკა და ეს ინფრასტრუქტურა მოიშალა. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გადასცა საჩუქრად ეროვნულ არქივს 35 მმ-იანი კინოფირის პროექტორები. არქივის თანამშრომლებმა მისი სრული რეაბილიტაცია ჩაატარეს, შესაბამისად, ეროვნული არქივის კინოთეატრი დღესდღეობით ერთადერთი კინოთეატრია საქართველოში, სადაც ციფრული პროექციის გარდა კინოფირის პროექციაც შესაძლებელია. მაგრამ არსებობს საჩვენებელი ასლების პრობლემა – ფირები, რომლებიც რუსეთიდან ჩამოდის, არის თითო ეგზემპლარი და მათი პროექცია არ არის რეკომენდებული პროექციის დროს დაზიანების რისკის გამო. ამასთანავე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპროექციო ასლის დაბეჭდვა საკმაოდ ძვირი ღირს. ასევე ძვირია ციფრული გამოსახულების კინოფირზე გადაბეჭდვის ტექნოლოგია, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც დიდი ხანი არ არის, რაც კინომემკვიდრეობაზე ზრუნვის პროცესი დაიწყო, ფირის საჩვენებელი ასლების ხელმისაწვდომობამდე სხვა პროცესები არის გასავლელი, მაგალითად, ჯერ სრულად უნდა დაბრუნდეს ის ქართული კინომემკვიდრეობა, რომელიც რუსეთში „გოსფილმოფონდში“ ინახება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.