კანის კინოფესტივალი დასრულდა – მიმოხილვა და შედეგები, 2023
2023 წლის 16 მაისს, ევროპული კინემატოგრაფიის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება, კანის რიგით 76-ე კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა, რომელმაც ტრადიციულად, არაერთი საინტერესო საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების სია შემოგვთავაზა, მათ შრის, ელენე ნავერიანის „შაშვიშავი მაყვალი“ მოხვდა, რომლის პრემიერაც კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაში, „რეჟისორთა ორკვირეული“ ფარგლებში გაიმართა (აღნიშნული სექცია 1969 წელს ფრანგ რეჟისორთა გილდიის მიერ დაარსდა). ფილმი თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდწების რომანს ეფუძნება, რომელიც 2021 წელს „საბას“ გამარჯვებული გახდა. სიუჟეტი პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში, 48 წლის ეთერო გარშემო ვითარდება, რომელსაც საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია აქვს. ეთეროს მშვიდი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ის დისტრიბუტორთან სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს.
მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, წლევანდელ კინოფესტივალს ლეგენდარულმა რეჟისორმა როჯერ კორმენმა „მსოფლიოში ყველაზე საინტერესო კინოფესტივალი“ უწოდა.
„სევდის სამყუთხედი“-სთვის მეორე ოქროს პალმის რტოს მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, რეჟისორმა რუბენ ოსტლუნდმა, რომელიც წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო, იგივე პატივი ჯასტინ ტრიეს, ფილმისთვის „Anatomy of a Fall“ (დაცემის ანატომია) მიაგო – იურიდიული დრამა, რომელიც ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პოპულარული მწერლის დანანაშაულს ან უდანაშაულობას იძიებს. ფილმი გარდა მკვლელობისა, რეალურად „ქორწინების“ გამოძიებაა და ის წყვილის პირადი ცხოვრების დეტალებს მიკროსკოპის ქვეშ ათავსებს, კერძოდ, სასამართლო დარბაზში და პრესაში, შემდეგ კი, აუდიტორიას თავისუფალი ინტერპრეტაციის არჩევანს უტოვებს.
ტრიერი კანის ისტორიაში მესამე ქალი რეჟისორია, რომელსაც ოქროს პალმის ტრო გადაეცა, ჟიული დიუკორნოს „Titane“-ის (ტიტანი) გამარჯვებიდან ორი წლის შემდეგ. ჯეინ კემპიონი პირველი რეჟისორი ქალია, რომელმაც მთავარი ჯილდო 1993 წელს, ფილმისთვის, „The Piano“ (პიანინო) მიიღო. ტრიეს პრიზი მსახიობმა ჯეინ ფონდამ გადასცა, რომელმაც აღნიშნა თუ რამდენად შორს წავიდა კანის კინოფესტივალი ქალების რეპრეზენტაციის საკითხში (წელს საკონკურსო სექციაში 7 ქალი რეჟისორი იყო წარდგენილი). ტრიემ ფლატფორმა საფრანგეთის მთავრობის მკაცრი რეფორმების (კულტურული პროგრამების და საპენსიო რეფორმების შემცირება) გასაპროტესტებლად გამოიყენა: „ეს ჯილდო ყველა ახალგაზრდა რეჟისორ ქალს და მამაკაცს ეძღვნება, რომლებიც დღეს ფილმების გადაღებას ვერ ახერხებენ. ჩვენ უნდა მივცეთ მათ სივრცე, სივრცე, რომელიც მე დავიკავე 15 წლის წინ ნაკლებად მტრულად განწყობილ სამყაროში, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო შეცდომების დაშვება და ყველაფრის თავიდან დაწყება.“
გრან პრი ჯონათან გლეიზერის „The Zone of Interest“-მა (ინტერესის ზონა) მიიღო – მარტინ ამისის (რომელიც წლევანდელი ფესტივალის დროს გარდაიცვალა) მეორე მსოფლიო ომის რომანის ეკრანიზაცია. ფილმი გერმანელი ოფიცერის პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც აუშვიცში უამრავი ებრაელის სიკვდილით დასჯაზეა პასუხისმგებელი. გლეიზერი შემზარავ რეალობას ეკრანის მიღმა ტოვებს და აქცენტს ოფიცერსა და მის მეუღლეზე აკეთებს, რითიც აუდიტორიას მორალური ვერდიქტის გამოტანას სთხოვს.
საუკეთესო მსახიობ მამაკაცად იაპონური კინოს ლეგენდა კოჯი იაკუშო დასახელდა, რომელის ფილმოგრაფიაც არაერთ ცნობილ ფილმს მოიცავს, მათ შორის „გეიშას დღიურები“-ს. ვიმ ვენდერსის „Perfect Days”-ში, იაკუშო მუშათა კლასის მამაკაცის, ტოკიოს როლს ასრულებს, ის ქალაქის გარშემო საზოგადოებრივ ტუალეტებს ასუფთავებს, თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვას, ხეების დარგვას და გარეშემომყოფების დაკვირვებას უთმობს. საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული თურქ მსახიობს, მერვე დიზდარს, ნური ბილგე ჯეილანის „About Dry Grasses“-ში შესრულებული როლისთვის მიენიჭა. ფილოსოფიურ ფილმში, სოფლის სკოლის მასწავლებელი ეგოისტ მამაკაც პროტაგონისტს უპირისპირდება.
საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო საკამოტო იუჯიმ, ფილმისთვის, „Monster“ (მონსტრი) მიიღო, ხოლო ჟიურის პრიზი ფინელმა რეჟისორმა, აკი კაურისმიაკმა ფილმისთვის, „Fallen Leaves“ – ორი უცნობის სიყვარულის ისტორია, რომლებიც უკრაინის ომის რეალობაში, სამუშაოს შესანარჩნუბელად იბრძვიან.
საუკეთესო რეჟისორის ჯილდო წარმოშოებით ვიეტნამელ რეჟისორს, ტრან ან ჰუნგს, „The Pot-Au-Feu“-სთვის გადაეცა – კულინარიული პერიოდის დრამა, რომელშიც ჟულიეტ ბინოში და ბენუა მაგიმელი მონაწილეობენ.
საკონკურსო ფილმების სიაში ასევე ამერიკელი რეჟისორის ვეს ანდერსონის სამეცნიერო ფანტასტიკა, „Asteroid City“ მოხვდა. ფილმში მოქმედება 1955 წელს, ამერიკის უდაბნოში ვითარდება, რომელშიც ანდერსონი სიყვარულსა და ადამიანურ კავშირს მსოფლიოს შემცვლელი მოვლენების მეშვეობით იკვლევს. ფილმი ტრადიციისამებრ, რეჟისორის მხატვრული ესთეტიკით, ფერებით, იუმორითა და ჰოლივუდის ე.წ. “A list” ვარსკვლავებით არის გაჯერებული.
რაც შეეხება არასაკონკურსო ფილმებს, მარტინ სკორსეზე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კანის ოფიციალურ სელექციაში, ფილმით „Killers of The Flower Moon“ წარსდგა. ვესტერნული პოლიციური დრამა რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ის 1920-იანი წლების ოსაჟის ტომში გაუხსნელი მკვლელობების სერიის შესახებ სახელწოდებით, „Reign of Terror“ (ტერორის მეფობა) მოგვითხრობს. რეჟისორი კინოფესტივალს მის ხანგრძლივ კოლაბორატორებთან, ლეონარდო დიკაპრიოსთან და რობერტ დე ნიროსთან ერთად დაუბრუნდა.
ჰოლივუდისგან განსხვავებით, კანის აუდიენცია ჯონი დეპს შვიდ წუთიანი აპლოდისმენტებით, ფესტივალის გამხსნელი ფილმისთვის, „Jeanne Du Barry“ (ჟანა დიუ ბარი) შეეგება. ფილმი მე-18 საუკუნის მკერავთა ოჯახში დაბადებული ქალის, მეფე ლუი მეთხუთმეტეს საყვარლად ტრანსფორმაციის პროცესს აღწერს.