fbpx

Melqo: საკუთარი ეკოსისტემა


გააზიარე სტატია

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

ფოტოგრაფი: გიორგი ყოლბაია

ადამიანის წრიალი სხვადასხვა ლოკაციებსა და ლინგვისტურ მედიუმებში განსაზღვრავს არა მხოლოდ მის პიროვნებას, განწყობასა და ენას, ემოციურ სიმყიფესა და მდგრადობას, არამედ  ოცნებებსაც და ამ ოცნებების ვერბალიზაციის ფორმებსაც. სწორედ ასეთ ოცნებებად მესახება დათო მანჩხაშვილის, იგივე მელქოს რომანტიკული ტექსტები, რომელიც თბილისის თითქმის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, მტკვრის გაყოლებაზე, გარდაბნის გზატკეცილზე იწერება.

„ჩვენს გაჩერებებზე წვიმს;

გამომყეwe გოგონი,

ჩამკიდე ხელი ისე,

ისე, რომ აფეთქდეს შენი მომგონი.

ავტობუსის სახურავზე ავძვრეთ

და ერთი ბილეთით სამოთხემდე გავყვეთ.“

მელქოს გაუფილტრავი ლექსიკა, მელანქოლია და გარეუბნის ფსიქოდელია – რომელიც მისი ყოველდღიური რუტინის ნაწილია – ბევრი მსმენელისთვის გაუგებარია ხოლმე. მაგრამ რადგანაც მისივე ცნობიერების ნაკადს ადევნებული ტექსტები სინთ-პოპ ჟღერადობასთან ორგანულად თანაარსებობს, მელქოს მუსიკა კომფორტულად ისმის ყველას დინამიკსა თუ ყურსასმენებში.

არის კიდევ ერთი ელემენტი, რაც მის მუსიკას უნიკალურს ხდის – გაცხადებული არასერიოზულობა. ეს ელემენტი, ასეთი იშვიათი რომაა დღეს ქართულ სცენაზე, მსმენელს გარანტიას აძლევს სრულ თავისუფლებასა და უშუალო კავშირში დარჩნენ მუსიკოსთან. მართლაც, ერთი შეხედვით თითქოს არაფერი ესაქმება SuperMario-ს 8-ბიტიან თუ lo-fi ჩართვებს მეტროს ამოსასვლელებში გაგონილ ბაიათებთან და ჰოლივუდური კინომუსიკის კლასიკასთან, მაგრამ მელქო ერთადერთ ინდიკატორად თავისსავე სხეულსა და შეგრძნებებს იყენებს, სხეული უკარნახებს მას, სად რას ესაქმება და ამიტომაცაა მისი მუსიკა დაუვარცხნელიც, ვულგარულიც, მელანქოლიურიც და ჟანრულად ფართო დიაპაზონის.

როდესაც ინტერვიუზე შევუთანხმდი, იყო იდეა, რომ მანქანაში ჩაგვეწერა, სანამ მელქოს მშობლიურ გარეუბანში, ზეემკაზე (ახლა წმინდა ბარბარეს უბნად რომ იწოდება) ვისეირნებდით; იქნებ და ლანდშაფტს და გარეუბნულ ვიბრაციებს ინტერვიუს პროცესშივე მოეხდინა ჩვენზე რაიმე სახის გავლენა.

ჩაწერის დაწყებამდე უბნის მარკეტ „ვიოლასთან“ გავჩერდით, შაბათი დილა იყო, წვიმდა და გამოსაფხიზლებლად ყავის დალევა გადავწყვიტეთ. ვჭორაობდით, როცა ჩვენგან 4-5 მეტრში უცნობის განწირული ამოგმინვა გავიგონეთ. თავები ხმისკენ მივატრიალეთ და დავინახეთ, თუ როგორ წაიქცა ასაკოვანი კაცი. თავიდან ვიფიქრეთ, რომ მოკვდა. შეგვეშინდა და დაბნეულები მივვარდით. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ. რამდენიმე წამის შემდეგ კი, როდესაც კაცი კრუნჩხვებმა აამოძრავა, მივხვდით, რომ ეს ეპილეფსიის შეტევა იყო. ვიცი, რომ შეტევა შეიძლება მაქსიმუმ 2 წუთამდე გაგრძელდეს, მაგრამ ის ხანგრძლივი, 5 წუთზე მეტხნიანი შოკი რაც უცნობმა გამოიარა, აქამდე არასოდეს მენახა. ვისღა გვახსოვდა ინტერვიუ?!

რაღაც დროის მერე ეპილეფტიკმა თვალები გაახილა და დაბნეულმა დაგვიწყო ყურება. კონტაქტზე ჯერაც ვერ გამოდიოდა. როცა ოდნავ აზრზე მოვიდა, მივხვდით, რომ ყრუ-მუნჯი იყო. მთვრალს სახლში წასვლა არ დავანებეთ და კარგა ხანს ვუვლიდით მაღაზიის მეპატრონესთან ერთად, სანამ საბოლოო ჯამში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ არ ჩაიბარა. ისინი უკვე კარგად იცნობდნენ მუნჯ ალიკას.

ალიკა სასწრაფოს მანქანაში ჩაჯდა, ჩვენ –  მეგობრის “ტოიოტა ვიტცში” და წვიმიან ზეემკაზე მოვყევით სიარულს.

გამოფხიზლდით, მე მგონი…

კი, კაი ინტრო გვქონდა. ბოლომდე გამოგვაფხიზლა.

დასაწყისში იმუნიტეტზე მინდოდა მეკითხა და საილუსტრაციოდ ორი ბიოგრაფიული დეტალი მომეყვანა შენი ცხოვრებიდან და აგერ რამდენიმე წუთის წინ მესამე მაგალითიც გამოგვიხტა. მეორე მაგალითი შენი გამოსვლა არის შარშანდელ Tbilisi Open Air-ზე…

უჰ!

კი! უჰ! ამ გამოსვლას შენი მხრიდანაც მოჰყვა რეაქცია და მსმენელის მხრიდანაც. არ იყო ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება. პირველი ამბავი კი ისაა, რომ შენ მუსიკოსების ოჯახიდან ხარ, მაგრამ ვინც მამაშენის ან შენი უფროსი ძმის მუსიკას მოუსმენს, მიხვდება, რომ მათგან გავლენები საერთოდ არ გადმოგყოლია. მსგავსი ბიოგრაფია ხშირად ქმნის ხოლმე კონკურენციის კომპლექსს და არტისტს ან იგივე გზას გაუყენებს ხოლმე, ანდა პირიქით – ძალდატანებით ირჩევ სხვა გზას, კლასიკურ მამისა და შვილის კონფლიქტს ქმნის. ჰოდა, აი, დღეს, 3 დეკემბერს რომ გადაავლო თვალი შენს, როგორც კომპოზიტორის, მუსიკოსის, შემსრულებლის, როგორც ზეემკელის ცხოვრებას, როგორ ფიქრობ, რაზე გამოგიმუშავდა მთავარი იმუნიტეტი?

შეფასებებზე, უფრო კი სხვებისგან წამოსულ განდიდებაზე ან სიძულვილზე. ამ ეტაპზე უკვე ისე ნამდვილად ვაფასებ ჩემს შემოქმედებას, რომ ეს hate n’ praise გატრუხებული მაქვს. მე ვარ ჩემი თავის პირველი მსმენელიც, მოყვარულიც და მოძულეც. ზოგადად, მნიშვნელოვანი მგონია არტისტისთვის, რომ განსჯაზე ჰქონდეს იმუნიტეტი. გადარჩენისთვის საჭირო რამაა ეგ და არტისტიც არ განსხვავდება სხვა ნებისმიერი ადამიანისგან ამ შემთხვევაში. კი, უნდა შეგეძლოს, რომ მოისმინო კარგიც და ცუდიც – ბრმად დაიგნორებით ბევრს დაკარგავ, მითუმეტეს, როცა კომპეტენტური ადამიანი გაფასებს – მაგრამ მე ამ პროცესის კონტროლი ვისწავლე. თავად ვწყვეტ, გარედან მოსული რომელი აზრია ჩემთვის მნიშვნელოვანი და რომელი არა.

რამე როლს თამაშობს ეგ კონკრეტულ შემფასებელთან მიმართებით წინასწარი განწყობის შექმნაში?

არ მგონია. უკვე მსიამოვნებს ხოლმე, როცა ვიღაც რაღაცას იძახის, გინდა ცუდს, გინდა – კარგს. და თუ მართლა მცოდნე იძახის – მთლად უკეთესი.

ასევე, არ ვიცი, ეს იმუნიტეტთან რამდენადაა კავშირში, მაგრამ მსმენელთან მიმართებით უფრო უშუალო პერსონა გავხდი. ადრე ვერ ვიყავი ასე ახლოს. დღეს აღარ მიჭირს მსმენელის გარემოცვაში ყოფნა.

მოდი, მელქოს ენაზე ვილაპარაკოთ. მარტო აკუსტიკურ კი არა, ენობრივ ქსოვილებშიც დაძვრები შენ. ვიცი, რომ ოთხ ენაზე საუბრობ, აგერ წეღან ალიკასთან მეხუთეც სცადე…

ჰო, სამწუხაროა, რომ ვერ გამომივიდა.

ეგ არაფერი.

ჰოლივუდით ვერ ისწავლი ჟესტების ენას.

ჰოლივუდით არ გისწავლია, მაგრამ ცხოვრებამ ხომ გასწავლა ეს ოთხი ენა?! მე შენი მოსმენისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული ენაც ნასწავლი გაქვს; გარედან ნასწავლი ქართულია. შენი დიქცია, ინტონაცია, აქცენტები… ამიტომაც ვფიქრობ, ქართულად იმიტომ კი არ მღერი, რომ ქართველი ხარ და ქართულ წრეში და თემაში ტრიალებ – ან კი ეთნო-ლინგვისტური კომპლექსი დაძლიე, არამედ იმიტომ, რომ ეს ენა ისწავლე და გამოიკვლიე, მერე ამღერდი კიდეც ამ ენაზე. ამიტომაც შენი ქართულიც და ინგლისურიც – მითუმეტეს მათი მონაცვლეობა ამა თუ იმ სიმღერაში – მგონია, რომ პირველ რიგში ისევ და ისევ აკუსტიკურ მისიას ემსახურება. აკუსტიკურად კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიცირდები როგორც სინთ-პოპ არტისტი (როკ-ენ-როლის და ბაიათის ვაიბებით), მაინც როგორ გგონია, რა განსაზღვრავს მელქოს აკუსტიკურ იდენტობას?

ის ჟღერადობები, რაც პოპ-მუსიკამ დაისაკუთრა. ბევრი ხმა გაიბნა სხვადასხვა ჟანრში, მაგრამ ტექნიკურად პოპი განაპირობებს იმას, რომ მელოდია იყოს ამკვიატებელი. აი, Skazz-ში ხომ პანკ-როკს უბერავენ, მაგრამ მაგათი „მახსოოოვს მახსოვს მახსოოოოვს“ პოპმუსიკაა. ჰიტების განმსაზღვრელიც ხომ ამკვიატებლობაა?! მეორე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მსმენელს უნდა გაუჩინო განცდა, სადღაც სმენია უკვე ის, მაგრამ არ იცის სად. ნაცნობობა აახლოებს მუსიკასთან. და ეს ხდის შესაძლებელს, რომ ყველასთვის იყოს სიმღერა. ამისთვის მე უამრავ ჟანრში გაბნეულ პატარ-პატარა ნაწილებს, ინგრედიენტებს ვიღებ, mash-up-ს ვუკეთებ, ისე ვაერთიანებ, რომ ყურს ლამაზად და ხავერდოვნად ეპარებოდეს. ასეთ დროს აღარ აქვს მნიშვნელობა შენ ბაიათიდან იღებ თუ დეს-მეტალიდან. სტრუქტურაზე ასე მუშაობა მერე განაპირობებს იმასაც, რას და როგორ ვმღერი ხოლმე. მე სპონტანურად მიყვები ხოლმე ცნობიერების ნაკადს, ტვინს ასე ვუთანხმებ მელქოს მუსიკის შექმნისას, არ მინდა ხოლმე გავფილტრო რამე. ტვინში რა მოტივიც დაიბადება, ეგ უნდა დადო პირდაპირ, ეგაა გულწრფელი, ასე ელაპარაკები ბავშვს – ტვინში ხომ პირველ რიგში მარტივი რაღაცები ჩნდება?! ჰოდა ბავშვს და არაპროფესიონალს კიდევ სიმღერა იმიტომ კი არ მოსწონს, რომ დახვეწილია და თესლი გადასვლები აქვს, არამედ იმიტომ, რომ ისეთი მელოდიაა, რომელიც შეიძლება თავადაც გაუჩნდა თავში, მაგრამ არ გაუმახვილებია საკმარისი ყურადღება.

„მე მთელ გალაქტიკას დავიპყრობ,

შენი ცეცხლმოკიდებული თვალები თუ მიყურებენ.

გვიან ღამე წამო სახლიდან გავიქცეთ,

მე ვიცი, შენ არ ჩამიშვებ,

მე ზუსტად ისე გენდობი, როგორ ფართო კოსმოსს.“

მაგ გაუფილტრავობით ხარ ხოლმე ზოგჯერ cheesy? საიდან აჩენ, ერთი მხრივ, გაცვეთილ „მგონი მიყვარხარს“ და „სარკეში ორი გამოსახულება ერთმანეთს ეპრანჭებას“ და, მეორე მხრივ, „ძარცვის პიკასოს“ და „რომანტიკულ კაც-ქარბორბალას“? ამასაც ცნობიერების ნაკადი გიკარნახებს?

ეგ ჩაჭერები ძაან მიყვარს. მე მაქვს დამუღამებული ტექსტის წერისას ისეთი ემოციები, რომელიც ჰგავს ორგაზმს ან პრიხოდს. და მაგის ძიებაში ვატრიალებ ხოლმე სიტყვებს. რაღაც სიტყვები დარბიან გარშემო, რომლებიც უნდა დავიჭირო, საუკეთესო კომბინაცია რომ შევკრა და ამ შეკვრისას აააააააააახ თუ დამაძახებინა, ესე იგი ეგაა. და ჩიზი-შმიზი უკვე მკიდია ხოლმე ასეთ დროს.

ანუ უნდა გაათავო?

კი, უნდა გავათავო, ასე ჩნდება ხოლმე „აიღებს ზომას უბნის ინსპექტორი და ფერადი ცარცით ბავშვებს დახატავს“ – მაგაზე მთელი წელი ვანძრევდი. ახლა ეს ჩიზი ვაბშე არაა, ისე კი ვიცი, რომ რაღაცები მაქვს, მაგრამ ოკეია ჩემთვის. გენიალურია და იყოს ჩიზი, მერე რა?! მუღამი აქვს მაგ გონკას. ტვინში რომ აფეთქებები ხდება, გინდა, ეს აფეთქებები სხვასაც მოასმენინო, აზარტული პროცესია და სხვა დანარჩენი აღარ გაღელვებს, წერ და აქვეყნებ.

აი, ეგ შენი აფეთქებები, ზოგჯერ ხომ ძაან ვულგარულია?! ხშირად გადიხარ ზღვარზე, მაგრამ ზოგჯერ გადასცდები ხოლმე – სუბიექტურია ჩემთვის სად გადასცდები, და შენთვის – სად. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს შენს მუსიკაში ისეთი ელემენტი, რომელიც მსმენელს გააღიზიანებს. ვის აღიზიანებს მელქო?

იცი, მელქო პირველ რიგში იმათაც აღიზიანებთ, ვინც არაა მზად, რომ ახლებურად აჟღერებული ნაცნობი გარემო გაითავისოს და თან მელქო მეც მაღიზიანებს ზოგჯერ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეშლება რაღაც. აი, „მამა ღმერთსაც ავჩეხავ“ შემეშალა და იცი რატომ?! იმიტომ, რომ მართალი არ ვიყავი მანდ. იმიტომ, რომ მოვიხიბლე ფრაზით, გავათავე მაგაზეც. და არასწორი იყო ეგ გათავება. იმიტომ, რომ ორი წუთით მეტი რომ დავფიქრებულიყავი, ხომ დავუდასტურებდი თავს, რომ, ჯერ ეს ერთი, არავის აჩეხვა არ მინდა, მე მარტო სიყვარული მინდა, და მეორეც – ვერაფერსაც ვერ ვუზამ მამა ღმერთს, ფეხებს ვერ მოვჭამ. მაგ ფრაზაში დავუპირისპირდი საკუთარ თავს და გამაღიზიანა.

თან ახლა იმასაც ვხვდები, რომ ის მალაპარაკებს, რომ სპირიტული  და ცოტა მორწმუნე ტიპიც ვარ. კაი, შემიძლია მაინც ვთქვა ღმერთზე რაღაცები, რაც ვიცი, რომ გააღიზიანებს სხვებს, მაგრამ სად ვარ ნაღდი და ნამდვილი, მე ხომ ვიცი?! ადამიანს უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის შეზღუდვა, ყველაფრის უფლება არ უნდა მისცე თავს. თან ერთხელ თრიფში გამახსენდა, რომ მსგავსი რამ ვიმღერე და თრიფში გავიარე ყველა ის სტადია, რისთვისაც უნდა მომთხოვებოდა მაგ ფრაზისთვის.

ასე დაუნდობლად რატომ უდგები ამ ეპიზოდს?! მერე რა, რომ ნაღდი ვერ იყავი იმ მომენტში?! ხომ ფლობ იმ მექანიზმებს, რომ შეფუთო – რომ ფიქშენია, რომ აქ გაქვს შენი ძალაუფლება და უფლება შეგეშალოს კიდეც.

კი, ვიცი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავდაჯერებული ვარ საკუთარ მუსიკაში, რამდენჯერაც  უნდა ვთქვა, რომ გაუფილტრავად ვდებ ცნობიერების ნაკადს, ყველაფერს ხომ არ ვაქვეყნებ, რასაც ვწერ?! ამიტომაც თვითნებურად ეგეც ფილტრი გამოდის. ათას ტრეკს რომ ვწერ და იქიდან ათს ვდებ, ფილტრია ესეც. მაქვს უფლება, რომ შემეშალოს, მაგრამ როგორც ყველაფერზე მომეთხოვა, ალბათ ეგრე მგონია, რომ უნდა მომხდარიყო ამაზეც.

პოსტ-ტრავმული გამოცდილებაა რამე?

შეიძლება. იცი, მე მაგარ მუსიკას რომ ვწერ, ეგრე კი არ დავიბადე, ნიჭი კი არ დამფერთხვია თავზე?! პიზდეც ტისკში გამომატარეს. აბა რა გგონია, გუშინ რომ პრაიდზე დაუკარი და ტრაკს აქანავებდი და დღეს უბანში გიწევს ჩაცუცქვა, წინა დღისთვის არ მოგთხოვენ?! მოგთხოვენ. და მეც მომთხოვეს. უბრალოდ მე გამიმართლა, რომ კარგი ხალხი მყავს გარშემო – არც მე ვარ ცუდი – და როგორ ტისკშიც გამოვიარე, მაინც მომეცა საშუალება, რომ ტისკში გულწრფელობა შემენარჩუნებინა. როცა ტექსტებში სუპერ-გულწრფელი ხარ და იცი, რომ ის ოცი ტიპი, რომლებიც შენ გარშემო ცხოვრობენ, უეჭველი მოგისმენენ და გაიგებენ, რასაც იძახი, ამის გვერდით უნდა იცოდე, რომ კიდევ სხვა ოცი ტიპიც ცხოვრობს, რომლებიც მოგისმენენ და ვერ გაიგებენ და მამენტ, ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც არ გინდა გულწრფელი იყო, ვერ ბედავ, რომ გულწრფელი იყო. ბაბლი სულ გეტყვის, რომ “ვაა, მელქო, რა კარგი ხარ”, „მელქო, შე ცელქო“ მაგრამ მეორე დღეს რომ რეალობას დაეჯახები, ეგ რეალობა დედას მოგიტყნავს. და სჯობს, რაც უფრო მალე მოგეტყნება, მით უკეთესი. თავდაჯერებას ეგ სხვანაირად ამაგრებს. თავდაჯერება კიდევ თავში არ გეცემა, როგორც ქანდაკება, ისე იკვეთება, შენს თავს ისე ხომ არ მოატყუებ, რომ თესლი ტიპი ხარ, როგორც შენი ბაბლი გატყუებს?! ეს გამომუშავებული თავდაჯერება კიდევ იმასაც გახვედრებს, რა გეკუთვნის და რა არა. მე ვიცი, რა გავიარე და რა მეკუთვნის. ჩემს მსმენელებს იმიტომ გისწორდებათ ჩემი თავდაჯერება, რომ რასაც ვწერ და ვიძახი, ყველაფერი მეკუთვნის – მამა ღმერთის აჩეხის გარდა.

 „ლაპარაკობს გალაქტიკის ფლოტის გენერალი

ჩერეზ კოსმოსი და გლდანი

ცეკვავს ზეემკა, ვაზისუბანი.”

გარემო ახსენე და ამ თემასაც უნდა შევეხოთ. ახლა შენს უბანში დავსეირნობთ. ესაა ის გარემო, სადაც შენ იწრთობი, როგორც შემოქმედი; ის გარემო, სადაც პასუხებს გთხოვენ. ბევრი გმირია შენ გარშემო, ბევრი პერსონაჟი – წეღანდლის არ იყოს. მომიყევი, ვინ არიან შენი უჩინარი გმირები? „ფულიანს“ ვინ მღერის, „შენს ლოდინში“ ვინ მღერის?

ხიდირა! პირველ რიგში ხიდირა უნდა ვთქვა. არიან ამ უბნის კოლორიტები, რომლებმაც არამხოლოდ მუსიკალურად, ცხოვრებისეულადაც შთამაგონეს ბევრი რამე. ასეთ ხალხს ქუჩაში ვიცნობ და ქუჩაშივე აღვფრთოვანდები ხოლმე. ხიდირა, მე მგონი, ყველა ციხეში იჯდა, რაც კი გამიგია; ისეთი ინტელექტის პატრონია და ისეთი დახვეწილი საუბრის მანერა აქვს, არ გინდა, რომ ლაპარაკი გააწყვეტინო ხოლმე. უაღრესად გაჭირვებული ცხოვრება გამოიარა და ამის პარალელურად ისეთ აურას ასხივებს, შეუძლებელია, არ შთაგაგონოს – მითუმეტეს ხელოვანი ადამიანი – შეუძლებელია არ დაგიტოვოს იმის პატარა ნამცეცი, რომ გულში მაინც თქვა, აუუ, რა მოხდებოდა ამ ადამიანს ესწავლა და დოქტორი გამოსულიყო, გაჭირვებულ ქვეყანაში არ გაზრდილიყო, ქუჩაში არ გაზრდილიყო. მისნაირი ადამიანები ილექებიან ჩემს ტვინშიც და გულში. მე ამ ხალხთან ვთანაბრდები და მაშინ იწყება „ფულიანებიც“  და „შენს ლოდინშიც“. სოსო კაკიაშვილები და სხვებიც. სოსო გიჟი კაცია, პირდაპირი, მზა სემპლია. პერიოდი მქონდა, როცა ველური მეთოდით ვაკეთებდი ხოლმე მუსიკას. რაღაცას ვრთავდი ხოლმე ფონად და შესაბამის ბასს ვადებდი. ისე გამისწორდა ეს პრაქტიკა, რომ ასზე მეტი ტრეკი გავაკეთე. რაც დასადები მეგონა, დავდე კიდეც. ეგრე მქონდა იუთუბზე ჩართული სოსო კაკიაშვილი და მე ოთახში ვუკრავდი. ასე გაკეთდა Foolian. ძაან მინდა დავუკავშირდე, ვიპოვო, შეიძლება ცოცხალიც აღარაა. ვერაფერი მოვიძიე ამ კაცზე. არადა, მე და სოსომ რომ კონცერტი ჩავატაროთ ერთად….

ვარკეთილის მეტროს ამოსასვლელთან…

ზუსტად. უდიდესი სიამოვნებით. ბაზრობებზე დაკვრა ცალკე ფენომენია. აი, ჩემს მეგობარ ერეს, STRESS-იდან უნდოდა ბაზრობაზე დაკვრა იმიტომ, რომ მაგათთვის მღერის, მაგათი ხმაა. შეიძლება STRESS-ის მეტალით თავი ასტკივდეთ, მაგრამ მიღებით მაინც მიიღებენ. გაერთობიან მაინც. იმდენად ცოტა ხდება მსგავსი რამ მათ ცხოვრებაში, რომ აუცილებლად მიიღებენ.

მოდი, ვილაპარაკოთ დეცენტრალიზაციაზე; ქართულენოვანი მუსიკის ჟანრობრივმა გამრავალფეროვნებამ, არეალის გაფართოებაც გამოიწვია. წლების წინ ცენტრს გარეთ შექმნილი მუსიკა, უმეტესწილად ტრეშის საზღვარზე გადიოდა და ხშირად გადაკვეთდა ამ საზღვარს – აი, ვაზისუბნელი რეპერები ავიღოთ მაგალითად; მაგრამ დღეს სხვა რეალობაა გარეუბნებში. როგორ ფიქრობ, რამე ლოგიკურ ნიშნამდე მიგვიყვანს ეს პროცესი?

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეგ პროცესი უკვე გაგვემაზა. გარეუბნის ხმა ცენტრში ვეღარ შედის. ძალიან დიდ დონეზე აიყვანა ეგ თავის დროზე kayakata-მ და მაგის მერე მორჩა კიდეც. არადა გარეუბანზე აქცენტები, სოფლები, სადაც მოჩანს ნახტომი ირმის და კაიაკატა ისმის, ძაან ნაღდი იყო, მართლა გარეუბნის ხმა მოჰქონდა. დღეს ეგეთი ელჩი აღარ ჰყავს გარეუბანს ცენტრში.

რაში სჭირდება ცენტრში ელჩი? რატომ უნდა შედიოდეს ხმა ცენტრში?

იმაში სჭირდება, რომ სანამ ეგ ელჩი არ გვეყოლება, პროცესი გამაზულად დარჩება. მე პირადად გამაზულად მივიჩნევ. იმიტომ, რომ სადაც მივალ, მინდა, ვაზისუბანი ვიგრძნო სცენაზე. აი, MoonG-ისნაირი კამანდები თუ მოიხოდებიან და ეპიცენტრი გადავა გარეუბნებში და ამ შორ ლოკაციებზე შეიქმნება პატარ-პატარა ცენტრები, ეგეც შეიძლება იყოს ის ლოგიკური ნიშანი, რაც kayakata-ს დაწყებულ პროცესს მოჰყვა, მაგრამ ერთეულებით ვერ დავიმედდებით. ამიტომაცაა, რომ ისევ ეგეთი ელჩი სჭირდება გარეუბანს. მე ვერ ვარ ეგეთი, მე არ მყავს მაგხელა აუდიტორია.

არ მგონია, რომ აუდიტორიის სიმცირე გარეუბანში ლოკალური ცენტრის შექმნას უშლიდეს ხელს. MoonG-ს და kayakata-ს ერთ-ერთი ხიბლი ისაა, რომ ტომობრივი წყობილების აპოლოგეტებივით გამოდიან. ტომი კიდევ დიდ ტერიტორიაზე – პერიფერიიდან ცენტრამდე –  ვერ იარსებებს.

Kayakata როცა გამოჩნდა, ჩემს უბანშიც დაიწყო დუღილი, პატარა ბავშვები ერთად იკრიბებოდნენ და ტრეკებს წერდნენ მათი გავლენით. კლიპებსაც იღებდნენ. პროსპექტზე გაჩნდა Astro Boys, იქ გვერდით კიდევ სხვა გაერთიანება და ა.შ. თავის დროზე მეც ვიყავი მაგ პროცესში ჩართული. ახლა რომ აღარ ვარ, შეიძლება მაგიტომაც მაქვს შეგრძნება, რომ პროცესი გაიმაზა და სინამდვილეში ისევ დუღს. უბრალოდ თუ დუღს, ჯერ მაინც თავისთვის არის, ანდერგრაუნდში იწრთობა და ამოვა ერთ დღესაც ყვავილებივით. ერთადერთი იმის მეშინია, რომ ეს ბიჭები 20-25 წლის რომ გახდებიან, დაიკიდებენ მუსიკას. მიხვდებიან, რომ არ არიან არტისტები და ეგ მტკივნეული იქნება. არადა მთელი მუღამი ამ ამბავში მისი სოციალურობაა და არა ის, რომ სასწაული ხარისხის მუსიკა კეთდებოდეს. არაა საჭირო სერიოზული მუსიკოსები იყვნენ, მთავარია – ერთობოდნენ. სანამ ერთობი – კარგია. ისევ იმათ რომ მივუბრუნდეთ, MoonG უფრო ფაიზაღია, მეტი ცხოვრებისეული გამოცდილებების ნაკრებია და უფრო დამიწებულია, ვიდრე kayakata – თან ახლა kayakata კოკაინი და LSD არის, არაა მარტო გარეუბანი, შესაბამისად, დამიწებული ვერ იქნება, მაგრამ kayakata-მ რაც გააკეთა იყო ის, რომ ენით თამაში დაიწყეს, გართობა დაიწყეს და მოიგეს. ითამაშეს და მოიგეს. გადაფხიკეს და მოიგეს.

ჩვენში პრობლემა მსმენელი უფროა, ვიდრე მუსიკოსი. მსმენელს ეშინია ყლეპროჭაობის, არასერიოზულობის. გეუბნება, თუ მუსიკოსი ხარ, სერიოზულიც იყავი. შეიძლება არასერიოზულ რამეზე ვმღეროდე, მაგრამ მაინც სერიოზულში გამიყვანონ, რადგან კლასიკური აკორდების წყობა მაქვს და ა.შ. ეგ კიდევ დამატებითი ფილტრია, რაშიც გატარებს მსმენელი მუსიკოსს და ზოგადად საზოგადოება – მოქალაქეს. მაგრამ როცა იკიდებ მაგ ფილტრებს და საკუთარი წესებით იწყებ მოღვაწეობას, ეგაა თესლი არტისტობა. მე ჩემი საზღვრები დავიწესე მას მერე, რაც საზოგადოებას ყველა ვალი გადავუხადე. ჯერ ის ვერ ამიტანია, საერთოდ რატომ მქონდა გადასახდელი ვალი?! რატომ მომიწია, რომ ვიზიარებდი მათ იდეებს მხოლოდ იმიტომ, რომ მივეღე. ამ ტყუილში ავითქვიფე მე ერთ დროს. რაღაც ხანი რომ უკრაინაში ვცხოვრობდი და რაღაც ხანი აქ, ერთი ადგილი რომ არ მქონდა, გამიჭირდა და დიდ სიცარიელეში დავრჩი. თან არავის არ ვჭირდებოდი. საკმარისი დროც კი არ მქონდა გატარებული ვინმესთან, იმდენად საკმარისი, რომ მერე დათო მანჩხაშვილი ვიღაცას გახსენებოდა. აი, ეს გამოვიარე ძაან მძიმედ და ამან მიმიყვანა იქამდე, რომ ათას ადგილას ავთქვეფილიყავი, ოღონდაც ვინმეს მივეღე. ვინც მიღებდა, არავინ არ მომწონდა – არც პირველი, არც მეორე, არც მესამე. და ბოლოს ტვინი მომეტყნა. ავიღე და ვიმუშავე თავზე, რომ საკუთარი მე გავმხდარიყავი, ის მე, რომელსაც მიაჩნია, რომ აქეთ უნდა მომადგნენ და გაიზიარონ ჩემი შეხედულებები.

იმუნიტეტის თემას რომ მივუბრუნდეთ ისევ, გამოდის, რომ ისიც  გამოიმუშავე, რომ არავის არ სჭირდები.

დაგეთანხმები მაგაზე. ახლაც არავის ვჭირდები იდეაში, ზუსტად ისევე, როგორც ათი წლის წინ არ ვჭირდებოდი, მაგრამ მაგას აღარ განვიცდი ისე, როგორც ადრე განვიცდიდი. თვითმყოფადი ორგანიზმი გავხდი; აი, მცენარეს რომ ქილაში ჩასვამ, ის ხომ ისევ საკუთარი კონდენსაციით იღებს წყალს და თავის პატარა ეკოსისტემას აყალიბებს, ეგრე ვარ მეც – ჩემი საკუთარი ეკოსისტემა მაქვს, თავადვე ვასაზრდოებ ჩემს თავს. აღარ მჭირდება გარე წყალი შემოქმედებითად.

ანუ შენს მუსიკას შენივე უბანი არაფრით არ განსაზღვრავს? მელქო როგორ ჟღერს და ზეემკა როგორ ჟღერს?

მე რომ ჰიპ-ჰოპს ვქმნიდე ან გეტო ჰაუსს – განმსაზღვრავდა. ზეემკა არის Boom Bap, ასევე ბაიათები და ჰაუსი. მაგრამ მე ამ გარემოში მაინც საკუთარ ტალღაზე ვარ. „ათასწლეულზე“ ხომ ვერ იტყვი, რომ ზეემკა ჟღერს ამ ჩანაწერში?! არ მაინტერესებს, ამ მომენტში უბანი როგორ ჟღერს. არც იმაზე მაქვს პრეტენზია, რომ რაღაც ჩემი ექსკლუზივი მაქვს. მივხვდი, რომ მევე შეიძლება ვიყო ექსკლუზივი. იმდენი რესურსის მოვიპოვე საკუთარ თავში, რომ შემიძლია გავაგრძელო ასე ცხოვრება – მინდა ეს თუ არ მინდა, შეძლებით შემიძლია. კი არ შევეგუე, უკვე მოვერიე პროცესს. გადავრჩი და მუტაცია განვიცადე. პირველად რომ დიდი აუდიტორიის წინაშე ვიმღერე, თავში ამივარდა და მაგ ავარდნას და თავზე გაჯმას გადავურჩი. უბანს იმაში ვემადლიერები, რომ დამამიწა. ეს გარემო, სადაც გავიზარდე, აქ მცხოვრებ ხალხთან ურთიერთობა არ გაძლევს საშუალებას, რომ მოწყდე რეალობას და მამა ღმერთის აჩეხვის შესაძლებლობის დაიჯერო. თავს არ მოგატყუებინებს რომ ზე-თესლი ხარ, ეგოს მასტურბაციის მომენტს აღარ გაძლევს. ის თავში ავარდნილი რომ უკან დამივარდა ისევ, ამიტომაა, რომ აღარაფერს მიცვლის, ათი კაცი მისმენს კონცერტზე თუ ასი. მთავარი ამ დროს ლაივია. ლაივი მისწორდება. მითუმეტეს, თუ ახალი ტრეკები მაქვს დაწერილი. ლაივი მაძლევს საშუალებას, რომ ყველაზე ნამდვილი ვიყო.

და შენივე საკუთარი ეკოსისტემა რომ ხარ და სცენაზე მარტო დგახარ, ბექინგ ტრეკებზე მღერი, ეგ არ გიქმნის დისკომფორტს?

უკვე კი. მაგიტომ ვთქვი წეღან, ასე გაგრძელება შემიძლია, მიუხედავად იმისა, მინდა თუ არა-მეთქი. მე კი ვიცი, როგორია ჩემი მუშაობის პროცესი, რა მონახაზებით და ჩონჩხებით ვხელმძღვანელობ, რა ფორმულები მაქვს, მაგრამ მაინც გაასწორებდა პატარა ბენდი, მაქსიმუმ ორი ტიპი რომ დავიმატო. ჯგუფური სამუშაო გამოცდილება არ მქონია და  მაინტერესებს, როგორ გამისწორდება და როგორ გადავრჩები იმ გარემოში, სცენაზე რომ ვინმესთან ერთად ვიდგები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.