fbpx

დავით სულაქველიძე – „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

მათემატიკა, მუსიკა, ფოტოგრაფია, გრაფიკული დიზაინი, სპორტი – ეს ის სფეროებია, რომელშიც ხელოვანი დავით სიხარულიძე მუშაობდა და როგორც მისი მეგობარი გურამ წიბახაშვილი იხსენებს, ყველა ამ პროფესიაში თანაბრად კარგი და წარმატებული იყო. მექანიკამათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდა, იყო ფოტოგრაფთა ჯგუფის –თვალსაზრისისწევრი, 1970-იანი წლებიდან გატაცებული იყო როკით, აქტიურად მონაწილეობდა  კარატეს კულტურის და საქართველოს კარატეს ფედერაციის ჩამოყალიბებაში, 1988 წლიდან კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნაში. ამავე დროს იყო პროფესიონალი მსაჯი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დავით სულაქველიძე გრაფიკულ დიზაინს გაეცნო და ერთერთ პირველ კერძო სტამბაში, Calamus graphics studio-ში დაიწყო მუშაობა.

ასეთი მრავალფეროვანი ბიოგრაფიის მიუხედავად, დათო სულაქველიძის სახელი უფრო როკმუსიკასთანაა დაკავშირებული, თუმცა, “ქოლგა თბილისი ფოტო 2023”-ის ფარგლებში თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გამართული გამოფენა – “როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები” დამთვალიერებელს მას ისე აცნობს, როგორც ფოტოგრაფს. გამოფენისთვის შერჩეული ფოტოები ოთხმოციანი წლების საქართველოს ყოფას ასახავს – დაშლის პირას მყოფი საბჭოთა კავშირი, ამ პროცესების მონაწილე საქართველო და იმ ადამიანების ყოველდღიურობა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების უშუალო მონაწილეები იყვნენ. 

ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი გვიყვება, რომ დათოს თავის პირველ პერსონალურ გამოფენაზე შეხვდა 1985 წელს, მაშინ ფოტოგრაფებს არ იცნობდა. სწორედ ამ გამოფენაზე მოვიდნენ იური მეჩითოვი, გოგი ცაგარელი, მირიან კილაძე, დათო სულაქველიძე და შესთავაზეს  კლუბ ”თვალსაზრისში” გაწევრიანება. აქედან დაიწყო მათი თანამშრომლობა და მეგობრობა.

როგორც გურამი იხსენებს, დათო კარგად იცნობდა ტექნიკას, კამერებს. “თვალსაწიერის” წევრების ერთ-ერთი გამოფენა სხვადასხვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ პორტრეტებს აერთიანებდა. დათოს არ ჰქონია ამ ჟანრის სურათები და სპეციალურად  გამოფენისთვის გადაიღო სტუდიური ფოტოები. საინტერესოა, რომ მაშინ არ იყო ხელმისაწვდომი სტუდიური განათება და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობა, მაგრამ მან მოახერხა და მცირე ტექნიკით, განათების გარეშე გადაიღო შესანიშნავი ფოტოები.

“ძალიან კომუნიკაბელური იყო. დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა. ეს ადამიანები, ვის პორტრეტებსაც იღებდა, მისი მეგობრები იყვნენ. თავის გმირებს კარგად იცნობდა, შესაბამისად,  პორტრეტებიც ძალიან უშუალო გამოსდიოდა. ისეთი პორტრეტებია,  საშუალებას გაძლევს შენც გაიცნო, ახლოს მიხვიდე ფოტოზე გამოსახულ ადამიანებთან. დათო 2019 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდა, რომ ნიკა დუმბაძეს ჰქონდა დათოს ფოტოარქივი, რომელიც მასთან სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. ძალიან საინტერესო და ვრცელი მასალაა, რომლის ნაწილის გამოფენაც TBC-ის დახმარებით  გახდა შესაძლებელი. ჩვენი ამოცანა იყო, გამოფენის საშუალებით გვეჩვენებინა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში. ბევრი კარგი, მნიშვნელოვანი ფოტოა, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებულია ფილარმონიაში გადაღებული როკ-კონცერტი, სადაც უამრავი ადამიანია მოსული. იგრძნობა, თავისუფლების  რამხელა წყურვილია მათ თვალებში. საინტერესო ფოტოებია როგორც ვიზუალურად, ასევე ემოციურად”. – გვიყვება გურამ წიბახაშვილი.

 

 

ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი ნიკა დუმბაძესა და მარიამ წიქარიძესთან ერთად გამოფენის კურატორია. ექსპოზიციაზე  80-იანი წლების  შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოარქივის ნაწილია გამოფენილი. როგორც ნიკა გვიყვება, დათოს პირადად არ იცნობდა, თუმცა, 10-15 წლის წინ შემთხვევით ჩაუვარდა მისი ფოტოარქივი, რამდენიმე ყუთი. როგორც გაარკვია, ამ ნეგატივების ისტორია ასეთი იყო – მათემატიკის ინსტიტუტის რეაბილიტაციის დაწყებისას ერთ-ერთმა თანამშრომელმა თვალი მოჰკრა გადასაყრელად გამზადებულ ყუთებს, ეს ფოტოარქივი დაენანა და სარდაფში ჩაიტანა. სარდაფში უკვე სხვამ იპოვა და გააჩუქა, ბოლოს კი ახლობელმა ნიკას მიუტანა, იცოდა, რომ ფოტოგრაფიით იყო დაინტერესებული და ჩათვალა, რომ მას უფრო გამოადგებოდა. ნიკამ რამდენიმე ფოტო დაასკანერა, სადაც მისთვის უცნობი ოჯახის ფოტოები იყო აღბეჭდილი, ჩათვალა, რომ ვიღაცის პირადი არქივი იყო და მიივიწყა. 

“10-15 წლის წინ ჩემთვის ფოტოსკანერი ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ფოტო დავასკანერე, მეტი ვერ მოვახერხე. რამდენიმე წლის შემდეგ შევძელი უფრო მეტი ნეგატივის დასკანერება, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის, მსახიობების ფოტოები აღმოვაჩინე. მაშინვე გურამ წიბახაშვილთან წავედი. ამ არქივში მან თავისი პატარა შვილის და მამის ფოტოები აღმოაჩინა და მიხვდა, რომ ეს არქივი ვიღაც ნაცნობის იყო. გურამმა რამდენიმე ფოტოგრაფს გაუგზავნა ფოტოები, ფიქრობდა, რომ მირიან კილაძე ან იური მეჩითოვი შეიძლება ყოფილიყვნენ ავტორები. მაგრამ შემდეგ დათო სულაქველიძის ავტოპორტრეტი აღმოვაჩინეთ და მივხვდით, რომ სწორედ მისი არქივი იყო. სამწუხაროდ, მაშინ როცა ეს კადრი ვიპოვეთ, დათო უკვე გარდაცვლილი იყო და ძალიან მწყდება გული, რომ მის სიცოცხლეში ვერ შევძელით ავტორის გამოცნობა და მან ვერ ნახა ის ფოტოები, რომელიც, ალბათ, დაკარგული ეგონა. ამის შემდეგ ოჯახს დავუკავშირდით, მათაც აღმოაჩნდათ არქივის ნაწილი, სადაც იმავე პრინციპით, იმავენაირ ყუთებში შენახული ნეგატივები ჰქონდათ. ამით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ფოტოების ავტორი დავით სულაქველიძე იყო”. – იხსენებს ნიკა დუმბაძე

დავით სულაქველიძის მრავალმხრივი მოღვაწეობა  და ინტერესები მის ფოტოარქივს უნიკალურ შინაარსს აძლევს, როგორც ამ სფეროების უშუალო მონაწილეს, შესაძლებლობა ჰქონდა შიგნიდან დაეფიქსირებინა მოვლენები. სწორედ ამიტომ, კურატორები იმედოვნებენ, რომ შესაძლებელი გახდება გამოფენის მიღმა დარჩენილი უნიკალური მასალის სრულად გამოფენა ან წიგნად გამოცემა. 

ამ უცნაური და საინტერესო ისტორიის მქონე ფოტოების დათვალიერება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7 ნომერში შესაძლებელია 20 ივნისის ჩათვლით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.