fbpx

დიდგულიანი ღარიბები, მშიერი ბურჟუები, მონსტრები, აუშვიცი, რომანსი კულინარიაზე და შესანიშნავი დღეები – კანის 76-ე კინოფესტივალის ქრონიკა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე

 

კინოს შესაძლებლობების ტერიტორიის გაფართოება და სამყაროს ეგზისტენციასთან შეხების ახალი ფორმები – ერთი წინადადებით ასე ვაფასებ კანის 76-ე კინოფესტივალს, რომლის საკონკურსო პროგრამა გამოჩენისთანავე გულისხმობდა ავანტიურას, აღფრთოვანებას და კამათის მიზეზს.

პროგრამაში ის რეჟისორები მონაწილეობდნენ, ვინც საკუთარ ნამუშევარს ამ საპატიო პლატფორმაზე პირველად უჩვენებდა და ოსტატები, რომლებმაც ოქროს პალმის რტო ჩვენ დაბადებამდე მიიღეს.

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ცალკეული შემთხვევების გარდა, კინოში ახალი პროცესის დასაწყისი არ გამოკვეთილა, მხოლოდ წლევანდელ ფესტივალს დაეტყო ერთგვარი გარდატეხა. ტექნოლოგიური წინსვლა, ძველის ნოსტალგია, პანდემია თუ ომი – ფაქტია, წლევანდელმა კინოსურათებმა ჩარჩოების ერთგვარი გარღვევით, დროის დინების და ხმოვანების ახალი ფორმებით წარმოადგინეს.

„მშრალი ბალახის“ შესახებ მოსაყოლად თურქ რეჟისორს – ნური ბილგე ჯეილანს 3 საათი და 17 წუთი დასჭირდა. გრძელი ქრონომეტრაჟი ჯეილანისაგან არავის გაჰკვირვებია, თუმცა, თუ მისი წინა მშვენიერი ნამუშევრები შემოკლებას ექვემდებარებოდა, ამ შემთხვევაში არ ყოფილა არცერთი ზედმეტი კადრი და არცერთი ზედმეტი სიტყვა. „მშრალ ბალახში“ რეჟისორმა გაამართლა მისეული დინამიკა, მანძილები, ლოკაციის აკვიატება (მოქმედება აქაც ანატოლიაში ხდება).

თოვლიანი სოფელი, სკოლა და ამ სკოლაში მივლინებული ხელოვნების მასწავლებელი, 40 წლამდე სამეტი (დენის ჩელილოღლუ), თავისი მრავალგვაროვნებით, კინოს ისტორიაში ნამდვილად დარჩება გამორჩეულ და, შესაძლოა, საკამათო პერსონაჟადაც. ის დასაწყისში ანტიგმირისთვის საჭირო ყველა თვისებითაა აღჭურვილი. სამეტი შეყვარებულთან, რომელიც სკოლის ინგლისურის მასწავლებელი (მერვე დიზდარი) და, იმავდროულად, პოლიტიკური აქტივისტია, ახალი დაშორებულია (თუმცა, შეყვარებული ბრუნდება). ქალმა ერთი ფეხი დემონსტრაციაზე აფეთქებისას დაკარგა. ამის მიუხედავად, მაინც იმედიანია და ახალ რეალობაში საკუთარი თავის ძებნას აგრძელებს.

სამეტი სოფლის ბინას კოლეგასთან იყოფს. ფრუსტრირებული და პესიმისტი მასწავლებელი მოსწავლეებსაც უიმედობას უნერგავს. სკოლაში მისი ფავორიტი მოსწავლე სევიმია. სწორედ არასრულწლოვანი გოგონას გამორჩეული დამოკიდებულება იქცევა პრობლემად ხელოვნების მასწავლებლისთვის, რომლისთვისაც ერთადერთი სიხარული საკუთარი ფოტოსამყაროა.

ჯეილანი კინოკადრებში, ფოტოსურათების შერწყმით, საუცხოო ექსპოზიციას ქმნის. და თუ ვიზუალურად ასეთი გამომწვევია რეჟისორის ეს ნამუშევარი, ყველა არსებულ პრობლემაზე სასაუბროდ ის მოკრძალებულ ინტონაციას ირჩევს – ფილმში ქურთების თემაც შემოდის, პროვინციის სოციალური მდგომარეობაცაა გაშიშვლებული და აშკარაა, რომ ბავშვების უფლებებიც ირღვევა.

„მშრალი ბალახი“ სამეტის წერილით სრულდება. ესაა მიმართვა პატარა გოგო სევიმისადმი, რაც შეგვიძლია, მთელი თურქი ახალგაზრდებისადმი მიმართვად მოვიაზროთ.

კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი სცენა, რომელსაც, ცხადია, არ გავთქვამ. აღსანიშნავი ისაა, რომ აქამდე ჯეილანს ასეთი ხულიგნობისთვის არ მიუმართავს და ახლა, როცა აშკარად შემოქმედების მწვერვალზეა, ეს მოულოდნელი სცენაც ოსტატურად ჩააფინა თოვლიან ანატოლიაში.

სწორედ ფეხდაკარგულმა პოლიტიკურმა აქტივისტმა, მსახიობმა მერვე დიზდარიმ დაიმსახურა ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, რაც, ერთგვარად, მოულოდნელი იყო, რადგან შესანიშნავი მსახიობი სანდრა ჰიულერი, პარალელურად, ორ საკონკურსო ფილმში მონაწილეობდა და ორივეში ბრწყინვალე პერფორმანსით მოგვევლინა, ფოკუსიც მასზე იყო.

ჰიულერი პირველად ბრიტანელი რეჟისორის, ჯონათან გლეიზერის ფილმში – „ინტერესის ზონაში“ ვიხილეთ. 

გლეიზერს უყვარს ლიტერატურა. მან ჩვენი დროის შესანიშნავი მწერლის, მარტინ ემისის რომანის მიხედვით გადაღებული კინოფილმი წარმოადგინა.

მეორე მსოფლიო ომის და საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ უამრავი წიგნი და ფილმი შეიქმნა. ბოლო წლებში, ამ თემის განსხვავებული პრიზმიდან ჩვენების თვალსაზრისით, ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ჯონათან ლიტელის გახმაურებული რომანი „კეთილგანწყობილნი“ (ფრანგ. Bienveillantes, ინგლ. The Kindly Ones), სადაც 800-გვერდიან ამბავს SS-ის მსახურის პერსპექტივიდან მივყვებით. ამის შემდეგ კი, სწორედ წელს, კანში ნაჩვენები გლეიზერის „ინტერესის ზონა“ იქცა აღმოჩენად. 

ჩვენ ვიცით, რა ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში და გაზის კამერებში, მაგრამ აქ გვიჩვენებენ იმას, თუ რა ხდებოდა იმ დროს აუშვიცის კომანდორის ედემის ბაღში ჩაფლულ სახლში.

მრავალშვილიანი ოჯახი საკონცენტრაციო ბანაკების შორიახლოს ცხოვრობს, პერიოდულად სროლის და ყვირილის ხმა ისმის, რომელიც ჩიტების ჭიკჭიკს ერწყმის. კრემატორიუმის კვამლი პერმანენტულად მოჩანს და, ჩვეულებრივ, ცაში იფანტება.

ფილმში ნაჩვენებია უზრუნველყოფილი გარემო და ოჯახური რუტინა: დილით თმადავარცხნილ, რესპექტაბელურად ჩაცმულ ბავშვებს სკოლაში აცილებენ, სახლში წვეულებები იმართება, მზადდება გემრიელი სადილები, ძვირფასი ქურქების დემონსტრირება ქალების საყვარელი საქმეა. სანდრა ჰიულერის გმირი კომფორტის ზონას ჩაბღაუჭებული ახალგაზრდა ქალის ჯიუტი და არაჯანსაღი სახეა. ის სიარულის მანერითაც დიქტატორის რიტმს იმეორებს. ამ კომფორტის ზონაში ცუდად მხოლოდ უზრუნველყოფილი ბავშვები არიან. შესანიშნავი პერსონაჟია ბებია, რომელიც ცოტა ხნით ჩნდება და ქრება.

გლეიზერიც, ჯეილანის მსგავსად, რეალობას ორიგინალური ფორმით ერწყმის. გადასაღებ მოედანს აქაც ვცდებით. 

სანდრა ჰიულერი ჟუსტინ ტრიეს ოქროს პალმის მფლობელ ტრილერში „დაცემის ანატომია“ კიდევ უფრო დიდი და საპასუხისმგებლო როლით მოგვევლინა.

გლეიზერთან, კონტექსტის გათვალისწინებით, მსახიობს მეტი დამხმარე ინსტრუმენტი და საშუალება ჰქონდა. აქ კი თითქოს მაყურებელთან პირისპირ რჩება.

საკუთარი სახლი და სასამართლო დარბაზი – ჰიულერი ამ ორ სცენაში ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერმანელი მწერლის როლს ასრულებს.

ტრიეს შესანიშნავად აგებულ სცენარში, ეტაპობრივად და თანამედროვე მხატვრული ხერხებით, კრიმინალური ქრონიკის ზედაპირიდან პიროვნების ძვლამდე ჩავდივართ.

სიცივისაგან დაცულ კომფორტულ სახლში, შვილით გამყარებული ცოლ-ქმრის მრავალწლიანი ურთიერთობის მიღმა, უცნაური სასპენსით, პირადი ჩანაწერებით, საგამოძიებო მასალით, უხილავი გრძნობების და გამოცდილებების გამოაშკარავებით, ერთგვარად, შექსპირის პიესაში ვინაცვლებთ, სადაც მკვლელობა, ეჭვმიტანილი ოჯახის წევრები და ბურუსით მოცული ურთიერთობებია.

წლევანდელ კონკურსში „დაცემის ანატომია“ ბევრი მიზეზის გამო დაწინაურდა. ჩემთვის კი ამ მიზეზებს შორისაა – სასამართლო პროცესის შთამბეჭდავი წარმოდგენა და ერთი კონკრეტული სცენა, როდესაც ბავშვი სასამართლო პროცესზე მამასთან საუბარს იხსენებს: კადრში ჩანს მანქანის საჭესთან მჯდომი მამა, რომელიც შვილს ელაპარაკება, მამას კი შვილი ახმოვანებს.

თითქოს კიდევ ერთი შანსი მისცეს ნანი მორეტის, უდავოდ საინტერესო კინორეჟისორს, რომლის წინა ნამუშევრის სისუსტე კრიტიკოსებმა პანდემიის გავლენით ახსნეს. თუმცა, წელს წარმოდგენილმა ფილმმა, სახელწოდებით „უკეთესი ხვალინდელი დღე“, მაყურებელი რეჟისორის შემოქმედებით კრიზისზე დააფიქრა. პიტერ ბრედშოუმ „გარდიანში“ მორეტის ნამუშევარს „საშინელი“ უწოდა. ცნობილი კრიტიკოსი აღნიშნავდა, რომ ეს არც კომედიაა და არც ანტიდრამა. კრიტიკოსმა იმიტირებული პათოსით გაჯერებული ფილმი დროის ფლანგვად მიიჩნია.

ნანი მორეტი თავად ასახიერებს ჯოვანის – შუახნის კინორეჟისორს, რომელიც იტალიაში კომუნისტური პარტიის დასასრულის შესახებ იღებს ფილმს, აქვე ჩართულია უნგრეთის 1956 წლის მოვლენები.

იმიტირებული ქაოსი, უტრირებული მასობრივი სცენები, ცოლქმრული დრამაც ხელოვნურია, ჯოვანის ცოლი სხვა რეჟისორის პროდიუსერია. ნანი მორეტი პრესაში დაბალი და მკაცრი შეფასებით, ჟიურისაგან კი სრულიად შეუმჩნეველი წავიდა კანის 76-ე კინოფესტივალიდან.

იმედგაცრუება ახლდა 87 წლის დიდი რეჟისორის, კენ ლოუჩის „ძველ მუხასაც“. 2016 წელს მისი „დენიელ ბლეიკის“ ჩვენება ჭექა-ქუხილს ჰგავდა. ფილმის ჩვენებები მთელ მსოფლიოში ანშლაგით მიდიოდა, მეტიც, პოლიტიკოსები „დენიელ ბლეიკს“ მნიშვნელოვან გამოსვლებში ციტირებდნენ. 

მსოფლიო კინოს დიდოსტატმა წელს კვლავინდებურად სოციალური დრამა გვიჩვენა. თუმცა, სირიელი ლტოლვილების და კეთილი და ბოროტი ბრიტანელების სწორხაზოვანმა წარმოჩენამ ფინალამდე, მაყურებლის გულამდე, ვერ მიაღწია. მართალია, ჩვენების ბოლოს, დებიუსის კინოდარბაზში, ჩემ გვერდით მსხდომი კრიტიკოსები ერთმანეთს ცხვირსახოცებს სთხოვდნენ, მაგრამ ცრემლიანი აუდიტორიისთვის „ძველი მუხა“ მაინც იმედგაცრუებად იქცა. პრემიერაზე კენ ლოუჩს ტაშს კინოში შეტანილი წვლილისთვის უკრავდნენ.

მოლოდინის მიუხედავად, ასევე პრიზის გარეშე დარჩა ერთ დროს კანის კინოფესტივალის აღმოჩენა, ალიჩე რორვოკერი. „ქიმერა“ – ასე ჰქვია მის ახალ კინოფილმს, სადაც წინა ნამუშევრების მსგავსად რეალური და მისტიკური სამყარო და ასეთივე პერსონაჟები ერწყმის ერთმანეთს. ციხიდან გამოსული ახალგაზრდა კაცი, მიწის ქვეშ განძის ძიების მაგიური მეთოდის საშუალებით, იტალიის მდიდარი კულტურული ნიმუშების ძარცვით, ბიზნესს წამოიწყებს. ესაა ხელმოცარული იტალიელების თავის გატანის ერთადერთი საშუალება. რორვოკერის „ბედნიერ ლაზაროში“ დებიუტის შემდეგ, „ქიმერას“ ფინალში, ქართულ ენაზე ვრცელი რეპლიკით, ისევ ჩნდება ქართველი მსახიობი ლუკა ჩიქოვანი.

იაპონელი კორე ედა ჰიროკაზუ ამჯერად „მონსტრით“ – მოზარდების დრამით ეწვია კანს. 

ფილმში ასახულია უმამო, დედისერთა და ცეცხლისწამკიდებელი კლასელების კავშირი და მათ შორის ლატენტური ლტოლვა, მოზარდები, რომლებიც, ერთ შემთხვევაში, მოსაწყენი ცხოვრების და, მეორე შემთხვევაში, მოძალადე მამისაგან თავის დასაღწევად, ტყეში მიტოვებულ ვაგონში მოწყობილ სამყაროს ეხიზნებიან ხოლმე და იქ ბედნიერები არიან. 

იუჯი საკამოტოს სცენარი, მისი ორიგინალური და საინტერესო არქიტექტონიკის გამო, ფესტივალის ჟიურიმ საუკეთესოდ დაასახელა. რთულ სქემაში რეჟისორი რამდენიმე  სცენას, სხვადასხვა მონაკვეთიდან და რაკურსიდან, ორჯერ ან სამჯერ უბრუნდება. შესაბამისად, კვანძებიც მხოლოდ ამის შემდეგ იხსნება. ფილმში გამოყენებული მუსიკა რიუიჩი საკამოტოს ეკუთვნის.

წელს საუკეთესო რეჟისორად ჩან ან ჰუნგი დაასახელეს. არსებობს ფილმები, სადაც კულინარია ამბის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მაგრამ ელეგია, გნებავთ, რომანსი კულინარიაზე, პირველად სწორედ ფრანგი ჰუნგის ნამუშევარში ვნახეთ.

ფილმი ფრანგული რომანის ეკრანიზაციაა, 1885 წელია და კულინარს თავისი მზარეული უყვარს.

ფილმში  „დოდენ ბუფანის ვნება“ (The Pot au Feu) ჟულიეტ ბინოში და ბენუა მაჟიმელი – საქმესა და ერთმანეთზე შეყვარებული გმირები, ხშირად უწყვეტი, მეტწილად კი ბრწყინვალე მონტაჟის საშუალებით, ფაქტობრივად, თვალის დახამხამების საშუალებას არ აძლევენ მაყურებელს. ეკრანზე ადამიანის ხელით, ზოგჯერ მარტივი ინგრედიენტებით, მომაჯადოებელი ოსტატობით, ათასგვარი კერძი და დესერტი იქმნება. მოქმედების თითქმის სრული ნაწილი სამზარეულოში ხდება. რეჟისორი მართლაც სასწაულებრივად იმორჩილებს სივრცეს, რომელიც, რეალურად, ყველას აქვს, მაგრამ ასეთი საუცხოო სიყვარული მხოლოდ ჩან ან ჰუნგის სამზარეულოშია.

კულინარიული რომანსის პარალელურად საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა ფილმი – „კლუბი ზერო“. 

ჯესიკა ჰაუსნერის ნამუშევარში კინოგმირის დებიუტია – ნუტრიციოლოგიის მასწავლებელი მართლაც პირველად გამოჩნდა კინოში და ჩან ან ჰუნგის ამეტყველებული გემოს საპირისპიროდ ინოვაციური დიეტა შემოგვთავაზა. ტრილერში ძვირადღირებული სკოლის სასწავლო პროგრამაში შესული ნუტრიციოლოგიის გაკვეთილები, სექტური ფონით, შეფარული ძალადობით და მანიპულატორი პედაგოგის გავლენით, მდიდარ ოჯახებში მცხოვრები მოზარდებისთვის ტრაგედიად იქცევა.

წელს მხატვრული კინოფილმების კორიდაში დოკუმენტურიც აღმოჩნდა.

თანამედროვე დიდოსტატი, ჩინელი ვანგ ბინგი ფილმში – „ახალგაზრდობა (გაზაფხული)“ შანხაის მახლობლად, ტექსტილის ქარხანაში დასაქმებული ახალგაზრდების მუშაობის და ცხოვრების ამბავს ჰყვება. ფილმი 3 საათი და 30 წუთი გრძელდება. რეჟისორის ინდივიდუალურად გამორჩეული ხედვითა და ხმის დიზაინით მაყურებელიც თითქოს მძიმე სამუშაოში ჩაბმული ადამიანების სამყაროში ინაცვლებს.

კენზენის კონკურსში, „რეჟისორთა თხუთმეტეულის“ სექციაში მონაწილეობდა ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანი ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“

რეჟისორმა პრემიერის შემდეგ გამართული კითხვა-პასუხის დროს თქვა, რომ თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“, საქართველოდან შვეიცარიაში მგზავრების დროს, თვითმფრინავში წაიკითხა და იპოვა პერსონაჟი, რომლის ეკრანზე ნახვაზეც ოცნებობდა.

ეთეროს როლს ეკა ჩავლეიშვილი ასრულებს, დისტრიბუტორის როლი კი შესანიშნავად მოირგო თემიკო ჭიჭინაძემ.

თავისთავად რთულ დავალებას შეეჭიდა რეჟისორი, რადგან „შაშვი შაშვი მაყვალი“ ქართველმა მკითხველმა შეიყვარა. ტექსტმა 2021 წლის პრემია „საბას“ საუკეთესო რომანის წოდებაც მოიპოვა. ერთი სიტყვით, ბევრ ადამიანს საკუთარ წარმოსახვაში უკვე ჰყავს ეთერო, ამიტომაც, ფილმშიც უფრო მკაცრად დააკვირდება პროტაგონისტს.

აღსანიშნავია, რომ რთული ქსოვილის ტექსტი რეჟისორს თავისებურად მოხელთებული აქვს. უფრო ზუსტად კი – საკუთარი და განსხვავებული რიტმის მიგნებით, ამბავს მშვენივრად ჰყვება.

48 წლის ეთერო უკვე კინოგმირია. ამჯერად ეკრანზე თვალს ვადევნებთ ქალს, რომელიც როგორც რეჟისორმა ერთ ინტერვიუში თქვა, ფემინისტია, ოღონდ თავად გაცნობიერებული არა აქვს. 

ერთ დროს უხილავი ეთერო, მხოლოდ ძმის და მამის გარდაცვალების შემდეგ ახერხებს შინაგანი ხმის პოვნას, აქვს საკუთარი მაღაზია, მოწესრიგებული სახლი და სიყვარულის უნარიც. მეტიც, წიგნის პოპულარობიდან გამომდინარე, სპოილერი სულაც არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ 48 წლის ეთერო დაორსულდება.

პრემიერაზე დამსწრე პუბლიკის ემოციებით და უცხოური პრესით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი კულტურული თუ სოციალური შრეები გასაგები, ფილმი კი მოსაწონი აღმოჩნდა.

მთავარ კონკურსში  მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ჯილდო კოჯი იაკუშომ მიიღო. ვიმ ვენდერსის „შესანიშნავ დღეებში“ მსახიობმა ტოკიოს ტუალეტების დამლაგებლის როლი შეასრულა.

ჰირაიმას რუტინა გულისხმობს დილით ადრე ადგომას, თავის მოწესრიგებას, ოთახის მცენარეების მორწყვას, საჭირო ინსტრუმენტებით აღჭურვილი ავტომობილით მისამართზე მისვლას და ტუალეტების დასუფთავებას.

გულმოდგინე მუშაობისას ჰირაიმა პატარა სარკესაც იყენებს იმისთვის, რომ უნიტაზის მიუდგომელი ადგილებიც სათანადოდ გაწმინდოს. ასეთია ყოველი დღე. თუმცა, ამ მოსაწყენ საქმეში ჰირაიმა მაინც ბედნიერია, რადგან შეუძლია დააკვირდეს ხეებს, გადაიღოს ფოტოები, წაიკითხოს წიგნები და აუდიოკასეტების მდიდარი კოლექციიდან სასურველი მუსიკა შეარჩიოს. მას შეუძლია უმიზეზო სიხარულით გაირთოს თავი.

ამ ფილმით თითქოს ოცნებები აისრულა ვენდერსმა – „შესანიშნავ დღეებში“ ყველაფერია, რაც რეჟისორს ასე ძალიან უყვარს: ტოკიო, ფოტოები, წიგნები და მუსიკა.

მის განსაკუთრებულ წიგნში, სახელწოდებით „წამიერი ისტორიები“, სადაც ვენდერსი, რეალურად, ახალგაზრდობას ემშვიდობება, წერს, რომ უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, კინოს ისტორია ძალიან მოკლეაო.

ვენდერსმა იმუშავა ისეთ ადამიანებთან, ვინც მოღვაწეობა მუნჯ კინოში დაიწყო. დღეს კი იმავე ვენდერსს შეუძლია 3D ფილმიც გადაიღოს.

ვიმ ვენდერსმა პოლაროიდებით დაიწყო და დღეს საჭირო მასალას აიქლაუდზე ინახავს.

77 წლის ლეგენდა ფიქრობს, რომ ტექნიკურმა წინსვლამ ჩვენს ქცევაზე და კულტურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

„ესაა კულტურული ცუნამი, რომელსაც მძლავრად მიაქვს და მოაქვს რაღაცები.

ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ყველასთან და ყველგან, გვყავს მეგობრები, რომლებიც არასოდეს თვალით არ გვინახავს, ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვადგება, ვიღებთ იმეილებს, რომელიც საერთოდ არ გვჭირდება“.

„ერთი რამ ზუსტად ვიცი“, – წერს ვენდერსი – „ადამიანი 2017 წლიდან 30 წლის შემდეგ არ იქნება ისეთი ბედნიერი, როგორი ბედნიერებიც ჩვენ პოლაროიდით სავსე ყუთების დროს ვიყავით“

ანსა და ჰოლაპა კი მაინც ბედნიერები არიან.

შეუმჩნეველი ადამიანების შესახებ შედევრებს აკი კაურისმიაკი იღებს.

სიყვარულის მოთმენას და მოწყენას ყველაზე ოსტატურად სწორედ ის გვიჩვენებს. თანაც ისე, რომ ჟანრის განსაზღვრებად კომედიას უთითებს. არადა, ტირი ჩვენების დროს, ჩვენების შემდეგ და ყოველთვის, როცა ნანახი გახსენდება.

ერთი შეხედვით, „ჩამოცვენილ ფოთლებში“ ისევ ის გვხდება, რის გამოც გვიყვარს ეს ფინელი რეჟისორი. მთავარი გმირების სახლებში ისევ მხოლოდ ძალიან საჭირო ნივთები – მაგიდა, სკამი და ტახტია; ალკოჰოლით გაჯერებულ ბარებში კაურისმიაკის საყვარელი ნეონები სტაბილურად ანათებს; მეგობარ ქალებს კაფეში ისევ სხვადასხვა ფერის წვენი შეუკვეთიათ; კვლავინდებურად სამსახურის და შემოსავლის გარეშე რჩებიან უიღბლო პერსონაჟები (თუმცა, ყვავილების საყიდლად ფული ყოველთვის მოიძებნება), მაგრამ კაურისმიაკის კომედიაში დროა მძაფრად გამოკვეთილი.  კინოსურათში  კინოდარბაზში მსხდომი ანსა და ჰოლაპა უყურებენ ჯიმ ჯარმუშის ფილმს – „მკვდრები არ კვდებიან“,   რადიო კი უკრაინაში ომის ქრონიკას გადმოსცემს.

და იქნებ იმიტომ, რომ დღეს ყველაფერი ზუსტად ისე ცუდადაა, როგორც ამ ფილმის კინოთეატრში ნაჩვენებ სურათში და რადიოგამოშვებებშია, იქნებ სწორედ ამის საწინააღმდეგოდ გადიდდა კაურისმიაკის გმირების გულები, გადიდდა მეტად, ვიდრე ეს ასანთის ქარხნის თანამშრომელი გოგონას, „ჰავრის“ ან სამოთხის ჩრდილების შემთხვევაში იყო. 

ანსას და ჰოლაპას სიყვარული, ნაღვლიანი თვალები და ძაღლისთვის დარქმეული სახელი იმდენად დიდი შთაბეჭდილებაა, ყველაფრის გადაფარვა შეუძლია. ამიტომ, ახლა თითქმის ძლივს აღვიდგენ ფესტივალის დაწყების დღეებს: პომპეზურ გახსნას, ჯონი დეპის ღიმილს, 22-მილიონიან „ჟან დე ბარის“ – ფესტივალის გახსნის მშვენიერ ფილმს, მარტინ სკორსეზესთვის მინდობილ 200 მილიონს, ბალენსიაგას მომნუსხველ კაბაში გამოწყობილ იზაბელ იუპერს, შესანიშნავ ფორმაში მყოფ უმა ურმანს, მაიკლ დუგლასს საპატიო ჯილდო რომ გადასცა, კატრინ დენევის უკრაინის მხარდამჭერი ტექსტიც მიმავიწყდა და ჰარისონ ფორდისთვის მინიჭებული საპატიო ოქროს პალმის რტოც. სრული სიცხადით კი იმას ვგრძნობ, რომ უფრო უკეთესი ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.