fbpx

ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე საუკეთესონი არიან!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასული კვირა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტით აღინიშნა: ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე შესაბამისად, სერია A-ს და საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელებად დაასახელეს.

გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საფრანგეთის პირველი დივიზიონის საგზური მოიპოვა და ქართველი ფეხბურთელის შეძენით უკვე ევროპის არაერთი წამყვანი კლუბია  დაინტერესებული.

ხვიჩა კვარაცხელია კი „ნაპოლის“ სიმბოლოდ იქცა და იტალიელებმა, რომელთაც ფეხბურთი შესანიშნავად ესმით, სწორად შეაფასეს ქართველი ფეხბურთელის ღვაწლი ამ კლუბის გაჩემპიონებაში უახლოეს მდევართან 16-ქულიანი უპირატესობით.  

ხვიჩას, რომელიც სეზონის მანძილზე სამჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად, ბოლო პერიოდში არც გოლები გაჰქონდა და არც საგოლე გადაცემებს ახორციელებდა, მაგრამ სწორად მან გაამზადა „ნაპოლისთვის“ საჩემპიონო ფუნდამენტი პრაქტიკულად უკვე დეკემბერში, როდესაც „მილანი“, ინტერი“, „ატალანტა“ თუ „ლაციო“ ფეხდაფეხ მისდევდნენ „სკუდეტოს“ მომავალ მფლობელს სატურნირო ცხრილში და საჭირო იყო მათი ჩამოტოვება.

ქართველი ფეხბურთელის გამორჩეული ძალისხმევით „ნაპოლიმ“ სეზონის პირველ ნახევარში რამდენიმე ისეთი მატჩი მოიგო, რომლებშიც სამი ქულის მოპოვებას გუნდი მის გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებდა. 

ამ დაპირისპირებებიდან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია „მილანთან“, „ლაციოსთან“, „რომასთან“ ექვსი ქულის ტოლფასი გასვლითი მოგებები და „იუვენტუსის“ განადგურება საკუთარ მოედანზე.

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ხვიჩა კვარაცხელიას თავის პირველივე იტალიურ სეზონში, უკვე 22 წლის ასაკში მიენიჭა, რაც გრანდიოზულ პერსპექტივას უქმნის მის არა მხოლოდ საკლუბო, არამედ უმთავრეს – სანაკრებო კარიერასაც.

საქართველოს ნაკრებს ხომ ახლო მომავალში ორი გასვლითი მატჩი ელის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსის და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ, რომლებშიც უკვე აუცილებელი იქნება, სულ მცირე, 4 ქულის მოპოვება…   

ამ დაპირისპირებების წინ, რა თქმა უნდა, გვახსენდება გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი გოლი ნორვეგიის ნაკრებთან შეხვედრაში. 

მაგრამ აწი ანგარიშის გამათანაბრებელი ბურთები საკმარისი არ იქნება საბოლოო წარმატების მისაღწევად A ჯგუფში, სადაც მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები სამი ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა, ხოლო ჩვენ გუნდს ერთადერთ მატჩში ამდენივე ქულა აქვს მოპოვებული.

სანაკრებო შეხვედრებამდე კი კლუბები გადამწყვეტი დაპირისპირებების დონეზე არკვევენ ურთიერთობებს, რომელთა შორისაც გასულ კვირას განსაკუთრებულ ინტერესს ევროპის ლიგის ფინალი იწვევდა.

ჟოზე მოურინიოს 21-ე საუკუნის საფეხბურთო მოღვაწეთა შორის გამორჩეული ადგილი სრულიად სამართლიანად უკავია, რადგან მისი თაოსნობით განვლილი ორი ათწლეულის განმავლობაში არაერთმა კლუბმა მიაღწია უმაღლესი დონის წარმატებას.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე მეორე წელიწადი ზედიზედ ევროტურნირის ფინალში გაიყვანა „რომა“, სადაც ფინალებში აქამდე ხუთგზის გამარჯვებულ მწვრთნელს ამჯერად ევროპის ლიგის ექვსგზის ტრიუმფატორი „სევილია“ ახალ ოპონენტ ხოსე ლუის მენდილიბარის ხელმძღვანელობით დაუპირისპირდა. 

როგორც ცნობილია, მატჩი პირველიდან უკანასკნელ წუთამდე უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა, საბოლოოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში ესპანელებმა იმარჯვეს და „საკუთარი სახელობის ტურნირი“ მეშვიდეჯერ მოიგეს.

მატჩის შემდეგ მოურინიო უკმაყოფილო იყო ინგლისელი ენტონი ტეილორის მსაჯობით და მარცხის მიზეზად „სევილიას“ კარში შეხვედრის მეორე ნახევარში არდანიშნულ პენალტის და „რომას“ ფეხბურთელებისთვის უსამართლოდ გაცემულ ყვითელ ბარათებს ასახელებდა.

მსაჯის გადაწყვეტილებები ასეთ რთულ დაპირისპირებაში ზოგჯერ შეიძლება მართლაც საკამათო ყოფილიყო, მაგრამ რომაელები სისწრაფეში და თამაშის ინტენსივობაში რომ ჩამორჩნენ მეტოქეს, ესეც აშკარაა.

ჟოზე მოურინიომ შეიძლება გარკვეული შეცდომა დაუშვა, როდესაც ტრავმისკენ მიდრეკილი პაულო დიბალა თავიდანვე მოედანზე გამოიყვანა. 

არგენტინელი ფეხბურთელი შეუჩერებელი აღმოჩნდა მოწინააღმდეგეთათვის, რომელთაც უხეშ თამაშს უმატეს მის წინააღმდეგ და საბოლოოდ მატჩის 68-ე წუთზე დაატოვებინეს კიდეც მინდორი.

იმ დროისთვის ანგარიში უკვე 1:1 იყო და რომაელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ დიბალა გახლდათ. 

„სევილიას“ ფეხბურთელებმა 35-ე წუთზე გაშვებული ბურთის შემდეგ სახიფათოდ პირველად ტაიმის უკანასკნელ წუთზე შეუტიეს, როდესაც რაკიტიჩის უძლიერესი დარტყმა მეტოქის კარის ძელმა აისხლიტა და ამ ეპიზოდმა სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები მეორე ნახევარში საპასუხო გოლისთვის შეამზადა…  

მაგრამ ალბათ მოურინიოსაც ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ მისი გუნდი, „ლევერკუზენის“ მსგავსად, ამჯერადაც მოახერხებდა საკუთარი კარის მშრალად შენარჩუნებას. 

გოლი ნაადრევად ხომ არ გაიტანა “რომამ“? ხომ არ აჯობებდა, რომ ტაიმი ფრედ 0:0 დასრულებულიყო, გოლზე ზრუნვა მის გუნდს ძირითადი დროის უკანასკნელ მეოთხედში დაეწყო და წარმატების შემთხვევაში „სევილიას“ იქნებ ვეღარც მოესწრო საპასუხო ბურთის გატანა? 

როგორც გაირკვა, მოურინიოსთან შედარებით გამოუცდელი და ნაკლებად სახელოვანი მენდილიბარი არც აპირებდა მატჩის მართვის სადავეების ხელში აღებას და ამის გაკეთება მის გუნდს იძულებით, მხოლოდ გოლის გაშვების შემდეგ მოუწია. 

ესპანელთა მიერ პირველი ბურთის გატანის შემთხვევაში კი საპასუხო გოლზე სტრატეგიის აღება დიბალას გამოყვანის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა. თანაც, არგენტინელი დასვენებულიც იქნებოდა და პენალტების სერიაში თანაგუნდელებთან შედარებით, გამოსადეგი… 

საბოლოოდ კი „სევილიამ“ გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპის ლიგის ყველა დროის უძლიერესი გუნდის რეპუტაცია, გააგრძელა ის საოცარი ტრადიცია, რომელიც ესპანური კლუბების სრულ დომინაციას განსაზღვრავს 21-ე საუკუნის ევროპულ ფეხბურთში.

თუკი თვალს გადავავლებთ 2001 წლის შემდგომ ფინალებს, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნმა“ „ვალენსია“ და მაშინდელ უეფას თასზე „ლივერპულმა“ „ალავესი“ დაამარცხა, შევნიშნავთ, რომ ესპანურ კლუბებს მას შემდეგ ფინალური მატჩი მხოლოდ სხვა ესპანურ კლუბებთან დაპირისპირებაში თუ წაუგიათ. 

ასეთი ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც „რეალმა“ „ატლეტიკოს“ ორჯერ მოუგო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხოლო იმავე „ატლეტიკომ“ და „სევილიამ“ კი ევროპის ლიგის ფინალში შესაბამისად „ბილბაო“ და „ესპანიოლი“ დაამარცხეს.

დანარჩენ 18 ფინალში „რეალმა“ და „ბარსელონამ“ ოთხჯერ, „სევილიამ“ ექვსჯერ, „ატლეტიკომ“ ორჯერ და კიდევ „ვალენსიამ“ და „ვილიარეალმა“ თითოჯერ, სხვადასხვა ქვეყნების გუნდები დაამარცხეს.

გამოდის, რომ ჯამში უკანასკნელი 22 წლის განმავლობაში ესპანურმა კლუბებმა 22-ჯერ მოიგეს ევროთასი, ისე რომ ერთი ფინალიც არ დაუთმიათ. მართლაც რომ საოცარი შედეგია!

მაგრამ ამ წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ხომ „მანჩესტერ სიტის“ ამჟამინდელი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა, რომლის მთავარი მიზანიც წლეულს ინგლისის FA Cup-ის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგება და აქედან გამომდინარე, „ტრიპლეტის“ შესრულება იქნება…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.