fbpx

მანჩესტერ სიტის ახდენილი ოცნება!


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

უეფას ისტორიაში ყოველი წლის ბოლოს ახალი ფურცელი გადაიშლება ხოლმე, მაგრამ წლევანდელი სეზონი ამ თვალსაზრისით ალბათ გამორჩეულია, რადგან ჩემპიონთა ლიგის მომგებთა სიას ახალი კლუბი „მანჩესტერ სიტი“ შეემატა.

პეპ გვარდიოლას გუნდი ნებისმიერი სეზონის ბოლოს ამ ტურნირის მოგების მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილებოდა ხოლმე, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებში გუნდი რატომღაც ისეთ გოლებს უშვებდა, როგორსაც სხვა დროს არასოდეს მიიღებდა საკუთარ კარში და ტურნირს სხვები იგებდნენ.

ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ „მანჩესტერ სიტის“ ახლო წარსულის პლეიოფებში „ტოტენჰემთან“, „ლიონთან“ თუ „რეალთან“ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული წარუმატებლობები და „ჩელსისთან“ წაგებული ფინალი, სადაც პრემიერლიგის ბოლო ათწლეულის უძლიერესი გუნდი ფავორიტად მოიაზრებოდა.

მაშინ „ჩელსიში“ თომას ტუხელი ახალი მისული იყო და მისი თაოსნობით ლონდონელებმა ხანმოკლე პერიოდში ზედიზედ სამ მატჩში დაამარცხეს „ქალაქელები“.

წლევანდელ სეზონში კი „ლაიპციგის“, „ბაიერნის“ და განსაკუთრებით მადრიდის „რეალის“ მიწასთან გასწორების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ თითქოს უკვე აუცილებლად უნდა მიეღწია პეპ გვარდიოლას ამ კლუბში მისვლის მერე მთავარი საწადლისთვის და მოეგო ჩემპიონთა ლიგა.

„მანჩესტერ სიტიმ“ აპრილიდან მოყოლებული ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. სწორედ ამ პერიოდში გადაასწრო მან სატურნირო ცხრილში ლონდონის „არსენალს“ და პრემიერლიგის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო. 

გარდა ამისა, გასულ კვირას პეპ გვარდიოლას გუნდმა მანჩესტერულ დერბიში გამარჯვების და ინგლისის ასოციაციის თასის მოპოვების შემდეგ ჩინებული განწყობა შეიქმნა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომლის მოგების შემთხვევაშიც გუნდი სეზონის ოთხი ტურნირიდან მესამეს მოიგებდა!

მაგრამ რას წარმოადგენდა „მანჩესტერ სიტის“ მეტოქე მილანის „ინტერი“?

„ნაპოლის“ ფაქტორიდან გამომდინარე, ქართველ ფეხბურთის გულშემატკივრებს შესანიშნავად გვახსოვს ამ სეზონის წამყვანი იტალიური კლუბების ასპარეზობა. გვახსოვს 2023 წლის 4 იანვარს „ნაპოლის“ მიერ „ჯუზეპე მეაცას“ სტადიონზე ჩატარებული პირველი გასვლითი შეხვედრაც, რომლის პირველ ნახევარში „ნერაძური“ განზრახ უხეშობას ეწეოდა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ.

საბოლოოდ ამგვარმა ვერაგულმა ტაქტიკამ გაამართლა და „ინტერმა“ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო ის შეხვედრა. 

მიუხედავადა ამისა, სიმონე ინძაგის გუნდმა მეტად არასტაბილურად ჩაატარა სერია A-ს სეზონის დარჩენილი ნაწილი და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც თითოეულ პლეიოფში წარმოდგენილი ერთ-ერთი სუსტი, ან ყველაზე სუსტი მოწინააღმდეგის დამარცხების შედეგად მოიპოვა.

მაგრამ იტალიის თასის მოპოვების შემდეგ გუნდი იმდენად დაიხვეწა და მოძლიერდა, რომ ვიღას ახსოვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბაიერნთან“ ტრადიციად ქცეული ორი უგოლო წაგება და იმ პერიოდში კრიზისში მყოფ „ბარსელონასთან“ ჭიდილში გაჭირვებით მოპოვებული მეორე ადგილი…

„მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში „ინტერს“ იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის ბრძოლაც უწევდა, რადგან მისი წაგების შემთხვევაში იტალიური გუნდები სამივე ევროთასის ფინალში დამარცხებულები გამოვიდოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეც მოხდა, „ინტერმა“ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა და გაშვებული გოლის შემდეგ კინაღამ აღადგინა წონასწორობა, როდესაც დიმარკომ ხარიხას გაარტყა ბურთი. 

გავიხსენოთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ კარის ზედა ძელს მადრიდის „რეალის“ შუა ხაზის მოთამაშე ტონი კროოსმაც გაარტყა ბურთი, მაგრამ გერმანელმა ეს შორეული დარტყმით მოახერხა, რადგან „რეალი“ „ინტერისგან“ განსხვავებით, „მანჩესტერ სიტის“ კარს მთელი საპასუხო მატჩის განმავლობაში ერთხელაც ვერ მიუახლოვდა!  

„ინტერისთვის“ დამახასიათებელი ვერაგულად ფეხებში რტყმის მსხვერპლი კი ამჯერად დე ბრიუინე შეიქმნა, რომელსაც უკვე პირველ ტაიმში მოუწია მინდვრის დატოვება; თუმცა, მისმა შემცვლელმა ფილ ფოდენმა შეიძლება უფრო მეტად გაამწვავა კიდეც ინგლისელთა შეტევები…

თუკი მეტოქე ფეხბურთელის იძულებითი ცვლილების თვალსაზრისით „ინტერს“ არ გაუმართლა, პირველი ტაიმის ანგარიშით 0:0 დასრულებას მისთვის თითქოს ამოსუნთქვის შესაძლებლობა და მეტოქის თითოეულ შეცდომაზე გამოჭერის უკეთესი საშუალებები უნდა მიეცა.

მაგრამ აქაც პირიქით მოხდა, როდესაც აკანჯის, ბერნარდუ სილვას და როდრის მიერ მატჩის 68-ე წუთზე გათამაშებული „ინტერისთვის“ ავადსახსენებელი სამსვლიანი კომბინაცია ჰალანდის მეურვეობაზე გადასულ იტალიელ მცველებს გამოეპარათ და როდრის დაფარული დარტყმის წინაშე ონანას დიდებული რეაქციაც ვერაფერს გახდა…

ბუნებრივია, რომ „ინტერი“ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მას დაახლოებით 35 წუთი ჰქონდა დარჩენილი წონასწორობის აღსადგენად, ხოლო გრილიში, ფოდენი, სილვა, ჰალანდი და მათი თანაგუნდელები ყოველ წუთს მზად იქნებოდნენ კონტრშეტევაზე მეორე გოლის გასატანად.

იტალიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს მატჩის ეს ყველაზე მძიმე პერიოდი და მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო გოლი ვერ გაიტანეს, არც მეტოქისთვის მიუციათ ანგარიშის გაორმაგების საშუალება, რაც დიდი გმირობის ტოლფასია.

ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, თუ როგორი იქნებოდა ფინალის საბოლოო ანგარიში იმ შემთხვევაში, „მანჩესტერ სიტის“ ამჯერადაც მადრიდის „რეალთან“ საპასუხო შეხვედრის დონის მატჩი რომ ჩაეტარებინა. მაგრამ ვინ იცის, იქნებ სწორედ „ინტერის“ ფეხბურთელებმა შეუწყვეს ხელი იმას, რომ ეს ასე არ მომხდარა… 

ამ თვალსაზრისით მხოლოდ 0:1 წაგება მსოფლიოს უძლიერეს კლუბთან შეხვედრაში „ინტერის“ ფეხბურთელებისთვის თითქოს დიდ ტრაგედიას არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ სინამდვილეში ფინალში მარცხი, ნებისმიერი გულშემატკივრისთვის მიუღებელია.

„მანჩესტერ სიტის“ მოგებით კი მსოფლიო ფეხბურთმაც გამარჯვება იზეიმა, რადგან არცთუ ისე ხშირია, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ტურნირს აშკარად ყველაზე ძლიერი გუნდი სრულიად სამართლიანად იგებს. 

სხვათა შორის, ასეთი ღირსეული გამარჯვებული იყო 2010 წელს „ინტერიც“, როდესაც ჟოზე მოურინიოს თაოსნობით ამ გუნდმა ჯერ ნახევარფინალში პეპ გვარდიოლას „ბარსელონა“, ხოლო შემდეგ კი ფინალში  მიუნხენის „ბაიერნი“ დამაჯერებლად დაამარცხა.

ასევე შეუდარებელი იყო „ბარსელონა“ 2011 და 2015 წლებში და „ბაიერნი“ 2020 წელს, რადგან ეს გუნდები ჯგუფური თუ პლეიოფის თითოეულ მატჩს უმაღლეს დონეზე ატარებდნენ და ტურნირს ყოველგვარი უარყოფითი „ბექგრაუნდის“ გარეშე იგებდნენ.

პარადოქსი კი ისაა, რომ მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულის ყველაზე ხშირად მოპოვების მიუხედავად, ბოლო ათწლეულში ამგვარი „ბექგრაუნდი“ არასოდეს ტოვებს.

„რეალმა“ ასეთი „რეკორდი“ შარშან მოხსნა, როდესაც მას „პარი სენ-ჟერმენის“, „ჩელსის“ და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ სამივე პლეიოფში აშკარად გაუმართლა და ღირსეულად მხოლოდ ფინალი მოიგო.

სწორედ ამიტომ, ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების გათამაშება ამ ტურნირის ისტორიაში უფრო „მანჩესტერ სიტის“ საოცარი ნახევარფინალური მატჩით შევა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, ვიდრე მის მიერ ფინალში „ინტერის“ დამარცხებით. 

ასევე იყო 2009/2010 წლების ტურნირის შემთხვევაშიც, რომელიც ისტორიაში უფრო „ინტერი“ – „ბარსელონას“ ნახევარფინალური და არა „ინტერი“ – „ბაიერნის“ ფინალური დაპირისპირებით შევიდა.

წლევანდელ გათამაშებაში „ინტერის“ გამარჯვება კი „რეალის“ კრახის მნიშვნელობას  „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში დროთა განმავლობაში შეარბილებდა, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიას უფრო გააღარიბებდა, ვიდრე გაამდიდრებდა…  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.