შავი ზღვის ჯაზფესტივალი 28-30 ივლისს გაიმართება
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
წელს 28 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ბათუმში მე-16 ჯაზფესტივალი გაიმართება.
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, ფესტივალი სტუმრებს განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდება – სამივე საფესტივალო დღის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული არტისტები არიან.
ბათუმის ჯაზფესტივალი წლევანდელ გამოშვებას განსაკუთრებული სიახლით ხვდება – ფესტივალს და მის მსმენელს ახლად შექმნილი სივრცე – “სთეიჯ 17” უმასპინძლებს. ვინაიდან “სთეიჯ 17”-ის საკონცერტო სივრცე გადახურულია, წელს ბათუმურ წვიმაზე ნერვიულობა არც ორგანიზატორებს და არც სტუმრებს აღარ მოუწევთ.
ფესტივალი 28 ივლისს გაიხსნება ქართული ბენდით – Bedford Falls, რომელიც წელს პირველად წარდგება ჯაზფესტივალზე. ჯგუფმა პოპულარობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც მოიპოვა.
ფესტივალის გახსნის დღეს ქართველ შემსრულებლებს SOULTRAIN ჩაანაცვლებს. SOULTRAIN შვეიცარიელი დრამერისა და მუსიკალური პროდიუსერის ჯ.ჯ. ფლუეკის ბენდის, JJ’S HAUSBAND-ის პროექტია, რომელიც ბენდის მოღვაწეობის 10 წლის აღსანიშნავად შეიქმნა. პროექტში ბენდის წევრებთან ერთად მონაწილეობს ამერიკელ რეჯი სანდერსი – მუსიკოსების დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორი.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ამავე სახელწოდების საკულტო ამერიკულ სატელევიზიო გადაცემას უკავშირდება. მუსიკალური გადაცემა 1970 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა ეთერში და ეძღვნებოდა შავკანიანთა კულტურისა და მუსიკის პოპულარიზაციას. გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი დონ კორნელიუსი იყო. სწორედ ამ გადაცემის საშუალებით გაიცნო მსოფლიომ მუსიკის ბევრი ამომავალი ვარსკვლავი.
ბენდის წევრები გვპირდებიან საკულტო გადაცემის მუხტის გამეორებას და Soul Train-ის საუკეთესო ეპიზოდების გაცოცხლებას.
მეორე საფესტივალო დღე ლეგენდარულ მარკუს მილერს დაეთმობა. მსოფლიოში აღიარებულ ბას გიტარისტს და გრემის ორგზის მფლობელ მუსიკოსს, რომელიც უკვე რამდენჯერმეა საქართველოში ნამყოფი და ქართველი მსმენელი კარგად იცნობს. თუმცა, ამჯერად ის ახალი პროგრამით ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ მისი ბენდის ახალი შემადგენლობაც ახალგაზრდა მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული. მილერი ხშირად ურჩევს თავის მსმენელს, კარგად დაიმახსოვრონ მათი სახელები, რადგანაც არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ ისინი ნამდვილი ვარსკვლავები გახდებიან.
მარკუს მილერი თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან მაილს დევისი, ჰერბი ჰენკოკი, ლუთერ ვარდოსი, დევიდ სანბორნი და მრავალი სხვა.
ამერიკელი მუსიკოსი ბათუმს პირველი ვიზიტიდან 15 წლის შემდეგ, ევროპის საზაფხულო ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
ფესტივალს დახურავს ამერიკული ბენდი Brooklyn Funk Essential. ამ კოლექტივის მუსიკალური კარიერა სამ ათეულ წელს ითვლის და ჯაზის, ფანკის, ჰიპ-ჰოპის ნაზავია. Brooklyn Funk Essential-მა სასცენო კარიერა ისე დაიწყო, როგორც ჯემ პროექტმა – პროდიუსერ არტურ ბეიკერის სტუდიაში – Shakedown Studio.
დღემდე კოლექტივმა შვიდი ალბომი გამოუშვა და უამრავი ტურნე ჩაატარა მსოფლიოში. მათი პირველი, 1995 წელს გამოშვებული ალბომი – Cool & Steady & Easy ამერიკულმა ბილბორდმა წლის საუკეთესო ალბომად აღიარა ალტერნატიული რ&ბ-ის კატეგორიაში, ხოლო მომდევნო, 1998 წლის ალბომი – In The BuzzBag გრემიზე იყო ნომინირებული.
30-წლიანი ისტორიის მქონე BFE ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბენდია ევროპისა და ამერიკის ფესტივალებზე.
სამივე საფესტივალო დღის შემდეგ, ყოველ საღამოს ჯემ სეიშენები გაიმართება ივერია ბიჩის ტერიტორიაზე, სადაც მასპინძელი ჯგუფი The Next Movement იქნება. TNM JJ’S HAUSBAND-ის კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მუსიკოსების სამეულს აერთიანებს. ტრადიციულად, ჯემ სეიშენს ფესტივალის მონაწილე ყველა მუსიკოსი დაესწრება.
ფესტივალის კარი “სთეიჯ 17-ში” სტუმრებისთვის 19:00 საათზე გაიღება. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის – 10%-იანი ქეშბექი. ფესტივალის ბილეთების შეძენა www.tkt.ge-ზეა შესაძლებელი.