fbpx

ახდენილი მეოთხედფინალიდან აუხდენელ ოცნებამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

საოცარი რამაა გუნდური ასპარეზობა, რადგან რომელიმე ერთი მოთამაშის ამოვარდნას საერთო საქმის მიზანმიმართული მსვლელობიდან შეიძლება, ფატალური შედეგი მოჰყვეს, რასაც სპორტის ენაზე წაგება ჰქვია.

მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც გუნდი ისე მარცხდება, რომ მიზეზი თითქოს არც მწვრთნელია, არც ფეხბურთელი, არც უიღბლობა და რაც მთავარია, არც თამაშის ხარისხი.

რჩება ერთადერთი რამ, რაზედაც სანამ ფეხბურთი იარსებებს, დავა არასოდეს შეწყდება და იგი პენალტების სერიის ავკარგიანობას შეეხება.

ლატარიაა იგი თუ იმ ორსაათიანი ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელმაც გამარჯვებულის ვინაობა ვერ გამოავლინა?

ერთი მხრივ, ადვილია პირველი პოზიციის გაზიარება, მაგრამ, მეორე მხრივ, პენალტების სერიებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ,  რომ ამა თუ იმ მატჩის შედეგი ზოგჯერ ძირითადი დროის მიხედვით ნაკლებად ლოგიკურია, ვიდრე თერთმეტმეტრიანების სერიის შედეგად.

მაგალითად, გერმანიის ნაკრები 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრად ძლიერი გუნდი იყო მასპინძელ მექსიკის ნაკრებთან შედარებით, მაგრამ მათი შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ – 0:0 დასრულდა და ტურნირის მომავალმა ფინალისტმა ძალთა რეალური თანაფარდობის დემონსტრირება მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლო.

მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრიანების ლოგიკურობის ვრცელი მაგალითი კი არგენტინის და ნიდერლანდების საკმაოდ ხშირი „საფეხბურთო ლატარიაა“, რადგან 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, ეს გუნდები პლეიოფში ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 

აქედან სამი მატჩი ფრედ დასრულდა, ერთში კი უკანასკნელ წუთზე ფრანკ დე ბურის შორეული გადაცემის შემდეგ დენის ბერგკამპმა ბრწყინვალე გოლით „ნარინჯისფრებს“ გამარჯვება მოუტანა.

არგენტინელებმა ბოლო ორი, 2014 და 2022 წლებში, თერთმეტმეტრიანების სერიაში, ხოლო 1978 წლის ფინალი კი დამატებით დროში მოიგეს და თანაც ისე, რომ ნიდერლანდელმა რენსენბრინკმა მატჩის 90-ე წუთზე ბურთი მათი კარის ძელს მოახვედრა.

ის ბურთი რომ გასულიყო, მსოფლიო საფეხბურთო ისტორია საფუძვლიანად  შეიცვლებოდა და ეს ალბათ ნაკლებად მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო არგენტინელთა თუნდაც ერთ მარცხთან შედარებით თერთმეტმეტრიანების სერიაში…

ნიდერლანდელთაგან განსხვავებით, რომელთაც პენალტების სერიაში მხოლოდ კოსტა-რიკა ჰყავთ დამარცხებული, სუსტი მხარის გამოსწორებაზე სერიოზულად იზრუნეს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელებმა, რომლებიც 1990, 1994 და 1998 წლებში ზედიზედ სამ ტურნირზე დამარცხდნენ „საფეხბურთო ლატარიაში“. 

მომავალმა მსოფლიო ჩემპიონებმა ნახევარფინალში დამატებითი დროის უკანასკნელ წუთებზე გაიმარჯვეს იმ ჩემპიონატის მასპინძელ გერმანიის ნაკრებთან, მაგრამ პენალტების სერიაში “სკუადრა აძურას“ მომზადების უმაღლესი დონე ნათლად გამოჩნდა ფინალში ფრანგების წინააღმდეგ, სადაც მათ ხუთივე თერთმეტმეტრიანი გამოიყენეს.

შეიძლება უცნაურად გვეჩვენოს, მაგრამ იტალიელთა მთავარი პრობლემა პენალტების სერიაში იმ პერიოდის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იყო, რომლის ძლიერი მხარეც პენალტის მოგერიება არასოდეს ყოფილა!

მაგრამ იტალიის ნაკრები ამ უხერხულობიდან ფრანგმა ფორვარდმა ტრეზეგემ გამოიყვანა, რომლის უძლიერესი დარტყმაც არა ბუფონმა, არამედ ხარიხამ აისხლიტა… 

მეკარის როლი თერთმეტმეტრიანების სერიაში უდავოდ უმნიშვნელოვანესია და საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ თვალსაზრისით მეოთხედფინალამდე სამი დღით ადრე საგანგაშო სიგნალი მიიღო, როდესაც ჩვენი მეტოქის გოლკიპერმა  დანიელ პერეტცმა გერმანელების წინააღმდეგ შეხვედრაში ერთბაშად ორი პენალტი მოიგერია.

საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაში კი პერეტცს თანაგუნდელებმაც მხარი აუბეს, 44000-იანი აუდიტორიის წინაშე უშეცდომოდ შეასრულეს ოთხი თერთმეტმეტრიანი დარტყმა და ჩვენთვის სამწუხაროდ „საფეხბურთო ლატარია“ თავიანთ ლოგიკურ გამარჯვებად აქციეს.

მაგრამ პენალტების სერიაში მარცხი ერთადერთი უარყოფითი მხარე აღმოჩნდა იმ შესანიშნავი ასპარეზობისა, რომელიც ულამაზეს მოგონებად შეიტანა ჩვენმა  ახალგაზრდულმა ნაკრებმა ქართული ფეხბურთის მატიანეში.

პორტუგალიელებთან მოგების და ბელგიელებთან მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ ჩვენებს წინ უმძიმესი შეხვედრა ელოდათ ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ, რომელსაც მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს მეოთხედფინალში მოსახვედრად.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა თამაში თავიდანვე შეტევებით დაიწყო, საქართველოს ნაკრების კარის ძელს მატჩის დებიუტშივე ორჯერ მოახვედრა ბურთი და კიდევ არაერთხელ იყო ახლოს მიზანთან.

მაგრამ სტუმრების ამ მცდელობებს ტაიმის მიწურულს ხაზი გადაუსვა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც თითქოს უწყინარ სიტუაციაში მოიპოვა ბურთი, მაგრამ უეცრად ტემპს უმატა, მეტოქის ერთბაშად ექვს ფეხბურთელს აუარა გვერდი და აუღებელი დარტყმით სავარაუდოდ ახალგაზრდული ევრო 2023-ის საუკეთესო გოლი გაიტანა.

როგორ ველოდით ზურიკოსგან ან რომელიმე სხვა ფეხბურთელისგან ასეთ თუნდაც ერთ გაელვებას ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ მთელი მატჩის მანძილზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა. 

მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მეორე ტაიმის და დამატებითი დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრები მაქსიმალურად დომინირებდა მოედანზე და მეტოქეს იშვიათად თუ ეძლეოდა კონტრშეტევებზე გადასვლის საშუალება, კარის ჩარჩოში ჩვენებს ერთხელაც არ დაურტყამთ.

ეს კი სტუმრების უმაღლესი დონის სათამაშო დისციპლინაზე მეტყველებს, რამაც მატჩი საბოლოოდ იმ ავადსახსენებელ პენალტების სერიამდე მიიყვანა, რომლის შესრულებაც საქართველოს ნაკრებს თავისი დაახლოებით ოცდაათწლიანი არსებობის მანძილზე პირველად მოუწია.

ეს კი თავის მხრივ დიდი წარმატებაა, რაც უეფას წარმომადგენელი ზოგიერთი  ქვეყნის ნაკრებისთვის დღემდე მიუღწეველია. 

პენალტების სერიაში მონაწილეობა მომავალი წლის მარტში ჩვენს ეროვნულ ნაკრებსაც შეიძლება დასჭირდეს, რომელსაც აზაროვის და დავითაშვილის სახით თურმე ჩინებული პენალტისტები ჰყოლია. 

ზუსტი იყო მოისწრაფიშვილიც, რომლის თბილისის „დინამოც“ სულ მალე ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის „ასტანას“ ესტუმრება.

ასე რომ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატის წაგების გარეშე დასრულება ოპტიმისტურ ნიშნად უნდა იქცეს უკვე კარსმომდგარი სეზონის წინ, რომლისთვისაც მათ უდიდესი გამოცდილება შეიძინეს.

ჩვენ გარეშე დარჩენილ ევროპის ჩემპიონატზე კი მიმდინარე ტურნირის მთავარი  გმირობა კვლავ უკრაინის ნაკრებმა ჩაიდინა, რომელმაც ჯგუფში შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი – საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 

აწი ნახევარფინალში მისი მეტოქე ესპანეთი იქნება, რომელთანაც აქამდე ჯგუფში უკრაინელებმა შეხვედრა ფრედ დაასრულეს. მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს ინგლისის და ისრაელის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან. ფინალი 8 ივლისს ბათუმში ჩატარდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.