fbpx

ინგლისი ჩემპიონია!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

2023 წლის ივნისი საქართველოსთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოდგა, რადგან ევროპის წლევანდელ უმნიშვნელოვანეს სანაკრებო ტურნირს სწორედ ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა და თანამონაწილე რუმინეთისგან განსხვავებით, სადაც თამაშები ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ტარდებოდა, მაყურებელთა დასწრების რეკორდი ზედიზედ სამჯერ მოხსნა.

ეს მაჩვენებელი კი მომავალში, სავარაუდოდ, ისევ საქართველოში თუ გაუმჯობესდება, ოღონდ ამისათვის „დინამო არენაზე“ ტრიბუნების დამატება იქნება საჭირო…

დიდად სასიხარულოა, რომ ჩვენმა ქვეყანამ უმაღლეს დონეზე ჩაატარა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი და უეფას მხრიდანაც დღემდე ემატება ერთიმეორეს დადებითი გამოხმაურებები. 

ეს კი იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლებს, უკვე იქ დაამყარებს მაყურებელთა დასწრების რეკორდს და ცოტა ხნის წინ დამთავრებული ტურნირისგან განსხვავებით, ნახევარფინალშიც ითამაშებს.

როგორ უნდა შეფასდეს საქართველოს ნაკრების ასპარეზობა ჩემპიონატზე? 

დავიწყოთ იმით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა ტურნირზე ზედიზედ სამ მატჩში მაყურებელთა დასწრების რეკორდის მოხსნა და იქამდე იტალიასა და ესპანეთს შორის 1996 წელს ფინალურ შეხვედრაში  დაფიქსირებული რეკორდის საგრძნობლად გაუმჯობესება.

პორტუგალიის ნაკრებთან პირველ მატჩში კი ქართველმა გულშემატკივრებმა თითქოს „დაზვერეს“ საკუთარი გუნდის შესაძლებლობები და „დინამო არენაზე“ მისვლას ბევრმა მათგანმა ტურნირის შესანიშნავად მოწყობილი გახსნის ცერემონიალის და შეხვედრის ცქერა ტელეეკრანთან ამჯობინა. 

გაუგებარი ამაში არაფერია. ასევე მოიქცნენ რუმინელი გულშემატკივრებიც, რომელთაც პირველი მარცხის შემდეგ სტადიონზე მისვლა არ უფიქრიათ და არც შემცდარან, რადგან მათმა გუნდმა ტურნირზე ერთადერთი ქულის მოპოვება შეძლო.   

საქართველოს ნაკრებმა კი ბედის ირონიით ერთადერთი მატჩი მხოლოდ ნაკლული ტრიბუნების წინაშე მოიგო, დასწრების რეკორდის დამამყარებელი სამივე მატჩი ფრედ დაასრულა და ტურნირი წაგების გარეშე დატოვა.

მეორე შეხვედრაში ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩვენმა გუნდმა ერთი ქულის მოპოვება მეორე ტაიმში ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრის შედეგად შეძლო. 

გმირობის ტოლფასი საქციელი ჩვენებს ნიდერლანდელებთან ბოლო ჯგუფურ მატჩში დაუფასდათ, სადაც თურმე წაგებაც კი შეეძლოთ, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ზურიკო დავითაშვილის მიერ გატანილმა ფანტასტიკურმა გოლმა ბედის ბორბალი ჩვენ მხარეს დაატრიალა და საბოლოოდ „სიკვდილის ჯგუფის“ აუტსაიდერად შერაცხილმა საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირს ნიდერლანდებისა და ბელგიის შესანიშნავი გუნდები გამოასალმა.

რაზე უნდა ეფიქრა ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს? 

მხოლოდ და მხოლოდ მომავალ მეტოქე ისრაელის ნაკრებზე, რომელსაც ოცწლამდელთა შორის განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტების სერია უკვე ჰქონდა მოგებული და თანაც მათმა მეკარე დანიელ პერეტცმა მიმდინარე ტურნირზე წინა ევროპის ჩემპიონ გერმანელებთან შეხვედრაში ერთბაშად ორი თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო.

სამწუხაროდ ისრაელმა პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებიც დაამარცხა, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა პლეიოფში მონაწილეობით უდიდესი გამოცდილება მიიღეს, რაც მათ თუნდაც მომავალი თერთმეტმეტრიანების სერიების მოგებაში შეიძლება დაეხმაროს…

ისრაელის ნაკრებთან გამოვარდნამ კი გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა წარმოქმნა ქართველ გულშემატკივრებს შორის, რაც სრულიად ლოგიკურია.

მსჯელობა ეროვნული ნაკრების ორ წამყვან ფეხბურთელს, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს შეეხება, რომლებმაც კვიპროსთან და შოტლანდიასთან გამართული შეხვედრების შემდეგ 21 წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობისაგან თავი შეიკავეს. 

რით იყვნენ მათზე ნაკლები აზაროვი, დავითაშვილი და მამარდაშვილი, რომ აღარაფერი ვთქვათ ინგლისის თუ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ზოგიერთ მოთამაშეზე და კიდევ უკრაინელ მუდრიკზე, რომელმაც თვით საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში პენალტი გამოიმუშავა და საგოლე გადაცემა განახორციელა?

მაგრამ ჩვენ არ ვიცით საქმის ვითარება. იქნებ ხვიჩა კვარაცხელია ისე გადაიღალა დაძაბული სეზონის შემდეგ, რომ მისთვის დასვენება საუკეთესო საშუალება იქნებოდა?

განა სულ ცოტა ხნის წინათ არ იყო, როდესაც კვარაცხელია იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და საქართველოს დროშით შემოსილი ახალგაზრდა ფეხბურთელი მთელმა მსოფლიომ იხილა ტელეეკრანებზე? 

ეს ხომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ გადადგმული სპორტული ნაბიჯი იყო. მეტი რაღა გააკეთოს საკუთარი ქვეყნისთვის 22 წლის ბიჭმა? 

ცოტა მეტი სიმშვიდე ხომ არ მართებს როგორც საზოგადოებას, ისე მედიას ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ, რომელსაც საქართველოსთვის აქამდე მხოლოდ სიკეთე აქვს მოტანილი?!

საკითხი გამარტივდება, თუკი მოცემულობად მივიღებთ, რომ ზოგიერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა ორ ფრონტზე ასპარეზობა, სხვებმა კი ადგილი ახალგაზრდული გუნდის ძირითადი ბირთვის მოთამაშეებს შეუნარჩუნეს, ვისაც ტურნირზე მათი მონაწილეობის შემთხვევაში, სათადარიგოთა სკამზე მოუწევდათ ყოფნა.

მაგრამ რაღა კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ… მათი ყოფნის შემთხვევაში იქნებ ოთხეულშიც გავსულიყავით და ოლიმპიადაზეც. 

ტურნირის საუკეთესო ოთხეული კი ბოლომდე გამოწრთობილმა გუნდებმა შეადგინეს, რომელთაგან ორმა – საქართველოში მოასპარეზე ინგლისის და ისრაელის ნაკრებებმა თავიანთ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიეს, ხოლო რუმინეთიდან ფინალის სათამაშოდ ბათუმში ჩასული ესპანელები და მათთან ნახევარფინალში განადგურებული უკრაინელები კი კიდევ დიდხანს იფიქრებენ ტურნირის დასკვნით ეტაპზე თავიანთი წარუმატებლობის მიზეზებზე.

საგულისხმოა, რომ ბათუმის შესანიშნავ სტადიონზე ფინალში ინგლისის და ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებების სახით ჩემპიონატის უდავოდ ორი უძლიერესი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს და ამ პაექრობამაც წლევანდელი ერთა ლიგის და ევროთასების სამივე ფინალის მსგავსად, ფეხბურთის მოყვარულებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში ორმხრივი იერიშების ფონზე წარიმართა, მთელი მატჩის მანძილზე იგრძნობოდა ინგლისელთა გარკვეული დომინირება იმ გუნდთან შეხვედრაში, რომელიც ფინალამდე ზედიზედ წაუგებელი   18-მატჩიანი სერიით მივიდა.

ინგლისელებმა, ისევე როგორც იქამდე ჩატარებულ თითოეულ შეხვედრაში, თავიდანვე ხელთ იგდეს სათამაშო ინიციატივა და დებიუტშივე ზედიზედ ორჯერ კინაღამ დაწინაურდნენ, რაზედაც ესპანელებმაც უპასუხეს სახიფათო შეტევებით. 

მთავარი ამბები კი ორივე ტაიმის უკანასკნელ წუთებზე დატრიალდა და უნიკალური დრამის გამარჯვებული, უფრო დახვეწილი და გაწონასწორებული ინგლისის ნაკრები აღმოჩნდა, რომელმაც ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ მეოთხე წუთზე ჯარიმიდან რიკოშეტით გაიტანა.

აი ესპანელებმა კი თავიანთი შანსი მატჩის მეორე ნახევრის დამატებულ მეექვსე წუთზე ხელიდან გაუშვეს, როდესაც აბელ რუისის მიერ დარტყმული პენალტი ინგლისელთა გოლკიპერმა ჯეიმს ტრაფორდმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია, შემდეგ დამატებაზეც იმარჯვა და საკუთარ გუნდს კარი მშრალად ზედიზედ მეშვიდე მოგებულ შეხვედრაში, მეშვიდედ შეუნარჩუნა!

ინგლისის ნაკრებმა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი 1984 წლის შემდეგ პირველად, 39-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. 

ისრაელთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემთხვევაში კი მომავალ ჩემპიონს ნახევარფინალში სწორედ საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდებოდა… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.