fbpx

ქართან ტანგო, ანუ ბელა ტარის ნაამბობი


გააზიარე სტატია


ავტორი: ლუკა ჩერქეზიშვილი

კაპიტალიზმმა სამყაროს სექსუალურ ენერგიებთან ერთად დროც გამოაცალა და იმ კულტურულ სივრცეში მოაქცია, სადაც რაოდენობა ხარისხზე მნიშვნელოვანია.  შესაბამისად, ადამიანის ცნობიერება იმ პრიზმაში მოექცა, სადაც დრო საკმარისი არასდროსაა.  ალბათ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კაპიტალიზმთან დაპირისპირება კინოში ახალი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა პიერო პაზოლინი დემონსტრაციულად უპირისპირდებოდა მასკულტურასა და კაპიტალისტურ რეალობას წერილებითა და საკუთარი ფილმებით. თავის  წერილში – „უცხოები ვართ ერთმანეთისთვის: ამას ამბობენ ჩაის ფინჯნები“ – ის წერს: „სამომხმარებლო სამყაროსა და პალეოინდუსტრიულ სამყაროს შორის გაცილებით დიდი უფსკრულია, ვიდრე პალეოინდუსტრიულსა და პრეინდუსტრიულს შორის“. 

სამყაროში საგნები და დრო რადიკალურად შეიცვალნენ, მათ დაკარგეს ის აურები, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ანტიკურ დროში და სწრაფი მოხმარების ნივთებად გადაიქცნენ. 50-იანი წლების ჩათვლით ნივთები ხელნაკეთი იყო, შესაბამისად, მათ გააჩნდა ის ენერგიები, რომლებიც ხელიდან ნივთში იღვრებოდა, „სულს“ იძენდა და ხასიათს ატარებდა,  დღეს კი ყველაფერი ქარხნულმა წარმოებამ ჩაანაცვლა, რომელმაც სამყაროს აიძულა დაჩქარებულიყო. ჰოდა ამ რეალობასთან შეჯახებული ნელი კინო თავის წილად უპირისპირდება იმას, რაც თანამედროვე რეალობამ ღვთისმშობელივით უკითხავად იღო მუცლად და შობა „ამოუსუნთქავი რეალობა“, სადაც არ არსებობს წამი, რომ შეჩერდე.



ამ რეალობის გასაყარზე თანამედროვე კინოში ჩნდება ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა როგორიც ბელა ტარია. 16 წლის ასაკიდან მოყოლებული უნგრელი რეჟისორი გამუდმებულად ადევნებოდა დროს და მის პულსის ცემაზე მოემარჯვებინა ხელი. ნელი კინო  მოქმედებებისა და თხრობის ნაკლებობას გვთავაზობს, ვგულისხმობ იმას, რომ ძირითადად ფილმებში მოცემულია სივრცე და სურათი, რომელიც დროულობაშია გადატყორცნილი, რაც მნიშვნელოვან წილად ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ხშირად აუტანელი ხდება წარმოუდგენლად „ბევრი“ დრო, რომელიც ასე იწელება და სულ გვიხუთავს. მიუხედავად იმისა, რომ ნელ კინოზე უამრავი სახის დებატები წამოიჭრა და ხშირად მას მხოლოდ „მჭვრეტელურ“ კინოდაც მოიხსენიებდნენ, სადაც არ არსებობს სიღრმე და მხოლოდ და მხოლოდ კადრულობა გვაქვს მოცემული. მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ნელი კინო ბევრად მეტს ჭვრეტს, ვიდრე კადრულობა და მისთვის დამახასიათებელი ვიზიონერულობა. ერთგვარად შეიძლება კიდევაც, რომ შევადაროთ ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს პოეზიაში, როგორიც მხილველობა არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დრო როგორც პოეზიაში, ასევე კინოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. „მე ვამბობ, რომ უნდა იყო მხილველი, უნდა აქციო თავი მხილველად“. – წერს ერთ-ერთ წერილში არტურ რემბო. ჰოდა ნელმა კინომაც ზუსტად ასე აუბა მხარი მხილველობას და შეგვახსენა, რომ უფრო მეტია სამხილველი კადრში, რომელიც ასე გაწელილა, ვიდრე ოდესმე გვგონებია. ასეც რომ არ იყოს, ბელა ტარი იმ რეჟისორთა რიგებში შედის, რომელსაც შეუძლია ერთი არაფრით გამორჩეული კადრი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, დასამახსოვრებელ და მედიტაციურ კადრად აქციოს.

აღმოსავლურ კულტურაში არსებობს ზაზენის მედიტაციის სხვადასხვა ფორმები, განსაკუთრებით საინტერესო კი სიარულით მედიტაციაა, სადაც მოძრაობა გვაქვს, თუმცა ეს მოძრაობაც რიტმული, სიმეტრიული და ფოკუსირებულია. ნელი კინოც ზუსტად ასეთი მახასიათებლებით გამოირჩევა და არ არის შემთხვევით, რომ მედიტაციური კადრები ვახსენე, რადგან კინოსთვის და ბელა ტარისთვის მოძრაობის ფოკუსში მოქცევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა. მაგალითად, ავიღოთ ორი უმნიშვნელოვანესი ფილმი მისი კინემატოგრაფიიდან. პირველ რიგში, ტურინის ცხენი, სადაც 6 წუთის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ცხენისა და კაცის მსვლელობას. დაუვიწყარი სცენა მაგიური აურით, რომელიც ასეთი მომნუსხველია და მარტოობის განცდა ბელა ტარის ფილმების ის სახასიათო თვისებაა, რომელიც პირველივე კადრიდან ამოგაცნობინებს თავს. მარტოობა, არა ისეთი მარტოობა როგორიც სამყაროს  ან ადამიანების მიმართ გაუცხოებაა, არამედ მარტოობა, სადაც გზა მხოლოდ შენი სავალია და ერთადერთი, რაც ზურგს გაგიმაგრებს, ქარია. ერთ-ერთ ინტერვიუში ბელა ტარი ამბობს: „ფილმების უმეტესობა ორიენტირებულია ინფორმაციაზე, ინფორმაცია მათთვის მხოლოდ ამბის თხრობაა, ჩემთვის ინფორმაცია ბევრი რამეა, მე ვცდილობ ფილმში მოვაქციო დრო, სივრცე და ბევრი რამ, რაც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობაა, მაგრამ ვერ ვამჩნევთ“. და რაც შეეხება მარტოობას, რეჟისორს სჯერა იმის, რომ სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჭირთ, სტკივათ, შეიძლება საშინელებების ჩადენაც შეუძლიათ, მაგრამ მათ შეუძლიათ სიყვარული. მეორე ფილმი, სადაც ჩვენ ასევე ვაწყდებით მარტოსულ ადამიანებს, რომლებიც ასევე დაეხეტებიან ქარის გვერდით ისე, თითქოს მათი საუკეთესო მეგობარი იყოს, არის სატანატანგო. 

პირველ რიგში გავიხსენოთ გოგონა, რომელიც გამუდმებულად სადღაც მიდის, გამუდმებულად დაეძებს რაღაცას და საბოლოო ჯამში ფანჯრიდან იმ მარტოობას დაინახავს, რომელიც ასე აცეკვებულა ტანგოს ძახილში, შეშლილივით რომ როკავს და ერთადერთი, რაც ამ დროის მსვლელობამ ასწავლა, არის ის, რომ „დედამისი არის მიწა, მამამისი არის მიწა, მისი სახელი არის ტანგო“. მროკველი, რომელიც სიმარტოვით ამღერებულა, თავის წილად მაგიურ სიტყვებს წარმოთქვამს და იმ ანტიკურ მიმართებებს აცოცხლებს, რომელიც სხვადასხვა კულტურებში იყო განვითარებული. უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, როგორც მირჩა ელიადე ამბობს, ყველაფერი იმ წმინდა დროს „In illo tempore-ში” მოხდა  და ზუსტად ამ დიად დროში  ადამიანებს სჯეროდათ, რომ დედა მათი იყო მიწა, ხოლო მამა მათი იყო წყალი, რაც თავის წილად იმ მისტიციზმის გაღრმავებას იწვევს, რომელიც სატანატანგოსთვის თავის წილად დამახასიათებელია.  მეორე მხრივ კი, გოგონა, რომელიც ასე შერჩენილა სიცივეში, მარტოობაში, იმ სივრცეში არსებული აურა, რომელიც ასე არის გამძაფრებული წვიმით, მთლიანად ავსებს მის მარტოობას და  მხოლოდ და მხოლოდ ისღა არის დარჩენილი, რომ პერსონაჟი მოკვდეს, როგორც ყოველი პერსონაჟი, რომელიც ასეთი სრულყოფილია საკუთარ მარტოობაში.  

 ჯონათან როსენბაუმი ინტერვიუში უნგრელ რეჟისორს ესაუბრება ექიმზე და მის სახლზე, რომელიც ისეთი მინიმალისტურია, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად სივრცული.  და ზუსტადაც რომ ამ ხილულ ოთახში ყველაფერს სიმარტოვის სუნი ასდენია, ისე, თითქოს ეს პატარა ოთახი ვეღარ იტევს ექიმის სიმარტოვესო. ბელა ტარი კი ამბობს, რომ ოთახი სულაც არ იყო პატარა, უბრალოდ განცდა გვექმნება, რომ პატარაა. მთელი ფილმი ისე არის აგებული, რომ მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია, ისინი ისე არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ ჩვენ მათ სხვადასხვა დროის სივრციდან   ვუყურებთ და ვხვდებით, რომ დრო სხვადასხვა სივრციდან სხვადასხვანაირად მოქმედებს და ეს ყველაფერი ერთ დიდ სამყაროსეულ პაზლში ლაგდება, რომელიც ერთმანეთთან ისეა გადახლართული, როგორც ფილმში მომხდარი მოვლენები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ საინტერესო მაინც ის არის, რომ ექიმი, რომელიც ასეთი მარტოსულია, რომელსაც ასე ხშირად ვხედავთ იმ პატარა სივრცეში, სადაც ის არსებობს და  წერს,  საერთოდ  არ არის მოვლენათა დროულ დინებაში ჩართული, ის ვერ ხედავს ისტორიას, ის არ მიჰყვება მოვლენებს და არ არის ეპიცენტრში, უბრალოდ ზის, უბრალოდ ელოდება, უბრალოდ იყურება, შეიძლება ვთქვათ, რომ უბრალოდ არაფერ შუაშია.  ზუსტად ამიტომ, ამავე ინტერვიუში ბელა ტარი ექიმზე ამბობს:
„ექიმი უბრალოდ აკვირდება. მაგრამ იცი, ის არ არის ნამდვილი პერსონაჟი, რადგან მან გამოტოვა ყველაფერი, რაც მოხდა, მან საერთოდ ყველაფერი გამოტოვა. და როცა ის ბრუნდება უკან,  ხვდება, რომ არაფერი არსებობს. მაგრამ მას სჯერა. ეს ძალიან უცნაურია, რადგან ის ასევე მახეშია. ყველა მახეშია, ესაა  პრობლემა. ყველა წავიდა და მან ხელახლა დაიწყო წერა, და მას სჯერა, რომ ყველაფერი იმავენაირადაა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის არაა ნამდვილი პერსონაჟი“.  ალბათ ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ ყველანი მახეში ვართ, იმ დროის მახეში, რომელიც ასე აჩქარებულა და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს, ალბათ ამიტომაც ჩვენც ყველაფერს გამოვტოვებთ და ვერ მივხვდებით, რომ ყველაფერი შეიცვალა, არაფერია იმავენაირი, არადა უნდა გავჩერდეთ და მივხვდეთ, რომ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, ეს  არის დრო, რომელიც ყოველთვის ჩვენთანაა. და ზუსტად იმიტომ, რომ აბეზარი ბავშვივით აგვდევნებია, ამიტომაც ვემალებით მას. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.